Facebook Twitter

საქმე №ას-565-2019 28 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – რ. ღ-ე (მოსარჩელე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,დ. და ტ.“ (მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რ. ღ-ე (შემდეგში: მოსარჩელე ან აპელანტი ან კასატორი ან დასაქმებული) 2005 წლიდან დასაქმებული იყო შპს ,,დ. და ტ.“ (შემდეგში: დამსაქმებელი ან მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე).

2. 2016 წლის 31 ოქტომბერს, მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებულია ურთიერთშეთანხმება.

3. დასაქმებული სამსახურიდან გათავისუფლების ეტაპზე იკავებდა უფროსი კონსულტანტის პოზიციას და მისი ყოველწლიური ანაზღაურება შეადგენდა 53000 ლარს.

4. სამსახურიდან გათავისუფლების შემდგომ დამსაქმებელმა დასაქმებულს მისი ინიციატივით გადაუხადა 1 თვის ხელფასის ოდენობით თანხა და ასევე, აუნაზღაურა გამოუყენებელი შვებულება.

5. დასაქმებულმა სარჩელი აღძრა დამსაქმებლის წინააღმდეგ, რომლითაც მოითხოვა: ა) დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის N3/1... ბრძანების ბათილად ცნობა; ბ) მოსარჩელის აღდგენა მოპასუხე კომპანიაში უფროსი კონსულტანტის თანამდებობაზე; გ) მოპასუხისათვის განაცდური ხელფასის ანაზღაურება, ყოველთვიურად 4416 ლარის ოდენობით, 2016 წლის 31 ოქტომბრიდან სამუშოზე აღდგენამდე; დ) პირგასამტეხლოს დაკისრება დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტის ოდენობით, დაყოვნებიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

6. მოსარჩელემ ბრძანება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე მიიჩნია უკანონოდ და აღნიშნული დაასაბუთა იმ გარემოებით, რომ როგორც პირად საუბრებში, ასევე, პირად მიმოწერებში მას თანხმობა არ განუცხადებია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე. იგი აპირებდა სამსახურიდან წასვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოძებნიდა ახალ სამსახურს. შესაბამისად, მოსარჩელის განცხადებით ხელშეკრულების შეწყვეტის რაიმე კონკრეტულ თარიღზე შეთანხმება მასსა და მოპასუხეს შორის არ ყოფილა.

7. მოპასუხემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომელშიც მიუთითა, რომ მოპასუხე კომპანიის დირექტორსა და მოსარჩელეს შორის არსებობდა მიმოწერა ელექტრონული ფოსტის საშუალებით, სადაც მათ შორის იხილებოდა მოსარჩელის სამსახურიდან წასვლის შესაძლებლობები. მოპასუხე კომპანიის დირექტორთან პირადი საუბრისას მოსარჩელემ თავად გამოხატა თანხმობა 2016 წლის 31 ოქტომბრის შემდეგ სამსახურიდან წასვლაზე. ასევე, მოსარჩელემ მიუთითა, რომ უფრო ადრეც წავიდოდა სამსახურიდან თუ მოძებნიდა ახალ სამსახურს.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

9. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება.

11. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ: 1-4 ში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

12. იმავდროულად, დადგენილად იქნა მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2015 წელს მოსარჩელე გახდა სერთიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის (ACCA) წევრი.

13. მოსარჩელემ მოპასუხის ბრძანება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ჩაიბარა 2016 წლის 31 ოქტომბერს. ფაქტობრივად, სწორედ ამ პერიოდიდან შეწყდა მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა.

14. სასამართლმ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობა შეწყდა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. როგორც მოსარჩელემ, ასევე მოპასუხემ თანხმობა განაცხადეს 2016 წლის 31 ოქტომბრიდან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაზე.

15. სასამართლომ შეაფასა მოპასუხე კომპანიის დირექტორსა და მოსარჩელეს შორის ელექტრონული ფოსტის საშუალებით განხორციელებული მიმოწერა, რომლის შინაარსი შეეხებოდა მოსარჩელის სამსახურიდან წასვლის საკითხს. აღნიშნულ მიმოწერაში კომპანიის დირექტორი გამოთქვამდა მზადყოფნას, მასზედ, რომ ვინაიდან მოსარჩელეს გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა სამსახურიდან, 2016 წლის 31 ოქტომბრამდე მიეცა დრო ემუშავა მოპასუხე კომპანიაში, ხოლო 2016 წლის 31 ოქტომბერი ჩაეთვალა მოსარჩელის მუშაობის ბოლო დღედ შესაძლებელი რომ ყოფილიყო სასამსახურო დავალებების გადაცემა ახალი თანამშრომლისთვის. ამასთანავე, კომპანიის დირექტორი აღნიშნავდა, რომ თუ აღნიშნული თარიღისთვის მოსარჩელე ვერ მოიძიებდა სხვა სამსახურს, როგორც ფირმაში დიდი ხნის მომუშავეს, მადლიერების ნიშნად, გადაუხადიდა ხელფასს 2016 წლის ნოემბრის ბოლომდე. აღნიშნულ წერილზე მოსარჩელემ უპასუხა კომპანიის დირექტორს, რომ დაზუსტებით არ იცის იშოვის თუ არა სამსახურს 2016 წლის 31 ოქტომბრამდე. დასაქმებული მიუთითებდა, რომ თუ კომპანიისთვის საჭიროა მას შეუძლია დარჩეს სამსახურში 31 ოქტომბრამდე, რათა დაეხმაროს კომპანიას სხვადასხვა მიზნების რეალიზებაში და ხელი არ შეეშალოს მის გამართლ მუშაობას. აქვე ბოლო წინადადებით, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი კეთილსინდისიერად შეასრულებდა 2016 წლის 31 ოქტომბრამდე მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო 31 ოქტომბრის შემდეგ კი, თუ დირექტორი გადაწყვეტდა შეეძლო გამოეცა ბრძანება მისი გათავისუფლების თაობაზე.

16. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად მოსაწესრიგებლად სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 329-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ხელშეკრულების დადების შესახებ წინადადება (ოფერტი) ითვლება შეთავაზებულად, თუ ამ წინადადებაში, რომელიც მიმართულია ერთი ან რამდენიმე პირისადმი, გამოხატულია, რომ წინადადების მიმცემი (ოფერენტი) თანხმობის (აქცეპტის) შემთხვევაში მზადაა შეასრულოს თავისი წინადადება. ამავე კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ოფერენტმა აქცეპტისათვის განსაზღვრა ვადა, მაშინ აქცეპტი შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ამ ვადაში. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მიწერილი პასუხის შინაარსი, მით უფრო, ბოლო წინადადება, წარმოადგენდა დასტურს მოპასუხის შეთავაზებაზე. სასამართლომ განმარტაა, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონკრეტული ვადა, რაც წარმოადგენს ოფერტს, ხოლო მისი პასუხით მოსარჩელე დაეთანხმა აღნიშნულს ანუ, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება კონკრეტულ ვადაზე.

17. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 1 დეკემბრის Nას-1003-924-2017 გადაწყვეტილებაში განმარტებული სამართლებრივი საკითხი, რომელიც შეეხებოდა ვალდებულებით სამართლებრივ ურთიერთობაში მხარის თანხმობასა და ნების გამოვლენის დადასტურებას ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (მხარის მიერ ელექტრონული ფოსტის გაგზავნა ჩაითვალა მისი ნების გამოვლენად და გარიგების ნამდვილობის საფუძვლად).

18. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მოსარჩელის ნების საწინააღმდეგოდ.

19. მხარეთა განმარტებით, მოპასუხე კომპანიაში არსებობდა შიდა კარიერული მიზნების დასახვის დოკუმენტი, რომლის შევსებაც ევალებოდა წელიწადში სამჯერ ყველა თანამშრომელს. 2016 წლის 8 სექტემბერს მოსარჩელემ მიაწოდა მოპასუხის ხელმძღვანელობას კარიერული მიზნების დასახვის დოკუმენტი, რომელშიც მოსარჩელე რამდენიმეჯერ აღნიშავს: ,,მინდა დავტოვო კომპანია მალე და კარიერული მიზნების დასახვა არ არის საჭირო“. შესაბამისად, მოსარჩელეს გადაწყვეტილი ჰქონდა კომპანიის დატოვება.

20. მოსარჩელემ 2016 წლის 31 ოქტომბერს მისი გათავისუფლების შემდგომ, აიღო მასსა და კომპანიის დირექტორს შორის არსებული შეთანხმებით განსაზღვრული თანხა ერთი თვის ხელფასის ოდენობით, რაც ასევე გამოდგებოდა იმ გარემოების დადასტურებად, რომ მოსარჩელეს არ ჰქონდა პრეტენზიები მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტასთან დაკავშირებით და ეთანხმებოდა აღნიშნულს. მხარეებს სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ მიიღო გამოუყენებელი შვებულებისა და სერტიფიცირებულ ნაფიც ბუღალტერთა ასოციაციის საწევროს თანხაც.

21. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა მოხდა კანონიერად და არ არსებობდა მოპასუხის 2016 წლის 31 ოქტომბრის ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი.

22. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში - სშკ-ი) 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. რადგან, ამ შემთხვევაში, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სამსახურში აღდგენის მოთხოვნაზეც.

23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

24. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დასაქმებულის თანხმობის არსებობასთან მიმართებით; სასამართლომ არასწორად შეაფასა ისეთი მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, როგორიცაა დასაქმებულის მიერ კარიერული მიზნების დასახვის დოკუმენტის შეუვსებლობა და ასევე, ერთი თვის ხელფასის ოდენობით კომპენსაციის მიღება გათავისუფლების შემდეგ. კასატორის მოსაზრებით, იმ მოცემულობაში როცა დასაქმებული პერმანენტულად განიცდიდა მის მიმართ დისკრიმინაციული და არასამართლიანი მოპყრობის ფაქტს, ბუნებრივია მას ჰქონდა სურვილი ახალი სამსახურის მოძიების შემთხვევაში დაეტოვებინა არსებული პოზიცია, თუმცა, ეს მოხდებოდა მას შემდეგ, რაც ის მოიძიებდა მისი კვალიფიკაციის შესაფერის სამსახურს. რაც შეეხება მის მიერ ერთი თვის კომპენსაციის მიღების ფაქტის განხილვას იმ კონტექსტში, რომ ამით დასაქმებულმა თანხმობა დაადასტურა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ამ ფაქტის ამგვარი შეფასება სასამართლოს მიერ უკანონოა, ვინაიდან მაშინ როცა არ არსებობდა შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, დამსაქმებელი ვალდებული იყო შრომის კოდექსის თანახმად, გადაეხადა კომპენსაცია დასაქმებულისათვის და წარმოდგენილი შრომითი დავის ერთ-ერთ მოთხოვნას სწორედ ამგვარი კომპენსაციის დაკისრება წარმოადგენს მოპასუხე ორგანიზაციისთვის.

25. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

26. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

27. საკასაციო საჩივრით სადავოა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერება; აგრეთვე, სამუშაო ადგილზე აღდგენის, იძულებითი განაცდურისა და ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძვლიანობა.

28. გასაჩივრებული განჩინების საფუძვლების, საქმის მასალებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს კასატორის მიერ წარმოდგენილი არცერთი პრეტენზიის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების მართლზომიერება წარმოადგენდა, ხოლო სხვა დანარჩენი მოთხოვნები გამომდინარეობდა მითითებული მოთხოვნის საფუძვლიანობიდან, გარდა ხელფასის დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დარიცხვის მოთხოვნისა, საკასაციო პალატა, პირველ რიგში, იმსჯელებს სწორედ სადავო ბრძანების მართლზომიერებაზე.

29. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2016 წლის 31 ოქტომბერს, მხარეთა შორის შეწყდა შრომითი ურთიერთობა. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად მოპასუხის მიერ გამოცემულ ბრძანებაში მითითებულია ურთიერთშეთანხმება. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით სადავოა დასაქმებულის თანხმობის არსებობა. დასმული საკითხის სიცხადისათვის მხედველობაშია მისაღები სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით განხორციელებული მიმოწერის შინაარსი. მით უფრო, საგულისხმოა, რომ აღნიშნული მომოწერა შეეხებოდა სწორედ მოსარჩელის სამსახურიდან წასვლის საკითხს. მიმოწერაში კომპანიის დირექტორი გამოთქვამდა მზადყოფნას, მასზედ, რომ ვინაიდან მოსარჩელეს გადაწყვეტილი ჰქონდა წასვლა სამსახურიდან, 2016 წლის 31 ოქტომბრამდე მიეცა დრო ემუშავა მოპასუხე კომპანიაში, ხოლო 2016 წლის 31 ოქტომბერი ჩაეთვალა მოსარჩელის მუშაობის ბოლო დღედ შესაძლებელი რომ ყოფილიყო სასამსახურო დავალებების გადაცემა ახალი თანამშრომლისთვის. ამასთანავე, კომპანიის დირექტორი აღნიშნავდა, რომ თუ აღნიშნული თარიღისთვის მოსარჩელე ვერ მოიძიებდა სხვა სამსახურს, როგორც ფირმაში დიდი ხნის მომუშავეს, მადლიერების ნიშნად, გადაუხადიდა ხელფასს 2016 წლის ნოემბრის ბოლომდე. აღნიშნულ წერილზე მოსარჩელემ უპასუხა კომპანიის დირექტორს, რომ დაზუსტებით არ იცის იშოვის თუ არა სამსახურს 2016 წლის 31 ოქტომბრამდე. დასაქმებული მიუთითებდა, რომ თუ კომპანიისთვის საჭიროა მას შეუძლია დარჩეს სამსახურში 31 ოქტომბრამდე, რათა დაეხმაროს კომპანიას სხვადასხვა მიზნების რეალიზებაში და ხელი არ შეეშალოს მის გამართლ მუშაობას. აქვე, ბოლო წინადადებით, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ იგი კეთილსინდისიერად შეასრულებდა 2016 წლის 31 ოქტომბრამდე მასზე დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო 31 ოქტომბრის შემდეგ კი, თუ დირექტორი გადაწყვეტდა შეეძლო გამოეცა ბრძანება მისი გათავისუფლების თაობაზე.

30. ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ დავის მონაწილე მხარეთა შორის არსებული კომუნიკაციის მითითებული დოკუმენტი ნათელი გამოვლენაა დასაქმებულის ნამდვილი ნების დადგენისათვის (სკ-ის 50-ე და 52-ე მუხლები). ამასთან, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მიმოწერის შინაარსს სწორი შეფასება მიეცა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლების მიერ. მით უფრო, სადავო ვითარება ცხადყოფილია დასაქმებულის მიერ სამსახურებრივი მიზნით შევსებული სხვა დოკუმენტითაც, სახელდობრ, ნიშნადობლივია მოსარჩელის მიერ შევსებული დოკუმენტი მოპასუხე კომპანიაში არსებული შიდა კარიერული მიზნების დასახვის შესახებ, რომელშიც მოსარჩელე რამდენიმეჯერ აღნიშნავდა, რომ სურდა მალე დაეტოვებინა კომპანია და ამიტომ კარიერული მიზნის დასახვა საჭიროდ არ მიაჩნდა.

31. მაშასადამე, მოსარჩელის განზრახვა მოპასუხე კომპანიაში სამსახურის დატოვების შესახებ ერთმშვნელოვანია, რაც შეეხება შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას დადგენილია, რომ შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილია 2016 წლის 31 ოქტომბრიდან, ხოლო აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული საკასაციო შედევება კასატორს არ წარმოუდგენია.

32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

33. ამასთან, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არა ერთ რომელიმე მტკიცებულებაზე განყენებულად, არამედ მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რისი ურთიერთშეჯერებით გადაწყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.

34. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სადავოა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტაზე დასაქმებულის ნების არსებობა, და იმ პირობებში, როდესაც სსსკ-ის 102-ე მუხლის საფუძველზე ამ გარემოების დადასტურებისათვის დადგენილი არ არის მტკიცების სპეციალური სტანდარტი (სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილი), საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა შორის არსებული შრომითი ურთიერთობის 2016 წლის 31 ოქტომბრიდან შეწყვეტის შესახებ გარემოების დადგენა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რელევანტურია, ხოლო ამ გარემოებების დადგენის საწინააღმდეგოდ დასაბუთებული საკასაციო შედავება, პროცედურული კუთხით, კასატორს არ წარმოუდგენია (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი).

35. ვინაიდან დაუსაბუთებელია საკასაციო პრეტენზია სადავო ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში, უსაფუძვლოდ უნდა იქნეს მიჩნეული სარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურისა სახით თანხის დაკისების შესახებაც, ვინაიდან სშკ-ის 38-ე მუხლის მე-8 ნაწლისა და სსკ-ის 408-ე მუხლის საფუძველზე მითითებული მოთხოვნების საფუძვლიანობა დამოკიდებულია სადავო ბრძანების ბათილობაზე.

36. ამასთან, საკასაციო პალატას მაიჩნია, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია ვერც სახელფასო დავალიანების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, ვინაიდან მოსარჩელემ ის ფაქტობრივი გარემოებები ვერ დაამტკიცა, რასაც სახელფასო დავალიანებისა და შრომის ანაზღაურების თანხის მიუღებლობის თაობაზე სარჩელით წარდგენილი ძირითადი მოთხოვნა ემყარებოდა, შესაბამისად, დაყოვნებისათვის დღიურად 0,07%-ის ანაზღაურების ფაქტობრივი საფუძვლებიც არ არსებობს (შდრ: სუსგ Nას-1867-2018, 15 მარტი, 2019 წელი).

37. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრების დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც, საკასაციო საჩივრებს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.

38. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

39. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან შრომითსამართლებრივ დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელსაც არ ეწინააღმდეგება განჩინება.

40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

41. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. რ. ღ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. კასატორ რ. ღ-ეს (პ/ნ: 0900100...) უკან დაუბრუნდეს 2019 წლის 25 თებერვალს საგადახადო დავალება N77491... გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ.ალავიძე