Facebook Twitter

საქმე №ას-1656-2018 22 თებერვალი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ჯ.გ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ.ბ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს „კ.ბ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი ბანკი, მოწინააღმდეგე მხარე) და რ.ლ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, პირველი მსესხებელი, პირველი მოვალე), ასევე მოსარჩელესა და მ.გ–ს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე მსესხებელი, მეორე მოვალე) შორის, 2015 წლის 10 დეკემბერს, გაფორმდა სესხის ხაზით მომსახურებაზე ხელშეკრულებები, რომელთა უზრუნველსაყოფად, იმავე დღეს ბანკსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა მეორე მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, ......, /ს/კ: ...../ (ტ.1,ს.ფ. 27-32; 33-35).

2. ბანკსა და პირველ მსესხებელს შორის, 2015 წლის 11 დეკემბერს გაფორმდა წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების შემადგენელი სესხის N20151211RLOMT ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლის სახელზე ჯამში 50000 ლარი, 60 თვის ვადით, 2020 წლის 22 დეკემბრის ჩათვლით გაიცა, სესხის კლებადი საპროცენტო განაკვეთი ყოველთვიურად 1.67%-ით განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირითადი თანხის 5%, ხოლო, თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% 2 ლარზე ნაკლებია, მაშინ 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირითად თანხას პირგასამტეხლო - დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27% დაერიცხება. ამასთან, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებაზე, ყველაზე მეტი 150 დღის განმავლობაში ირიცხება (ტ.1, ს.ფ. 38).

3. ბანკსა და მეორე მსესხებელს შორის, 2015 წლის 11 დეკემბერს, გაფორმდა წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ანალოგიური ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 39).

4. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ბანკსა და მეორე მსესხებელს შორის, 2015 წლის 11 დეკემბერს, გირავნობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც, გირავნობით დაიტვირთა ამ უკანასკნელის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალება ,,ტოიოტა RAV4“, სარეგისტრაციო ნომერი …., საიდენტიფიკაციო N ..... (ტ.1, ს.ფ. 36-27).

5. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ბანკსა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა, პირველი მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის იკისრა პასუხისმგებლობა სესხის ძირითადი თანხის - 50000 ლარის, მასზე დარიცხული პროცენტის 29989.11 ლარის, სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო პრემიის - 2500.20 ლარის, ჯამში - 82489.31 ლარის, ასევე - შესაძლო ჯარიმებისა და პირგასამტეხლოს ფარგლებში (იხ. ტ.1,ს.ფ. 43).

6. წინამდებარე განჩინების მე-2 პუნქტში დასახელებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ამავე პუნქტში მითითებულ ფარგლებში, ბანკსა და ჯ.გ–ს (შემდეგში: თავდები, მესამე მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) შორისაც გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ტ.1,ს.ფ. 45).

7. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, ამავე განჩინების მე-5 პუნქტში მითითებულ ფარგლებში, ბანკსა და პირველ მსესხებელს, ასევე, ბანკსა და ს.ტ–ს (შემდეგში: მეოთხე მოპასუხე, მეორე თავდები) შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები (იხ. ტ.1, ს.ფ. 49; 51).

8. ბანკსა და პირველ მსესხებელს შორის, 2016 წლის 24 მარტს, გაფორმდა განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 530 აშშ დოლარით, რომელიც ჯერ 620 აშშ დოლარით, ხოლო შემდეგ 270 აშშ დოლარით გაიზარდა, ხელშეკრულების მოქმედება 48 თვის ვადით განისაზღვრა. პირველმა მსესხებელმა დამტკიცებული ლიმიტიდან ნივთების შესაძენად პირველი ტრანზაქციით 573 ლარი, მეორე ტრანსაქციით 1173 ლარი, ხოლო მესამე ტრანზაქციით - 1363 ლარი მიიღო (ტ.2,ს.ფ. 80-81).

9. ბანკსა და მეორე მსესხებელს შორის, 2015 წლის 28 დეკემბერს წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ხელშეკრულების ანალოგიური ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 3000 აშშ დოლარით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა კი - 48 თვის ვადით. ამ ხელშეკრულების ფარგლებში დამტკიცებული ლიმიტიდან მეორე მსესხებელმა პირველი ტრანზაქციით - 6502.28 ლარი, ხოლო მეორე ტრანზაქციით 452.28 ლარი მიიღო (ტ.2,ს.ფ. 80).

10. დადგენილია, რომ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები მსესხებლებმა დაარღვიეს და, ბანკის გაფრთხილებლის მიუხედავად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულება მოვალეებს არ შეუსრულებიათ.

11. სარჩელის საფუძვლები

11.1 ბანკმა, 2016 წლის 12 აგვისტოს, სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, მოითხოვა სესხის N.... ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველი, მეორე და მესამე მოპასუხეებისათვის სოლიდარულად 70274.72 ლარის დაკისრება, ხოლო წინამდებარე განჩინების მესამე პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე - პირველი, მეორე და მეოთხე მოპასუხეებისათვის 64902.93 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

11.1.1 მოსარჩელემ, აგრეთვე, ზემოაღნიშნული დავალიანებების დაფარვის მიზნით, მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა, ხოლო თუ რეალიზაციიდან მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი, მოპასუხისა და თავდების სხვა ქონებაზე აღსრულების მიქცევა მოითხოვა.

11.1.2 მოსარჩელემ, პირველი მსესხებლისათვის, წინამდებარე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2581.77 ლარის გადახდა მოითხოვა, ხოლო მეორე მსესხებელთისათვის, ანალოგიური ხელშეკრულებიდან გამომდინარე (იხ. წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტი) - 3041.23 ლარის დაკისრება.

11.1.3 მოსარჩელემ მოპასუხეებისათვის სახელმწიფო ბაჟისა და სასამართლოსგარეშე ხარჯების დაკისრებაც მოითხოვა.

11.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ მოვალეებმა გაფრთხილების წერილის ჩაბარების შემდეგ, წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალება გაყიდეს, რის საფუძველზეც, მათი დავალიანება შემცირდა, თუმცა თანხა დაგვიანებით გადაიხადეს.

11.3 მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეები გადახდისუუნაროები არიან და ვალდებულების თავიდან არიდების მიზნით უძრავი ქონებები გაასხვისეს.

12. მოპასუხეების პოზიცია

12.1 მოპასუხეებმა წარდგენილი წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს.

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილებით, კრედიტორის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

13.1.1 პირველ, მეორე და მესამე მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ არსებული დავალიანების ძირითადი თანხის 45 567.46 ლარის, სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხის - 2125.17 ლარის, ჯარიმის - 101.82 ლარის და 57.66 ლარის, ასევე სარგებლის ძირითადი თანხის 45 567.46 ლარის, ყოველთვიური 1.67%-ის გადახდა, გრაფიკის დარღვევიდან 2016 წლის 22 ოქტომბრიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არა უმეტეს 22 422.61 ლარისა;

13.1.2 პირველ, მეორე და მეოთხე მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისრათ ბანკში არსებული დავალიანების ძირითადი თანხის 42 166.79 ლარის, სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხის 1839.17 ლარის, ჯარიმის 94.22 ლარის და 53.36 ლარის, ასევე სარგებლის ძირითადი თანხის 42 166.79 ლარის ყოველთვიური 1.67%-ის გადახდა, გრაფიკის დარღვევიდან 2016 წლის 22 ოქტომბრიდან, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 20 749.39 ლარისა;

13.1.3 დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა მეორე მსესხებლის საკუთრებაში არსებული იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ თუკი რეალიზაციიდან ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულების სრულად დასაფარავად, დარჩენილი თანხის გადახდევინება მოხდეს მოპასუხეების სხვა ქონების რეალიზაციის გზით.

13.1.4 მეორე მსესხებელს, წინამდებარე განჩინების მე-9 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 3041,23 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო პირველ მოპასუხეს, ამავე განჩინების მე-8 პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 2581.77 ლარის.

13.2 სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 301-ე, 316-317-ე, 361-ე, 394-ე, 403-ე, 408-ე, 411-ე, 417-ე-420-ე, 625-ე, 627-ე, 867-ე, 868-ე, 895-ე მუხლებით.

13.3 საქალაქო სასამართლომ მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით განმარტა, რომ მოსარჩელის პოზიცია, რომლის თანახმადაც სესხის ხელშეკრულებების მოქმედების ბოლომდე სარგებელს მიიღებდა, ზიანის ანაზღაურების სრულად დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს.

13.4 საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოპასუხეებისათვის სესხის ხელშეკრულების მოქმედების ბოლომდე, 2020 წლის 22 დეკემბრამდე, მისაღები სარგებლის დაკისრება დაუსაბუთებელია, რის გამოც მოთხოვნა ამ ნაწილში ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

14. სააპელაციო საჩივარი

14.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 4 აგვისტოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდებმა და მოითხოვა, გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას სესხის ძირითადი თანხის გარდა, დაზღვევის, პირგასამტეხლოსა და სარგებლის გადახდა დაეკისრა.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 4 მაისის განჩინებით, თავდების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.2 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, უდავოა, რომ მსესხებლებმა, როგორც სესხზე, აგრეთვე, განვადებაზე გაფორმებული ხელშეკრულებებით ნაკისრი პირობები და ვალდებულებები დაარღვიეს. ამდენად, მათ ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხათ დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო შემდეგ სესხის გრაფიკით ყოველთვიურად გადასახდელი დაგვიანებული ძირი თანხის 0.27% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, არა უმეტეს 150 დღემდე.

15.3 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო გონივრული და სამართლიანია, შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში საფუძვლიანია.

15.4 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 627-ე მუხლზე მითითებით ,,გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება, რითაც საფრთხე შეექმნება სესხის დაბრუნების მოთხოვნას. ეს უფლება მაშინაც არსებობს, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება წინ უსწრებდა ხელშეკრულების დადებას, ხოლო გამსესხებლისათვის იგი ცნობილი გახდა მხოლოდ ხელშეკრულების დადების შემდეგ“ , განმარტა, რომ მოპასუხეებმა სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, უძრავი ქონებები გაასხვისეს. ხოლო ვალდებულების შესრულების მიზნით, მოსარჩელის მიერ გაფრთხილების წერილების მოპასუხეთათვის ჩაბარების შემდეგ, მოვალეებმა მიმდინარე დავალიანება დაგვიანებით, 2016 წლის 31 ივლისს, მეორე მოპასუხის სახელზე რიცხული ავტომობილის (რომელიც წარმოადგენდა მ.გ–ის სესხის უზრუნველყოფის საშუალებას) გაყიდვის შემდგომ დაფარეს. ავტომობილის გასხვისებიდან აღებული თანხით მათ, როგორც პირველი, ასევე - მეორე მოპასუხის მიმდინარე სასესხო ვალდებულება დაფარეს. ყოველივე ამის შემდეგ, 2016 წლის 5 აგვისტოს, მეორე მოპასუხემ მოსარჩელის თანხმობის გარეშე საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე, ჩუქების ხელშეკრულების დადების შესახებ და მისი რეგისტრაცია მოითხოვა, რაც მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა და მისი მოთხოვნით, სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს განჩინებით, მეორე მსესხებელს მის სახელზე რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა. ამასთან, დადგენილია, რომ მოპასუხეებმა 2016 წლის 22 ნოემბრიდან, ორივე სესხზე ვალის დაფარვის გრაფიკი დაარღვიეს და დღემდე ვალი საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით არ გადაუხდიათ.

15.5 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, საქმეში არსებული მტკიცებულებები მოპასუხეთა ქონებრივი მდგომარეობის არსებით გაუარესებას ადასტურებს, რაც გამსესხებელს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას ანიჭებს.

15.6 სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 625-ე, 394-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლებზე დაყრდნობით, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, მოპასუხეებისათვის სარგებლის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

15.7 სააპელაციო სასამართლომ განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა ბანკსა და თავდებს შორის, 2015 წლის 11 დეკემბერს, პირველი მსესხებლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად ზღვრული თანხის - 82 489.31 ლარის ფარგლებში გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებაზე და, სსკ-ის 891-ე, 893-ე, 895-ე მუხლებზე დაყრდნობით, გაიზიარა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მითითებული სამართლებრივი მსჯელობა, რის საფუძველზეც სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.

16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

16.1 თავდებმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც მას სესხის ძირითადი თანხის გარდა, დაზღვევის, პირგასამტეხლოსა და სარგებლის გადახდა დაეკისრა.

16.2 კასატორმა სსკ-ის 405-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელე ხელშეკრულებიდან თვითნებურად გავიდა. სასამართლომ კი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევად, გრაფიკით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის 6-დღიანი ვადის გადაცილება მიიჩნია.

16.3 კასატორის განმარტებით, მოვალეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველი თვის 23 რიცხვში უნდა შეეტანათ თანხა, თუმცა მითითებულ რიცხვში თანხის შეტანა ვერ შეძლეს და 23-ის ნაცვლად თანხა 31 ივლისს გადაიხადეს. მოსარჩელემ კი, 29 ივლისს, უკვე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენა, რაც მოვალის არათანაბარ პირობებში ჩაყენებისა და მატერიალურ კრიზისამდე მიყვანის რეალურ საფრთხეს ქმნის.

16.4 კასატორის განმარტებით, კრედიტორმა, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის, გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის დაწესების გარეშე, ხელშეკრულება შეწყვიტა.

16.5 კასატორის მტკიცებით, სსკ-ის 405-ე მუხლში არსებული წინაპირობების არსებობისას, კრედიტორი უფლებამოსილია, ხელშეკრულებიდან გავიდეს, ამასთან, მან სსკ-ის 355-ე მუხლის მიხედვით უნდა იმოქმედოს, კერძოდ, კონტრაჰენტს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ უნდა შეატყობინოს.

16.6 კასატორის განმარტებით, ხელშეკრულებიდან გასვლის მიზანია იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც ხელშეკრულების დადების გარეშე იარსებებდა. ამ მიზანს კი, სსკ-ის 352-ე მუხლის პირველი ნაწილი ემსახურება, რომლის თანახმად, მხარეებმა შესრულება და სარგებელი ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ. კასატორის განმარტებით, ამ დროს, ძველი სახით არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას, რომლის საფუძველიცაა ხელშეკრულება, ცვლის ახალი სახით წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომლის საფუძველიცაა სსკ-ის 317-ე მუხლის პირველ ნაწილში ნახსენები ,,კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი“, კერძოდ კი - სსკ-ის 352-ე მუხლი.

16.7 კასატორის განმარტებით, შეთანხმება ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ მხარეთა გარიგებაა და მასზე ზოგადი ხელშეკრულების დადების წესები ვრცელდება.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1 თავდების საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თავდების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

23. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 399-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით, ,,ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად“, განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი პატივსადებ საფუძვლებს განსაზღვრავს, დაწესებული ვადის დაუცველად ხელშეკრულების მოშლასთან დაკავშირებით, როგორიცაა, დაუძლეველი ძალა და ორმხრივი ინტერესი, თუმცა, გარდა ამისა, სამოქალაქო სამართალში არსებობს სსკ-ის 627-ე მუხლი, რომელიც, კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების მხარეს უფლებას აძლევს, ხელშეკრულება, ვადის დაუცველად მოშალოს.

24. საკასაციო სასამართლო სსკ-ის 627-ე მუხლზე (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 15.4 ქვეპუნქტში) მითითებით განმარტავს, რომ ვალის დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლება ანუ ხელშეკრულების შეწყვეტის არასტანდარტული უფლება, გამსესხებელს წარმოეშობა კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, კერძოდ, თუ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობა არსებითად უარესდება და სესხის დაბრუნებას საფრთხე ექმნება.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების ვადა არ შეიძლება კრედიტორისათვის დაბრკოლებად იქცეს, თუკი მას სამართლიანი საფუძველი აქვს, შესრულება უფრო ადრე მოითხოვოს. ვადის დანიშნულება შესრულების უზრუნველყოფაცაა და თუკი ვადის დაცვა ამ შესრულებას საფრთხეს უქმნის, ვადამდე შესრულების მოთხოვნა მართლზომიერია (იხ. ზოიძე სსკ-ის კომენტარი, წიგნი მე-3, 2001, მუხ. 367, გვ. 294).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსესხებლის ქონებრივი მდგომარეობის არსებითი გაუარესება, რომელიც სესხის დაბრუნების საფრთხეს ქმნის, შეფასების საგანია და საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

27. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხეთა ქონებრივი მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოპასუხეებმა, სესხის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ უძრავი ქონებების გასხვისება დაიწყეს, თავდებმა, უძრავი ქონებები გაასხვისა, ასევე, დარჩენილი უძრავი ქონების გასხვისებაზეც წარადგინა განცხადება საჯარო რეესტრში, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნით უძრავ ქონებას, სარჩელის უზრუნველყოფის ფარგლებში, ყადაღა დაედო. მეორე თავდებმაც გაასხვისა უძრავი ქონება, რომელიც სხვა ვალდებულებით დაიტვირთა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის შემდეგ, მოპასუხეებს, დავალიანების დაფარვის შესახებ გაფრთხილების წერილები ჩაჰბარდათ. მათ წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვის შემდეგ, მიმდინარე დავალიანება დაგვიანებით დაფარეს, თუმცა ამის შემდეგ, მეორე მსესხებელმა, 2016 წლის 5 აგვისტოს, იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებაზე (იხ. წინამდებარე განჩინების პირველი პუნქტი) ჩუქების ხელშეკრულების რეგისტრაციის შესახებ განცხადება წარადგინა საჯარო რეესტრში, რაც კრედიტორისათვის ცნობილი გახდა და სასამართლოს განჩინებით, მეორე მოპასუხეს აღნიშნული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა აეკრძალა. აღსანიშნავია, რომ მოპასუხეებმა წინამდებარე განჩინების მეორე და მესამე პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, 2016 წლის 22 ნოემბრიდან დაარღვიეს და ვალი დღემდე, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის მიხედვით არ გადაუხდიათ. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ კრედიტორის მოთხოვნის მოცულობიდან გამომდინარე, სსკ-ის 627-ე მუხლის გამოყენების წინაპირობა არსებობს, რაზეც სააპელაციო სასამართლომ მართებულად იმსჯელა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 627-ე მუხლის დათქმა გარკვეულწილად ხელშეკრულებიდან გასვლის ინსტიტუტს ემსგავსება, თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი განსახვავებაა. ხელშეკრულებიდან გასვლა, ხელშეკრულების ერთ-ერთი მონაწილის შესაძლებლობაა, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში უარი თქვას ხელშეკრულების გაგრძელებაზე. მისი თავისებურება ისაა, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების გამოყენება იწვევს ახალი ვალდებულების წარმოშობას: ხელშეკრულების შედეგად მიღებული შესრულება და სარგებელი ერთმანეთს უბრუნდება - ანუ ხელშეკრულებიდან გასვლის შემთხვევაში რესტიტუციას აბსოლტური შინაარსი აქვს. რაც შეეხება ვალის დაუყოვნებლივ დაბრუნებას, ასეთ დროს ვალის დაბრუნება იწვევს კრედიტორის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, თუმცა მას კანონმდებელი არ აკისრებს მიღებული სარგებლის დაბრუნების ვალდებულებას.

29. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.გ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე