საქმე №ას-1956-2018 24 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.მ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.მ–ი (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე), რომელიც მართავდა კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, სახელმწიფო ნომრით ,,…..“, 2016 წლის 18 მარტს, დაბა …. ხევში გადავარდა, რის შედეგადაც ავტოსატრანსპორტო საშუალება დაზიანდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 14-15).
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112-ის“ (შემდეგში: მოპასუხე, სსიპ ან ადმინისტრაციული ორგანო, საჩივრის ავტორი, აპელანტი, კასატორი) სამაშველო სამსახურის მიერ მანქანის ხევიდან ამოტანის დროს გვარლი (ტროსი) გაწყდა და ავტომანქანა ისევ ხევში ჩავარდა (იხ. ტ.1, ს.ფ. 208).
3. დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღდგენითი ღირებულება განისაზღვრა 12 500 ლარით (იხ. ტ.1, ს.ფ. 208).
4. დაზიანებული ავტომანქანა დაზღვეული იყო (იხ. დაზღვევის პოლისი, ტ.1, ს.ფ. 67).
5. სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს, სადაზღვევო შემთხვევით გამოწვეული ზიანის ნახევარი აუნაზღაურა (იხ. ტ.1, ს.ფ. 69-70).
6. სარჩელის საფუძვლები
6.1 მოსარჩელემ 2017 წლის 31 იანვარს სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა მიყენებული ზიანის - 6250 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება;
6.2 მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილის ტრანსპორტირებისა და მისი ჩატვირთვის, გადაზიდვის დროს მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება, რის საფუძველზეც სადაზღვევო კომპანიამ მოსარჩელეს მხოლოდ ზიანის ნახევარი გადაუხადა.
6.3 მოსარჩელის მტკიცებით, ზიანის მეორე ნახევარი მოპასუხეს უნდა დაეკისროს.
7. მოპასუხის შესაგებელი
7.1 მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, თუმცა, მათი ბრალეულობით მიყენებული ზიანი დაადასტურა.
7.2 მოპასუხემ ზიანის ანაზღაურებაზე უარი განაცხადა მისი ოდენობის განსაზღვრის შეუძლებლობის გამო.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დასკვნები
8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით, სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო, მოსარჩელის სარჩელი დაკმაყოფილდა:
8.1.1 მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 6250 ლარის გადახდა დაეკისრა.
8.2 საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხე სასამართლო სხდომაზე მიწვეული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
8.3 სასამართლომ, სსსკ-ის 230-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა და დაასკვნა, რომ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე, 317-ე, 992-ე მუხლების თანახმად, აღნიშნული გარემოებები მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიულად ამართლებდა.
8.4 იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო, სასამართლომ მოსარჩელის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სარჩელი დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა.
9. მოპასუხის საჩივარი
9.1 მოპასუხის წარმომადგენელმა 2018 წლის 26 აპრილს საჩივარი წარადგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განხილვის განახლების მოთხოვნით.
9.2 საჩივრის ავტორის მითითებით, სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული, კერძოდ, მოპასუხის წარმომადგენელი თეონა ბარაბაძე (შემდეგში: ყოფილი წარმომადგენელი) 2018 წლის 9 მარტიდან სსიპ-ის ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტის თანამდებობიდან გათავისუფლდა, აღნიშნული პროცესის ზუსტი დროის შესახებ ინფორმაცია კი, ადმინისტრაციული ორგანის სხვა თანამშრომლებს არ მოეპოვებოდათ, ვინაიდან, მათ სასამართლო უწყება, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შესახებ არ ჩაჰბარებიათ.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება და საფუძვლები
10.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ივნისის განჩინებით, მოპასუხის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა იმავე სასამართლოს 2018 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
10.2 საქალაქო სასამართლომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე მითითებით ,,საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“ განმარტა, რომ მოპასუხე 2018 წლის 16 აპრილის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა, მისი გამოუცხადებლობის მიზეზები სასამართლოსთვის უცნობი იყო. ამასთან, საპატიო მიზეზის არსებობა საჩივრის განხილვის დროს ვერ დადასტურდა.
11. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
11.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 16 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2018 წლის 13 ივნისის განჩინება, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ მათი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნით, რომლითაც მოსარჩელის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
12.1 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით, ადმინისტრაციული ორგანოს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება/განჩინება უცვლელად დარჩა.
12.2 სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება (სსსკ-ის 390.3-ე მუხლი).
12.3 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოპასუხეს სასამართლო უწყება 2018 წლის 16 აპრილის სხდომის შესახებ, სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, პირადად ჩაჰბარდა, ასევე, მხარეებს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ ეცნობათ (იხ. ტ.1, ს.ფ. 117).
12.4 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-6 მუხლზე და ყურადღება გაამახვილა 2018 წლის 7 მარტს გამართულ სხდომაზე, როდესაც მხარეებს სხდომის გადადების შესახებ ეცნობათ. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ იმ დროს მოპასუხის ყოფილი წარმომადგენელი სსიპ-ის თანამშრომელი იყო და მას ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელების უფლება ჰქონდა.
12.5 სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საჯარო დაწესებულებები ვალდებული არიან, განუხრელად დაიცვან საჯარო წესრიგი, თვითნებურ ქმედებებს ხელი არ შეუწყონ და კანონდარღვევა არ წააქეზონ. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, აპელანტის მითითება, რომ ყოფილმა წარმომადგენელმა, რომელიც მოგვიანებით დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა, სასამართლო სხდომის გამართვის შესახებ შესაბამის სამსახურს ინფორმაცია არ მიაწოდა, ვერ იქნება მოქცეული სსსკ-ის 215-ე მუხლით განმტკიცებულ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებათა სივრცეში.
12.6 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საჯარო დაწესებულებას ეკისრება უფლებათა იმგვარი დელეგირება, რომ საჯარო დაწესებულების მუშაობასა და საჯარო წესრიგის დაცვას საფრთხე არ შეექმნას.
12.7 სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სსსკ-ის 230-ე მუხლზე და სარჩელში მითითებული გარემოებები, დადგენილად მიიჩნია.
13. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
13.1 მოპასუხემ საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 22 ოქტომბრის განჩინება, მისი გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილება, შესაბამისად, სარჩელის უარყოფა მოითხოვა.
13.2 კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი, რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლებას უზრუნველყოფს.
13.3 კასატორი დავობს, რატომ სააპელაციო სასამართლომ არ მისცა შესაძლებლობა მხარეს, საკუთარი ინტერესები სრულყოფილად დაეცვა, მით უფრო, როცა მას დავის მიმართ ინტერესი გააჩნდა.
13.4 კასატორი უთითებს წინამდებარე განჩინების 9.2 ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებაზე და განმარტავს, რომ მხოლოდ ყოფილი წარმომადგენელი ფლობდა ჩანიშნული სასამართლო სხდომის დროის შესახებ ზუსტ ინფორმაციას.
13.5 კასატორის განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველია სასამართლოს პრეზუმფცია, რომ მხარემ საქმისადმი ინტერესი დაკარგა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ ვლინდება.
13.6 კასატორი უთითებს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (საქმე Nას-224-213-2010, 31.05.2010წ.) და განმარტავს, რომ სასამართლოში მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობას კანონმდებელი უკავშირებს მის მიერ საქმის განხილვისადმი ინტერესის დაკარგვის ვარაუდს, რომლის შედეგი მოწინააღმდეგე მხარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაა.
13.7 კასატორი უთითებს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლზე და განმარტავს, რომ ყოფილი წარმომადგენლის შეცდომამ ადმინისტრაციული ორგანოს სამართლიანი სასამართლოს უფლება არ უნდა ხელყოს.
13.8 კასატორის განმარტებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებებითა და წარდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ზიანის - 6250 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოპასუხის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
15. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
17. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
18. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის განმაპირობებელია.
21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია მოპასუხის (მისი წარმომადგენლის) სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის ფაქტი და ის, რომ მას სხდომაზე შესაძლო გამოუცხადებლობის მიზეზი სასამართლოსათვის წინასწარ არ უცნობებია. აღნიშნული, თავის მხრივ, სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი გახდა.
22. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კასატორის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ვერ ადასტურებდა მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზებს.
23. საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 241-ე მუხლზე და 215-ე მუხლის მესამე ნაწილზე მითითებით ,,დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის (241 მუხლი)“; ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობასა და განცხადების წარდგენას... (215.3 მუხლი), განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლებით კანონმდებელი განსაზღვრავს გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება.
24. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სსსკ-ის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული „საპატიო მიზეზი“ იმგვარად განიმარტება, რომ მხარეს საპროცესო მოქმედების შესრულება საპატიოდ ჩაეთვალოს, როდესაც მის მიერ წარდგენილი მტკიცებულება ადასტურებს მისგან დამოუკიდებელი ფაქტორების ზემოქმედებით სადავო საპროცესო მოქმედების შესრულების ობიექტური ხელშეშლით გამოწვეულ შეუძლებლობას. ამავე კონტექსტში მნიშვნელოვანია, რომ ყოველი კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგებისას, სასამართლომ გამოიკვლიოს და დაადგინოს დავის ფაქტობრივი გარემოებები, რაც, ცხადია, თითოეულ შემთხვევაში განსხვავებულია. სასამართლოს მიერ დადგენილი სამართლებრივი შედეგიც გამომდინარეობს კონკრეტული გარემოებების შეფასებიდან.
25. საკასაციო სასამართლო საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მიუთითებს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს სხდომაზე კასატორის წარმომადგენლის გამოუცხადებლობის ობიექტური მიზეზი არ არსებობს. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოფილი წარმომადგენლის მიერ სსიპ-ის სხვა უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის სასამართლო სხდომის თარიღის შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობა, გამოუცხადებლობის საპატიო, ობიექტურ მიზეზად ვერ მიიჩნევა, ვინაიდან აღნიშნული, სსსკ-ის 215-ე მუხლით განსაზღვრულ წინაპირობას არ აკმაყოფილებს. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, მინდობილობა გაფორმებულია ადმინისტრაციული ორგანოს სამ თანამშრომელზე, რომლებიც ვალდებული იყვნენ ერთობლივად ან ცალ-ცალკე მოპასუხის ინტერესები დაეცვათ. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ყოფილი წარმომადგენლის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, დანარჩენ ორ წარმომადგენელს შეეძლო, მათ მიმართ გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ტ.1, ს.ფ. 110), საქმისწარმოებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოეკითხათ ყოფილ წარმომადგენელთან ან სასამართლოში, რაც ადმინისტრაციულ ორგანოს, მის წანააღმდეგ დამდგარ შედეგს აარიდებდა. ასევე, გასაზიარებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა და დასკვნა, რაც წინამდებარე განჩინების 12.6 ქვეპუნქტშია ასახული.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით აღიარებულია უფლების სასამართლო წესით დაცვის საყოველთაო პრინციპი, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური და ექვემდებარება შეზღუდვას. თავის მხრივ, შეზღუდვა ლეგიტიმურია, თუ იგი კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ საფუძველს ემყარება. ამგვარ საფუძველს წარმოადგენს სსსკ, რომლის 230 მუხლის თანახმად, ,,თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება; თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე“.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი იურიდიულად გამართლებული იყო (სსკ-ის 316-317-ე, 992-ე, 408.1-ე, 409-ე მუხლები), ამასთან, კასატორს სარჩელის იურიდიულ გამართულობასთან დაკავშირებით დასაბუთებული პრეტენზია არ წარუდგენია.
28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას. ის ემსახურება საპროცესო დისციპლინის განმტკიცებას და პროცესის გამარტივებას. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია“ (იხ. სუსგ ას-1108-1065-2016, 18.04.2017წ.).
29. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ შეძლო სარწმუნო და სამართლებრივად დამაჯერებელი შედავება წარმოედგინა გასაჩივრებული განჩინების გასაბათილებლად, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივარი დაუსაბუთებელი, რაც მისი არსებითად განხილვისათვის დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. შესაბამისად, უარყოფილია საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე