საქმე №ას-849-2019 5 ივლისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ს. ს. კ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით შპს „ს. ს. კ.“ (შემდგომ – განმცხადებელი) უარი ეთქვა განცხადების განსახილველად მიღებაზე, რაზეც განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით განმცხადებლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
განმცხადებლის პოზიცია:
3. 2019 წლის 1 აპრილს განცხადებელმა კვლავ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
4. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ განცხადებას საფუძვლად უდევს 10/01/2019 წელს მიღებული საქართველოს კანონი საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ (N4104-რს) და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2019 წლის 5 თბერვლის ბრძანება N18/04 - საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის მიზნებისათვის ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის, საკომისიოს, ფინანსური ხარჯის, პირგასამტეხლოს ან/და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის გამოთვლის წესის ფამტკიცების თაობაზე. აგრეთვე, ის საკითხები, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო სასამართლოს მიერ განხილული რადგან არ წარმოადგენდა მოთხოვნის საგანს. აღნიშნული ნორმატიული მასალა და არგუმენტაცია მნიშნვნელოვანია და განმსაზღვრელია იმდენად, რამდენადაც შეიცავს ისეთ ინფორმაციასა და განმარტებებს, რომლებიც განმცხადებლის, როგორც მხარის სასარგებლოდ მიუთითებს.
5. პალატის აზრით, ლიზინგის მიმღები ქონებით სარგებლობისთვის იხდის ქირას. თუმცა მოგეხსენებათ, რომ ქირის გადახდა ხდება ქირავნობის შემთხვევაში ხოლო ლიზინგის დროს ხდება სალიზინგო საზღაურის გადახდა. რასაც კანონი შემდეგნაირად განმარტავს და რასაც ცალსახად მოიცავს ჩვენ მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულება - მეორე მუხლს „ე“ პუნქტით სალიზინგო საზღაური არის ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი შენატანის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ლიზინგის დაფინანსების თანხას (მის ნაწილს) და ფინანსურ ხარჯებს. თუ ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგ ლიზინგის საგანი დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს, ამ შემთხვევაში ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნების თარიღისთვის სალიზინგო საზღაური გამოითვლება ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხისა და ამავე თარიღისათვის გადასახდელი ფინანსური ხარჯების ჯამით; კანონი კი მიუთითებს, რომ ლიზინგის მიმღები იხდის სალიზინგო საზღაურს და არა ქირას/იჯარას/ვალს/საიჯარო ქირას/კრედიტს, როგორც ამაზე პალატა მიუთითებს.
6. სააპელაციო სასამართლო მსჯელობს ისეთ გარემოებებზე, რომელზეც არ უმსჯელია პირველი ინსტანციის სასამართლოს და შესაბამისად, განმცხადებელი, მოკლებული იყო შესაძლებლობას გაეკეთებინა კომენტარი და სწორი განმარტება.
7. პალატამ მხედველობაში არ მიიღო განმცხადებლის მიერ წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება და არ გაეცნო მას, აგრეთვე ფაქტობრივად მტკიცებულებად არ მიიღო ნასყიდობის ღირებულების გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და ჩათვალა, რომ კომპანიის მხრიდან არ მომხდარა ავტომობილის შეძენა და შესაბამისი საფასურის გადახდა. არასწორადაა მიჩნეული, რომ ლიზინგით ავტომანქანის გადაცემა იგივე სესხის უზრუნველყოფის ღონისძიებაა, გაურკვეველია სასამართლოს განმარტება რომ განმცხადებლის მიერ გადაცემული ფულის უზრუნველსაყოფად კომპანიის საკუთრებად აღირიცხა ავტოსატრანსპორტო საშუალება, მაშინ, როდესაც უზრუნველყოფის საშუალებები, ისევე, როგორც მათი გაფორმებისა და აღსრულების პროცესი მკაცრად არის გაწერილი საქართველოს კანონმდებლობაში და არც ერთს არ წარმოადგენს მოცემული შემთხვევა.
8. პალატამ მიიჩნია, რომ ქონების მონაცემებსა და ქონებით სარგებლობის მიზანს წარმოდგენილი ხელშეკრულება საერთოდ არ შეიცავდა. განმცხადებელმა მიიჩნია, რომ ლიზინგის ხელშეკრულების დანართი №1, მიღება-ჩაბარების აქტი და შემდგომში წარმოდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება ცალსახად შეიცავს ლიზინგის საგნის მონაცემებს და გაუგებარია რატომ უნდა საჭიროებდეს ამდენ მტკიცებას, როცა ეს ფაქტი დოკუმენტებში ნათლად იკითხება და მხარეთა მიერ ხელმოწერით დასტურდება.
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გარიგების ძირითადი საგნისგან განსხვავებით, ლიზინგის ხელშეკრულება დეტალურად აწესრიგებს ფულადი ვალდებულების წარმოშობისა და შესრულების წესებს. განმცხადებელს მიაჩნია, რომ ფულადი ვალდებულების წარმოშობისა და შესრულების წესის გარდა, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მე-6 მუხლში – ლიზინგის ფინანსური პირობები, ხელშეკრულება აგრეთვე დეტალურად აწესრიგებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ლიზინგის მიმღების განცხადებები და გარანტიები, ხელშეკრულების საგანი, ლიზინგის ხელშეკრულების საგანის ან მისი ნაწილის მიწოდება და შედეგები, მხარეთა უფლება-მოვალეობები, უფლებამოსილების გადაცემა, ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, მხარეთა პასუხისმგებლობა, ურთიერთობა მხარეებს შორის, პრეტენზიები და დავები, ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა და სხვა პირობები. მათ შორის ნივთის ექსპლუატაციის წესები სწორედ ამ ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.
10. სააპელაციო პალატა ქმნის განცდას, თითქოსდა კანონის მიხედვით განმცხადებელს ყოველგვარი საზღაურისა და მოგების მიღების მიზნის გარეშე უნდა განეხორცილებინა სალიზინგო საქმიანობა და გაეცა ლიზინგის საგანი ლიზინგის მიმღებზე. აგრეთვე, სასამართლო სრულიად უსაფუძვლოდ ავლებს პარალელს 48%-იან სესხზე და ისიც გაუგებარია, თუ, როგორ ხდბა ამ ყველაფრის დაანგარიშება. თითქოსდა მოწინააღმდეგე მხარეს მომჩივანისთვის სარგებლის სახით წლიური 48% უნდა გადაეხადა და რომ განსაზღვრული სარგებელი იმ დროისთვის კომერციული ბანკების მიერ განსაზღვრულ სარგებელს თითქმის ოთხჯერ აღემატებოდა. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ ეს თემა არ წარმოადგენს დავის საგანს და სასამართლოს არც უნდა ემსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. თუ ლიზინგის მიმღებს რაიმე პირობა კაბალურად მიაჩნია, უფლება აქვს ლიზინგის საგნის დაკმაყოფილების თაობაზე ბრძანება გაასაჩივროს კერძო საჩივრით. თუმცა, ეს საკითხი არასდროს წარმოადგენდა დავის საგანს. განმცხადებელმა მოითხოვა მხოლოდ ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემის მფლობელობაში დაბრუნება, ვინაიდან ლიზინგის მიმღებს არცერთხელ არ დაუფარავს აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური სალიზინგო საზღაური ამავე ხელშეკრულებით დადგენილი წესის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით განცხადება დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს იმ სასამართლოში, რომლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობას ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებას მოითხოვენ. ის გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ არსებობს სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს განჩინებები, არ ცვლის განსჯადობას. განცხადება, მიუხედავად ამისა, უნდა განიხილოს გადაწყვეტილების გამომტანმა და არა იმ სასამართლომ, რომელმაც უცვლელად დატოვა იგი.
13. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების განსახილველად მიღებაზე.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით განმცხადებლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
15. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განსჯადი.
16. შესაბამისად, განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ, უარი უნდა ეთქვას მიღებაზე და უნდა დარჩეს განუხილველად.
კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე განმცხადებელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება. განმცხადებელმა კერძო საჩივარს საფუძვლად მიუთითა მის მიერ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაში მითითებული არგუმენტები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
18. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სსსკ-ის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
20. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარის მიერ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, შეიცავს თუ არა წარმოდგენილი განცხადება კანონით დადგენილ აუცილებელ მონაცემებს და არსებობს თუ არა მისი დასაშვებად ცნობის წინაპირობები. კანონით დადგენილ მოთხოვნებთან განცხადების შეუსაბამობა შესაძლოა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი გახდეს.
21. სსსკ-ის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, განცხადება უნდა შეიცავდეს: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზუსტ დასახელებას; ბ) მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება; გ) მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც მოწმობენ, რომ დაცულია განცხადების შეტანის ვადა, და ამ გარემოებების დამადასტურებელ მტკიცებულებებზე; დ) მითითებას განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე; ე) მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას.
22. მითითებული ნორმა შეიცავს იმ აუცილებელ მონაცემთა ჩამონათვალს, რომელთაც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უნდა შეიცავდეს და რომელთა არსებობაც უნდა შეამოწმოს სასამართლომ განცხადების დასაშვებობის ეტაპზე, მათ შორისაა მითითება განმცხადებლის მიერ განსჯადობის წესების დაცვის თაობაზე. კანონის აღნიშნული მოთხოვნა ხაზს უსვამს განცხადების განსჯად სასამართლოში შეტანის პროცესუალურ მნიშვნელობას და განპირობებულია იმითაც, რომ განმცხადებელმა სრულად გაიაზროს, თუ რომელ სასამართლო ინსტანციას მიმართოს განცხადებით და დაასაბუთოს თავისი მოსაზრების სისწორე.
23. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განსჯად სასამართლოში შეტანის ზოგად წესს, კერძოდ, 424-ე მუხლის თანახმად, განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შეტანილ უნდა იქნეს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტან სასამართლოში. განცხადებას განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ. სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ, თუ იგი მის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ეხება. თუ განცხადება გადაწყვეტილების ბათილად ცნობის ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ ეხება ერთსა და იმავე საქმეზე რამდენიმე სასამართლო ინსტანციის გადაწყვეტილებას (განჩინებას), მაშინ იგი შეტანილ უნდა იქნეს მათ შორის ყველაზე ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში.
24. მოცემული კერძო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შეფასებისათვის მნიშვნელოვანია, დეტალურად განიმარტოს კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი და ის წინაპირობები, რომელთა საფუძველზეც კანონმდებელმა დაადგინა განსჯადობის არსებული მოთხოვნები.
25. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანისას განსჯადი სასამართლოს განსაზღვრა დამოკიდებულია აღნიშნული განცხადებით წარდგენილ მოთხოვნასა და მის საფუძვლებზე. ზოგადად ამ ტიპის განცხადება მიზნად ისახავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტის გაუქმებას ან ბათილად ცნობას კანონმდებლობით ზუსტად დადგენილი წანამძღვრების არსებობის შემთხვევაში. განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად ისეთ გარემოებაზე მითითებისას, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს კონკრეტულ დავაზე არსებითად მიღებულ გადაწყვეტილებას, მხარემ განცხადება უნდა შეიტანოს სწორედ იმ სასამართლოში, რომლის მიერაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით საქმე არსებითად გადაწყდა, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა ზემდგომი სასამართლოს განჩინება მისი უცვლელად დატოვების შესახებ. შესაბამისად, ასეთ დროს განცხადების შეტანა ხდება სასამართლო გადაწყვეტილების და არა განჩინების მიმღებ სასამართლო ინსტანციაში, ვინაიდან საქმის არსებითად გადაწყვეტისას და მხარის სასარჩელო განცხადების მიმართ სამართლებრივი შედეგის დადგენისას სასამართლოს დასკვნები ჩამოყალიბდება სწორედ გადაწყვეტილების სახით. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება, რომლითაც საქმე წყდება არსებითად, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილების ფორმით.
26. რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც განმცხადებლის პრეტენზია მიმართულია სასამართლოს მიერ მიღებული იმგვარი საპროცესო აქტის მიმართ, რომლითაც საქმე არსებითად არ გადაწყვეტილა, ამ შემთხვევაში განცხადების განმხილველ განსჯად სასამართლოდ ჩაითვლება უშუალოდ იმ აქტის მიმღები ინსტანცია, რომელსაც განცხადებით დასახელებული არგუმენტები ეხება. ასეთ დროს განცხადებით გასაჩივრდება არა სასამართლოს მიერ არსებითად მიღებული გადაწყვეტილება, არამედ განჩინება, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს სასამართლოს დადგენილებას, რომლითაც საქმე არსებითად არ წყდება.
27. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ზემოთ მითითებული სსსკ-ის 424-ე მუხლის მეორე ნაწილზე და დამატებით განმარტავს, რომ ზემდგომი სასამართლო განცხადების განხილვაზე უფლებამოსილია მხოლოდ მაშინ, როდესაც მან თავისივე გადაწყვეტილებით (განჩინებით) შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება (განჩინება) და სწორედ ზემდგომი სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში.
28. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით განმცხადებელს უარი ეთქვა განცხადების განსახილველად მიღებაზე.
29. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინებით განმცხადებლის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინება დარჩა უცვლელად.
30. 2019 წლის 1 აპრილს განცხადებელმა კვლავ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 423-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტზე მითითებით და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინების ბათილად ცნობა და საქმის წარმოების განახლება.
31. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 8 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება შეტანილ იქნა სსსკ-ის 424-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც მართებულად დარჩა განუხილველად.
32. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს არანაირ მითითებას ან საფუძველს გასაჩივრებული განჩინების უკანონობასთან დაკავშირებით და ეფუძნება მხარის მოსაზრებას საქმის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით.
33. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ხოლო წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ს. ს. კ.“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე