Facebook Twitter

საქმე №ას-1803-2018 6 ივნისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – გ.უ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.რ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 2 ოქტომბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ 80-80 ლარის, საერთო ჯამში სამივე შვილზე 240 ლარის დაკისრება

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. თ.რ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) და გ.უ–ა (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) 2011 წლის 20 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი, 2011 წლის 20 აგვისტოს დაბადებული ვ.უ–ა (შემდეგში: პირველი შვილი), 2013 წლის 12 თებერვალს დაბადებული ა.უ–ა (შემდეგში: მეორე შვილი) და 2016 წლის 19 იანვარს დაბადებული ს.უ–ა (შემდეგში: მესამე შვილი; იხ. ტ. 1, ს.ფ. 17-20).

2. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. მოსარჩელე შვილებთან ერთად ცხოვრობს.

3. მოსარჩელე არ არის დასაქმებული და არ აქვს შემოსავალი, დაკავებულია ბავშვების აღზრდით.

4. მოპასუხე მუშაობს თავდაცვის სამინისტროს სახმელეთო ჯარების მე-3 ქვეითი ბრიგადის 34-ე საარტილერიო ბატალიონის სამხედრო შტაბში და მისი დარიცხული ხელფასი 2017 წლის მაისიდან იმავე წლის დეკემბრის ჩათვლით შეადგენს: წოდებრივი სარგოს - 995 ლარს, დანამატს - 248.75 ლარს, ხოლო კვების კომპენსაციას - 57.50 ლარს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 120).

5. პირველ შვილს მარცხენა თვალზე აქვს თანდაყოფილი გლაუკომა H40.9, ხოლო მეორე შვილს - მარტივი ასტიგმატიზმი და დანიშნული აქვს მკურნალობა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 136-137).

6. პირველი შვილი სწავლობს სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. რაჭისუბნის საჯარო სკოლის პირველ კლასში, ხოლო მეორე - ჩაირიცხულია ა(ა)იპ ,,ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების“ ქ. ბოლნისის N1 საბავშო ბაღში (იხ. ტ. 1, ს.ფ. 141-142).

7. მოპასუხე სალომბარდე მომსახურებით სარგებლობს და 2017 წლის 13 ივნისის მონაცემებით აქვს დავალიანება 1 848.98 ლარი. გადახდის აპარატის მეშვეობით, მოპასუხეს ანგარიშზე ყოველთვიურად სალომბარდე სესხის დასაფარად, საშუალოდ, 205 ლარი შეაქვს; მას სს ,,ს.ბ–დანაც’’ აღებული აქვს კრედიტი, რომლის დასაფარად ყოველთვიურად 152.15 აშშ დოლარს იხდის. სს ,,თ.ბ–ში“ აღებული კრედიტისათავის მოპასუხის ყოველთვიური გადასახდელი თანხა 2018 წლის 1 მარტამდე 46.77 ლარია. 24.01.2018 წელს, სს ,,თ.ბ–ის’’ მიერ გაცემული დაფარვის გრაფიკის თანახმად, მოპასუხის დავალიანება 13 214,35 ლარია, საიდანაც ძირითადი თანხა 10400 ლარი, ხოლო პროცენტი - 2 689.44 ლარია. მისი ყოველთვიური გადასახადი 370 ლარია (იხ. ტ. 2, ს.ფ. 63-64).

8. ზ.უ–ას (შემდეგში: მოპასუხის დედა) სახელზე სს ,,ლ.ბ–ის’’ მიერ გაცემულია კრედიტი, რომლის დავალიანება, 2017 წლის 20 ივნისის მონაცემებით 1288.77 ლარია და ყოველთვიური გადასახდელი პროცენტი - 43.5 ლარი (იხ. ტ. 2, ს.ფ. 63-64).

9. საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სამტრედიის რაიონში, .... მდებარე /ს/კ .....; ს/კ .....; ს/კ ....../ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, მოპასუხის დედის საკუთრებას წარმოადგენს (იხ. ტ. 1, ს.ფ. 138-140).

10. ვ.უ–ა (შემდეგში: მოპასუხის მამა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 91).

11. სარჩელის საფუძვლები

11.1 მოსარჩელემ 2017 წლის 11 მაისს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტის - თითოეული შვილისათვის 150 ლარის, მათ სრულწლოვანებამდე, დაკისრების მოთხოვნით.

11.2 მოსარჩელემ თავისის სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-6, 9 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა.

12. მოპასუხის შესაგებელი

12.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ ცნო, კერძოდ, დაეთანხმა თითოეული შვილის სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის - 100 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნას.

12.2 მოპასუხის განმარტებით, მის კმაყოფაზე იმყოფებიან მისი მშობლები, აღებული აქვს სასესხო ვალდებულებები და არ შეუძლია სარჩელით მოთხოვნილი თანხის გადახდა.

13. ბოლნისის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

13.1 ბოლნისის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.

13.1.1 შვილების რჩენა-აღზრდისათვის მოპასუხეს ყოველთვიურად, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის - თითოეული ბავშისათვის 150 ლარის გადახდა სარჩელის შეტანიდან, 2017 წლის 11 მაისიდან, მათ სრულწლოვანებამდე.

13.2 საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 1197-ე, 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლებით, ასევე - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-4, 102-ე მუხლებით.

14. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

14.1 მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 თებერვლის გადაწყვეტილება, მისი ნაწილობრივ გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა, კერძოდ, სამივე ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის განსაზღვრა 240 (ორას ორმოცი) ლარით.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

15.1 სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ოქტომბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მოპასუხის სააპელაციო საჩივარი და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

15.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

15.3 სასამართლომ გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებისას ყურადღება გაამახვილა სსკ-ის 1197-ე, 1198-ე მუხლებზე და ამავე კოდექსის 1202-ე და 1212-ე მუხლებზე დაყრდნობით იმსჯელა მშობლების მოვალეობაზე, რომლებიც ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები.

15.4 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ალიმენტის ოდენობის ძირითად კრიტერიუმებზე (სსკ-ის 1214-ე მუხლი) და განმარტა, რომ მისი ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.

15.5 ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვები დედასთან ცხოვრობენ, რომელიც უმუშევარია და დაკავებულია ბავშვების აღზრდით. ამასთან, მეორე შვილი ჩარიცხულია საბავშვო ბაღში. პირველი შვილი კი საჯარო სკოლის პირველ კლასში სწავლობს. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პირველი და მეორე შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოპასუხის ყოველთვიური ხელფასი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, არასრულწლოვნების ასაკიდან გამომდინარე, მათი საჭიროებებისა და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ალიმენტის ოდენობა სწორად განსაზღვრა.

15.6 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, ალიმენტის არასიმბოლურ ხასიათზე და გაითვალისწინა სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები -http://www.geostat.ge/?action=page&p_id=178&land=geo), რომელიც საშუალო მომხმარებლისათვის 2017 წლის მაისსა - 2018 წლის თებერვალში, 153.5 ლარსა და 155.3 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

15.7 სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება ალიმენტის შემცირების საფუძველს არ წარმოადგენს.

15.8 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ბავშვების აღზრდა, მათზე ზრუნვა და მათი რჩენა მშობლის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს, რასაც მშობლების სხვა ფინანსური ვალდებულებების არსებობა არ ამცირებს. საბანკო კრედიტის არსებობა ალიმენტის ოდენობის დადგენისათვის განმსაზღვრელი გარემოება ვერ გახდება, რადგან კრედიტის ან კომუნალური გადასახადების არსებობა ადამიანის ყოფა-ცხოვრებისათვის დამახასიათებელია, ხოლო არასრულწლოვან შვილს, მხოლოდ მშობლისგან შეუძლია რჩენისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრების მიღება. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხემ კრედიტი მას შემდეგ აიღო, რაც მეუღლეები ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობდნენ.

15.9 სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის დედის საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებებთან დაკავშირებით განმარტა, რომ, მართალია, ამ ფაქტზე დაყრდნობით, ცალსახად, შემოსავლის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა, უძრავი ქონების სახეობას, შემოსავლის მიღების თვალსაზრისით, დიდი მნიშვნელობა აქვს. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს ამის საწინააღმდეგო მტკიცებულებები არ წარუდგენია, რაც გამოყენების შემთხვევაში არ გამორიცხავს შემოსავლის მიღებას. აღნიშნული კი, ალიმენტის ოდენობის შემცირების კუთხით გარკვეულწილად აბათილებს იმ გარემოებას, რომ მშობლების (მამას, რომელსაც დაუდგინდა შეზღუდული შესაძლებლობა) ერთადერთი მარჩენალი მოპასუხეა, რომლის შემოსავლიდანაც მათი რჩენისათვის აუცილებელი ხარჯები გაედინება, მით უფრო, როცა აპელანტის მშობლები საპენსიო უზრუნველყოფით სარგებლობენ.

16. მოპასუხის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

16.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი ოქტომბრის განჩინება, მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების მოთხოვნით იმგვარად, რომ თითოეული შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით 80 ლარი დაეკისრება.

16.2 კასატორი უთითებს „ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულ პრინციპზე, ასევე, კონვენციის 27-ე, მე-18 მუხლებზე და განმარტავს, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა კასატორის მატერიალური შესაძლებლობები.

16.3 კასატორის განმარტებით, სასამართლოს ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში უნდა მიეღო მისი საკრედიტო ვალდებულებები, კომუნალური გადასახადები, ინვალიდი მამის მკურნალობის ხარჯი, ასევე, ის გარმოება, რომ მშობლების ერთადერთი მარჩენალია.

16.4 კასატორი აღნიშნავს, რომ მისი ხელზე ასაღები ხელფასი 994 ლარია. მის მიერ საბანკო სესხისთვის გადასახდელი თანხა კი, თვეში - 370 ლარი. კასატორი ასევე უთითებს, რომ მამამისს მარჯვენა კიდურებში ძალის დაქვეითების გამო არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება, დგომა. მოპასუხის დედა უვლის და ზრუნავს მასზე, ხოლო, მოპასუხე (კასატორი) მათ მატერიალურ მდგომარეობას უზრუნველყოფს.

16.5 კასატორი განმარტავს, რომ შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა ისინი მუდმივ მკურნალობას არ საჭიროებენ.

16.6 კასატორის განმარტებით, მშობლებს, კანონის თანახმად, შვილების რჩენის ვალდებულება თანაბრად ეკისრებათ, შესაბამისად, მშომისუნარიანი მოსარჩელეც ვალდებულია იზრუნოს შვილებზე.

16.7 კასატორის განმარტებით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მხარეთა შორის მორიგება დამტკიცდა, რომლის თანახმად, მას უფლება აქვს შვილები ყოველი თვის ბოლოს 3 დღე, ხოლო, არდადეგებზე ყოველთვე ორ - ორი კვირა წაიყვანოს, თუმცა, კასატორის განმარტებით, ხელფასის ოდენობის, საკრედიტო ვალდებულებებისა და დაკისრებული ალიმენტის გათვალისწინებით, მორალურ ურთიერთობებს, რაც მშობელს უნდა ჰქონდეს შვილებთან, ვერ შეძლებს.

17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 4 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

20. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლებთან ერთ ოჯახად ცხოვრების პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 27.2 მუხლი განსაზღვრავს, რომ მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

25. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას. საკასაციო სასამართლო საქმის გარემოებებიდან და მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის, ალიმენტის სახით, მისი არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ყოველთვიურად, თითოეულისათვის 150 ლარის დაკისრებას გონივრულად და სამართლიანად მიიჩნევს. საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს (იხ. ამ განჩინების) 15.2-5-15.19 ქვეპუნქტები).

26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარის პრეტენზია, მის საკრედიტო ვალდებულებებთან დაკავშირებით, როგორც დროებითი მოვლენა, ალიმენტის შემცირების საფუძველს არ წარმოადგენს (სუსგ -04.03.2011 წ. საქმე №ას-1356-1194-2010).

27. საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის იმ პრეტენზიასაც, რომლის თანახმად, კასატორი მშობლების ერთადერთი მარჩენალია და აღნიშნული ალიმენტის შემცირების საფუძველს წარმოადგენს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მშობლების სრულად კასატორის კმაყოფაზე ყოფნა არ დასტურდება, მით უფრო, როცა ისინი საპენსიო უზრუნველყოფით სარგებლობენ. ამასთან, მოპასუხის (კასატორის) დედის საკუთრებაშია სამი სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, რაც მისი გამოყენების შემთხვევაში შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

28. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ორივე მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების უპირატესი, საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მაშინ როდესაც, საქმეში არ არის წარდგენილი მტკიცებულება, რაც მოსარჩელის დასაქმებისა და მატერიალური შემოსავლის მიღებას დაადასტურებდა, შვილების ცხოვრებისათვის ნორმალური პირობების უზრუნველსაყოფად, ალიმენტის ჯამში 450 ლარის სამი ბავშვის სასარგებლოდ, ყოველთვიურად, მოპასუხისათვის დაკისრება ადეკვატური და სამართლიანია (შდრ. სუსგ ას-42-38-2017, 10.07.17 წ.).

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რათა ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, იქ, სადაც საქმე ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებებს, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ელსჰოლცი გერმანიის წინააღმდეგ – Elsholz v. Germany, № 25735/94, 31.07.2000, პარ. 52 და TK და KM გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ - TK and KM v. UK, № 28945/95, 10.05.2001, პარ.72)“ სუსგ №ას-967-916-2015, 15.12.2015წ;სუსგ ას-1141-1061-2017 17.10.2017წ.).

30. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.უ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. გ.უ–ას (პ/ნ .....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დ.ს–ძის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის (საგადასახადო დავალება N1, გადახდის თარიღი 2019 წლის 21 იანვარი), 70% – 105 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე