ბს-250-21-კს-04 30 სექტემბერი, 2004 წ.,
ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: საქმის წარმოების შეწყვეტა.
აღწერილობითი ნაწილი:
იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის შიდა ქართლის სამსახურმა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონულმა სამმართველომ ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად სასარჩელო განცხადებებით მიმართეს ხაშურის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე _ ქ. ხაშურის საკრებულოს მიმართ და მოითხოვეს “ხაშურის ქალაქის საკრებულოს გამგეობის არასაცხოვრებელი ფონდის შექმნის შესახებ” ხაშურის ქალაქის საკრებულოს 28.12.99წ. ¹16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. ხაშურის რაიონული სასამართლოს 20.07.2000წ. განჩინებით სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად.
გორის რაიონული სასამართლოს 12.12.01წ. გადაწყვეტილებით იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის შიდა ქართლის სამსახურის და სახელმწიფო ქონების მართვის ხაშურის რაიონული სამმართველოს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ხაშურის ქალაქის საკრებულოს 28.12.99წ. ¹16 გადაწყვეტილება. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ქ. ხაშურის საკრებულომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოსარჩელეების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.05.03წ. განჩინებით საქმის წარმოება შეწყდა ქ. ხაშურის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლის 26.02.03წ. განცხადებით აპელაციაზე უარის თქმის გამო. ქ. ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ კერძო საჩივარი შეიტანა სააპელაციო პალატის 22.05.03წ. განჩინებაზე. კერძო საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ საკრებულოს უარი არ უთქვამს სააპელაციო საჩივარზე, ქ. ხაშურის გამგეობის მრჩეველს უფლება არ ჰქონდა ემოქმედა საკრებულოს სახელით და უარი ეთქვა სააპელაციო საჩივარზე. ქ. ხაშურის საკრებულოს 04.12.02წ. ¹6 გადაწყვეტილებით მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარეა უფლებამოსილი წარადგინოს საკრებულო სამართალდამცავ ორგანოებში (მათ შორის სასამართლოში) ან ეს უფლებამოსილება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს სხვას. საკრებულოს თავმჯდომარეს არ გადაუცია ქ. ხაშურის გამგეობის მრჩევლისათვის საკრებულოს წარმომადგენლობის უფლებამოსილება, ასეთი უფლებამოსილება მას არც საკრებულოს აქტით ჰქონდა მინიჭებული.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინიტსრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 23.02.04წ. განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სააპელაციო პალატის 22.05.03წ. განჩინება. პალატამ მიუთითა, რომ ს. ფ-ს მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება წარმოედგინა სასამართლოში ქ. ხაშურის საკრებულოს ინტერესები ყველა პროცესუალური მოქმედების განხორციელების, მათ შორის სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქ. ხაშურის გამგებლის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში ს. ფ-ზე ქ.ხაშურის გამგებლის პირველმა მოადგილემ ი. ც-მა 25.11.02წ. გასცა სანოტარო წესით დამოწმებული რწმუნებულება, რომლითაც მარწმუნებელმა რწმუნებულს მიანიჭა უფლებამოსილება დაეცვა მარწმუნებლის (ქ. ხაშურის გამგეობის) ინტერესები თბილისის საოლქო სასამართლოში. რწმუნებულების თანახმად რწმუნებულს მიენიჭა პროცესუალური კანონმდებლობით გათვალისწინებული მხარის ყველა უფლება, მათ შორის უფლება უარი ეთქვა სარჩელზე. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ იუსტიციის სამინისტროს ადგილობრივ ორგანოებთან მუშაობის შიდა ქართლის სამსახურის და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს სარჩელებზე მოპასუხედ დასახელებული იყო ხაშურის ქალაქის საკრებულო და არა გამგეობა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ქ. ხაშურის საკრებულოს მიერ. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ 25.11.02წ. ¹1-1647 რწმუნებულების თანახმად ქ. ხაშურის გამგებლის პირველმა მოადგილემ ი. ც-მა გამგებლის მრჩეველს იურიდიულ საკითხებში ს. ფ-ს მიანიჭა ქ. ხაშურის გამგეობის და არა საკრებულოს ინტერესების დაცვა თბილისის საოლქო სასამართლოში, მაშინ როდესაც დავის საგანს საქმეზე წარმოადგენდა არა ადგილობრივი მმართველობის ორგანოს _ გამგეობის, არამედ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს _ ქ. ხაშურის საკრებულოს 28.12.99წ. ¹16 დადგენილება. “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად საკრებულოს, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც უზრუნველყოფს საკრებულოს და საკრებულოს წევრთა უფლებების დაცვას. მხედველობაშია მისაღები აგრეთვე ის გარემოება, რომ ქ. ხაშურის საკრებულოს 04.12.02წ. ¹6 გადაწყვეტილებით შეტანილი იქნა ცვლილებები საკრებულოს დებულების 27-ე მუხლში, რომლის თანახმად საკრებულოს თავმჯდომარე არის ერთაერთი უფლებამოსილი პირი წარმოადგინოს საკრებულო ან გადასცეს წარმომადგენლობითი უფლებამოსილება კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამდენად, განსახილველ დავაში წარმომადგენლობის უფლებამოსილება უნდა გაცემულიყო მხარის, საქმეში მოპასუხედ ჩართულ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ხელმძღვან.ს _ საკრებულოს თავმჯდომარის და არა გამგებლის მოადგილის მიერ, უკანასკნ.ს უფლებამოსილების ფარგლებს მით უფრო სცილდება განსახილველ სამართალურთიერთობაში გამგებლის მრჩევლის იურიდიულ საკითხებში სსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო უფლებამოსილებით, მათ შორის სარჩელზე უარის თქმის უფლებით, სარჩელის აღიარებით და სხვა უფლებამოსილებებით აღჭურვა, რასაც ფაქტიურად შედეგად მოჰყვა საკრებულოს სადავო გადაწყვეტილების გაუქმება მაშინ, როდესაც გამგეობის კომპეტენციას განეკუთვნება საკრებულოს გადაწყვეტილების აღსრულება და არა მათი რევიზია, ორგანული კანონის 27-ე მუხლის თანახმად გამგებლის მოადგილე ორგანიზაციას უწევს და აკონტროლებს საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ გამგებლის მოადგილის მიერ 25.11.02წ. გაცემული რწმუნებულების საფუძველზე მოქმედი ს. ფ-ის მიერ სარჩელზე უარის თქმით ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს _ ქ. ხაშურის საკრებულოს, როგორც სამართალწარმოების მონაწილეს, აღეკვეთა სსკ-ის მე-2 მუხლით გათვალისწინებული თავისი ინტერესების სასამართლო წესით დაცვის უფლება, რაც წარმოადგენს ყველა სხვა უფლებების განხორციელების აუცილებელ გარანტიას, ლახავს “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების” ორგანული კანონით აღიარებულ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შორის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტის პრინციპს (მე-6 მუხლის “ზ” ქვეპუნქტი). საკასაციო პალატა თვლის, რომ ს. ფ-ი არ იყო უფლებამოსილი წარმოედგინა საოლქო სასამართლოში აპელანტი _ ქ. ხაშურის საკრებულო, უკანასკნელს არ აღუჭურავს ს. ფ-ი მისი ინტერესების დაცვის უფლებამოსილებით, შესაბამისად ს. ფ-ის მიერ შესრულებული პროცესუალური მოქმედება _ ქ. ხაშურის თვითმმართველი ერთეულის სახელით სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა არ იწვევს რაიმე სამართლებრივ შედეგებს, რის გამო არ არსებობდა სსკ-ის 272-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტზე მითითებით საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქ. ხაშურის საკრებულოს კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.05.03წ. განჩინება, რომლითაც შეწყდა საქმის წარმოება და ამავე პალატის 23.02.04წ. განჩინება კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ზ. გ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლის და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.05.03წ. და 23.02.04წ. განჩინებები;
2. საქმე ქ. ხაშურის საკრებულოს სააპელაციო საჩივრის განსახილველად გადაეგზავნოს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.