Facebook Twitter

საქმე №ას-118-2019 12 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "ს.კ.ე.ჯ–ა" (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „აკადემიკოს ო. ღ–ის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ (მოსარჩელე)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს „მ.პ.ს–ო; სს „ს.კ.ე–ი“

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის №177 დადგენილების (შემდეგში: მთავრობის № 177 დადგენილება) შესაბამისად, შპს ,,აკადემიკოს ო. ღ–ის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“ (შემდეგში: მოსარჩელე ან სამედიცინო ცენტრი, მიმწოდებელი, მოწინააღმდეგე მხარე) შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ–ის“ მიერ (შემდეგში: მოპასუხე, სადაზღვევო კომპანია, მზღვეველი, აპელანტი ან კასატორი) დაზღვეულ პირებს სამედიცინო მომსახურებას უწევდა, კერძოდ, - 2014 წლის ივნისში მოსარჩელემ მოპასუხეს 22035 ლარის სამედიცინო მომსახურება გაუწია (იხ. ანგარიშფაქტურა, ტ.1, ს.ფ. 23), 2014 წლის ივლისში - 1023.90 ლარისა (იხ. ანგარიშფაქტურა, ტ.1, ს.ფ. 27, 31) და აგვისტოში - 2569.50 ლარის სამედიცინო მომსახურება (იხ. ანგარიშფაქტურა, ტ.1, ს.ფ. 35).

2. 2014 წლის ივნისის სამედიცინო მომსახურების საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოპასუხეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა იმავე წლის 4 ივლისს, ივლისში გაწეული სამედიცინო მომსახურების საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოპასუხეს გაეგზავნა და 2014 წლის 4 აგვისტოს ჩაჰბარდა, ხოლო 2014 წლის აგვისტოს მომსახურების საანგარიშგებო დოკუმენტაცია მოპასუხეს გაეგზავნა და ჩაჰბარდა - 2014 წლის 3 ოქტომბერს (იხ. ტ.1, ს.ფ. 22, 26, 35).

3. სსიპ „ს.მ.ს–ის“ 06.02.2015წ. რეკომენდაციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიას სამედიცინო ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული დავალიანებისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლო (იხ. მედიაციის სამსახურის 06.02.2015წ. რეკომენდაცია - ტ.1, ს.ფ. 39-46).

4. მოპასუხეს მოსარჩელისათვის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული სამედიცინო მომსახურების ღირებულება არ გადაუხდია.

5. მოპასუხეს შეეცვალა საფირმო სახელწოდება და ეწოდება - სს ,,ს.კ.ე.ჯ–ა“ (იხ. ტ.2, ს.ფ. 71-73).

6. სამედიცინო ცენტრის სასარჩელო მოთხოვნა

6.1. მოსარჩელემ, 2015 წლის 13 აგვისტოს სარჩელი აღძრა მზღვეველის წინააღმდეგ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული დავალიანებისა და მისი გადახდის ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს დაკისრება.

6.2. სარჩელი ამ განჩინების 1-4 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს ეფუძნება.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ საანგარიშგებო დოკუმენტაცია საქართველოს მთავრობის N177 დადგენილებით განსაზღვრული წესისა და ვადების შესაბამისად არ წარადგინა.

7.2 მოპასუხის განმარტებით, მას საანგარიშგებო დოკუმენტაცია ფოსტით წარედგინა და საანგარიშგებო დოკუმენტაციის ჩაბარების თაობაზე, მიღება-ჩაბარების აქტები არ გაფორმებულა.

7.3 მოპასუხის მტკიცებით, მხოლოდ საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის გადაცემა მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საფუძველს არ წარმოადგენს.

7.4 მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელეს არაერთხელ ეცნობა, რომ მოპასუხესა და სს „ჩ.ო.კ–ას“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში 2013 წლის 1 მარტიდან, მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამის თანახმად, დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ინფორმაციის დამუშავებას, მზღვეველისათვის მიწოდებას და დადგენილი ასანაზღაურებელი თანხის ანგარიშსწორებას, მოსარჩელის სასარგებლოდ, უზრუნველყოფდა სს „ჩ.ო.კ–ა“/სამართალმემკვიდრე სს „ს.კ.ე–ი“, ხოლო შპს „მ.პ.ს–ოს“ და მოპასუხეს შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2013 წლის 1 მაისიდან ეს უკანასკნელი კომპანია, შესაბამისად, მოპასუხის განმარტებით, საანგარიშგებო დოკუმენტაციის დამუშავებაზე პასუხისმგებელი იყო და დოკუმენტაცია მოითხოვეს/შეისწავლეს და მოაწესრიგეს ზემოაღნიშნულმა სამედიცინო დაწესებულებებმა დადგენილებით განსაზღვრული წესებისა და ვადების დაცვით.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 მაისის გადაწყვეტილებით სამედიცინო ცენტრის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2014 წლის ივნისში, ივლისსა და აგვისტოში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 25628.40 ლარის გადახდა.

8.1.1 მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლო - 2014 წლის ივნისის დავალიანების, 22035.00 ლარის, 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2014 წლის 1 აგვისტოდან 2014 წლის 8 აგვისტომდე, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან დავალიანების 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების დაფარვამდე.

8.1.2 მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2014 წლის ივლისის ვადაგადაცილებისათვის დაეკისრა პირგასამტეხლო - დავალიანების, 1023.90 ლარის, 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 2 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე, 2014 წლის აგვისტოს ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლო დავალიანების, 2569.50 ლარის, 0,02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2014 წლის 28 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

8.1.3 მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სსიპ ს.მ.ს–ში დავის განხილვისათვის გადახდილი ბაჟის - 500 ლარის ანაზღაურება.

8.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 799-ე მუხლებით.

8.3 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი, მზღვეველს, სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს.

8.4 საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 ქვეპუნქტზე რომლის თანახმად, ,,მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს აღნიშნული დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი. მზღვეველმა ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს ამ პერიოდის გასვლიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში“ და განმარტა, რომ მზღვეველს საანგარიშგებო დოკუმენტაციის მისთვის წარდგენიდან 19 დღეში წარმოეშვა სადავო თანხის ანაზღაურების ვალდებულება, რაც მას არ შეუსრულებია.

8.5 საქალაქო სასამართლომ მიუთითა ვადის დარღვევისათვის განსაზღვრულ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებასა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს №479 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებაზე.

8.6 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ დაასკვნა, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა წინამდებარე განჩინების 8.1.1-8.1.2 ქვეპუნქტებში მითითებული პირგასამტეხლო.

9. სადაზღვევო კომპანიის სააპელაციო საჩივარი

9.1 საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ (მზღვეველმა), მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამედიცინო ცენტრის სარჩელის უარყოფა.

10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება და დასკვნები

10.1 სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 13 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

10.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

10.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხემ საანგარიშგებო დოკუმენტაციის დადგენილების შესაბამისად წარდგენის ფაქტი სადავოდ გახადა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მიუთითა, რომ დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა, თუმცა, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ამ უკანასკნელს სადავოდ არ გაუხდია, საანგარიშო დოკუმენტაციის ფოსტით წარდგენა.

10.4 სასამართლომ მიუთითა მთავრობის # 177-ე დადგენილების მე-6 მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს ანგარიშგების და ანგარიშსწორების პირობებს. სადავო ურთიერთობისას მოქმედი მოწესრიგების მიხედვით, კერძოდ, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული პუნქტის დანაწესი არ განსაზღვრავს მხოლოდ მიმწოდებლის ვალდებულებას, გააფორმოს მზღვეველთან მიღება-ჩაბარების აქტი, არამედ აღნიშნული მხარეთა ერთობლივ ვალდებულებას წარმოადგენს. ამასთან, მიმწოდებლი უპირობოდ ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაცია მზღვეველს მიაწოდოს, რაც განსახილველ შემთხვევაში მიმწოდებლის (მოსარჩელის) მიერ შესრულებულია.

10.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით ზემოაღნიშნული მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი მოიცავს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

10.6 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმად, მზღვეველის ვალდებულებას წარმოადგენდა საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან ურთიერთშედარების აქტის გაფორმება, რასაც უნდა მოჰყოლოდა მიმწოდებლისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მზღვეველს ინსპექტირება არ განუხორციელებია.

10.7 მხოლოდ ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტის მხარეთა შორის გაუფორმებლობა, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მზღვეველს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მზღვეველისათვის მიწოდებული დოკუმენტაციით დგინდება, რომ მზღვეველს გაწეული მომსახურების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაცია ეცნობა, როგორიცაა: მომსახურების თანხის ოდენობა, მომსახურების სახე პაციენტთა ვინაობის მითითებით, დიაგნოზების დასახელება, მომსახურების პერიოდები და დასახელება, კონკრეტულ პაციენტზე ასანაზღაურებელი თანხა.

10.8 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177-ე დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტზე, ასევე, 2014 წლის 8 აგვისტოს N479 დადგენილებით განხორციელებულ ცვლილებაზე და განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №528 დადგენილებით კვლავ განხორციელდა ცვლილება და საბოლოოდ ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: მიმწოდებელი უფლებამოსილია დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან.

10.9 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 აგვისტოს №479 დადგენილებით, ზოგადად განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.02%-ით, ხოლო საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბერს გამოცემული №528 დადგენილებით, კონკრეტული პერიოდები განისაზღვრა, როდის უნდა დარიცხულიყო 0.1%-იანი პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ყველა დრო სწორედ დავალიანების წარმოშობას უნდა დაუკავშირდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 2014 წლის 1 სექტემბრის ცვლილების საჭიროება არ იარსებებდა.

10.10 ზემოღნიშნული ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მზღვეველისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა.

11. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სამედიცინო ცენტრის სარჩელის უარყოფა.

11.2 კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდებისას წარმოშობილი ურთიერთობები წესრიგდება საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისი N177 დადგენილებით, რომელიც ასევე დეტალურად ადგენს მხარეთა შორის ანგარიშსწორების განხორციელების წესს/პირობებსა და საფუძველს, რომლის მიხედვითაც: ,,უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია (დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების ასლი, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშფაქტურა), სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა და შემთხვევათა რეესტრი წინასწარ შეთანხმებული ფორმატით) მიმწოდებელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს წერილობით ან ელექტრონულად თითოეულ თვეში დასრულებული შემთხვევები მინიმუმ თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე“.

11.3 კასატორის განმარტებით, ურთიერთშედარების აქტი (წერილობითი ან ელექტრონული), მიმწოდებელსა და მზღვეველს შორის შედგენილი დოკუმენტია და ასახავს მხარეთა შორის ურთიერთშეთანხმებას მიმწოდებლის მომსახურების მართებულობაზე და მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობასა და ანაზღაურების ვადაზე.

11.4 კასატორის მტკიცებით, წინამდებარე განჩინების 11.2 ქვეპუნქტში მითითებული დადგენილების წესების შესაბამისად, მოსარჩელემ არ წარადგინა საანგარიშგებო დოკუმენტაცია, კერძოდ, საქმეში არსებული ანგარიშფაქტურების ნაწილით დასტურდება, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარედგინა სხვა სამედიცინო დაწესებულებას - სს "ს.კ.ე–ს", ხოლო მზღვეველს არასრული დოკუმენტაცია - ფოსტის მეშვეობით.

11.5 კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის ურთიერთშედარების აქტი არ გაფორმებულა, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის (კასატორისთვის) მხოლოდ საანგარიშგებო დოკუმენტაციის არასრულად/არასრულყოფილად მიწოდება, მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმების გარეშე, დადგენილების შესაბამისად, არ ქმნის გაწეული მომსახურების, თუნდაც ნაწილობრივ ანგარიშსწორების საფუძველს.

11.6 კასატორის განმარტებით, მხარეთა შორის უნდა იყოს გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რომლითაც ზუსტად განისაზღვრება სამედიცინო მომსახურების მზღვეველის მიერ ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა და ანაზღაურების ვადები, ხოლო ამ წესების დარღვევის შემთხვევაში - პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი დაკისრების ვადები.

11.7 კასატორი სადავოდ ხდის მისთვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოსაც.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1 საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მზღვეველის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიის საფუძვლებს წარმოადგენს ის გარემოებები, რომ მხარეთა შორის სამედიცინო მომსახურების გაწევისას ურთიერთშედარების აქტი (რომელიც წარმოადგენს ანგარიშსწორების საფუძველს) არ გაფორმებულა, ასევე, მოპასუხისათვის საანგარიშგებო დოკუმენტაცია საქართველოს მთავრობის N177-ე დადგენილების შესაბამისად არ წარდგენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, არ არსებობდა გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების საფუძველი.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, ასევე, მართებულია სამართლებრივი შეფასება.

20. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდასთან დაკავშირებით და მიუთითებს, რომ N177-ე დადგენილების თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო შემთხვევის დროული და სრული ანაზღაურება აღნიშნული დადგენილების საფუძველზე. დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი ვალდებულია, საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში ჩაატაროს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა, ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხა უნდა გადარიცხოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში მოცემულ სამართლებრივ დასაბუთებას და განმარტავს, რომ მოპასუხეს (კასატორს) მზღვეველის ბენეფიციარებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა და ამ უკანასკნელისათვის ფოსტის მეშვეობით მომსახურების გაწევის დამადასტურებელი საანგარიშგებო დოკუმენტაციის წარდგენის ფაქტი სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოში.

22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი, მზღვეველის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლს არ ქმნის, მით უფრო, რომ ამ აქტის გაფორმების ვალდებულება თავად მზღვევლს ეკისრებოდა. უდავოა, რომ მოვალემ გადააცილა ვალდებულების შესრულების ვადას. მოპასუხეს 2014 წლის ივნისში გაწეული მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია წარედგინა იმავე წლის 4 ივლისს, ივლისში გაწეული მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია - 4 აგვისტოს, ხოლო, აგვისტოში გაწეული მომსახურების ამსახველი საანგარიშგებო დოკუმენტაცია - 3 ოქტომბერს. გარდა ამისა, უდავოა სადაზღვევო კომპანიის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღების ფაქტი, ხოლო მიღებული დოკუმენტაციის ნაკლოვანება და #177-ე დადგენილების მოთხოვნებთან შეუსაბამობის ფაქტი მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებით ვერ დაადასტურა. ზემოაღნიშნული კი, მზღვეველისათვის „სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის #177 დადგენილების, როგორც ცვლილებამდელი, ისე შემდგომი რედაქციების საფუძველზე, პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს ქმნის (#177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი), რაზეც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მართებულად იმსჯელეს.

23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (სადაზღვევო კომპანიის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

24. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "ს.კ.ე.ჯ–ას" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "ს.კ.ე.ჯ–ას" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 1571,38 ლარის (გადახდის ქვითარი N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 14 იანვარი), 70% –1099,96 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე