Facebook Twitter

საქმე №ას-778-2019 5 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს. ჯ. გ.“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ც-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ნ. ც-ემ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. ჯ. გ.“ (შემდგომში – მოპასუხე) მიმართ მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ხაზოვანი ნაგებობის გადატანის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, მის საკუთრებაში იმყოფება სახლი და მიწის ნაკვეთი, რომლის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა 2000 წელს. რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენდა 1997 წლის 25 ნოემბერს გაცემული №12.. მიღება-ჩაბარების აქტი. 1987 წლიდან უძრავი ქონება შემოსაზღვრულია რკინის ღობით.

3. მოპასუხემ თვითნებურად დაარღვია საზღვრები და მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განათავსა ხაზობრივი ნაგებობა (გაზსადენი).

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ბაღდათის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ორგანოს (მუნიციპალიტეტის საკრებულო) მიერ კანონით დადგენილი წესითა და ვადებში შეთანხმდა მშენებლობის პროექტი და 2012 წლის 2 აპრილს გაიცა აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ, რის შემდეგაც, ნებართვით გათვალისწინებული პირობების დაცვით, დაიწყო ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის მშენებლობა. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი არ იყო მოსარჩელის საკუთრებაში. საჯარო რეესტრში 2010 წლის მონაცემებით დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართი შეადგენდა 846.29 კვ.მ-ს და მხოლოდ 2016 წელს განხორცილდა მიწის ნაკვეთის ფართის 101.71 კვ.მ-ით გაზრდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 9 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 28 მარტის განჩინებით მოპასუხოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მისი უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას.

8. საქმეში წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის შედეგად, ჩნდება კითხვა – აქვს თუ არა მოპასუხეს სადავო ფართის ფლობისა თუ სარგებლობის უფლება.

9. სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2010 წლის მდგომარეობით, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1997 წლის 25 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №12... აქტი. ამავე უძრავ ქონებაზე 2016 წლის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 948.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

10. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართლის მიზნებისათვის, კანონმდებლობა ადგენს დასაშვები მტკიცებულებების ნუსხას. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 102-ე მუხლის პირველი ნაწილი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს.

11. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან, მოსარჩელე მიუთითებს მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობასა და ხელშეშლაზე, მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენა, რაც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს, თუმცა, მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა. ასეთ შემთხვევაში კი, სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს აპელანტის მიერ მოსარჩელის საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის ფაქტს.

12. მოპასუხის საკუთრებაშია რეგისტრირებული მილსადენი – გაზგამანაწილებელი ქსელი. საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტია 2013 წლის 1 აგვისტოს დამოწმებული გადაწყვეტილება.

13. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ვინაიდან, მოსარჩელე მოითხოვს სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთას, არსებობს ნეგატორული სარჩელი და სამართლებრივი საკითხები გამომდინარეობს სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესიდან.

14. ნეგატორული სარჩელი სანივთო-სამართლებრივი სარჩელის სპეციალური სახეა, რომლის სამართლებრივი შედეგი არა ნივთზე უფლების მოპოვებაზე, არამედ ამ ნივთით სარგებლობის წესის განსაზღვრაზეა ორიენტირებული.

15. ნეგატორული სარჩელი მიმართულია უფლების ისეთი დარღვევის წინააღმდეგ, რაც არ არის დაკავშირებული ნივთის მფლობელობის დაკარგვასთან, მაგრამ ხელშემშლელია ნივთით სარგებლობისა და განკარგვისათვის, ე.ი. პირი მოკლებულია ამ უფლებამოსილებათა განხორციელების შესაძლებლობას, რადგან სხვა პირი თავისი მოქმედებით ხელს უშლის მათ რეალიზებას. ამ სარჩელის საფუძველია გარემოებები, რომლებიც აფუძნებენ მოსარჩელის მიერ ნივთით სარგებლობისა და განკარგვის უფლებამოსილებას. ასევე ამტკიცებენ, რომ მესამე პირთა მოქმედება აბრკოლებს მათ განხორციელებას. მოსარჩელეს არ ევალება, ამტკიცოს მოპასუხის მოქმედების ან უმოქმედობის არამართლზომიერება. ის ივარაუდება, სანამ მოპასუხე არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას. ნეგატორული სარჩელი მიზნად ისახავს მესაკუთრის თავისუფლების აღიარებას ხელმყოფისაგან, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, ზიანის ანაზღაურებასა და დაცვის გარანტიების შექმნას შემდგომში შესაძლო ხელყოფისაგან. ნეგატორული სარჩელით სარგებლობს როგორც მესაკუთრე, ისე ნებისმიერი მართლზომიერი მფლობელი.

16. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 170-ე მუხლის პირველი და 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს კვეთს მოპასუხის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა. მოპასუხის მიერ ხაზოვანი ნაგებობის გატარების დროს მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში იყო უძრავი ქონება სრულად და 2016 წელს განხორციელდა მხოლოდ დაზუსტება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, არსებობს მოსარჩელის საკუთრების უფლება, რომელსაც ხელჰყოფს მოპასუხის კუთვნილი ხაზოვანი ნაგებობა. მილსადენის გატარება განხორციელდა ისე, რომ გაზის მილის გატარებაზე მოსარჩელეს თანხმობა არ გაუცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო დაეყრდნო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საჯარო რეესტრის ამონაწერს. სასამართლოს სსსკ-ის 105-ე მუხლის დაცვით მტკიცებულებები არ შეუფასებია.

19. მოცემული სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს სსკ-ის 176-ე მუხლიდან. არსებობს სსსკ-ის 106-ე მუხლის შესაბამისად, პრეიუდიციული ძალის მქონე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგენილია სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად საკმარისი გარემოებები. მოპასუხის კუთვნილი ხაზოვანი ნაგებობა რეგისტრირებულია უფრო ადრე, ვიდრე მოსარჩელის საკუთრების უფლება. სააპელაციო პალატამ არასწორად ჩათვალა, რომ მოხდა მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის მხოლოდ დაზუსტება. 2016 წელს მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება ხელახლა დარეგისტრირდა ახალი კონფიგურაციით, რა დროსაც მოპასუხის კუთვნილი ნაგებობა მოექცა მოსარჩელის ნაკვეთის ფარგლებში. ასევე დადგენილია, რომ ხაზოვანი ნაგებობა უმნიშვნელოდ ხელყოფს მოსარჩელის უფლებებს.

20. კასატორმა აღნიშნა, რომ მხარეთა შორის მიმდინარეობდა დავა მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, რა დროსაც სარჩელს ეთქვა უარი. შესაბამისად, სააპელაციო პალატას უნდა ემსჯელა, რამდენად არსებობდა წინამდებარე სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობა, თუ მხარის მოთხოვნა კომპენსაციის მიღების ნაწილში უსაფუძვლო იყო.

21. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად გამოიყენა სსკ-ის 172-ე მუხლი და არასწორად განმარტა 170-ე მუხლის დანაწესი. სასამართლომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი არასწორად გაანაწილა.

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

23. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:

25. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2010 წლის მდგომარეობით, მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით ირიცხებოდა უძრავი ქონება. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს წარმოადგენს 1997 წლის 25 ნოემბრის მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების №12... აქტი. ამავე უძრავ ქონებაზე 2016 წლის მდგომარეობით მოსარჩელის სახელზე საკუთრების უფლებით აღირიცხა 948.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

26. სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებული ხაზოვანი ნაგებობა კვეთს მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთს.

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

29. სსკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (სუსგ 12.02.2016 საქმე №ას-1041-998-2016 გადაწყვეტილება, 26.10.2016წ. №ას-843-809-2016 განჩინება).

30. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილია ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელი გარემოებები, კერძოდ: მოსარჩელე სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრეა და იგი, მოპასუხის მხრიდან ხელშეშლის გამო, ვერ სარგებლობს უძრავი ნივთით, შესაბამისად, არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი ფაქტობრივ-სამართლებრივი წანამძღვრები.

31. კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი იმ გარემოების წინააღმდეგ, რომ მოსარჩელეს საკუთრების უფლება გააჩნია იმ უძრავ ნივთზე, რომელსაც ხელჰყოფს მოპასუხის კუთვნილი ხაზოვანი ნაგებობა. მილსადენის გატარება განხორციელდა ისე, რომ გაზგამყვანი მილის გატარებაზე მოსარჩელეს თანხმობა არ გაუცია.

32. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ სადავო მილსადენი ნაგებობის რეგისტრაცია წინ უსწრებს მოსარჩელის საკუთრების უფლების აღრიცხავს სადავო მიწის ნაკვეთზე.

33. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოების გაზიარების შემთხვევაშიც მითითებული ფაქტი არ გამორიცხავს ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილებას. მოპასუხე არ აპელირებს მოსარჩელის მიერ ნაკვეთის გაზრდილი მოცულობით დარეგისტრირების უკანონობაზე და არც აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.

34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

35. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

36. მოცემულ საქმეზე მოსარჩელემ საჯარო რეესტრის ამონაწერით დაადასტურა, რომ სადავო ხაზობრივი ნაგებობა მისი თანხმობის გარეშე გადის მის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისად, პრეზუმირებულია, რომ მოსარჩელეს ხელი ეშლება თავისი ნაკვეთით სარგებლობაში.

37. რაც შეეხება მოპასუხეს, მას არ წარმოუდგენია კვალიფიციური საკასაციო საჩივარი, რადგან დადგენილია, რომ მას საქმის ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში განხილვისას არ მოუთხოვია ადგილზე დათვალიერება, ასევე არ წარმოუდგენია ექსპერტიზის დასკვნა და არც იმაზე მიუთითებია, რომ გაზის გამტარი მილის გადატანა შეუძლებელია ან საჭიროებს არათანაზომიერად დიდ ხარჯს.

38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

39. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

41. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 3 ივნისის №822 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ს. ჯ. გ.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ს. ჯ. გ.“ (საიდენტიფიკაციო კოდი №20240...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2019 წლის 3 ივნისის №822 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

პ. ქათამაძე