საქმე №ას-325-2019 24 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „E.G.”(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა (შემდეგში: მოსარჩელე, სამინისტრო, შემსყიდველი, აპელანტი ან კასატორი) და შპს „E.G-ს” (შემდეგში: მოპასუხე, შემსრულებელი ან მენარდე, კომპანია) შორის, 2017 წლის 7 ივნისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ № 435 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც კომპანიამ აიღო ვალდებულება, ელექტრონათურების ნაწილი სამინისტროსათვის მიეწოდებინა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღის ვადაში, არა უგვიანეს 2017 წლის 7 ივლისისა, ხოლო მეორე ნაწილი მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში, 2017 წლის 10 დეკემბრის ჩათვლით. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 69600 ლარით, ხოლო, ხელშეკრულების ვადა - 2018 წლის 31 იანვრის ჩათვლით (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-23).
2. ხელშეკრულების თანახმად, კონკრეტული შესყიდვის ობიექტის მიწოდების, გამოვლენილი ნაკლის/წუნის აღმოფხვრისათვის განსაზღვრული ვადის გადაცილებისათვის, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 0.2 % (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-23).
3. კომპანიამ სამინისტროს 80 ლარად ღირებული 10 ცალი ნათურა, 2017 წლის 7 ივლისის ნაცვლად, 2017 წლის 10 ოქტომბერს მიწოდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 152-153).
4. სარჩელის საფუძვლები
4.1 მოსარჩელემ, 2018 წლის 27 აპრილს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და, მოითხოვა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მოპასუხეს პირგასამტელოს, სახელშეკრულებო ღირებულების 0.2 %-ის - 13224 ლარის, გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაჰკისრებოდა.
4.2 მოსარჩელემ მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნა.
5. მოპასუხის შესაგებელი
5.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება არ დარღვეულა, ამასთან, დავა ეხება 80 ლარად ღირებულ 10 ცალ ნათურას და პირგასამტეხლო სწორედ აქედან უნდა დაანგარიშდეს.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
6.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
6.1.1მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, 15.2 ლარის გადახდა დაეკისრა;
6.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) სსკ-ის 417-ე, 418-ე, 477-ე მუხლებით;
6.3 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, მოპასუხეს პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ნაწილში უნდა დაჰკისრებოდა.
7. სააპელაციო საჩივარი
7.1 მოსარჩელემ (სამინისტრომ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
8.2 სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო, მართებულად გამოთვალა.
8.3 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში - ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტი ფულადი თანხა არ არის და არც ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურებას არ ემსახურება, შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, როგორც ეს განსახილველ შემთხვევაშია, დარღვევა ვადაგადაცილებით არ გამოიხატება.
8.4 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის - 10 ნათურის მიწოდების ვადის 95 დღის ვადით დარღვევა. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მხარე დავობდა, რომ მხარეები ხელშეკრულებით ვადაგადაცილების შემთხვევაში - პირგასამტეხლოს ხელშეკრულების ღირებულების 0,2%-ზე შეთანხმდნენ და არა - შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების დაკისრების თაობაზე.
8.5 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა პირგასამტეხლოს სამართლებრივი ინსტიტუტის ფუნქციაზე, სსკ-ის 417-ე მუხლზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციული, ისე როგორც სანქციის ინსტრუმენტის სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სახელშეკრულებო ურთიერთობის იმ ნაწილზე ვრცელდება, რა ნაწილშიც ვალდებულება დაირღვა. პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. აღნიშნული მიდგომა სსკ-ის 417-418.1-ე მუხლების მიზნებიდან არ გამომდინარეობს (საქმე Nას-1464-1384-2017, 18.09.2018წ.);
8.6 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის მიერ დაკისრებული პირგასამტეხლოს, როგორც შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება შედავებული არ იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, სსსკ-ის 377-ე მუხლის თანახმად, ამ გარემოებაზე მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა და სამართლებრივად შეეფასებინა.
8.7 სააპელაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4 და 102-ე მუხლებზე მითითებით, განმარტა, რომ მტკიცების ტვირთის ობიექტური განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის მტკიცების ტვირთი ეკისრება, თუმცა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის ვადა მხოლოდ 10 ერთეულ საქონელზე (ნათურა) 95 დღით დადგინდა. აღნიშნულიდან გამომდინარე კი, ვერ გაიზიარებდა აპელანტის პრეტენზიას, რომლის თანახმად, სასამართლოს პირგასამტეხლოს ოდენობა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან უნდა გამოეთვალა და შემდეგ, შეხედულების ფარგლებში, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შეემცირებინა.
8.8 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოსთვის კანონით მინიჭებული დისკრეცია - შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, მხოლოდ იმ დროს მოქმედებს, როდესაც მხარეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მართებულად ეკისრება კანონის საფუძველზე, თუმცა დარღვევის ხასიათთან, ღირებულებასა და ხანგრძლივობასთან მიმართებით მისი ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ასეთი გარემოება არ არსებობს, ვინაიდან მოპასუხის მიერ შესრულებულ ვალდებულებაზე, პირგასამტეხლოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები საერთოდ არ არსებობდა, რაც, რა თქმა უნდა, მისი შემცირების შესაძლებლობასაც გამორიცხავს.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1 მოსარჩელემ (კასატორმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 20 დეკემბრის განჩინება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
9.2 კასატორის განმარტებით, სახელშეკრულებო ურთიერთობის დროს მხარეები დამოუკიდებლად განსაზღვრავენ თავიანთ უფლება-მოვალეობებს.
9.3 კასატორი უთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განჩინებაში (იხ. სუსგ. Nას-1300-1320-2011) მითითებულ მსჯელობაზე, ვალდებულების დარღვევისას, მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების ინსტიტუტის არსისა და დანიშნულების შესახებ.
9.4 კასატორის განმარტებით, მიუხედავად მხარეთა შორის არსებული შეთანხმებისა, სასამართლომ თავისი ინიციატოვით შეცვალა პირგასამტეხლოს გამოთვლის წესი.
9.5 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლო გასაჩივრებულ განჩინებაში უთითებდა მოთხოვილი პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობაზე, შესაბამისად, სასამართლოს პირგასამტეხლო უნდა შეემცირებინა და მხარეთა შორის შეთანხმებული პირობები საკუთარი შეხედულებით არ უნდა მოეგვარებინა.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 11 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ სამინისტროს საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
17. წინამდებარე შემთხვევაში, კასატორის საკასაციო პრეტენზია ეფუძნება სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობას, კერძოდ, მოსარჩელის (კასატორის) განმარტებით, მოპასუხეს მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.2%-ის გაანგარიშებით უნდა დაჰკისრებოდა.
18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).
19. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).
20. პირგასამტეხლოს, როგორც მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გათვალისწინება, ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან, მხოლოდ 80 ლარად ღირებული 10 ერთეული ნათურის მიწოდების ვადაგადაცილებისათვის, ხელშეკრულების საერთო თანხის (69600 ლარის) გათვალისწინებით, პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს.
21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის გათვალისწინებით, პირგასამტეხლო დაანგარიშებული უნდა იქნეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. საქმე Nას-164-160-2016წ.; 28.07.2016წ.).
22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (სამინისტროს) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე