Facebook Twitter

4 ივლისი, 2019 წელი, საქმე №ა-2218-შ-58-2019 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ.ჯ–ი

დაინტერესებული პირი - გ.ფ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის ჰამბურგ-ჰარბურგის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის # 630 F 137/18 გადაწყვეტილება

დავის საგანი – შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის ჰამბურგ-ჰარბურგის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის # 630F 137/18 გადაწყვეტილებით გ.ფ–მა, რომელიც დაბადებულია 1940 წლის 15 სექტემბერს შვილად აიყვანა სრულწლოვანი პირი გ.ჯ–ი, რომელიც დაბადებულია 1992 წლის 17 მაისს (ბიოლოგიური მშობლები: დედა - ი.ფ–ა, მამა - გ.ჯ–ი).

2019 წლის 10 მაისს გ.ჯ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა გერმანიის ჰამბურგ-ჰარბურგის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის # 630F 137/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. მონაწილეებმა დამაჯერებლად განმარტეს, რომ მათ შორის მშობლისა და შვილის ურთიერთობა უკვე წარმოიშვა. სასამართლომ დააკმაყოფილა მხარეთა ერთობლივი განცხადება. გასაშვილებელი პირი არის საქართველოს მოქალაქე. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 24 ივლისს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 17 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად. საქმეში მოიპოვება დაინტერესებული პირის წერილობითი თანხმობა იმის თაობაზე, რომ იგი ინფორმირებულია საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაზე და არაფერი აქვს საწინააღმდეგო ამ საკითხთან დაკავშირებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ გ.ჯ–ის შუამდგომლობა გერმანიის ჰამბურგ-ჰარბურგის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის # 630 F 137/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გერმანიის ჰამბურგ-ჰარბურგის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის # 630F 137/18 გადაწყვეტილებით გ.ფ–მა, რომელიც დაბადებულია 1940 წლის 15 სექტემბერს შვილად აიყვანა გ.ჯ–ი, რომელიც დაბადებულია1992 წლის 17 მაისს.

2019 წლის 10 მაისს გ.ჯ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ითხოვა გერმანიის ჰამბურგ-ჰარბურგის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის # 630F 137/18 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები მონაწილეობდნენ საქმის განხილვაში. მონაწილეებმა დამაჯერებლად განმარტეს, რომ მათ შორის მშობლისა და შვილის ურთიერთობა უკვე წარმოიშვა. სასამართლომ დააკმაყოფილა მხარეთა ერთობლივი განცხადება. გასაშვილებელი პირი არის საქართველოს მოქალაქე. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 24 ივლისს.

საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით კი, დადგენილია, რომ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო, ხოლო ნორმის მე-2 პუნქტით კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შუამდგომლობაში მითითებული გადაწყვეტილება მისი საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარეს უარი ეთქმება მის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან გამოიკვეთა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, კომპეტენტურად არ მიიჩნევა; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ საკითხზეც, რომ შუამდგომლობის საგანს სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა წარმოადგენს, ასევე, უდავოა, რომ შვილად ასაყვანი საქართველოს მოქალაქეა. მსგავსი საკითხის გადაწყვეტის წინაპირობას ადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1239-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, სრულწლოვანი პირის შვილება შესაძლებელია, თუ მშვილებელსა და შვილად ასაყვანს შორის უკვე არსებობდა მშობლისა და შვილის ფაქტობრივი ურთიერთობა, იგი არ ეწინააღმდეგება მშვილებლის ან შვილად ასაყვანის ინტერესებს და შვილება ზნეობრივად გამართლებულია. უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს, დადგენილია, რომ სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა ზნეობრივად გამართლებულია და არ იკვეთება გ.ჯ–ის მოთხოვნის დაკმაყოფილების ხელისშემშლელი რომელიმე საკანონმდებლო დანაწესის არსებობა. ამდენად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებით დადგენილი მართლწესრიგი სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით საკითხის გადაწყვეტისათვის განსაზღვრულ წინაპირობებს.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით დადგენილია გარკვეული შეზღუდვა, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ჰამბურგ-ჰარბურგის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის # 630 F 137/18 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჯ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ჰამბურგ-ჰარბურგის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 11 ივლისის # 630 F 137/18 გადაწყვეტილება, რომლითაც გ.ფ–მა, რომელიც დაბადებულია 1940 წლის 15 სექტემბერს შვილად აიყვანა გ.ჯ–ი, რომელიც დაბადებულია 1992 წლის 17 მაისს.

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი