Facebook Twitter

საქმე №ას-1796-2018 22 თებერვალი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სს „ტ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.თ–ა, მ.კ–ძე, ლ.მ–ძე (მოპასუხეები)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სს ,,ტ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, კრედიტორი, ბანკი, აპელანტი, კასატორი) და გ.ბ–ას (შემდეგში: გარდაცვლილი, მსესხებელი, მამკვიდრებელი) შორის, 2013 წლის 11 ოქტომბერს, გაფორმდა საბარათე ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) ოვერდრაფტის დაშვების შესახებ .... ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე სესხი - 1200 ლარი, 60 თვის ვადით გაიცა, თვიური საპროცენტო განკვეთი განისაზღვრა 17%-ით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა პირგასამტეხლო, ათვისებული ოვერდრაფტის თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ხელშეკრულება ტ. 1, ს.ფ 23-27);

2. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებულ მხარეებს შორის, 2015 წლის 13 ოქტომბერსაც გაფორმდა N40.0255574.005 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მსესხებლის სახელზე სესხი - 12000 ლარი 2019 წლის 15 ოქტომბრამდე, თვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 15%-ით. ამავე ხელშეკრულებით, ვალდებულების დარღვევისათვის დადგინდა ფიქსირებული პირგასამტეხლო 10 ლარი და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (იხ. ხელშეკრულება ტ. 1, ს.ფ 15-19);

3. მსესხებელი 2016 წლის 30 მარტს გარდაიცვალა (ტ.1, ს.ფ. 192).

4. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ქალაქ ფოთში, ..... /ს/კ ...../, /ს/კ ..../ და ქ. ფოთში, ..... /ს/კ ..../ მდებარე უძრავი ქონებები, მსესხებლის საკუთრებას წარმოადგენდა (იხ. ტ.2, ს.ფ. 118);

5. მსესხებლის გარდაცვალების შემდეგ, მისი მეუღლე ე.თ–ა (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მემკვიდრე, მამკვიდრებლის მეუღლე, მოწინააღმდეგე მხარე), წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული უძრავი ქონებების მესაკუთრე, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გახდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 80-81, 84-85).

6. მემკვიდრესა და მ.კ–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე, მყიდველი) შორის, 2017 წლის 27 იანვარს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში /ს/კ ...../-ით მითითებული უძრავი ქონება (იხ. ტ.1, ს.ფ. 76-77).

7. მემკვიდრესა და ლ.მ–ძეს (შემდეგში: მესამე მოპასუხე, მყიდველი) შორის, 2017 წლის 27 იანვარს გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება. ნასყიდობის საგანს წარმოადგენდა წინამდებარე განჩინების მე-4 პუნქტში მითითებული უძრავი ქონება /ს/კ ...../ (იხ. ტ.1, ს.ფ. 78-79).

8. ბანკის წარმომადგენელმა, 2017 წლის 18 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას (შემდეგში: ნოტარიუსთა პალატას) და გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების მიღების განაცხადის ან/და გაცემული სამკვიდრო მოწმობის თაობაზე, ინფორმაცია მოითხოვა. ამ უკანასკნელს განცხადება 2017 წლის 20 იანვარს ჩაჰბარდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 33; 36).

9. ნოტარიუსთა პალატამ, 2017 წლის 8 თებერვლის მიმართვით, კრედიტორის წარმომადგენელს გარდაცვლილის დანაშთ ქონებაზე კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ აცნობა (იხ. ტ.1, ს.ფ. 38).

10. კრედიტორმა, 2017 წლის 7 მარტს, მემკვიდრეს, გარდაცვლილის დავალიანების დაფარვის შესახებ, გაუგზავნა შეტყობინება, რომელიც ადრესატს ვერ ჩაჰბარდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 65-66).

11. სარჩელის საფუძვლები

11.1 ბანკმა 2017 წლის 28 მარტს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა პირველი მოპასუხისათვის წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 2903.91 ლარის, მეორე პუნქტში მითითებული ხელშეკრულების თანახმად - 15616.26 ლარისა და ამ ხელშეკრულებების საფუძველზე დარიცხული დავალიანების გადასახდელი ძირითადი თანხის 0.1%-ის დაკისრება, 2017 წლის 28 თებერვლიდან სესხის სრულ დაფარვამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა. ასევე, მოითხოვა პირველ და მეორე, პირველ და მესამე მოპასუხეებს შორის დადებული (იხ. წინამდებარე განჩინების მე-6 და მე-7 პუნქტებში) ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობაც.

11.2 მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-7 პუნქტებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და დამატებით განმარტა, რომ პირველმა მოპასუხემ მსესხებლის სამკვიდრო მიიღო, რის საფუძველზეც მასზე არა მხოლოდ გარდაცვლილის აქტივი, არამედ პასივიც გადავიდა, მათ შორის, ბანკის მიმართ მსესხებლის დავალიანება.

11.3 მოსარჩელის განმარტებით, მემკვიდრემ უძრავი ქონებები, სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, 2017 წლის 27 იანვარს დაირეგისტრირა და წინამდებარე განჩინების მე-6 და მე-7 პუნქტებში მითითებული უძრავი ქონებები დაჩქარებული წესით, იმავე დღეს, მეორე და მესამე მოპასუხეებთან გაფორმებული ფიქტიური ნასყიდობის ხელშეკრულებების საფუძველზე გაყიდა.

11.4 კრედიტორის მტკიცებით, პირველი მოპასუხე უძრავი ქონებების გასხვისებით ცდილობს, ბანკის წინაშე არსებულ მსესხებლის დავალიანებას თავი აარიდოს.

12. მოპასუხეების შესაგებელი

12.1 პირველმა მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისმა შვილმა, 2016 წლის 5-დან 10 აპრილის ჩათვლით პერიოდში განცხადება და მსესხებლის გარდაცვალების მოწმობა შეიტანა ბანკში, შესაბამისად, კრედიტორისათვის ცნობილი გახდა მსესხებლის გარდაცვალების შესახებ.

12.2 მემკვიდრის განმარტებით, მისმა შვილმა 2017 წლის 11 აპრილს განცხადებით მიმართა ბანკის გენერალურ დირექტორს და მის მიერ 2016 წლის აპრილში დაწერილი განცხადებისა და მასზე დართული მსესხებლის გარდაცვალების მოწმობა მოითხოვა, თუმცა ბანკისგან 2017 წლის 20 აპრილს წერილი მიიღო, რომლის თანახმად, კრედიტორი უგზავნიდა გარდაცვალების მოწმობას, თუმცა განმარტავდა, რომ, ვინაიდან დოკუმენტი არ იყო ოფიციალურად წარდგენილი, საკანცელარიო ჩანაწერი მისი წარდგენის ზუსტი თარიღის შესახებ არ არსებობდა.

12.3 მემკვიდრემ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 1488-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელემ მოთხოვნის 6-თვიანი ვადა გაუშვა.

12.4 მეორე და მესამე მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ უძრავი ქონების კეთილსინდისიერი შემძენები არიან.

13. ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

13.1 ფოთის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით, კრედიტორის სარჩელი, წინამდებარე განჩინების პირველ და მეორე პუნქტში ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დავალიანების და პირგასამტეხლოს დაკისრებისა, და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

13.2 ფოთის საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლით; სსკ-ის 50-ე, 56-ე, 183-ე, 185-ე, 187-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 417-ე, 623-ე, 867-ე, 1306-ე, 1328-ე, 1336-ე და 1488-ე მუხლებით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, 102-103-ე, 105-ე მუხლებით.

13.3 სასამართლომ დაადგინა, რომ კრედიტორისათვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალებისა და სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შესახებ.

13.4 საქალაქო სასამართლოს განმარტებით, ბანკის პრობლემური სესხების სპეციალისტი დაიკითხა მოწმედ, რომელმაც დაადასტურა ის გარემოება, რომ 2016 წლის 18 მაისს გარდაცვლილის შვილს დაუკავშირდა, შეატყობინა მსესხებლის ვალის შესახებ და გადახდის რამდენიმე საშუალება შესთავაზა, თუმცა ვერ შეთანხმდნენ.

13.5 საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ კრედიტორმა სარჩელი 2017 წლის 28 მარტს წარადგინა სასამართლოში, შესაბამისად, 2016 წლის 18 მაისიდან გასულია 10 თვე და 10 დღე, რაც სარჩელის სასამართლოში შეტანის 6-თვიანი ვადის დარღვევაზე მიუთითებს.

14. სააპელაციო საჩივარი

14.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (კრედიტორმა).

14.2 აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15.2 სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.3.-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი).

15.3 სააპელაციო სასამართლომ დამატებით დაადგინა, რომ მოსარჩელემ მსესხებლის გარდაცვალების შესახებ 2016 წლის 9 აპრილს (იხ. 27.04.2018წ. სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმი 12:32:25 სთ) შეიტყო.

15.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კრედიტორის წარმომადგენელმა, 2017 წლის 18 იანვარს განცხადებით მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას და სამკვიდრო ქონების მიღების განაცხადის ან/და გაცემული სამკვიდრო მოწმობის თაობაზე ინფორმაცია მოითხოვა. ნოტარიუსთა პალატას აღნიშნული განცხადება 2017 წლის 20 იანვარს ჩაჰბარდა.

15.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნოტარიუსთა პალატის 2017 წლის 8 თებერვლის მიმართვიდან ირკვევა, რომ კრედიტორის წარმომადგენელს ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში მსესხებლის დანაშთ ქონებაზე 2017 წლის 27 იანვრის ნოტარიუსის მიერ გაცემული კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ ეცნობა.

15.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, კრედიტორმა 2017 წლის 7 მარტს მემკვიდრეს შეტყობინება გაუგზავნა და მსესხებლის დავალიანების დაფარვა მოსთხოვა. შეტყობინება, ადრესატს ვერ ჩაჰბარდა.

15.7 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოცემული დავის ფარგლებში შესაფასებელია, ხანდაზმულია თუ არა მოსარჩელის მიერ მოვალის მემკვიდრის მიმართ მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის ვადა, რაც თავის მხრივ სარჩელის დაკმაყოფილებას გამორიცხავს.

15.8 სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 1488-ე ,,მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. თუ მემკვიდრეების კრედიტორებმა არ იცოდნენ სამკვიდროს გახსნის შესახებ, მაშინ მათ უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს ერთი წლის განმავლობაში მოთხოვნის ვადის დადგომიდან. ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას“ და 1499-ე მუხლებზე მიუთითა და ამ უკანასკნელ ნორმაზე დაყრდნობით განმარტა, რომ სამკვიდრო მოწმობას ნოტარიუსი გასცემს, შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ, უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება მიიღოს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ (,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი), (იხ. სუსგ საქმე №ას-171-160-2017, 18.04.2017წ.);

15.9 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელემ მსესხებლის გარდაცვალების შესახებ, 2016 წლის 9 აპრილს შეიტყო, ამასთან, კრედიტორის წარმომადგენელმა 2017 წლის 18 იანვარს, ანუ მოვალის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებიდან 9 თვისა და 9 დღის შემდეგ, განცხადებით მიმართა ნოტარიუსთა პალატას და გარდაცვლილის სამკვიდრო ქონების მიღების განაცხადისა ან/და სამკვიდრო მოწმობის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. აღნიშნული განცხადება, საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, 2017 წლის 20 იანვარს ჩაჰბარდა.

15.10 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოაღნიშნული ნორმები არ უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ კრედიტორს, მოვალის გარდაცვალების შესახებ შეტყობინების მომენტიდან ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად შეუძლია მოვალის სამკვიდროს მიმღები მემკვიდრის ვინაობა გამოარკვიოს, ხოლო გაგებიდან 6 თვის განმავლობაში - მას მოთხოვნა წაუყენოს. ამით სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, კეთილსინდისიერი მემკვიდრისა და მესამე პირების ინტერესებს საფრთხე შეექმნება.

15.11 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კრედიტორს, მოვალის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებიდან 6 თვის ვადაში, ანუ მას ნოტარიუსთა პალატისათვის მოვალის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის აღების თაობაზე ინფორმაციის მისაღებად 2016 წლის 9 აპრილიდან 6 თვის ვადაში უნდა მიემართა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

15.12 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ასეთ ვითარებაში უსამართლო და გაუმართლებელი იქნებოდა, რომ კრედიტორი 6-თვიანი ვადით შეზღუდულიყო და ამ ვადაში სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების ვინაობა შეეტყო და მათთვის წარედგინა მოთხოვნა, რადგან აღნიშნული დამოკიდებულია არა მხოლოდ კრედიტორის მოქმედებებზე, არამედ მემკვიდრის მიერ დანაშთი ქონების მიღებაზე, ასევე, ნოტარიუსთა პალატის მიერ ინფორმაციის მიწოდებაზე. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორის მიერ ნოტარიუსთა პალატისაგან ინფორმაციის გამოთხოვა ცალსახად მასზე იყო დამოკიდებული, რაც მოსარჩელემ დადგენილ ვადაში არ შეასრულა;

15.13 სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელემ მემკვიდრისადმი მოთხოვნის წარდგენის ვადა დაარღვია, რაც, სსსკ-ის 1488-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, კრედიტორის მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვისა და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

16. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

16.1 კრედიტორმა (მოსარჩელემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 10 მაისის განჩინება და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება.

16.2 კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმადაც, სსკ-ის 1488.1 მუხლით დადგენილი 6-თვიანი ვადა მამკვიდრებლის მიერ კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადაა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაასკვნა, რომ ,,კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით პრეტენზია წარდგენილია ვადაში", თუმცა, მიუხედავად ასეთი დასკვნისა, სასამართლომ ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანი სამართლებრივი შეცდომა დაუშვა და სსკ-ის 1488.1 მუხლი არასწორად განმარტა, როცა დაადგინა, რომ ფაქტობრივად მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, თუ როდიდან იწყება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადის ათვლა. ამ ვადის ათვლა კი, იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა სამკვიდროს გახსნის შესახებ შეიტყვეს.

16.3 კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების თანახმად, მოსარჩელის მოთხოვნა შეიძლება ვადაში იყოს წარდგენილი, მაგრამ არ უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელი, თუ გავიდა ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე. ხანდაზმულობა მოცემულ შემთხვევაში, გულისხმობს სსკ-ის 129-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობისა და არა პრეტენზიის წარდგენის 6-თვიანი ვადას.

16.4 კასატორი სადავოდ ხდის მეორე და მესამე მოპასუხეების მიერ სადავო უძრავი ქონებების კეთილსინდისიერად შეძენის ფაქტს (იხ. საკასაციო საჩივარი ტ.2, ს.ფ. 245-247);

16.5 კასატორი დავობს სასამართლოსეულ მსჯელობაზე, რომლის თანახმადაც, კასატორს საკუთარი მოთხოვნის შესახებ არ მიუმართავს ნოტარიუსისათვის.

16.6 კასატორის მტკიცებით, თუ დავუშვებთ, რომ კრედიტორის მიერ ნოტარიუსისათვის მიმართვას არსებითი მნიშვნელობა აქვს, მაშინ ეს ფაქტი მოპასუხემ უნდა ამტკიცოს, შესაბამისად, ამ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით უნდა შედგენილიყო სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხველი შესაგებელი. მოცემულ შემთხვევაში კი, მოპასუხეთა შესაგებელი ამ გარემოებაზე არ უთითებს, ეს ფაქტი არც ერთი ინსტანციის სასამართლოში არ დადგენილა.

16.7 კასატორის განმარტებით, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანების 79-ე მუხლი, სსკ-ის 1488-ე მუხლიდან გამომდინარე ქცევის წესიდან განსხვავებულ წესს ვერ დაადგენს. ამასთან, არც ერთ ნოტარიუსს არ აქვს ვალდებულება, კრედიტორის მოთხოვნით სამკვიდროს გახსნას შეუდგეს. ეს ნორმა იმ შემთხვევაზე ვრცელდება, როცა კრედიტორისათვის ცნობილია, რომელი ნოტარიუსი ასრულებს სამკვიდრო წარმოებას და თუ, მოთხოვნას წარადგენს, ნოტარიუსი მომავალ მემკვიდრეებს შეატყობინებს.

16.8 კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელზე წარდგენილი მტკიცებულებითა და მოწმის ჩვენებით, დგინდება, რომ კრედიტორმა 2016 წლის 6 ივნისს (მსესხებლის გარდაცვალებიდან 6 თვის გასვლამდე) შეტყობინება გაუგზავნა სავარაუდო მემკვიდრეებს, გარდაცვლილი მოვალის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასევე, მოწმის ჩვენებით დასტურდება, რომ სავარაუდო მემკვიდრეებს მამკვიდრებლის ვალდებულებების შესახებ ეცნობათ. საქმეში წარდგენილია კრედიტორის 2017 წლის 7 მარტის მემკვიდრესთან გაგზავნილი შეტყობინებაც. სწორედ ამ გარემოებებზე დაყრდნობით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ პრეტენზია ვადაშია წარდგენილი, თუმცა სააპელაციო სასამართლომ კრედიტორის 2017 წლის 18 იანვრის ნოტარიუსთა პალატისადმი მიმართვა მოიშველია, იმის დასამტკიცებლად, რომ, თითქოს კრედიტორის მოთხოვნა 6-თვიანი ვადის დაცვით არ იყო წარდგენილი. კრედიტორის მიერ ნოტარიუსთა პალატისათვის მიმართვის ინტერესს განაპირობებდა მხოლოდ მემკვიდრეების შესახებ ინფორმაციის მიღება.

16.9 კასატორის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ კრედიტორის მოთხოვნა მემკვიდრისადმი ვადის დაცვით იყო წარდგენილი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სამართლბრივი ანალიზის გარეშე გვერდი აუარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტებსა და მოტივაციას, ანუ სასამართლომ საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები შეცვალა.

16.10 კასატორის მტკიცებით, ქართული სამართალი, მოვალის გარდაცვალების შემთხვევაში, კრედიტორის ვალდებულებას, მოვალის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 6 თვის ვადაში მიმართოს ნოტარიუსთა პალატას, არ იცნობს.

16.11 კასატორი არ იზიარებს კრედიტორისა და მემკვიდრეების მოქმედებების დამოკიდებულების თაობაზე სასამართლოსეულ მსეჯლობას და აღნიშნავს, რომ მართლზომიერ განმარტებებად მიაჩნია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 21 ივლისის N2/2/656 გადაწყვეტილების დასაბუთებაში გამოყენებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის განმარტებები.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ კრედიტორის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მსესხებლის მემკვიდრისათვის ბანკის სასარგებლოდ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 1484 მუხლია [მემკვიდრეთა პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე - 1. მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. 2. თუ მამკვიდრებელი მემკვიდრეებზე გადასული ვალებით სოლიდარული მოვალე იყო, მაშინ მემკვიდრეები სოლიდარულად აგებენ პასუხს. 3. მამკვიდრებლის ვალებისათვის პასუხისმგებელნი არიან სავალდებულო წილის მიმღები მემკვიდრეებიც] - იხ. სუსგ ას-417-395-2012, 06.04.2012 წ.; ას-461-435-2014, 30.08.2016 წ; კრედიტორის მიერ მოვალის მემკვიდრეებისათვის ასეთი მოთხოვნის წარდგენა კანონით დადგენილ ვადაში უნდა განხორციელდეს, რასაც სსკ-ის 1488-ე მუხლი (ნორმის დეფინიცია იხ. 15.8 ქვეპუნქტში) აწესრიგებს.

25. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სსკ-ის 1488.1-ე მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი შეიძლება გახდეს. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა: „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის - მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე“ (იხ. სუსგ-ები: # ას-143-136-2010, 07.10.2010წ; # ას-968-1269-2007, 22.02.2008წ.).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არაა, მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი).

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება – მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ („სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (სუსგ 18.04.2017წ. საქმე №ას-171-160-2017).

28. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომლის თანახმადაც, „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლის გამოყენება, მოცემულ შემთხვევაში დაუშვებელია. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ინსტრუქციის გამოყენება, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მსგავსი კატეგორიის დავების მოსაწესრიგებლად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკასა და სსკ-ის მე-2 მუხლს, სრულად შეესაბამება.

29. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში მითითებულ სამართლებრივ მსჯელობას და განმარტავს, რომ ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად დადგინდა, კრედიტორს მსესხებლის გარდაცვალებიდან, სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შესახებ, რა პერიოდში უნდა მიემართა ნოტარიუსთა პალატისათვის.

30. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მამკვიდრებელი (მსესხებელი) 2016 წლის 30 მარტს გარდაიცვალა, ასევე უდავოა, რომ ბანკმა, აღნიშნულის შესახებ, 2016 წლის 9 აპრილს შეიტყო, თუმცა, მხოლოდ 2017 წლის 18 იანვარს მიმართა ნოტარიუსთა პალატას, მამკვიდრებლის სამკვიდრო ქონების მიღების განაცხადის ან/და გაცემული სამკვიდრო მოწმობის ინფორმაციის მიღების შესახებ.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან, კრედიტორისათვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების შესახებ, მას ნოტარიუსისათვის უნდა მიემართა, მსესხებლის გარდაცვალების შესახებ შეტყობინებიდან 6 თვის ვადაში, რაც მოცემულ შემთხვევაში, არ ვლინდება.

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი მოპასუხის მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის წინააღმდეგ წარდგენილი იქნა მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი შესაგებელი, რამაც სარჩელს საფუძველი გამოაცალა.

33. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას, რომლის თანახმად, კრედიტორმა 2016 წლის 6 ივნისს მსესხებლის სავარაუდო მემკვიდრეებს მოვალის უკანასკნელი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, გაუგზავნა შეტყობინება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კრედიტორმა უშაულოდ მსესხებლის სახელზე გააგზავნა შეტყობინება, მაშინ როდესაც, სსკ-ის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილი პირდაპირ უთითებს, რომ კრედიტოებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ მამკვიდრებლის მემკვიდრეებს.

34. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 377-ე მუხლის პირველ ნაწილზე მითითებით ,,სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალისაზრისით“ განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს ფაქტების დამდგენ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს, მას სრული საპროცესო შესაძლებლობა გააჩნია, შედავების ფარგლებში გამოიკვლიოს მტკიცებულებები, მათ შორის კანონის მოთხოვნათა დაცვით მიღებული და დასაშვებად ცნობილი ახალი მტკიცებულებები.

35. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, შედეგობრივად სწორი გადაწყვეტილება მიიღო და მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის ფარგლებში განსახილველ საკითხს სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შემოწმება წარმოდგენს.

36. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო კასატორის (კრედიტორის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

37. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "ტ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. სს "ტ–ს" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე, მის მიერ, გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 931,01 ლარის (საგადასახადო დავალება N7, გადახდის თარიღი 2018 წლის 22 ივნისი), 70% – 651,70 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე