საქმე №ას-1183-2018 5 აპრილი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვა
სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – ა.ა. (მოპასუხე, შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე)
წარმომადგენელი - თ.მ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – ა.ა. (მოსარჩელე, შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
წარმომადგენელი - მ.ქ–ძე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უძრავი ქონების წილზე თანამესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ა. (შემდეგში: თავდაპირველი მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) და ა.ა. (შემდეგში: შეგებებული მოსარჩელე, მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) 2005 წლის 16 ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ 2 შვილი, 2006 წლის 30 აგვისტოს დაბადებული ა.ა. და 2010 წლის 9 ნოემბერს დაბადებული გ.ა. (იხ. ტ.1, ს.ფ. 16, 20-21).
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 10 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით - მეუღლეებს შორის ქორწინება შეწყდა და ქორწინების Nმნ 0055909 სააქტო ჩანაწერი გაუქმდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 370-371).
3. 2008 წლის 3 აპრილის მონაცემებით, საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქ. თბილისში, .... (ნაკვ. 30/021) მდებარე /ს/კ ...../ უძრავი ქონება (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება), 2006 წლის 5 სექტემბრს დამოწმებული უძრავი ქონების ჩუქებისა და N1-4729 გამიჯვნის ხელშეკრულების საფუძველზე, თავდაპირველი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 209).
4. თავდაპირველ მოსარჩელესა და მოპასუხეს (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) შორის, 2010 წლის 15 იანვარს, გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შეგებებული მოსარჩელის (მოპასუხის) სახელზე აღირიცხა წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება (იხ. ტ.1, ს.ფ. 91-93);
5. წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ მხარეებს შორის, 2011 წლის 28 ოქტომბერს, იმავე პუნქტში მითითებულ ჩუქების საგანზე, ჩუქების ხელშეკრულება ისევ გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, ჩუქების საგანი, ისევ თავდაპირველი მოსარჩელის სახელზე აღირიცხა (იხ. ტ.1, ს.ფ. 96-97).
6. მოპასუხე, 2013 წლის 3 ოქტომბერს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, თეთრიწყაროს რაიონის, სოფელი .... მდებარე უძრავი ქონების /ს/კ ..../ მესაკუთრე გახდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 210-211).
7. მოპასუხის სახელზე 2014 წლის 14 სექტემბრიდან რეგისტრირებულია ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,მიცუბიში პაჯერო“, სახელმწიფო ნომრით ,,....”, გამოშვების წელი - 2002, სარეგისტრაციო მოწმობა - A.... (იხ. ტ.1, ს.ფ. 268, 270).
8. სარჩელის საფუძვლები
8.1 მოსარჩელემ სარჩელი აღძრა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში დასახელებული მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ქორწინების შეწყვეტა, ალიმენტის დაკისრება, ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტი) ½ წილზე მესაკუთრედ ცნობა და მოპასუხის სახელზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების ღირებულების ნახევრის - 2000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრება (მოცემულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო მოსარჩელის ალიმენტთან დაკავშირებული სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო 2016 წლის 10 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილებით, მხარეთა შორის, 2005 წლის 16 ივლისს რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა, იხ. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტი).
8.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1, 6-7 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ თანაცხოვრების პერიოდში, მოპასუხე მეუღლეს ხშირად ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.
8.3 მოსარჩელის განმარტებით, ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ½ მას ეკუთვნის, როგორც წილი მეუღლეთა თანასაკუთრებიდან.
9. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
9.1 შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნას, წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებული ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ (½ ნაწილში) ბათილად ცნობა და შესაბამის წილზე მესაკუთრედ ცნობა, ასევე - ქორწინების განმავლობაში შეძენილი მოძრავი ქონების საერთო ღირებულების, 52765 ლარის, ნახევრის - 26382.5 ლარისა და ქორწინების განმავლობაში აღებული საერთო ვალის ნახევრის - 12879.93 ლარის შეგებებული მოპასუხისათვის დაკისრება წარმოადგენს.
9.2 შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, სადავო უძრავი ქონების მოწყობასა და გარემონტებაში 438620.64 ლარი გადაიხადა. ამასთან, მან აღნიშნული საცხოვრებელი სახლისათვის მოძრავი ნივთები შეიძინა, რომელთა ჯამური ღირებულება 52765 ლარია.
9.3 შეგებებული მოსარჩელის მითითებით, შეგებებულმა მოპასუხემ მას მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, როცა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მიუთითა, რომ ის წლების მანძილზე შეგებებული მოსარჩელისგან სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას იტანდა.
9.4 შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, იგი შეგებებულმა მოპასუხემ (თავდაპირველმა მოსარჩელემ) 2016 წლის 20 აგვისტოს მის მიერ ნაჩუქარი სახლიდან გამოადგო, რითაც მჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა.
9.5 შეგებებული მოსარჩელის განმარტებით, სახლის ასაშენებლად და საჭირო ავეჯისა და ტექნიკის შესაძენად საბანკო დაწესებულებისაგან თანხა ისესხა, რომლის დავალიანების ჯამი 25759.86 ლარია. ამასთან, შეგებებულ მოპასუხეს არც უძრავი ქონების შეძენის, არც სახლის აშენებისა და რემონტის თანხა არ გადაუხდია.
10. მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე
10.1 მოპასუხემ (რომელიც იმავდროულად შეგებებული სარჩელის ავტორია) წერილობით წარდგენილი შესაგებლით წინამდებარე განჩინების 8.1 ქვეპუნქტში მითითებული სასარჩელო მოთხოვნები ცნო.
11. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
11.1 შეგებებულმა მოპასუხემ (თავდაპირველმა მოსარჩელემ) წერილობით წარდგენილი შესაგებლით, მის წინააღმდეგ აღძრული შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მამამისმა 2006 წელს, 200 კვ.მ მიწის ნაკვეთი აჩუქა, ხოლო საცხოვრებელი სახლი მისი ძმის დახმარებით აშენდა. ამასთან, ქონება, რომელიც მიღებულია ქორწინების განმავლობაში ჩუქებით ან მემკვიდრეობით, მეუღლეთა ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს.
11.2 მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით შეგებებულმა მოპასუხემ განმარტა, რომ მხარეებმა მოძრავი ნივთების ნაწილი ქორწინების განმავლობაში შეიძინეს, რომელთა ღირებულების ჯამის, 11595 ლარის, ნახევარი - 5797.5 ლარი შეგებებულ მოსარჩელეს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი ნივთები: მისაღები ოთახის გარნიტური დედამისმა შეიძინა, 2700 ლარად - საძინებლის გარნიტური, 1000 ლარად - რბილი კუთხე, 500 ლარად - რბილი კუთხე, 700 ლარად ღირებული მინის მაგიდა ძმამ გამოაგზავნა გერმანიიდან; შეგებებული სარჩელის მოპასუხის ძმამ შეიძინა 1200 ლარად ღირებული საძინებლის გარნიტურიც. დანარჩენი ნივთები კი, სარეცხის მანქანა ,,სამსუნგის“, 2 ბრა, გამწოვი, გაზქურა, ელქურა, გაზის ღუმელი, 3500 ლარად ღირებული ჭურჭლის სარეცხი მანქანა, კომპლექტი ,,კუპერსბერგი“ შეძენილია ნათესავების მიერ ,,ახალმოსახლეობასთან“ დაკავშირებით ნაჩუქარი თანხით, რაც მეუღლეთა თანასაკუთრებას არ წარმოადგენს.
11.3 მოპასუხემ დანარჩენ მოძრავ ნივთებთან დაკავშირებით განმარტა, რომ მათი ღირებულება და არსებობა სინამდვილეს არ შეესაბამება.
12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თავდაპირველი მოსარჩელე ცნობილ იქნა წინამდებარე განჩინების მე-6 პუნქტში მითითებული უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ. თავდაპირველი სარჩელით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2000 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა.
12.2 მოპასუხის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
12.2.1 შეგებებული სარჩელით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ქორწინების პერიოდში შეძენილი მოძრავი ნივთების ღირებულების - 10747.50 ლარისა და ქორწინების პერიოდში აღებული საბანკო ვალის, 25759.86 ლარის, ნახევრის - 12879.93 ლარის გადახდა დაეკისრა.
12.2.2 შეგებებული სარჩელი ჩუქების ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობის შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
12.3 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 170-ე, 173-ე, 183-ე, 311-312-ე, 524-ე, 525-ე, 529-ე, 1158-ე-1160-ე, 1161-ე, 1163-ე, 1166-ე, 1168-ე, 1169-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე, 208-ე მუხლებით.
12.4 საქალაქო სასამართლომ შეგებებული სარჩელის სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 524-ე, 525-ე მუხლებზე და ამავე კოდექსის 529-ე მუხლსა და სსსკ-ის 102-ე მუხლზე დაყრდნობით იმსჯელა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებსა და მტკიცების ტვირთზე და დაასკვნა, რომ შეგებებულმა მოსარჩელემ, სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რაც დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებასა და უმადურობის ფაქტს დაადასტურებდა.
12.5 საქალაქო სასამართლოს შეფასებით, შეგებებული სარჩელის მოპასუხის დედისა და ძმის მიერ შეძენილი, ასევე, ახლობლებისა და ნათესავების მიერ ნაჩუქარი თანხით შეძენილი გაზქურა, ელქურა, გაზის ღუმელი, 3500-ლარიანი ჭურჭულის სარეცხი მანქანა, კომპლექტი ,,კუპერსბერგი“, ასევე, 300-ლარიანი 2 თითბირის ბრა, ჯამში კი, 9900 ლარად ღირებული მოძრავი ნივთები, გადაცემულია ოჯახის საერთო ინტერესებისა და კეთილდღეობისათვის და მხოლოდ შეგებებული მოპასუხის (თავდაპირველი მოსარჩელის) ინდივიდუალურ საკუთრებას არ წარმოადგენს.
12.6 საქალაქო სასამართლომ, შეგებებული მოსარჩელის მიერ მითითებულ დანარჩენ საოჯახო ნივთებთან დაკავშირებით (რომელთა შორისაა: 1000 ლარად ღირებული მაგიდა 8 სკამით, 500 ლარად ღირებული ჟურნალების მაგიდა, 350 ლარად ღირებული კაბინეტის სავარძელი, 1000 ლარად ღირებული ტყავის სავარძელი ,,პუფთან“ ერთად, 350 ლარად ღირებული სარკე, 500 ლარად ღირებული გაზქურა და ხელსაბანი, 5000 ლარად ღირებული სასმელების კოლექცია, 5000 ლარად ღირებული ჩაის, ყავის, სადილის, დანებისა და ჩანგლების ნაკრები, 2500 ლარად ღირებული თითბირის ჭაღი, 500 ლარად ღირებული კედლის სარკე, 1800 ლარად ღირებული ტელევიზორი, 700 ლარად ღირებული კომპიუტერი), განმარტა, რომ შეგებებულ მოსარჩელეს მათი სადავო საცხოვრებელ სახლში არსებობისა და მითითებული ღირებულების ოდენობის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება არ წარუდგენია, ამასთან, შეგებებული სარჩელით მოპასუხე სადავოდ ხდიდა ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას, რის გამოც, საქალაქო სასამართლოს დასკვნით, აღნიშნულ ნივთებზე მეუღლეთა თანასაკუთრება ვერ გავრცელდებოდა.
13. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები
13.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება შეგებებულმა მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მისი სასარჩელო მოთხოვნის დაუკმაყოფილებელ ნაწილში და, ამ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით - შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 11 მაისის გადაწყვეტილება;
14.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომლის თანახმადაც, დასაჩუქრებულის მიერ მჩუქებლის მიმართ, მძიმე შეურაცხყოფის მიყენება ან დიდი უმადურობის გამოჩენა არ დასტურდება.
14.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტი არ უთითებდა შეგებებული მოპასუხის, როგორც მეუღლის მიერ ჩადენილ რაიმე ამორალურ, ზნეობრივად გასაკიცხ ქმედებაზე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტმა სასამართლო სხდომაზე თავადვე მიუთითა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფა გამოიხატებოდა იმით, რომ მან წარმომადგენელთან და სხვა ახლობლებთან ერთად მის ზურგს უკან „დაგეგმა მისი განადგურება“.
14.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ერთ-ერთი მეუღლის მიერ სასამართლოსათვის მიმართვა მისი უფლებების დასაცავად და წარმომადგენელთან, თუ ნათესავებთან/ახლობლებთან, აღნიშნულის თაობაზე კონსულტაცია, ყოფილი მეუღლისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენებად ვერ შეფასდება და საფუძვლად ვერ დაედება ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებას.
14.5 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აშკარაა მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის არსებობა. ამასთან, საქმეზე დაკითხულმა მოწმეებმა მიუთითეს, მხარეთა შორის ჯერ კიდევ ქორწინების განმავლობაში არსებულ კონფლიქტურ ურთიერთობაზე.
14.6 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დასაჩუქრებულის მხრიდან არ შეიძლება უმადურობად ან შეურაცხყოფად ჩაითვალოს მოპასუხის მიერ მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე მესაკუთრის უფლებამოსილებების განხორციელების სურვილი და ამ მიზნით ნივთის მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნა.
14.7 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, დასაჩუქრებული, ჩუქების უსასყიდლო ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულია, განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდეს მჩუქებლის მიმართ, მაგრამ ამგვარი ვალდებულება არ გულისხმობს დასაჩუქრებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების არათანაზომიერ შეზღუდვას მხოლოდ მჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულებისა და მისი ნება-სურვილის გათვალისწინებით. მით უფრო, როცა საკითხი ეხება ქორწინების შეწყვეტის შემდეგ მეუღლეთა ერთად ცხოვრების შეუძლებლობას.
14.8 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ჩუქების საგანთან დაკავშირებით წლების მანძილზე განვითარებული მოვლენების თანმიმდევრობაზე და განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულებები დადებულია მეუღლეებს შორის და ივარაუდება, რომ მათ მიერ გამოვლენილი ნება ოჯახის საერთო ინტერესებითაა განპირობებული. ამასთან, განქორწინების შემდეგ შეგებებული სარჩელით მოპასუხესთან მხარეთა არასრუწლოვანი შვილები ცხოვრობენ. საქმის მასალებიდან და შეგებებული მოსარჩელის განმარტებებიდან ჩანს, რომ მისთვის შვილების კეთილდღეობა მნიშვნელოვანია.
14.9 ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის 529-ე მუხლის საფუძველზე, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე უარის თქმის ნაწილში, დასაბუთებულია.
14.10 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შეგებებულ მოსარჩელეს (აპელანტს) შეგებებული სარჩელის ფარგლებში უნდა დაემტკიცებინა - რომ გაჩუქებული უძრავი ქონების ღირებულება 2011 წლის 28 ოქტომბრის შემდეგ გაწეული ხარჯების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა). სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ასეთი მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება.
14.11 სააპელაციო სასამართლომ ინდივიდუალური აუდიტორის დასკვნასთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული მტკიცებულებით არა ჩუქების შემდგომ უძრავი ნივთის ღირებულების გაზრდის ფაქტი, არამედ 2016 წლის 14 სექტემბრის მონაცემებით - მისი საბაზრო ღირებულება დასტურდება.
14.12 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შეგებებული მოსარჩელე პრეტენზიას აცხადებს შემდეგ მოძრავ ნივთებზე: 350 ლარად ღირებულ საყინულე მაცივარზე, 2000 ლარად ღირებულ თითბირის ჩარჩოიან საათზე, 1800 ლარად ღირებულ პრიალა ლამინატის სამზარეულოს გარნიტურზე, თითოეული 50 ლარად ღირებულ 6 ბრიდან 4 ბრაზე, 1100 ლარად ღირებულ სარეცხი მანქანა ,,სამსუნგზე". სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რაიმე მტკიცებულება, რაც შეგებებულ სარჩელში მითითებული საოჯახო ნივთების შეგებებული მოპასუხის საცხოვრებელ სახლში არსებობის ფაქტსა და მათ ღირებულებას დაადასტურებდა, წარდგენილი არ იყო.
14.13 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლომ ოჯახისათვის შეძენილ ნივთებზე თანაზიარი საკუთრების რეჟიმი გაავრცელა და მათი ნახევრის ღირებულება მოპასუხეს დააკისრა და ამ ნაწილში სარჩელი არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, მოკლებული იყო შესაძლებლობას, მათ შეძენაზე დახარჯული თანხების წარმომავლობა ეკვლია.
14.14 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტმა სადავოდ გახადა სასტუმრო ოთახის გარნიტურის ღირებულებად 2700 ლარის განსაზღვრა და მიუთითა, რომ მისი ღირებულება 7000 ლარია. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მითითებული მოძრავი ნივთების ღირებულების განმსაზღვრელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება. ამასთან, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადგენილია, მოპასუხის დედის მიერ მისი შეძენის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, ქორწინების განმავლობაში შეძენილი მოძრავი ნივთების საერთო ღირებულებიდან 15635 ლარის დაკისრების შესახებ.
14.15 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტი ასაჩივრებდა 2016 წლის 1 დეკემბრის განჩინებასაც, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი შუამდგომლობა სასამართლოს მიერ აღსრულების ეროვნული ბიუროდან “დივიდიდისკის” გამოთხოვის შესახებ, სადაც სადავო უძრავ ქონებაში არსებული ნივთები და გარე ინტერიერია აღწერილი.
14.16 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ განჩინების გაუქმების საფუძვლად აპელანტი უთითებდა ერთადერთ გარემოებას, რომ შეგებებულმა მოპასუხემ სასამართლოს სრულად არ წარუდგინა ფოტოსურათები და ვიდეოჩანაწერი, რითაც მის შეგებებულ სარჩელში მითითებული მოძრავი ნივთების სადავო ბინაში არსებობის ფაქტი დადასტურდებოდა.
14.17 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული არგუმენტი არ არის საკმარისი სადავოდ გამხდარი განჩინების გაუქმების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
14.18 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 102-ე მუხლზე მიუთითა და განმარტა, რომ თავდაპირველი მოსარჩელე რა მტკიცებულებას წარადგენდა მის მიერ მითითებული გარემოებების დასადგენად, თავად მხარის გადასაწყვეტი იყო. ამასთან, აპელანტი (შეგებებული მოსარჩელე) განჩინების მიღების საფუძვლად მითითებულ არც ერთ გარემოებას არ შესდავებია. სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილ ფოტოსურათებს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეფუძნებოდა.
15. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
15.1 აპელანტმა საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა;
15.1.1 კასატორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 1 დეკემბრის საოქმო განჩინებისა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების იმ ქვეპუნქტების გაუქმებაც მოითხოვა, რომლითაც მისი შუამდგომლობა აღსრულების ეროვნული ბიუროდან სასამართლოს მიერ „დივიდიდისკისა“ და დოკუმენტების გამოთხოვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.
15.1.2 კასატორი ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 თებერვლის საოქმო განჩინებასაც, რომლითაც ახალი ფაქტებისა და მტკიცებულებების მიღების თაობაზე შეგებებული მოსარჩელის შუამდგომლობა, არ დაკმაყოფილდა.
15.3 კასატორი მეუღლის მიერ უმადურობასა და მძიმე შეურაცხყოფაზე უთითებს (იხ. საკასაციო საჩივარი ტ.3, ს.ფ. 140-143) და განმარტავს, რომ სადავო უძრავი ქონების ჩუქება საქორწინო ურთიერთობასთან იყო დაკავშირებული და სადავო ქონება შეგებებული მოსარჩელის შენატანს წარმოადგენდა მეუღლეთა თანაცხოვრების უზრუნველსაყოფად. ჩუქების ხელშეკრულების დროს შეგებებული მოსარჩელე ამ ნაბიჯს დგამდა იმ მოლოდინით, რომ შეგებებული მოპასუხე მშვიდობიან საქორწინო ურთიერთობას გააგრძელებდა და მეუღლეები ამ სახლში იცხოვრებდნენ და ერთ საოჯახო მეურნეობას გააგრძელებდნენ, შესაბამისად, შეგებებულ მოპასუხეს, როგორც მორალური, ისე ზნეობრივი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა, მადლიერება და ყურადღება გამოეჩინა საკუთარი მეუღლის - მჩუქებლის მიმართ.
15.4 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებასთან დაკავშირებით (იხ. საქმე Nას-1011-954-2015, 18.03.2016; საქმე N ას-710-676-2015, 22.09.2015წ.; საქმე Nას-887-848-2014, 24.07.2015წ.; საქმე Nას-471-450-2015, 20.11.2015წ.)
15.5 კასატორის განმარტებით, 2009 წელს სადავო სახლის შავი კარკასის აშენების შემდეგ, ქორწინების განმავლობაში, ქონების ღირებულება ეტაპობრივად იზრდებოდა, ვინაიდან 2009 წლიდან 2014 წლამდე გრძელდებოდა 4-სართულიანი სახლის რემონტი და კეთილმოწყობა, რის შედეგადაც ქონების ღირებულება - იზრდებოდა, რამაც საბოლოოდ, 2011 წლის 28 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების პერიოდისათვის, არსებული ქონების ღირებულება - 100 000 ლარი, ჩუქების შემდეგ კი, 2016 წლის მონაცემებით, 438 620.64 ლარამდე გაზარდა.
15.6 კასატორის განმარტებით, აუდიტის დასკვნის თანახმად, ფაქტია, რომ 2011 წლის 28 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულების შემდგომ, სადავო ქონების როგორც ფართობი, ასევე ღირებულებაც გაზრდილია.
15.7 კასატორი ყურადღებას ამახვილებს ქორწინების პერიოდში აღებული საბანკო ვალის შეგებებული მოპასუხისათვის დაკისრებაზე და განმარტავს, რომ სასამართლომ დაადგინა, აღნიშნული თანხა სწორედ სადავო სახლის აშენებას, რემონტსა და კეთილმოწყობას მოხმარდა. აქედან გამომდინარე, საბანკო კრედიტის მეუღლეთა შორის გაყოფის შედეგად, როგორც მათ ქორწინებაში წარმოშობილი აქტივისა, სასამართლოს მხარეთა შორის სადავო უძრავი ქონებაც უნდა გაეყო.
15.8 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 1163–ე მუხლის საფუძველზე, მეუღლის ინდივიდუალური ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად ტრანსფორმირების საკითხთან დაკავშირებით, მსგავს სამართლებრივ დავებზე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა (იხ. საქმე №ას-840-791-2015, 04.03.2016წ., საქმე №ას-551-523-2014, 04.03.2015წ., საქმე №ას-964-922-2013, 29.11.2013წ.)
15.9 სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება, თითქოსდა არ არსებობდა მხარეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი მოძრავი ნივთების – 15 635 ლარის, შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის დაკისრების საფუძველი.
15.10 კასატორის მტკიცებით, შეგებებული სარჩელის მოპასუხემ არ უარყო და არაპირდაპირ აღიარა, ნივთების სადავო სახლში არსებობის ფაქტი. კასატორის განმარტებით, ამას ადასტურებს საქმეში არსებული ფაქტების კონსტატაცია და სადავო სახლში არსებული ნივთების და გარე ინტერიერის აღწერა-დასურათების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული 2016 წლის 19 აგვიტოს ოქმი და თანდართული ფოტოსურათები, რომლის 26 გვერდიდან შეგებებული სარჩელის მოპასუხემ მხოლოდ ერთი გვერდი (მე–17) წარმოადგინა.
15.11 კასატორის განმარტებით, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. სასამართლოს, სსსკ-ის 103–ე მუხლის თანახმად, თავადაც შეეძლო, შეგებებული მოპასუხისათვის მიეთითებინა ზემოაღნიშნული მტკიცებულებების სრულად წარმოდგენა, ვინაიდან საქმის მასალებით ცალსახად დგინდება, რომ საქმეში მტკიცებულება არასრულადაა წარმოდგენილი. აღნიშნული გარემოება კი, ეჭვს ბადებს, რომ შეგებებული სარჩელის მოპასუხემ მიზანმიმართულად დამალა ნივთები, რაშიც ფაქტობრივად, შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობით, სასამართლომაც ხელი შეუწყო.
16. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
16.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 დეკემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად, რომლის განსახილველად დაინიშნა ზეპირი მოსმენა 2019 წლის 6 მარტს, რა დროსაც მხარეებს სასამართლომ შესთავაზა მორიგება. დასაშვებობის საკითხზე საბოლოოდ განჩინების სარეზოლუციო ნაწილი გამოტანილ იქნა 2019 წლის 5 აპრილს ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
17. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
19. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
22. წარმოდგენილი საკასაციო შედავების ფაქტობრივი და სამართლებრივ მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).
23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძველი სამოქალაქო სამართალში, ზოგადად არის სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს (იხ. ბოელინგი/ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 38.) კერძო-სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების დანიშნულებაა ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების უფლებების განსაზღვრა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა.
24. საკასაციო სასამართლო უთითებს, რომ მოთხოვნა და მოთხოვნის საფუძველი სხვადასხვა ცნებებია და მათ გამიჯვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნათა შორის არჩევანის უფლება, მოსარჩელის უფლებამოსილებაა, ხოლო მოსარჩელის მიერ წარდგენილი მოთხოვნის დამფუძნებელი მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველთა შორის ერთ-ერთის მისადაგება სასამართლოს უფლებამოსილება და ვალდებულებაცაა (იხ. ჰ.ბოელინგი, ლ.ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, მეორე გამოცემა, თბ., 2004, 42.)
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორმა შეგებებულ სარჩელში მისი მოთხოვნის დამფუძნებელი კონკრეტული ფაქტები მიუთითა, კერძოდ, კასატორის განმარტებით, შეგებებული სარჩელის მოპასუხემ მას მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა, როდესაც სარჩელი აღძრა მის წინააღმდეგ სასამართლოში და მიუთითა, რომ შეგებებული მოსარჩელე წლების მანძილზე მეუღლეს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. კასატორის მტკიცებით, მისი სადავო უძრავი ქონებიდან გაგდებით შეგებებული სარჩელის მოპასუხემ უძრავი ქონების მჩუქებლის მიმართ დიდი უმადურობა გამოიჩინა.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსის განმსაზღვრელია სარჩელში მითითებული ფაქტები და გარემოებები, რაც მოცემულ შემთხვევაში სსკ-ის 529-ე მუხლიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უპასუხებს, კასატორის მხოლოდ იმ პრეტენზიებს, რომელიც ზემოაღნიშნულ სამართლებრივი ნორმას ეხება და დაადგენს, მასში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას.
27. საკასაციო საჩივრის დასაშვებობის კრიტერიუმების შემოწმებისას საქმის ზეპირი განხილვის ფორმით, მხარეთა მონაწილეობით, კასატორის მიერ გაცხადებული პრეტენზიის მიუხედავად, საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ შეგებებული მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ იმსჯელებს იმ საკასაციო პრეტენზიებზე, რომელიც სსკ-ის 1163-ე მუხლსა და მის შემადგენლობას ეხება. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის სააპელაციო საჩივარში მითითებულ შედავებაზეც, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი, სადავო უძრავი ქონების ½ წილის მიკუთვნებას, სსკ-ის 1163-ე მუხლიდან გამომდინარე არ ითხოვდა. ასეც რომ არ იყოს, შეგებებულ სარჩელში და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში მთავარ სხდომამდე, მხარეთა მიერ გაცხადებული პოზიციებით ხელმძღვანელობს სასამართლო, რაც უზრუნველყოფს კანონის წინაშე მხარეთა თანასწორობის, დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვას.
28. რაც შეეხება გასაჩივრებულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს მიერ მითითებულ ზემოაღნიშნულ სადავო ნორმას (სსკ-ის 1163-ე მუხლს) საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში სსკ-ის 529-ე მუხლის ფაქტობრივი შემადგებლობიდან გამომდინარე იმსჯელა და უპასუხა კასატორის იმ პრეტენიზებს, რომლიც ამ უკანასკნელის განმარტებით, ჩუქების ხელშეკრულების შემდეგ, სადავო უძრავი ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გადიდებას ეხებოდა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ იმ ფაქტობრივ გარემოებებზე პასუხის გაცემა, რომელიც სარჩელში არ იყო მითითებული, საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი ვერ გახდება.
29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ჩუქების ხელშეკრულებით კონტრაჰენტი იღებს საკუთრების უფლებას, რომელიც „ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციის“ დამატებითი ოქმის პირველი მუხლითაა გარანტირებული. ნორმით დაცული სიკეთით სარგებლობის მიმართ კონვენცია წევრ სახელმწიფოებს შეფასების ფართო ზღვარს უდგენს, თუმცა, საკუთრების უფლებით დაცულ სფეროში ჩარევა ლეგიტიმურ საფუძველს უნდა ემყარებოდეს და დასახული მიზნის პროპორციული უნდა იყოს, რათა მესაკუთრის გარანტირებული უფლებები არ დაირღვეს. ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი საკუთრების გაუქმების საკანონმდებლო რეგლამენტაციათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს სსკ-ის 529-ე მუხლი.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 529-ე მუხლით დასახელებული დანაწესის მიხედვით, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესაძლებლობას კანონი ისეთი განსაკუთრებული გარემოებების არსებობას უკავშირებს, როგორიც არის: 1. დასაჩუქრებულის მხრიდან მძიმე შეურაცხყოფა, ან/და 2. მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ გამოვლენილი დიდი უმადურობა. მითითებული ნორმა ხაზს უსვამს მჩუქებლის მიმართ მძიმე შეურაცხყოფის მიყენებისა და დიდი უმადურობის შემთხვევებს. კანონი პირდაპირ არ განსაზღვრავს, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს მძიმე შეურაცხყოფად, ან დიდ უმადურობად, რომლის გამოც შეიძლება, გაუქმდეს ჩუქების ხელშეკრულება. ამდენად, სასამართლო ვალდებულია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვროს დასაჩუქრებულის უმადურობის ხარისხი და გადაწყვიტოს საკითხი იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა დასაჩუქრებულის ქმედება არაზნეობრივ, გასაკიცხ საქციელს, რაც შეიძლება უმადურობის გამოვლენად, შესაბამისად, ჩუქების გაუქმების საფუძვლად შეფასდეს (სუსგ №ას-62-59-2012, 05.11.2013წ.).
31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება დასახული მიზნის პროპორციული შეიძლება იყოს არა მჩუქებლის სუბიექტური დამოკიდებულებიდან, არამედ, ჩუქების აქტის შემდგომ განვითარებული მოვლენების გონივრული განსჯიდან გამომდინარე, რომელიც სასამართლოს, მსგავსად მჩუქებლისა, მიიყვანს იმ დასკვნამდე, რომ დასაჩუქრებულის ქცევა საზოგადოების სოციუმში დამკვიდრებულ მორალურ სტანდარტს ეწინააღმდეგება.
32. საკასაციო სასამართლოს განმარტავს, რომ შეგებებული მოპასუხის მიერ თავისი უფლებების დასაცავად სასამართლოსათვის მიმართვა, მჩუქებლისათვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენებად და უმადურობად ვერ შეფასდება, ისევე როგორც, განქორწინებიდან და მხარეთა შორის არსებული დაძაბული ურთიერთობიდან გამომდინარე, შეგებებული სარჩელი მოპასუხის (თავდაპირველი მოსარჩელის) მოთხოვნა, სადავო უძრავ ქონებაზე მფლობელობის შეწყვეტის შესახებ.
33. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, შეგებებული მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და ჩუქების შემდგომ განვითარებული მოვლენების ჯაჭვი არ ქმნის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს, რაც დასაჩუქრებულის მორალურად გაუმართლებელ ქცევაზე შინაგან რწმენას ჩამოუყალიბებდა სასამართლოს. გარდა ზემოაღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ჩუქების საგანთან დაკავშირებულ წლების მანძილზე განვითარებულ მოვლენების თანმიმდებრობაზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა არასრულწლოვანი შვილები, განქორწინების შემდეგ, შეგებებული სარჩელის მოპასუხესთან (დედასთან) ცხოვრობენ და განმარტავს, რომ ქვემდგომი ინსტაციის სასამართლოს განაჩივრებულ განჩინებაზე მითითებული სამართლებრივი მსჯელობა, დასაბუთებული და კანონიერია.
34. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლის დანაწესის თანახმად, ახალი ფაქტებზე მითითება, ზემდგომი სასამართლოს სამართალწარმოების ეტაპზე დასაშვებია მხოლოდ საგამონაკლისო წესით. თავის მხრივ, ახალ ფაქტებზე მითითების საპატიოობაც ამავე კოდექსით დადგენილ სტანდარტს (სსსკ-ის 215.3 მუხლი) სრულად უნდა შეესაბამებოდეს, რათა პროცესის ფუნდამენტური შეჯიბრებითობის პრინციპი (სსსკ-ის მე-4 მუხლი) დაუსაბუთებლად არ შეილახოს. კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. ამასთან, საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული“ დებულებების არსებობა პროცესში, რომელთა განუხრელად დაცვა პროცესის სწორად წარმართვაზე მიუთითებს. მიუხედავად ამისა, მტკიცებულებათა მოგვიანებით წარდგენა მაინც დასაშვებია, რათა არ დაზარალდეს ერთ-ერთი მხარის ინტერესი, ამასთანავე, უნდა დადგინდეს, რომ მტკიცებულებათა დროული წარუდგენლობა მხარისაგან დამოუკიდებელი, საპატიო მიზეზითაა განპირობებული (შრდ. №ას-123-123-2018, 09.11.2018წ.)
35. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ სსსკ-ის 380-ე მუხლის საფუძველზე კასატორის მიერ მითითებული ახალი ფაქტობრივი გარემოებები დაუშვებელია, ვინაიდან სსსკ-ის 215.3 მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა არ დასტურდება. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს ახალ გარემოებებზე მითითება საპატიოდაც რომ ჩაეთვალა, შეგებებული მოსარჩელის პოზიციას მაინც ვერ გაიზიარებდა, ვინაიდან მტკიცებულებები, რომლის დართვასაც ეს უკანასკნელი ითხოვდა, მის მიერ მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებას ვერ უზრუნველყოფდა.
36. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ქორწინების განმავლობაში შეძენილი მოძრავი ნივთების საერთო ღირებულებიდან 15635 ლარის შეგებებული სარჩელის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ და განმარტავს, სადავო ფაქტის დასადასტურებლად კვალიფიციურ შედავებას მხოლოდ შეგებებული მოსარჩელის (კასატორის) ახსნა-განმარტება არ წარმოადგენს, როდესაც თავად მოწინააღმდეგე მხარე (შეგებებული სარჩელის მოპასუხე) ამ ფაქტს უარყოფს.
37. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს იმ მსჯელობასაც იზიარებს, რომლითაც შეგებებულ მოსარჩელეს უარი ეთქვა საქალაქო სასამართლოს საოქმო განჩინების გაუქმების თაობაზე (იხ. ამ განჩინების 14.16-14.18 ქვეპუნქტები) და დამატებით განმარტავს, რომ შეგებებული მოსარჩელის შუამდგომლობა არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, მაშინ როდესაც შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, ამ უკანასკნელს, მტკიცებულებათა გამოთხოვისათვის სააღსრულებო ბიუროსათვის არ მიუმართავს. ამასთან, შეგებებული მოსარჩელის შუამდგომლობის დაკმაყოფილება, სადავო ფაქტობრივი გარემოების უპირობოდ დადგენის საფუძველს არ წარმოადგენდა.
38. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კასატორის პრეტენზიებში მითითებულ საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე (იხ. საქმე Nას-1011-954-2015, 18.03.2016; საქმე N ას-710-676-2015, 22.09.2015წ.; საქმე Nას-887-848-2014, 24.07.2015წ.; საქმე Nას-471-450-2015, 20.11.2015წ.) და მიიჩნევს, რომ თითოეულ მათგანში განვითარებული მსჯელობა და დასკვნები არ ეწინააღმდეგება სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს. შეგებებული მოსარჩელის მიერ მითითებულმა ფაქტებმა არ შექმნა სსკ-ის 529-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი წანამძღვრების დაკმაყოფილების საფუძვლები.
39. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
40. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 399-ე და 391-ე მუხლებით, 408-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 257-ე მუხლის პირველი ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა.ა–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე