Facebook Twitter

საქმე №ა-3081-შ-80-2018 5 ივლისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობამ:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.კ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.კ–ძე (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის, ივანო - ფრანკიევსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება N345/3043/16-ц

დავის საგანი – თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. უკრაინის, ივანო - ფრანკიევსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის N345/3043/16-ц გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ნ.ი–ის ასული კ–ძის (შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი გ.დ–ის ძე კ–ძის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანება - 55 000 გრივნა, მატერიალური ზიანი - 23 208 გრივნა და 88 კაპიკი, 6293 გრივნა და 45 კაპიკი (წლიური 3%), 44495 გრივნა და 00 კაპიკი საინფლაციო ხარჯები და 31 684 გრივნა და 26 კაპიკი - ფულადი თანხების გამოყენების პროცენტები. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო მოსაკრებელი 1606,82 გრივნა.

2. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული და უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა. ასევე, დასტურდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო უცხო ქვეყნის სასამართლოში გასამართი სხდომის თარიღის, დროისა და ადგილმდებარეობის თაობაზე, თუმცა მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოში საქმის განხილვაზე არ გამოცხადებულა.

3. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოპასუხემ 2012 წლის 24 ოქტომბერს, სანოტარი წესით დამოწმებული 2010 წლის 27 დეკემბრის მინდობილობის საფუძველზე, რწმუნებულის სახით, მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსოპრტო საშუალება (ავტომობილის მარკა Renault Master, გამოშვების წელი 2002, მცირე ტონაჟის ფურგონი - B, თეთრი, შასის (ძარის და ჩარჩოს) # VFIFDCML.., სახელმწიფო სანორმე ნიშანი AT ...) გაასხვისა მნიშვნელოვნად დაბალ ფასად, მარწმუნებლის (მოსარჩელის) წერილობითი თანხმობის გარეშე. ქონების ფასის განსაზღვრისას თავის წარმომადგენლობით უფლებამოსილებას გააჭარბა მოპასუხემ და მოსარჩელესთან შეთანხმების გარეშე, მხოლოდ თავისი მიზნების მისაღწევად, განსაზღვრა ავტომობილის ღირებულება, თანხა კი მოსარჩელისათვის არ გადაუცია. აღნიშნული ქმედებებით მოპასუხემ მოსარჩელეს მატერიალური ზიანი მიაყენა. მოსარჩელეს ავტომობილის გაყიდვის სურვილი არ ჰქონია.

4. საკასაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, 2018 წლის 28 ივნისს აღძრული შუამდგომლობით ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებაა მოთხოვნილი.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2018 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო.

6. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს. გზავნილი 2019 წლის 12 ივნისს ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარეს. მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

7. მოწინააღმდეგე მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაშია 1996 წლის 6 დეკემბრიდან) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება.

8. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროის, თარიღისა და განხილვის ადგილმდებარეობის შესახებ, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.

9. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სანოტარო კანტორებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა.

10. ამავე ხელშეკრულების მე-2 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, კერძოდ, 40-45 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულებისა და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

11. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 41-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად.

12. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები არ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.

13. საკასაციო სასამართლო იმ საკითხსაც შეეხება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მომართვით უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციითა მოთხოვნილი, განსახილველ შემთხვევაში კი საკასაციო სასამართლო, ამ განჩინებაში დასახელებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ხელმძღვანელობს („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი).

14. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა 40-45 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.ი–ის ასული კ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს უკრაინის, ივანო - ფრანკიევსკის ოლქის კალუშის საქალაქო - რაიონული სასამართლოს 2017 წლის 7 ნოემბრის N345/3043/16-ц გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე:

2.1. გ.დ–ის ძე კ–ძეს ნ.ი–ის ასული კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანება - 55 000 გრივნა, მატერიალური ზიანი - 23 208 გრივნა და 88 კაპიკი, 6293 გრივნა და 45 კაპიკი (წლიური 3%), 44495 გრივნა და 00 კაპიკი საინფლაციო ხარჯები და 31 684 გრივნა და 26 კაპიკი - ფულადი თანხების გამოყენების პროცენტები;

2.2. გ.დ–ის ძე კ–ძეს ნ. ი–ის ასული კ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო მოსაკრებელი 1606,82 გრივნა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე