Facebook Twitter

საქმე №ას-1930-2018 17 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჩ–ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონში გაიმარჯვა თ.ჯ–მა (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე), რის საფუძველზეც, ამ უკანასკნელს, 5 წლის იჯარის უფლებით, სარგებლობაში გადაეცა ქ. თბილისში, ..... მიმდებარედ 6 კვ.მ მიწის ნაკვეთი /ს/კ ...../ (იხ. გადაწყვეტილება, ტ. 1, ს.ფ. 17-18).

2. წლიური საიჯარო ქირა 1100 ლარით განისაზღვრა, რომლიც ექვს თვეში ერთხელ, საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე უნდა გადახდილიყო (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-21).

3. მხარეთა შორის არსებული პირობების თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გაცნობიდან 20 კალენდარული დღის ვადაში ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილება და სარგებლობის პირობები შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში დაერეგისტრირებინა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-21).

4. ხელშეკრულების თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევისათვის, ქონების მიმღებს დარღვევიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ეკისრება პირგასამტეხლო საიჯარო ქირის 0.1%-ის, მაგრამ არანაკლებ 1 ლარისა, ხოლო სხვა ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში - პირგასამტეხლოს - 100 ლარის გადახდა (იხ. ტ. 1, ს.ფ. 19-21).

5. მოპასუხემ საიჯარო ქირის პირველი 4 თვის ქირა ვადის დარღვევით გადაიხადა, ხოლო შემდეგ, 2014 წლის 4 დეკემბრიდან 2017 წლის 4 ივნისამდე, აღარ გადაუხდია. ამასთან, მოპასუხეს წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ვალდებულებაც არ შეუსრულებია (იხ. ტ. 1, ს.ფ. 234).

6. სარჩელის საფუძვლები

6.1 მოსარჩელემ, 2017 წლის 17 ნოემბერს, სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და, მოითხოვა, ამ უკანასკნელს, მოსარჩელის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის - 2800 ლარისა და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, პირგასამტელოს, 2013 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 21 მარტამდე 1764.60 ლარის, ხოლო 2018 წლის 22 მარტიდან საიჯარო ქირის სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის (1100 ლარის) – 0.1% დაჰკისრებოდა (იხ. სასარჩელო მოთხოვნა, ტ.1, ს.ფ.149).

6.2 მოსარჩელემ მოთხოვნა წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს დააფუძნა.

7. მოპასუხის შესაგებელი

7.1 მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოსა და სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე მიუთითა.

8. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

8.1.1მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, საიჯარო ქირის - 2800 ლარისა და პირგასამტეხლოს, 200 ლარის, გადახდა დაეკისრა;

8.1.2 სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა (პირგასამტეხლოს 1564.60 ლარისა და 2018 წლის 22 მარტიდან, საიჯარო ქირის სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის (1100 ლარის) – 0.1%-ის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე).

8.2 საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 128-ე-130-ე, 317-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 581-ე მუხლებით;

8.3 საქალაქო სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლზე მიუთითა და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 200 ლარამდე შეამცირა, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით - განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 4 დეკემბრიდან, 2017 წლის 4 ივნისამდე წარმოშობილ დავალიანებას შეეხებოდა, რაც სარჩელის წარდგენის თარიღის (17.11.2017წ.) გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობას გამორიცხავდა.

9. სააპელაციო საჩივარი

9.1 მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

10.1.1 საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 მაისის გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით (შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ის პუნქტები, რომლითაც მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 200 ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, იხ. წინამდებარე განჩინების 8.1.2 ქვეპუნქტი) მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

10.1.2 მოსარჩელის სარჩელი მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

10.1.3 მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2018 წლის 21 მარტამდე პერიოდისათვის, პირგასამტეხლოს - 200 ლარის, ხოლო 2018 წლის 22 მარტიდან აღსრულებამდე, ყოველდღიურად - 0.55 ლარის გადახდა დაეკისრა.

10.1.4 მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უფლების რეგისტრაციის ვალდებულების დარღვევისათვის 50 ლარის გადახდა დაეკისრა.

10.2 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოა, რომ მოპასუხემ საიჯარო ქირის პირველი 4 თვის ქირა ვადის დარღვევით გადაიხადა, ხოლო 2014 წლის 4 დეკემბრიდან იმავე წლის 4 ივნისამდე აღარ გადაუხდია. ამასთან, ამ უკანასკნელმა, არც წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ვალდებულება შეასრულა.

10.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მოპასუხისათვის საიჯარო ქირის დაკისრების ნაწილში არ გასაჩივრებულა და ამ ნაწილში გადაწყვეტილება შესული იყო კანონიერ ძალაში.

10.4 სააპელაციო სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითა (იხ. წინამდებარე განჩინების მე-5 პუნქტი) და განმარტა, რომ მოპასუხეს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევისთვის 2013 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 21 მარტამდე პირგასამტეხლო - 1964.60 ლარი დაერიცხა. ამასთან, უდავოა, რომ მოპასუხემ პირგასამტეხლოს დავალიანების ნაწილი - 200 ლარი გადაიხადა, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2013 წლის დეკემბრიდან 2018 წლის 21 მარტამდე დარიცხული პირგასამტეხლოს - 1764.60 ლარს, დავალიანების სახით, ედავება მოსარჩელე მოპასუხეს.

10.5 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა საქმის გარემოებებზე, კერძოდ, ყურადღება გაამახვილა საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულების დარღვევის ხარისხზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობაზე, უკვე გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობაზე, სასამართლოში სარჩელის აღძვრის პერიოდზე, შესრულების ღირებულებაზე, ვალდებულების შესრულების/შეუსრულებლობასთან მიმართებით, კრედიტორის ეკონომიკურ ინტერესზე და, ორივე მხარის ინტერესების თანაზომიერად დაცვის პრინციპიდან გამომდინარე, დაასკვნა, რომ 2018 წლის 21 მარტამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა სარჩელით მოთხოვნილი 1764,60 ლარიდან 200 ლარამდე უნდა შემცირებულიყო და, საბოლოოდ, 21.03.2018 წლამდე დარიცხული პირგასამტეხლო 200 ლარით განსაზღვრულიყო.

10.6 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს მიზანი დარღვეული უფლების შეძლებისდაგვარად აღდგენა და არა კრედიტორის გამდიდრებაა, საბოლოოდ კი - ვალდებულების დროულად შესრულების პროვოცირებაა. სასამართლოს განმარტებით, იმ პირობებში, როდესაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადასტურებული იყო ძირითადი ვალდებულების სახით დავალიანების არსებობა და მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება, საიჯარო ქირის გადახდამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის პირგასამტეხლოს, წლიური საიჯარო ქირის 0,1 %-ის დარიცხვაზე, 2018 წლის 22 მარტიდან, ძირითადი ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაჰკისრებოდა, თუმცა არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული, არამედ განახევრებული - წლიური საიჯარო ქირის 0,05 %-ით.

10.7 სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, უფლების რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობის ნახევრის - 50 ლარის გადახდა.

11. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

11.1 მოსარჩელემ (კასატორმა) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 ოქტომბრის გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

11.2 კასატორი უთითებს სსკ-ის 319-ე, 416-ე-418-ე, 581.1-ე მუხლებზე და განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს განსაზღვრა დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა განსაზღვრეს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ვალდებულების დამრღვევს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ქირის 0.1% დაეკისრებოდა.

11.3 კასატორის განმარტებით, მოპასუხისათვის ცნობილი იყო ხელშეკრულების შეუსრულებლობის გამო განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა. ამასთან, როდესაც მხარე გარიგების დადების თაობაზე ნებას ავლენს, ის აცნობიერებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ან შეუსრულებლობის ყველა შესაძლო შედეგს.

11.4 კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლო არის ერთგვარი გარანტია კრედიტორისთვის, რათა მოვალემ სახელშეკრულებო პირობები კეთილსინდისიერად შეასრულოს.

11.5 კასატორი უთითებს სსკ-ის 420-ე მუხლზეც და განმარტავს, რომ, მართალია, სასამართლოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება აქვს, საქმის კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შეამციროს, თუმცა ზემოაღნიშნული ნორმა ითვალისწინებს არა ნებისმიერი რაოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმდენის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია.

11.6 კასატორის მტკიცებით, სასამართლომ სსკ-ის 420-ე მუხლის გამოყენებისას უნდა განმარტოს და დაასაბუთოს, რატომ მიიჩნევს პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეამციროს გონივრული თანხით, რომელიც უნდა დასაბუთდეს სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით.

11.7 კასატორის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა, რატომ ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და რა დაუდო საფუძვლად მის შემცირებას.

12. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

12.1 საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2019 წლის 4 მარტის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები # ას-708-662-107, 11.01.2017წ; #ას-506-480-2015, 29.07.2016წ.).

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზია პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერებას შეეხება.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ №ას-428-428-2018, 13 ივლისი, 2018 წელი).

21. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ - (იხ. სუსგ # ას-816-767-2015, 19.11.2015წ.).

22. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ საიჯარო ქირის პირველი 4 თვის ქირა ვადის დარღვევით გადაიხადა, ხოლო შემდეგი თვეების ქირა, 2014 წლის 4 დეკემბრიდან 2017 წლის 4 ივნისამდე არ გადაუხდია. ამასთან, დადგენილია წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტში მითითებული ვალდებულების შეუსრულებლობა და მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი საიჯარო ქირის ოდენობა (2800 ლარი).

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის გათვალისწინებით, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. მართალია, აღნიშნული საკანონმდებლო დათქმა არ გულისხმობს სასამართლოს მიერ უპირობოდ, ყველა შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლოს შემცირებას, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში დარღვეული ვალდებულების გათვალისწინებით, ასევე, შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით, საკასაციო სასამართლოს მოპასუხისათვის 1764.60 ლარისა და 2018 წლის 22 მარტიდან საიჯარო ქირის სრულ დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის (1100 ლარის) – 0.1%-ის დაკისრება, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიაჩნია. ამასთან, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ დაასაბუთა, თუ რატომ მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებულ განჩინებაში, პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობასთან დაკავშირებით, ამომწურავად იმსჯელა (იხ. წინამდებარე განჩინების 10.7-10.11 ქვეპუნქტები).

24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგულიხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ, არაერთ სამოქალაქო დავაზე განმარტა საკასაციო სასმაართლომ: „მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ. (იხ.,სუსგ-ები: Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი) “.

25. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, სსსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

26. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს შემცირების მიზანშეუწონლობის ნაწილში არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, შესაბამისად, ქვემდგომმა ინსტანციის სასამართლომ მართებულად იმსჯელა პირგასამტეხლოს შემცირებაზე სსკ-ის 420-ე მუხლით - სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო - მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო კასატორის (კომპანიის) საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელი, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე