საქმე №ას-1793-2018 12 აპრილი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - ა.დ–ი, ლ.დ–ი (მოპასუხეები; შეგებებულ სარჩელში მოსარჩელეები)
მოწინააღმდეგე მხარე – ს.ფ–ა (მოსარჩელე; შეგებებულ სარჩელში მოპასუხე)
დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, ძალაში დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვის ნახვის დღეების ნაწილში
დავის საგანი – შვილთან და შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ს.ფ–ა (შემდეგში: მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, აპელანტი) და ა.დ–ი (შემდეგში: მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე ან შეგებებული სარჩელის ავტორი, პირველი კასატორი, მამა) 2011 წლის 13 დეკემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი, 2012 წლის 9 სექტემბერს დაბადებული ლ.დ–ი (შემდეგში: შვილი, არასრულწლოვანი, ბავშვი; იხ. ტ. 1, ს.ფ. 17, 50).
2. მეუღლეები 2014 წლის 17 ოქტომბერს განქორწინდნენ. მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა (იხ. ტ.1, ს.ფ. 51).
3. მოსარჩელე შვილთან ერთად ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ხოლო პირველი მოპასუხე და ლ.დ–ი (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მეორე შეგებებული მოსარჩელე, პირველი მოპასუხის დედა, არასრულწლოვანის ბებია, მეორე კასატორი) - ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ..... (იხ. ტ.2, ს.ფ .146).
4. მოპასუხე, 2013 წლის 12 მარტს დამოწმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ქ. თბილისში, .... მდებარე უძრავი ქონების /ს/კ .../ მესაკუთრე გახდა (იხ. ტ.1, ს.ფ .110-111).
5. მოპასუხემ 2016 წლის 6 დეკემბერს წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება ნასყიდობის ხელშეკრულებით, მიჰყიდა თ.გ–ძეს. ქონების ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 38 000 აშშ დოლარით (იხ. ტ.1, ს.ფ .112-113).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1 მოსარჩელემ 2016 წლის 20 დეკემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, მოითხოვა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად დაჰკისრებოდა ალიმენტის - 200 ლარის გადახდა. ასევე, მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი უძრავი ქონების განკარგვით მიღებული სარგებლის - 38000 აშშ დოლარის ნახევრის, 19000 აშშ დოლარის, მოპასუხისათვის დაკისრება.
6.2 მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-2, 4-5 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნა.
7. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა
7.1 ბავშვის მამამ და ბებიამ შეგებებული სარჩელი წარადგინეს თავდაპირველი მოსარჩელის წინააღმდეგ და მოითხოვეს, განსაზღვროდათ არასრულწლოვანი შვილის/შვილიშვილის ნახვის დღეები - თავიანთ საცხოვრებელ ადგილზე, ყოველი კვირის პარასკევს საღამოს 18:00 საათიდან, კვირას 20:00 საათამდე, წაყვანისა და უკან დაბრუნების უფლებით, ასევე, სასკოლო არდადეგების ნახევრის თავიანთ საცხოვრებელ სახლში გატარების უფლებით (იხ. შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა, ტ.1, ს.ფ. 159).
8. მოპასუხის პოზიცია თავდაპირველ სარჩელზე
8.1 მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების ნაწილში ცნო.
8.2 მოპასუხემ წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით განმარტა, რომ სს ბანკ ,,კ–სთან“ გაფორმებული სესხისა და იპოთეკის საფუძველზე შეიძინა ქონება. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, კრედიტორი ბანკის უფლებამონაცვლე სს ,,თ.ბ–ის“ მოთხოვნით დადგინდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია. იქიდან გამომდინარე, რომ აუქციონის შემდეგ მას დამატებით სრული თანხის - 34000 აშშ დოლარის 7% უნდა გადაეხადა, იძულებული გახდა, უძრავი ქონება გაესხვისებინა.
9. მოსარჩელის შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე
9.1 შეგებებული სარჩელის მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით, შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხე შვილზე ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს, რის გამოც შვილთან ურთიერთობის უფლება აღარ მისცა. ამის შემდეგ კი, მოპასუხე უფრო აგრესიული გახდა, რის საფუძველზეც სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა.
9.2 შეგებებულ სარჩელის მოპასუხის განმარტებით, ბავშვისათვის მოპასუხესთან (მამასთან) ურთიერთობა საშიშია. ამასთან, არასრულწლოვანს დედის გარეშე არასდროს დაუძინია და, თუ იტირებს, სიშორის გამო, მოპასუხე დედასთან სწრაფად ვერ დააბრუნებს, რაც ბავშვის ფსიქიკაზე ცუდად აისახება.
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილება და დასკვნები
10.1 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა.
10.1.1 თავდაპირველი მოსარჩელის სასარგებლოდ, მოპასუხეს ყოველთვიურად გადასახდელად დაეკისრა ალიმენტის - 200 ლარის, ხოლო მეუღლეთა თანასაკუთრების უკანონოდ განკარგვით მიღებული სარგებლიდან - 19000 აშშ დოლარის გადახდა;
10.1.2 ამავე გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ბავშვის მამის (მოპასუხის) შეგებებული სარჩელი და მას ბავშვის ნახვისათვის დაუდგინდა დღეები: გადაწყვეტილების გამოცხადებიდან სამი თვის განმავლობაში ყოველ შაბათს 12:00-დან 18:00 საათამდე და კვირას 12:00სთ-დან 15:00სთ-მდე ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე, სამი თვის გასვლის შემდეგ კი, ყოველი პარასკევს 18:00სთ-დან კვირას 12:00სთ-მდე, საცხოვრებელ სახლში წაყვანის უფლებით. ამასთან, მამას უფლება მიეცა, შვილი ყოველწლიურად, წელიწადში ორჯერ, საზაფხულო არდადეგებზე ორი კვირით - 15 ივლისიდან 30 ივლისის ჩათვლით და ზამთრის არდადეგებზე, 8 იანვრიდან 15 იანვრის ჩათვლით, წაიყვანოს თავის საცხოვრებელ სახლში, რომლის წასვლა-მოსვლას თავად მოპასუხე უზრუნველყოფს.
10.1.3 არასრულწლოვნის ბებიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და შვილიშვილთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა შაბათი დღე 12:00 საათიდან 18 საათამდე ქ. ქუთაისის ტერიტორიაზე.
10.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა ბავშვის უფლებათა და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის შესახებ კონვენციებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1158-ე, 1159-ე, 1197-ე, 1198-ე, 1201-ე, 1202-ე, 1203-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, 131-ე მუხლებით.
11. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
11.1 შეგებებულმა მოპასუხემ (თავდაპირველმა მოსარჩელემ) სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება არასრულწოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში და გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
12.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით, აპელანტის (ბავშვის დედის) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
12.1.1 გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილება შვილსა და შვილიშვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.
12.1.2 პირველ მოპასუხეს (ბავშვის მამას) უფლება მიეცა, შვილს, დედის თანხლების გარეშე, ყოველ შაბათ-კვირას, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეხვდეს (ქ.ქუთაისში, ახალგაზრდობის გამზ. №19ა/7);
12.1.3 სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მამა - შვილის ურთიერთობის ეს წესი უნდა გაგრძელდეს ვითარების შეცვლამდე, მანამ, სანამ შესაძლებელი იქნება მამასა და შვილს შორის უფრო ხანგრძლივი შეხვედრები.
12.1.4 ურთიერთობაზე დაკვირვება, შესაბამისი დასკვნის მომზადება და სააპელაციო სასამართლოსათვის წარდგენა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის რაიონულ განყოფილებას დაევალა;
12.1.5 მხარეებს განემარტათ, რომ ზემოაღნიშნულ ქვეპუნქტში მითითებული ურთიერთობის წესის შეცვლა დამოკიდებული იქნება მათ შუამდგომლობასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის რაიონული განყოფილების დასკვნაზე;
12.1.6 მეორე მოპასუხეს (ბავშვის ბებიას) ნება დაერთო, შვილიშვილს, დედის თანხლების გარეშე, ყოველ შაბათს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით შეხვდეს (ქ.ქუთაისი, ....).
12.2 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 და მე-9 მუხლებზე, ასევე, სსკ-ის 1197-ე, 1198-ე, 1201-ე და 1202-ე მუხლებზე და განმარტა, რომ იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრის ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვნის მამასთან დამოკიდებულების განსასაზღვრი ფსიქოლოგიური კვლევებით გამოვლინდა, რომ ბავშვს მამა ენატრება და მასთან ურთიერთობის სურვილს გამოთქვამს. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სოციალური მუშაკის განმარტებაზე, რომლის თანახმად, მამა-შვილის ურთიერთობას აკვირდებოდა. საწყის ეტაპზე მათ ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. სოციალური მუშაკის განმარტებით, მამა-შვილს შორის ურთიერთობა გაცივდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი შეხვედრისას მამამ ბავშვის კიდურებზე ნაკაწრები შეამჩნია, ფოტოსურათები გადაუღო და სამართალდამცავ ორგანოებს წარუდგინა. ამის გამო, ბავშვი ძალიან გაღიზიანდა და მამასთან ურთიერთობა აღარ სურდა (იხ. 16.03.2018წ სასამართლო სხდომის ოქმი 14:36:47).
12.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2018 წლის 16 მარტს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე სასამართლომ გამოჰკითხა არასრულწლოვანი, რომელმაც მამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. ბავშვმა აღნიშნა, რომ მამა ბოროტია და ატყუებს (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი, ტ. 2, ს.ფ. 228-229). 2018 წლის 22 მაისის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის თანახმად კი, შეფასებისას დაკვირვების პროცესში, მამასა და შვილს შორის ურთიერთობაზე, ბავშვის მხრიდან რაიმე სახის ნეგატიური ემოცია არ გამოკვეთილა, მეტიც გამოვლინდა მამასთან ურთიერთობის პოზიტიური გავლენა, თუმცა, საყურადღებოა, რომ ბავშვს მამასთან ურთიერთობის გამო, დანაშაულის გრძნობა აქვს დედის მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ მამასთან ურთიერთობა ბავშვის ემოციებზე დადებითად აისახა, ფსიქოლოგის მითითებით, მამაშვილური დამოკიდებულება ბავშვის ფსიქიკას გააჯანსაღებს. ფსიქოლოგის დასკვნით, იმ შემთხვევაში, თუ ეტაპობრივად დაიგეგმება მამის საცხოვრებელ სახლში ბავშვის წაყვანა და ბავშვის რეაქციასა და დამოკიდებულებებზე დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა პოზიტიური დინამიკა, ორი დღე-ღამის განმავლობაში მამის საცხოვრებელ სახლში ყოფნა, ბავშვზე დადებითად აისახება.
12.4 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ამ დროისათვის, ბავშვს მამასთან მიმართებით არა აქვს ჩამოყალიბებული დამოკიდებულება, რაც საჭიროებს დამატებით დაკვირვებასა და კვლევას, ბავშვის ფსიქიკა რომ არ დაზიანდეს.
12.5 ბავშვის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით, ბავშვის განმარტებების, მისი მამისადმი დამოკიდებულების, სოციალური სამსახურისა და ფსიქოლოგის დასკვნის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია არა მხოლოდ მამის ურთიერთობა განესაზღვრა ბავშვთან (იხ. წინამდებარე განჩინების 12.1.2 ქვეპუნქტი), არამედ - გადაწყვეტილების აღსრულების წესიც (სსსკ-ის 251-ე მუხლი) დაედგინა.
12.6 მხარეთა მიერ წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი წესის აღსრულების მიზნით, შემოწმება დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის საქალაქო განყოფილებას, რომელიც ვალდებულია, მშობლისა და შვილის ურთიერთობას დააკვირდეს, თითოეულის ქცევაზე მონიტორინგის შედეგები აღწეროს საკუთარ დასკვნაში და ასლი სააპელაციო სასამართლოს გადაუგზავნოს.
13. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1 მოპასუხეებმა (ბავშვის მამამ და ბებიამ) საკასაციო წესით გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება, მისი გაუქმებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების მოთხოვნით.
13.2 კასატორები უთითებენ „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციაზე“, ასევე - სსკ-ის 1202-ე მუხლზე.
13.3 პირველი კასატორის (მამის) განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მას შვილთან ურთიერთობის თანაბარი უფლებები აქვს შეგებებული სარჩელის მოპასუხესთან (დედასთან) ერთად. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ უგულებელჰყო 2018 წლის 22 მაისის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნა.
13.4 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ უგულებელჰყო „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-8 და მე-9 მუხლებიც, ისევე, როგორც - ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები (კრასიცკი - პოლონეთის წინააღმდეგ, საქმე N17254/11; 15.04.2014წ.; შაჰინი გერმანიის წინააღმდეგ, საქმე N30943/96).
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხეების საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს (მოპასუხეებს) ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1198-ე მუხლის მეხუთე ნაწილი მშობლებს ენიჭებათ უფლება და ეკისრებათ ვალდებულება, ჰქონდეთ ურთიერთობა თავიანთ შვილებთან, განსაზღვრონ თავიანთ შვილებთან მესამე პირთა ურთიერთობის უფლება და იმავე კოდექსის 1202-ე მუხლი მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ განქორწინების შემთხვევაში ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ევალება კიდეც. აღნიშნული გულისხმობს, მშობლის ვალდებულებას, შეძლებისდაგვარად, რეგულარულად იზრუნოს ბავშვზე, მისივე საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.
22. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ყოველგვარი რისკი, რომელიც არასრულწლოვნის ნორმალურ განვითარებას შეიძლება შეეხოს, უნდა იქნას გამორიცხული. ამ მხრივ სასამართლო მიუთითებს ევროპული სასამართლოს ერთ-ერთ საქმეზე (Johansen v. Norway) სადაც სასამართლომ აღნიშნა, რომ ბავშვთან გაერთიანების შესახებ საკითხის გადაწყვეტისას, მშობლის ინტერესსა და ბავშვის ინტერესს შორის უნდა იქნეს დაცული ბალანსი. აღნიშნული ბალანსის ძიებისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეს პრიორიტეტული მნიშვნელობა მშობლის ინტერესებთან მიმართებით. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს. ასეთ ვითარებაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორებიც _ ბავშვის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა, რაც შესაბამისი დაკვირვება-გამოკვლევის გზითაა შესაძლებელი.
23. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ გარემოებებზე და ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 22 მაისის ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნაზე, რომელსაც არასრულწოვნის მამა ეყრდნობა. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მიუხედავად ფსიქოლოგის მითითებისა, რომ მამასთან ურთიერთობა ბავშვის ემოციებზე დადებითად აისახა, ბავშვი მამას ნეგატიურ კონტექსტშიც მოიხსენიებს, ასევე, განმარტავს იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რატომაც არ სურს მასთან წასვლა. გასათვალისწინებელია, რომ ბავშვს მამასთან ურთიერთობის გამო, დანაშაულის გრძნობა აქვს დედის მიმართ.
24. საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში იზიარებს ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნას და მასში მითითებული გარემოებების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანი ეტაპობრივად უნდა მიეჩვიოს მამის საცხოვრებელ სახლში ყოფნას, საწყის ეტაპზე რამდენიმე საათით და თუ დაკვირვების შემდეგ გამოიკვეთება პოზიტიური დინამიკა, მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ შეიძლება მიჩნეულ იქნეს, რომ ორი დღე-ღამის განმავლობაში მამის საცხოვრებელ სახლში ბავშვის ყოფნა მასზე დადებითად აისახება.
25. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზეც (იხ. წინამდებარე განჩინების 12.1.2 – 12.1.5 ქვეპუნქტები), კერძოდ, აღნიშნულის მიხედვით, ირკვევა, რომ მხოლოდ ვითარების შეცვლამდეა გადაწყვეტილი მამის ბავშვთან ურთიერთობის წესი, მანამ, სანამ შესაძლებელი არ იქნება მამა-შვილს შორის უფრო ხანგრძლივი შეხვედრები, ხოლო მითითებული წესის შეცვლა დამოკიდებული იქნება მხარეთა შუამდგომლობასა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ქუთაისის რაიონული განყოფილების დასკვნაზე.
26. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული ფსიქოლოგიური შეფასების დასკვნის საფუძველზე და საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მამა-შვილის ურთიერთობა დადგენილ ფარგლებში, იქნება წინაპირობა იმისა, რომ მათ შორის ურთიერთობა, ფსიქოემოციური და ინტელექტუალური კავშირი განვითარდეს და გამყარდეს, რაც, ცხადია, შეესატყვისება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და არ ხელყოფს მამის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს შვილთან.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მზრუნველი, ოჯახური და კომფორტული გარემოს შექმნა ორივე მშობლის ვალდებულებაა, ხოლო მოცემულ შემთხვევაში თითოეულ მშობელს, რადგან ისინი განცალკევებით ცხოვრობენ, ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის ევალება შვილთან ურთიერთობისათვის ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინება, რაც არა მხოლოდ ზნეობრივი, არამედ კანონისმიერი ვალდებულებაცაა.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ -სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ; სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).
29. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2003 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილებაზე, საქმეზე Sahin v. Germany და Krasicki v. Polan (საჩივარი N17254/11) კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებულ საქმეში (Sahin v. Germany) დავა ეხებოდა მამას, რომელსაც შვილის ნახვა, მეორე მშობელმა (დედამ) აუკრძალა. ექსპერტის დასკვნის თანახმად, მამის მოთხოვნა, ურთიერთობა ჰქონოდა შვილთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესებს არ შეესაბამებოდა. ეროვნულმა სასამართლომ, მშობლებს შორის დაძაბული ურთიერთობისა და იმის გათვალისწინებთ, რომ მამის ვიზიტებს შეეძლო ბავშვის განვითარება შეეფერხებინა, მამის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ეროვნული სასამართლოს პროცედურული მიდგომა არსებულ გარემოებებთან შესაბამისი იყო და განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვევა არ დგინდებოდა, ხოლო, მეორე საქმეში Krasicki v. Polan საქმე ეხებოდა მამას, რომელიც საკუთარ შვილებთან ურთიერთობის უფლებას ითხოვდა. დედას კი, გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა, არ შეეძლო ბავშვებზე ზრუნვა, ამასთან, ეროვნულმა სასამართლომ დაიწყო საქმისწარმოება, დედისათვის მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, არსებითად განსხვავდება მოცემული შემთხვევისგან.
30. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს შემხებლობა არ აქვს წინამდებარე დავის საგანთან. ამასთან, კასატორს დასაბუთებული პოზიცია არ წარუდგენია „ბავშვის უფლებების დაცვის შესახებ“ კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცენდენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
31. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა (მოპასუხეებმა) ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.დ–ის და ლ.დ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა.დ–ს და ლ.დ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე მათ მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის (საგადასახადო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 21 იანვარი), 70% – 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე