Facebook Twitter

საქმე №ას-1348-2018 6 თებერვალი, 2019 weli,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა(ა)იპ კ–ის რეგიონული განვითარების სააგენტო (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.გ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ა(ა)იპ კ–ის რეგიონული განვითარების სააგენტოსა (შემდეგში: მოპასუხე, სააგენტო, აპელანტი, კასატორი) და დ.ი–ს (შემდეგში: ინდმეწარმე, მოსარჩელის მეგობარი) შორის, 2012 წლის 10 სექტემბერს, დაიდო სამუშაოს შესრულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ .... წყალდიდობით დაზიანებული (დახრამული) შიდა გზების პროფილის აღდგენითი სამუშაოები შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა - 55689 ლარით (იხ. ტ.1 ს.ფ. 116-118);

2. ა.გ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, ბრალდებული, მოწინააღმდეგე მხარე) 2013 წლის 31 იანვარს მოპასუხის ანგარიშზე 10700 ლარი ჩარიცხა (იხ. ტ.1, ს.ფ. 44).

3. თელავის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 მარტის განაჩენით, მოსარჩელე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში, გამართლდა. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში (იხ. ტ.1 ს.ფ. 229);

4. სარჩელის საფუძვლები

4.1 მოსარჩელემ, 2016 წლის 14 ივნისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და ამ უკანასკნელისათვის მის მიერ ჩარიცხული თანხის - 10700 ლარის დაკისრება მოითხოვა.

4.2 მოსარჩელემ, წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ, გამოძიების მიერ დადგენილი ზიანის ანაზღაურების მიზნით, 2013 წლის 31 იანვარს, მოპასუხის ანგარიშზე 10700 ლარი შეიტანა, თუმცა მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა.

5. მოპასუხის შესაგებელი

5.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელემ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, სარჩელით მოთხოვნილი თანხა ნებაყოფლობით გადაიხადა, რითაც მან, მოპასუხის მიმართ კონკრეტული სამოქალაქო სამართლებრივი ვალდებულების არსებობა ფაქტობრივად აღიარა.

5.2 მოპასუხის განმარტებით, მართალია, სასამართლომ მოსარჩელე უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ ეს გარემოება მის მიმართ სამოქალაქო წესით ვალდებულების არსებობას არ გამორიცხავს.

5.3 მოპასუხის განმარტებით, ის ფაქტი, რომ გამოძიების მიმდინარეობისას, მოსარჩელეს ვინმემ გარკვეული თანხის მოპასუხის ანგარიშზე შეტანა აიძულა, უსაფუძვლოა, ვინაიდან სასამართლოს იძულების თაობაზე არ უმსჯელია და სამართალდამცველი სუბიექტების მიმართ, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით, საქმეც არ აღძრულა.

5.4 მოპასუხის განმარტებით, საქმეში წარდგენილი განაჩენით ვლინდება, რომ მოსარჩელეს გარკვეული სახის სამუშაო უნდა შეესრულებინა, თუმცა, მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ხარისხიანად შეუსრულებლობის გამო, თანხა, რომლითაც მოპასუხეს ზიანი მიადგებოდა, თვითონვე დააბრუნა.

6. თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

6.1 თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა.

6.1.1 მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 10700 ლარის გადახდა დაეკისრა.

6.2 რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-317-ე, 976-ე მუხლებით.

6.3 რაიონული სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან მოსარჩელის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგა, მოპასუხეს მის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა 10700 ლარის გადახდა.

7. სააპელაციო საჩივარი

7.1 თელავის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8.2 სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში: სსსკ, 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

8.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ კონდიქციური სარჩელის საფუძვლიანობის შეფასებისას უნდა დადგინდეს: მოსარჩელეს რამდენად ჰქონდა თანხის გადახდის ვალდებულება და არსებობდა თუ არა მოპასუხის მხრიდან შესრულების მიღების საფუძველი.

8.4 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მხრიდან სადავო თანხის გადახდაზე რაიმე ვალდებულების არსებობა არ დასტურდება.

8.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის საქმის მიხედვით მოსარჩელეს მოპასუხის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის (10 794 ლარის) მითვისებაში ბრალი ედებოდა.

8.6 სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა, სისხლის სამართლის საქმეზე გამამართლებელი განაჩენით შეფასებულ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებსაც მოპასუხე მოსარჩელისათვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობად მიიჩნევდა.

8.7 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განაჩენში აღნიშნულია შემდეგი: 1. კ–ში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა. ერთ-ერთი ასეთი პროექტი საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ... სამი უბნის გზის რეაბილიტაციას (პროფილების აღდგენას) ითვალისწინებდა; 2. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ ამ სამუშაოებზე შეთავაზება საგარეჯოს რაიონის გამგეობისაგან მიიღო, რაზეც დასთანხმდა. იმის გამო, რომ მის ორგანიზაციას ყადაღა ედო, გადაწყვიტა, მეგობრის (ინდმეწარმის) სახელით შეესრულებინა, რა მიზნითაც ეს უკანასკნელი ინდმეწარმედ დარეგისტრირდა. მას სამუშაოები 4-5 დღის დაწყებული ჰქონდა, როდესაც მხარეთა შორის ხელშეკრულება გაფორმდა; 3. მოსარჩელის ჩვენებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, სრულად დაადასტურა სასამართლოში მოწმედ დაკითხულმა ინდმეწარმემ, რომელმაც ასევე განმარტა, რომ სამუშაოების შესრულებისას, ყოველდღე ადგილზე იმყოფებოდა და ყურადღებას აქცევდა მათ მიმდინარეობას; 4. ზ.ფ–მა (შემდეგში: რწმუნებული), როგორც სააგენტოს ერთ-ერთი დამფუძნებლის წარმომადგენელმა, მიღება-ჩაბარების აქტსა და ფორმა N2-ზე მის მიერ შესრულებული ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა. მან შესრულებული სამუშაოები ჩაიბარა და შესაბამის დოკუმენტაციასაც ხელი მოაწერა, ასევე, განმარტა, რომ იმაზე მეტი სამუშაოები შესრულდა, ვიდრე ხარჯთაღრიცხვით იყო გათვალისწინებული, კერძოდ, გზების მიმდებარედ არსებული ხევი მთლიანად ამოივსო; 5. სისხლის სამართლის საქმის მასალებში არ მოიპოვება მტკიცებულება, რომელიც აღნიშნული პირების მიმართ წარდგენილ ბრალდებას დაადასტურებდა; 6. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (შემდეგში: ექსპერტიზის ბიურო) 2013 წლის 11 იანვრის საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ინდმეწარმის მიერ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ .... წყალდიდობით დაზიანებული შიდა გზების პროფილის აღდგენითი სამუშაოების წარმოებისას შესრულებულია თუ არა რეალურად ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სამუშაოები და სამუშაოთა ღირებულება და მოცულობა შეესაბამება თუ არა ფორმა N2-ში ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების მოცულობასა და ღირებულებას, ამის დადგენა ამჟამად ტექნიკურად შეუძლებელია; 7. პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმეების: გ.ქ–ის (შემდეგში: პირველი მოწმე), ზ.ხ–ის (შემდეგში: მეორე მოწმე) და თ.დ–ის (შემდეგში: მესამე მოწმე) ჩვენებებით დასტურდება, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ნამდვილად ასრულებდნენ; 8. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდების მხარემაც ვერ უარყო, რომ აღნიშნული სამუშაოები ნამდვილად შესრულდა, თუმცა აღნიშნა, რომ შესრულებული სამუშაოები ინდმეწარმისათვის გადარიცხული თანხების ოდენობას არ შეესაბამებოდა და ამის დასადასტურებლად გამომძიებლის მიერ .. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯებთან დაკავშირებით შედგენილ ცხრილზე მიუთითა, რომლის თანახმად, გ.ს–ისა (შემდეგში: მეორე ბრალდებული) და ვ.გ–ის (შემდეგში: მესამე ბრალდებული) მიერ 10 794 ლარის გაფლანგვის, ხოლო მოსარჩელის მხრიდან იმავე თანხის მითვისების ფაქტი თითქოსდა დასტურდება. საქმის მწარმოებელი გამომძიებელი ვ.ე–ძე (შემდეგში: გამომძიებელი) მოწმედ დაიკითხა პირველი ინსტანციის სასამართლოში, რომელმაც განმარტა, რომ ხარჯების ამსახველი ცხრილი, მოსარჩელის აღიარების საფუძველზე შეადგინა. საბუღალტრო ექსპერტიზა არ დანიშნა, რადგანაც შესაბამისი დოკუმენტაცია არ არსებობდა, ხოლო, ვინაიდან ცხრილის შესახებ შესაბამისი ცოდნა ჰქონდა, ექსპერტიზა არ დანიშნა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელე მითითებული ცხრილის შედგენამდე ორჯერ დაიკითხა: 2012 წლის 5 დეკემბერს და 2013 წლის 10 იანვარს. არცერთ ჩვენებაში მას არ მიუთითებია იმ დეტალური ხარჯების შესახებ, რაც გამომძიებლის გაანგარიშების ცხრილშია მითითებული; 9. მოსარჩელემ გადარიცხული თანხიდან, შემოსავლების სახით საერთო თანხის 5 % - 2784,45 ლარი გადარიცხა, რაც არ არის ცხრილში ასახული. გამომძიებელმა ვერ განმარტა, თუ რატომ არ შევიდა მითითებული თანხა გაანგარიშების ცხრილში, ხოლო კითხვაზე, იცნობდა თუ არა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 94-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, ინდმეწარმე ექვემდებარება საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას, მან განაცხადა, რომ არ შეუმოწმებია და არ იცის ინდმეწარმე საშემოსავლო გადასახადით უნდა დაბეგრილიყო თუ არა. ამასთან, პირველი ინსტანციის სასამართლოში იმ დროისათვის მეორე ბრალდებულის შეკითხვაზე, აღნიშნული გაანგარიშების ცხრილი იყო თუ არა მოსარჩელის მიერ 10 794 ლარის მითვისების დამადასტურებელი დოკუმენტი, გამომძიებელმა არ დაადასტურა აღნიშნული. ხოლო მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა განუმარტა, რომ თუ შესრულებული სამუშაოებისთვის გადარიცხულ თანხას - 55 689 ლარს მის მიერ დაანგარიშებული სამუშაოების მთლიანი ხარჯი - 40 770 ლარი და გეგმური მოგება - 4125 ლარი გამოაკლდებოდა, სწორედ 10 794 ლარს მიიღებდნენ, რაზედაც გამომძიებელმა განაცხადა, რომ ამ გაანგარიშების ცხრილით, მოსარჩელის მიერ მითითებული თანხის მითვისების ფაქტი დასტურდებოდა; 10. მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოში განმარტა, რომ არ იცის, რა ცხრილია ეს. გამომძიებელი ღამის საათებში 3 საათის განმავლობაში კომპიუტერის მეშვეობით, გაანგარიშების ცხრილს ადგენდა ფინანსური პოლიციის შენობაში და თვითონაც იქ იმყოფებოდა. იძულებული იყო, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება ეღიარებინა და შესაბამისად, აღნიშნული ცხრილისათვის ხელი მოეწერა, რადგანაც წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მეგობარს (ინდმეწარმეს) დააპატიმრებდნენ. 11. სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ აღნიშნა, რომ საქმეზე შესაბამისი საბუღალტრო ექსპერტიზის გარეშე პირის ბრალეულად ცნობისათვის გამომძიებლის ცოდნის საფუძველზე შედგენილი ხარჯების გაანგარიშების ცხრილს ვერ დაეყრდნობოდა, მით უფრო, როდესაც მისივე ჩვენებიდან გამომდინარე, მასში მითითებული პარამეტრები საეჭვო იყო; 12. სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში არ მოიპოვებოდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც მოსარჩელის მხრიდან, ამ თანხის მითვისების ფაქტს დაადასტურებდა.

8.8 სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებით, სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები შეფასდა და დადგინდა, რომ მოსარჩელეს სადავო თანხა არ მიუთვისებია. ამასთან, შესაბამისი გარემოებები დადგენილიც რომ ყოფილიყო, სამოქალაქო საქმის განხილვის დროს სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილ ფაქტებს კანონმდებელი პრეიუდიციულ მნიშვნელობას არ ანიჭებს (გამონაკლისია დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე გამარტივებული წარმოებით აღძრული სარჩელი), სასამართლომ ისინი სათანადო გამოკვლევის გარეშე დამტკიცებულად არ უნდა მიიჩნიოს, არამედ უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და ისე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება (იხ. სუსგ №ას-42-42-2016, 28.06.16წ.).

8.9 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის მე-4, 102-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცემულება, რაც მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის წინაშე 10700 ლარის შეუსრულებელ ვალდებულებას დაადასტურებდა.

8.10 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხე თანხის გადახდის პირველად სახელშეკრულებო ვალდებულებას არ უთითებდა. ამასთან, თუ საუბარია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევაზე, მოსარჩელის მიერ შესასრულებელი ვალდებულება (მისი ფარგლები) და ვალდებულების დარღვევა (ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) უნდა დგინდებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ ყურადღება მახვილდება დელიქტურ ვალდებულებაზე, მოსარჩელის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მოპასუხისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე - მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, უნდა დგინდებოდეს.

8.11 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულება სამუშაოს შესრულების შესახებ წარადგინა, რომელიც მოპასუხესა და ინდმეწარმეს შორისაა გაფორმებული. ხელშეკრულების მთლიანი ღირებულება 55 689 ლარია (ფასდათმობების, გადასახადების, ტრანსპორტირების, დაზღვევის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით). მიწოდებული სამუშაოს ღირებულების 100%-ით ანაზღაურება დადგენილია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. მიმწოდებელმა 2012 წლის 24 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, შემსყიდველს 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულების საფუძველზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ... წყალდიდობით დაზიანებული (დახრამული) შიდა გზების პროფილის აღდგენის სამუშაოები ჩააბარა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 55 689 ლარია. მიღება-ჩაბარების აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი პირი სოფელ .... ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულია. იგი მოწმედ დაიკითხა, რომლის ჩვენების თანახმად, მოსარჩელეს და მის მეგობარს (ინდმეწარმეს) გზების სამი მონაკვეთი აჩვენა, რომლებიც წყალდიდობისაგან იყო დაზიანებული, მეორე და მესამე დღეს ტრაქტორები და მანქანები მოიყვანეს და დაიწყეს გზების მოხრეშვა. სამუშაოების სრულად შესრულებას დაახლოებით 2 კვირა მოანდომეს. მანვე შესრულებული სამუშაოს ფორმა 2-ზე და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა დაადასტურა.

8.12 სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა ჩვენებებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სოფელ .... წყალდიდობით დაზიანებული (დახრამული) შიდა გზების პროფილის აღდგენითი სამუშაოების შესრულება დგინდება. ამასთან, რაიმე მტკიცებულება, რომ მეტი სამუშაო იყო შესასრულებელი ან შესრულებული სამუშაოს ხარისხი არ იყო სათანადო, საქმეში წარდგენილი არ არის. მოსარჩელის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მოპასუხისათვის ბრალეულად ზიანის მიყენება, არ დასტურდება, შესაბამისად, სამართლებრივად აღარ არის მნიშვნელოვანი საკითხი, მოსარჩელე სამუშაოს შესრულების შესახებ სახელშეკრულებო ურთიერთობებში მონაწილეობდა პირდაპირ თუ სხვა პირის მეშვეობით.

8.13 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მხრიდან მოპასუხისათვის 10700 ლარის გადახდაზე რაიმე ვალდებულების არსებობა არ დასტურდება.

8.14 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 978-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. მოცემულ შემთხვევაში, თანხის მიმღები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია, რომლის მიმართ ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი მაღალია.

8.15 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ, სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს, იმ თანხის ნებაყოფლობით გადახდა, რომლის მითვისებაშიც ბრალი ედებოდა, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს არ წარმოადგენს, რადგან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება ქმედების გამომწვევი გარემოებაა, რაც ნების გამოვლენის თავისუფლებას იმთავითვე გამორიცხავს.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9.2 კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივი შეფასებისას სსკ-ის 976-ე მუხლი არ უნდა გამოეყენებინა, ვინაიდან მოპასუხე უსაფუძვლოდ არ გამდიდრებულა. კასატორის მტკიცებით, ამ მუხლის გამოყენებისთვის სასამართლოს უნდა დაესაბუთებინა, რომ ვალდებულება არ არსებობდა, არ წარმოიშვა ან შეწყდა.

9.3 კასატორის განმარტებით, სასამართლომ სსკ-ის 361.1 მუხლის ნორმა არასწორად განმარტა, ვინაიდან, თუ ურთიერთობის ერთი მხარე საკუთარი შესრულებით ვალდებულების არსებობას აღიარებს, კრედიტორი დამატებითი მტკიცებულებების მოგროვებას აღარ ცდილობს. მოვალის მტკიცება ვალდებულების შესრულების შემდეგ, რომ, თითქოს ვალდებულება არ არსებობდა და კრედიტორმა მიღებული შესრულების საფუძვლიანობა უნდა ამტკიცოს, მოვალის მხრიდან არაკეთილსინდისიერ ქმედებად უნდა ჩაითვალოს.

9.4 კასატორის განმარტებით, მოწინააღმდეგე მხარე ვერ ასაბუთებს, მოპასუხისათვის თანხის გადარიცხვის დროს, შეცდომა რა ტიპის იყო და რამ გამოიწვია.

9.5 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივი შეფასებისას, სსკ-ის 978-ე მუხლიც არასწორად გამოიყენა, ვინაიდან არც სისხლის სამართლის საქმეში და არც სამოქალაქო საქმეში, არც ერთი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ კასატორს 10 700 ლარი არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე გადასცა, არ მოიპოვება.

9.6 კასატორის განმარტებით, მოსარჩელის მიმართ იძულების ან მუქარის განხორციელების ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა და დანაშაულის ჩადენის გამო, ბრალიც არავისთვის წარუდგენიათ.

9.7 კასატორი უთითებს სსკ-ის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და განმარტავს, რომ ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა უკვე ვალდებულებების დარღვევაა, ხოლო, თუ მოვალემ კრედიტორს შესაბამისი თანხა გადაუხადა, ან/და ზიანი აუნაზღაურა, ვალდებულებითი ურთიერთობები შეწყვეტილად მიიჩნევა.

9.8 კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, სისხლის სამართლის საქმეში საბუღალტრო ექსპერტიზა არ ჩატარებულა და განმარტავს, 2015 წლის განჩინების თანახმად, ექსპერტიზის ბიუროს 2013 წლის 11 იანვრის საინჟინრო დასკვნით, ინდმეწარმის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეესაბამებოდა თუ არა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებსა და საფასურს, ვერ დადგინდა.

9.9 კასატორის განმარტებით, განსხვავებით სისხლის სამართლისგან, სამოქალაქო სამართალში მტკიცების უფრო ,,მსუბუქი“ სტანდარტი არსებობს. სისხლის სამართლის ბრალდებისაგან გათავისუფლება, სამოქალაქო პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას არ ნიშნავს. ამას ადასტურებს ევროპული სასამართლო საქმეში ,,რინგვოლდი ნორვეგიის წინააღმდეგ“, სადაც სასამართლომ განმარტა, რომ სისხლისსამართლებრივი ბრალდებისგან გამართლებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დადგენას იმავე ფაქტებზე დაყრდნობით, უფრო ,,მსუბუქი“ მტკიცების ტვირთის საფუძველზე.

9.10 კასატორის განმარტებით, გამამართლებელი განაჩენი პროცედურული დარღვევების შედეგია. ის გარემოება, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებათა ერთობლიობა, არ ნიშნავს, რომ ეს მტკიცებულებები არ არსებობს. პირიქით, მათი გამოყენება შესაძლებელია სამოქალაქო წარმოებაში და მტკიცების უფრო ,,მსუბუქი“ სტანდარტით, ვიდრე ეს ბრალდების დასამტკიცებლად მოითხოვება.

9.11 კასატორის განმარტებით, პრეზუმფციით დადგენილი მოცემულობა ნამდვილია მანამ, სანამ საწინააღმდეგო არ დადასტურება. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაემტკიცებინა, რომ, შესრულების მიუხედავად, ვალდებულება არ არსებობდა.

9.12 კასატორის მტკიცებით, ამის საპირისპიროდ სისხლის სამართლის საქმეში არსებობს მტკიცებულებები, მოსარჩელის მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულების არსებობის შესახებ, კერძოდ, 1. მოპასუხემ, 2012 წლის 10 იანვრის ბრალდებულის დაკითხვის ოქმში ჩადენილი დანაშაული აღიარა და თანდართულ სამუშაოთა ცხრილი დაადასტურა, მზადყოფნა მითვისებული თანხის - 10 794 ლარის ანაზღაურებაზეც გამოთქვა; 2. მოსარჩელე, 2012 წლის 5 დეკემბერსაც მოწმედ დაიკითხა და დაადასტურა, რომ ის ასრულებდა სამუშაოებს, თუმცა, რადგან მას სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება ჰქონდა და მის შპს-ს ყადაღა ედო, იგი იყენებდა გარკვეულ სქემას მოგების მისაღებად, კერძოდ, მესამე პირებს ინდივიდუალურ მეწარმეებად არეგისტრირებდა და მათთან ხელშეკრულება ფორმდებოდა, ხოლო სამუშაოებს თავად ასრულებდა და მოგებასაც თავადე იღებდა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესასრულებლად საკუთარ მეზობელს დაუკავშირდა და ინდმეწარმედ დაარეგისტრირა, რის შემდეგაც, ....ის გზების მოხრეშვასთან დაკავშირებით, ხელშეკრულება გაფორმდა. იგი, სამუშაოების შესრულების დროს დოკუმენტაციას არ ადგენდა, ხოლო სამუშაოების შესრულების მიღება-ჩაბარების აქტი სააგენტოს დირექტორთან გაფორმდა ისე, რომ ამ უკანასკნელს შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულებასთან შესაბამისობა არ შეუმოწმებია; 3. სოფლის რწმუნებული, 2012 წლის 21 დეკემბრს მოწმედ დაიკითხა, რომელმაც დაადასტურა, რომ მან, როგორც სოფელ ... რწმუნებულმა, მოსარჩელისა და ინდმეწარმის მიერ წარდგენილ მიღება-ჩაბარების აქტსა და ფორმა 2-ზე ხელი მოაწერა ისე, რომ შესრულების ხარისხი არ შეუმოწმებია. ეს აშკარად მიუთითებს, თუ რამდენად არაორგანიზებულად და უკონტროლოდ სრულდებოდა სამუშაოები; 4. მოწინააღმდეგე მხარე, 2013 წლის 8 იანვრის ბრალდებულის დაკითხვის ოქმის თანახმად, შესრულებულ სამუშაოებს, დაქირავებულ ტექნიკას, მძღოლების სახელებს დეტალურად იხსენებს. სამუშაოთა ჩამონათვალი და საფასური 2012 წლის 10 იანვრის ბრალდებულის დაკითხვის ოქმში წარმოდგენილ ცხრილს ზუსტად ემთხვევა. სწორედ ამის საფუძველზე, მოპასუხისათვის მიყენებული ზიანი პირველი ჩვენების დროს დაანგარიშდა, ხოლო საბოლოოდ 2013 წლის იანვარში თანხა სააგენტოს ანგარიშზე შევიდა; 5. ინდმეწარმემ, 2012 წლის 9 დეკემბრის მოწმის დაკითხვის ოქმში დაადასტურა, რომ მისი სახელით ....ის გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებს მოსარჩელე ასრულებდა და რეალურ მოგებასაც ის იღებდა; 6. სასამართლოს 2015 წლის განაჩენის თანახმად, ექსპერტიზის ბიუროს 2013 წლის 11 იანვრის საინჟინრო დასკვნით ვერ დადგინდა ინდმეწარმის მიერ შესრულებული სამუშაოების მოცულობა და ღირებულება შეესაბამება თუ არა ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებულ სამუშაოებსა და მათ ღირებულებას. ექსპერტიზის დასკვნა იმის შესახებ, რომ სამუშაოები უნაკლოდ შესრულდა, იქნებოდა სწორედ ვალდებულების არარსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება, თუმცა მოსარჩელეს ასეთი ექპერტიზის დასკვნა არ წარუდგენია საქმეში.

9.13კასატორის განმარტებით, ყველა მტკიცებულება პირდაპირ მიუთითებს, რომ მოწინააღმდეგე მხარემ ზიანის ანაზღაურებაზე ნება გამოავლინა არა იძულებით, არამედ საკუთარი ჩვენებით აღიარა ზიანის მოპასუხისათვის მიყენება, რაც შემდეგ თანხის გადახდით დაადასტურა. მოსარჩელის ეს ქმედება შეუძლებელია გაუაზრებელი იყოს. ნების გამოხატვა კი, თავის მხრივ, ვალდებულების არსებობას ადასტურებს.

9.14 მოწინააღმდეგე მხარემ გამოძიების ეტაპზე ორჯერ დაადასტურა შესრულებულ სამუშაოთა რეალური ხარჯთაღრიცხვა, შესაბამისად, მან ზიანი გამოიანგარიშა და დადგენილი თანხა, ნებაყოფლობით გადახდა.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 5 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იმ პრეტენზიებზე არ იმსჯელებს, რომლესაც არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საქმის გადაწყვეტისათვის.

17. წარმოდგენილი საკასაციო შედავების ფაქტობრივი და სამართლებრივ მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, სასამართლო იკვლევს, თუ რამდენად ვლინდება სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების ის ერთობლიობა, რომლებიც სასარჩელო მოთხოვნის, ან მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლის წარმატებას განაპირობებს. სასამართლო ვალდებულია, განსაზღვროს მოთხოვნის ფარგლები (ისე რომ არ გასცდეს მას), მოძებნოს დავის მომწესრიგებელი შესატყვისი სამართლის ნორმა (სპეციალური ან ზოგადი წესი) და დაადგინოს იმ გარემოებათა არსებობა/არარსებობა (ფაქტობრივი გარემოებები), რომლებიც ამ ნორმის გამოყენებისთვის აუცილებელ წინაპირობებს წარმოადგენენ. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს პრეროგატივაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (იხ. სუსგ-ები: #ას- 15-29-1443-2012; #ას-973-1208-04; # ას- 664-635-2016).

18. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად, შესრულების კონდიქციის დროს გადაცემულის უკან დაბრუნების შესაძლებლობას ითვალისწინებს სსკ-ის 976-ე და 978-ე მუხლები, სსკ-ის 979-ე მუხლის პირველ ნაწილთან ერთად.

19. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნაა, მოპასუხისათვის ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება, რომელიც მისი განმარტებით, გამოძიების მიერ დადგენილი ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხა.

20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სამართლებრივი შედეგი გამომდინარეობს უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მარეგულირებელი ნორმიდან, კერძოდ, სსკ-ის 978-ე მუხლიდან „პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე“. სსკ-ის 978-ე მუხლის მიხედვით, კონდიქციური ვალდებულების საფუძველია ქონების მიმღების არამართლზომიერი ქცევა, რაც უფლებას ანიჭებს უფლებამოსილ პირს, გადაცემული ქონების უკან დაბრუნება მოითხოვოს. გამონაკლისს წარმოადგენს შემთხვევა, როდესაც მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე.

21. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 978-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მისაღებად, აუცილებელია, რომ დაზარალებულმა რაიმე გადასცეს მიმღებს, ამ უკანასკნელის არამართლზომიერი ქცევის, კერძოდ, იძულების ან მუქარის საფუძველზე.

22. განსახილველ შემთხვევაზე მსჯელობისას, საკასაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას (იხ/ საქმე # ას-664-635-2016;02.03.2017წ.), კერძოდ: „დიდი პალატა განმარტავს, რომ იძულება არა ფაქტის, არამედ სამართლებრივი შეფასების საკითხია“.

23. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე ჩარიცხული 10700 ლარი, ნების გამოვლენის თავისუფალ შედეგს არ წარმოადგენს.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სასარგებლოდ დაშვებული პრეზუმფციის გაქარწყლების მტკიცების ტვირთი მოპასუხეს (კასატორს) ეკისრებოდა. მას შეეძლო მიეთითებინა ისეთ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებიც გააქარწყლებდნენ თანხის იძულებისა და მუქარის საფუძველზე ჩარიცხვის ვარაუდს, თუმცა მოპასუხემ ამ ვარაუდის გაქარწყლება ვერ შეძლო, შესაბამისად, მოპასუხის ანგარიშზე თანხის შეტანა, მოსარჩელის მიერ გარეგნულად გამოვლენილი ნება, არ ასახავდა მის ნამდვილ შინაგან ნებას და ცალსახად ნაკლის მქონედ უნდა ჩაითვალოს, რადგანაც იგი მოსარჩელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმისწარმოების დროს გამოვლინდა.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სოფელ ...., წყალდიდობით დაზიანებული (დახრამული) შიდა გზების პროფილის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება დადგენილია. საკასაციო სასამართლო, ყურადღებას ამახვილებს 2012 წლის 24 სექტემბრის სააგენტოს დირექტორისა და ინდმეწარმის მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოების და ფაქტიურად შესრულებული სამუშაოების ღირებულება 55689 ლარია. სასამართლო ითვალისწინებს სოფლის რწმუნებულის ჩვენებასაც, რომლის თანახმად, მან განმარტა, რომ იმაზე მეტი სამუშაოები შესრულდა, ვიდრე ეს ხარჯთაღრიცხვით იყო გათვალისწინებული, კერძოდ, გზების მიმდებარედ არსებული ხევი მთლიანად ამოივსო.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ არ არსებობს მტკიცებულებები, რაც მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის წინაშე შეუსრულებულ ვალდებულებას დაადასტურებდა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კი, უსაფუძვლოა მოპასუხის მტკიცება, რომლის თანახმად, მას სადავო თანხის მიღების უფლება, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ხარისხიანად შეუსრულებლობის გამო ჰქონდა.

27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პოზიციას, რომლის თანახმად, მოსარჩელემ ბრალდებულის დაკითხვის ოქმით სააგენტოს წინაშე ჩადენილი დანაშაული აღიარა და თანდართულ სამუშაოთა ცხრილი დაადასტურა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ ზემოაღნიშნული გარემოება, სისხლის სამართლის საქმის განხილვისას, პირველი ინსტანციის სასამართლოში სადავო გახადა და განმარტა, რომ იძულებული იყო აღნიშნული ცხრილისათვის ხელი მოეწერა, რათა აერიდებინა მეგობრის დაპატიმრება.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო თანხის უკან დაბრუნების სამართლებრივ ნაწილში, მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა განხორციელდეს კონდიქციური ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების დაცვითი ფუნქციის ფარგლებში.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

31. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს დაუბრუნდება საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა(ა)იპ კ–ის რეგიონული განვითარების სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა(ა)იპ კ–ის რეგიონული განვითარების სააგენტოს (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 535 ლარის (საგადახდო დავალება N00917, გადახდის თარიღი 2018 წლის 18 ივლისი), 70% – 374,5 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე