Facebook Twitter

საქმე №ას-1871-2018 22 თებერვალი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ.ა–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს.კ.ჯ.ჰ–ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ა–ძე (შემდეგში: მოპასუხე, მძღოლი, აპელანტი, კასატორი), რომელიც მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით ,,MFC - ...“, 2017 წლის 17 მარტს, გადავიდა საპირისპორო ზოლში და შეეჯახა ავტომანქანა ,,კიას“ სახელმწოფო ნომრით ,,BB ....“ (იხ. საჯარიმო ქვითარი ტ.1, ს.ფ. 16).

2. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდეგში: ასკ) 125.10-ე მუხლის საფუძველზე (მანევრირების წესების დარღვევა), მძღოლი ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად (იხ. საჯარიმო ქვითარი ტ.1, ს.ფ. 16).

3. დაზიანებული ავტომანქანა დაზღვეული იყო სს ,,ს.კ.ჯ.ჰ–ში“ (შემდეგში: მოსარჩელე, მზღვეველი, სადაზღვევო კომპანია), ხოლო დაზღვეული ავტომანქანის მესაკუთრე და მზღვეველი შპს ,,დ.ჯ–ა“ (შემდეგში: დაზღვეული ავტომანქანის მესაკუთრე ან დამზღვევი; იხ. დაზღვევის პოლისი, ტ.1, ს.ფ. 17).

4. დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენითი ღირებულება განისაზღვრა 14805.05 ლარით (იხ. ტ.1, ს.ფ. 19-20).

5. მოსარჩელემ დამზღვევს, ფრანშიზისა და გასაქვითი თანხის გამოკლებით, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანი - 12238.53 ლარი აუნაზღაურა (იხ. ტ.1, ს.ფ. 21).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1. მოსარჩელემ 2017 წლის 16 აგვისტოს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა და მოპასუხისათვის 12238.53 ლარის დაკისრება მის სასარგებლოდ რეგრესის წესით მოითხოვა.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1. მოპასუხეს მის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია.

8. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სადაზღვევო კომპანიის სარჩელი დაკმაყოფილდა და, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ, მოპასუხეს 12238.53 ლარის გადახდა დაეკისრა.

8.2 საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სარჩელი თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს და 2017 წლის 18 სექტემბერს მოპასუხის მეუღლეს - მ.ა–ძეს ჩაჰბარდა (ტ. 1, ს.ფ. 32).

8.3. მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ 10-დღიან ვადაში არც შესაგებელი წარუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

8.4. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 832-ე, 992-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 59-ე, 60-ე, 184-ე, 201-ე, 2321-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, ხოლო სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.

9. საჩივრის საფუძვლები

9.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მაისს საჩივრით მიმართა მოპასუხემ, ამავე სასამართლოს 2018 წლის 1 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმისწარმოების განახლების მოთხოვნით.

9.2. საჩივრის ავტორის განმარტებით, მან შესაგებელი მხოლოდ ერთი დღის დაგვიანებით წარადგინა სასამართლოში. მის მეუღლეს სარჩელი და თანდართული მასალები 2017 წლის 18 სექტემბერს ჩაჰბარდა. მოპასუხემ შესაგებელი 2017 წლის 29 სექტემბერს ფაქტობრივად რამდენიმე საათის დაგვიანებით წარადგინა სასამართლოში, საჩივრის ავტორისათვის გზავნილის პირადად ჩაუბარებლობის გამო. ამასთან, სასამართლოს უფლება ჰქონდა და შეეძლო, შესაგებლის შეტანისთვის დანიშნული ვადა გაეგრძელებინა.

10. საქალაქო სასამართლოს განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

10.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

10.2. საქალაქო სასამართლომ, სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით, არ გაიზიარა საჩივრის ავტორის პოზიცია, რომლის თანახმადაც, მას სასამართლო გზავნილი პირადად არ ჩაჰბარებია, რის გამოც შესაგებლის წარდგენა ერთი დღით დააგვიანა.

10.3 სასამართლოს შეფასებით, მოპასუხემ ვერ მიუთითა შესაგებლის წარუდგენლობის ისეთ საპატიო მიზეზზე, რომლის შესახებაც არ შეეძლო, თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.

11. სააპელაციო საჩივარი

11.1. მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 7 ივნისის განჩინება, მისი გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა აპელანტის (მოპასუხის) სააპელაციო საჩივარი, საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება უცვლელად დარჩა.

12.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

12.3 სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოპასუხემ შესაგებელი 2017 წლის 29 სექტემბერს, ერთი დღის დაგვიანებით წარადგინა სასამართლოში, თუმცა მისი წარდგენისათვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული და უკვე გასული ვადის აღდგენა არ მოუთხოვია.

12.4 სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 64-ე, 65-ე, 215.3-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ საპროცესო ვადა გაგრძელდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ჯერ არ გასულა, ხოლო ვადა აღდგება, თუ უკვე გავიდა და სსსკ-ის 215.3 მუხლში მითითებული გარემოებები გამოიკვეთება.

12.5 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საპროცესო ვადის გაგრძელებისაგან განსხვავებით, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, გააგრძელოს ეს ვადა თავისი ინიციატივით, ვადის აღდგენაზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად მხარემ წარადგინა განცხადება, რაც მოპასუხეს არ განუხორციელებია. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომლის თანახმად, სასამართლოს საკუთარი ინიციატივით უნდა ემსჯელა გასული ვადის აღდგენაზე.

12.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ შესაგებელი წარადგინა სასამართლოს მიერ დადგენილი 10-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო მოთხოვნა ვადის აღდგენის თაობაზე არ წარუდგენია, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც შესაგებლის წარუდგენლობის მოტივით გამოტანილ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე, საპროცესო ნორმების მოთხოვნებს შეესაბამება.

12.7 სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომლის თანახმად, გზავნილი პირადად არ ჩაჰბარდა და, შესაბამისად, შესაგებლის ვადაში წარუდგენლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული.

12.8 სააპელაციო სასამართლომ, სსსკ-ის 74-ე მუხლის პირველ ნაწილზე მიუთითა და განმარტა, რომ სასამართლოს გზავნილი მოპასუხის მეუღლეს მოპასუხისავე საცხოვრებელ მისამართზე ჩაჰბარდა, რაც სრულად შეესაბამება საპროცესო ნორმების მოთხოვნებსა და სსსკ-ის 233.3 მუხლით გათვალისწინებული გარემოების არსებობას გამორიცხავს.

13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მისი და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება მოითხოვა.

13.2. კასატორის განმარტებით, პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლებასთან ერთად (სსკ-ის მე-2 მუხლი) იგულისხმება სასამართლოს ვალდებულება, დასაბუთებულად დააკმაყოფილოს ან უარი უთხრას მის მოთხოვნას. სსსკ-ის 249-ე მუხლი იმპერატიულად ადგენს ფაქტობრივად და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის ვალდებულებას.

13.3 კასატორის მტკიცებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არის პროცესუალური ფორმა, რომლის გამოტანა მხოლოდ იმ შემთხვევაშია მიზანშეწოლილი, როდესაც მხარე თავისი მოქმედებით ან უმოქმედობით საპროცესო თანამშრომლობაზე უარს აცხადებს, ანუ, როდესაც მას აქვს შესაძლებლობა, წარადგინოს შესაგებელი და არ აქვს ამისი ნება. კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაგებელი 2017 წლის 29 სექტემბერს წარადგინა.

13.4 კასატორის განმარტებით, სსსკ-ის 64-ე მუხლი სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელებას ითვალისწინებს. განსხვავებით კანონისმიერი ვადისა, ამ შემთხვევაში შესაგებლის შეტანისათვის დანიშნული ვადა სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადაა და მისი გაგრძელება დაიშვება, მით უფრო, როდესაც შესაგებელი ფაქტობრივად რამდენიმე საათის დაგვიანებით არის წარდგენილი სასამართლოში. კანონმდებელმა ვადის გაგრძელებით პირის უფლება დაიცვა, სამართლიანი სასამართლოს უფლებით ისარგებლოს.

13.5 კასატორის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეს პირადად არ ჩაჰბარებია სასამართლო გზავნილი, რამაც ყოველივე ეს გამოიწვია.

13.6 კასატორის განმარტებით, იგი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია. ამასთან, მისთვის უცნობი იყო შესაგებლის წარდგენის 10-დღიანი ვადის შესახებ.

13.7 კასატორის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სამართლიანობის პრინციპით უნდა იხელმძღვანელა, როდესაც დაუშვებელია სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის 1 დღით დაგვიანების გამო, მას სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვას, მით უფრო, როდესაც სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შესაგებლის წარდგენიდან 6 თვის შემდეგ მიიღო.

13.8 კასატორის განმარტებით, სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება გამოაქვს იმ შემთხვევაში, როდესაც დარწმუნდება, რომ მხარეს იურიდიული ინტერესი დავის მიმართ არ გააჩნია, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაშია მიღებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 17 დეკემბრის განჩინებით სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 2321-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია:

20.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მეუღლეს სადაზღვევო კომპანიის სარჩელი სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაჰბარდა, რასაც თავად კასატორიც ადასტურებს და სადავოდ არ ხდის. მას შესაგებლის წარსადგენად 10-დღიანი ვადა განესაზღვრა, თუმცა, მოპასუხეს ამ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, აღნიშნულს თავადაც ადასტურებს და განმარტავს, რომ შესაგებლის წარუდგენლობა პროცესუალური საკითხების უცოდინრობამ და იმ ფაქტობრივმა გარემოებამ განაპირობა, რომ სასამართლო გზავნილი პირადად არ ჩაჰბარებია.

20.2. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია, თუ რამდენად მართებულად შეაფასა სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საპროცესოსამართლებრივი წინაპირობები და არსებობდა თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების სსსკ-ით გათვალისწინებული საფუძვლები.

20.3.საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ მასზე დაკისრებული საპროცესო ვალდებულება - შესაგებლის ვადაში წარდგენა - დაარღვია, ამასთან, იგი საამისო საპატიო მიზეზს ვერ ასაბუთებს. ის გარემოება, რომ მოპასუხისათვის უცნობი იყო შესაგებლის წარდგენის 10-დღიანი ვადის შესახებ, შესაგებლის წარუდგენლობით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგებს ვერ შეუმსუბუქებს მხარეს, რადგან საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესები ყველასათვის საერთოა. ამასთან, სასამართლომ მოპასუხეს განუმარტა სარჩელის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შესაგებლის წარდგენის სავალდებულობის შესახებ და ისიც აცნობა, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვებოდა ამ ვადაში შესაგებლის წარუდგენლობას. კასატორის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ მისთვის საკანონმდებლო მოწესრიგება უცნობი იყო, მაშინ შეიძლებოდა მსჯელობის საგანი გამხდარიყო, თუკი სასამართლო თავის ვალდებულებას დაარღვევდა და მხარეს სათანადოდ არ გააფრთხილებდა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

20.4 კასატორი განმარტავს, რომ შესაგებლის ვადაში წარუდგენლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ სასამართლო გზავნილი პირადად არ ჩაჰბარებია, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან, სსსკ-ის 74-ე მუხლი განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებიც უფლებამოსილნი არიან, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში, ჩაიბარონ შეტყობინება. ეს პირები არიან მხარესთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრებიც, რომელთათვის უწყების ჩაბარება, ადრესატისათვის უწყების ჩაბარებად ითვლება. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო გზავნილი მოპასუხის მეუღლეს 2017 წლის 18 სექტემბერს, მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე ჩაჰბარდა. ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კასატორის პრეტენზია, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

20.5 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ამ ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი მოქმედების შესრულების უფლებას.

20.6 საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმადაც, სასამართლოს სსსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად თავისი ინიციატივით შესაგებლის წარდგენის ვადა უნდა გაეგრძელებინა და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, როდესაც მოპასუხემ შესაგებლის წარდგენის ვადა დაარღვია, მას შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის მხოლოდ ვადის აღდგენის მოთხოვნით, რომელზეც სასამართლო სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით იმსჯელებდა, ამასთან, სასამართლო მსჯელობს საპროცესო ვადის აღდგენაზე, როცა თავად მხარე აღნიშნულს მოითხოვს, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება.

20.7 საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 2321 მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუდგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთანავე, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

21.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ა–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე