Facebook Twitter

საქმე №ას-1535-1455-2017 26 მარტი, 2018 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ნ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება

დავის საგანი – დამსაქმებლის ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 18 მაისის ბრძანების (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის _ ნ.ნ-ისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ) ბათილად ცნობის, გათავისუფლებამდე არსებული შრომის სამართლებრივი პირობებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტად მოსარჩელის აღდგენის, 2015 წლის 18 მაისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის, ყოველთვიურად 720 ლარის, 2015 წლის გამოუყენებელი კუთვნილი შვებულების _ 200 ლარისა და ზიანის _ მიუღებელი შემოსავლის სახით 1 500 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 18 მაისის ბრძანება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის _ ნ. ნ-ისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და აპელანტი აღდგენილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 18 მაისიდან ყოველთვიური ხელფასის სახით დაეკისრა იძულებითი განაცდურისა და გამოუყენებელი შვებულების თანხის _ 200 ლარის ანაზღაურება;

3. სააპელაციო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში 2016 წლის 29 ივნისს საკასაციო სასამართლოს მიერ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო;

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით ნ. ნ-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეცვლის წესის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა;

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით ნ.ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინება და საქმე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის შესახებ განცხადების ხელახლა განხილვის მიზნით, დაუბრუნდა იმავე სასამართლოს;

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინებით ნ. ნ-ის მოთხოვნა ამავე სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების წესის შეცვლის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

7. სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ნ-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის საფუძვლები, საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრით გასაჩივრებული განჩინების კანონიერებას სამართლებრივი თვალსაზრისით (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები) ამოწმებს კერძო საჩივრის ფარგლებში, თავის მხრივ, კანონმდებლობა ადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს, რომელსაც განეკუთვნება შემდეგი: გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ: გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია (სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტი). განსახილველ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ სახეზეა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სწორედ ზემოხსენებული წინაპირობა, გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საკითხის მარეგულირებელი ნორმა _ შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი (სსსკ-ის 393.2. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

2. საკასაციო სასმართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრის საკითხი. ამ მხრივ კი, საქმის მასალებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. სასამართლოს კანონერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნ. ნ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა დისციპლინური სახდელის შეფარდებისა და დაკავებული თანამდებობიდან ნ.ნ-ის გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანება და ნ. ნ-ი აღდგენილ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, მასვე აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური და მიეცა გამოუყენებელი შვებულების კომპენსაცია;

2.2. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდგომ გაიცა სააღსრულებო ფურცელი, თუმცა, იგი არ აღსრულებულა. ნ. ნ-მა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების წესის განსაზღვრა იმ საფუძვლით, რომ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის #134 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2004 წლის 19 ივლისის #835 ბრძანება, რომელიც ითვალისწინებდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოწყობის სისტემაში სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურს ამგვარი დასახელებით, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 3 მაისის #134 ბრძანებით დამტკიცებული (ე.წ. ახალი) დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ჰ25“ ქვეპუნქტით სიღნაღის მუნიციპალიტეტში სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურად შენარჩუნებულ იქნა იგივე ტერიტორიული სამსახური ახალი დასახელებით - წნორის ფილიალი, რომელიც ექვემდებარებოდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, ამავე (ე.წ. ახალი) დებულების 31-ე მუხლით ასრულებდა იმავე ფუნქციებს, რასაც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოწყობის სისტემაში სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახური, არ დადგენილა განსხვავებული კრიტერიუმები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები ამ ტერიტორიულ ორგანოში პირის შტატით გათვალისწინებულ სამსახურში მიღებისათვის და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში - წნორის ფილიალში კვლავაც გათვალისწინებული იქნა მთავარი სპეციალისტის საშტატო თანამდებობა. განმცხადებელი ითხოვდა მოსარჩელის აღდგენას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის წნორის ფილიალში, სააპელაციო სასამართლოს მიერ კი ნ. ნ-ი აღდგენილია ამჟამად გაუქმებულ სტრუქტურულ ერთეულში - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარ სპეციალისტად. განმცხადებლის მითითებით, ორივე სტრუქტურული ერთეული ასრულებდა ერთსა და იმავე ფუნქციას და ფაქტიურად ისინი იდენტური სამსახურები იყო. ასევე ახალ სტრუქტურულ ქვედანაყოფსაც გააჩნდა იგივე თანამდებობა, რომელზეც დასაქმებული იყო ნ. ნ-ი;

2.3. 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით სააპელაციო სასამართლომ განცხადება ძირითადად იმ საფუძვლით არ დააკმაყოფილა, რომ განმცხადებლის მოთხოვნა ახალი სასარჩელო წარმოების ფარგლებში შესაფასებელ საკითხს წარმოადგენდა და არ არსებობდა გადაწყვეტილების აღსრულების წესის ფარგლებში მისი დაკმაყოფილების წინაპირობები. საკასაციო სასამართლომ 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებით დააკმაყოფილა რა ნ.ნ-ის კერძო საჩივარი, არ გაიზიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული დასკვნა და ადამიანის უფლებათა ევროსასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე დაყრდნობით განმარტა, რომ გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი ევროკონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტით დაცულ სფეროში ექცეოდა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების სახელმწიფოს მხრიდან აღუსრულებლობა, როგორც ხსენებული, ისე _ ევროკონვენციის მე-13 მუხლის დარღვევად განიხილებოდა. გასაჩივრებული განჩინებით უარყოფილ იქნა სააპელაციო პალატის ის დასკვნა, რომლის თანახმადაც, სადავო საკითხი ახალი სარჩელის ფარგლებში უნდა შეფასებულიყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის კონტექსტში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საკითხების დამოუკიდებელი სარჩელის პირობებში განხილვა-გადაწყვეტის შემთხვევაში, საგრძნობლად იზღუდება ეფექტიანი სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლება, ვინაიდან მხარეს ისედაც დიდი დრო აქვს დახარჯული საკუთარი დარღვეული უფლების აღსადგენად (კერძოდ, სარჩელი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და სამსახურში აღდგენის შესახებ სასამართლოში წარდგენილია 2015 წლის 24 ივნისს, სამუშაოზე აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2016 წლის 29 ივნისს და იგი დღემდე არ აღსრულებულა, ამასთან, საქმე ეხება ადამიანის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებას - შრომის თავისუფლებას, რომლის დარღვევის გამოც მიმართა მან სასამართლოს) და დამატებითი სარჩელის აღძვრა აზრს დაუკარგავს სამართალწარმოების პროცესში მე–6 მუხლით მინიჭებულ გარანტიას;

2.4. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა განცხადების საფუძვლიანობაზე, თუმცა კვლავ არ დააკმაყოფილა იგი. გასაჩივრებული განჩინებით დადგენილია, რომ განმცხადებელი მოითხოვს მის მიერ დაკავებული თანამდებობის ტოლფას თანამდებობაზე აღდგენას. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობა დღეის მდგომარეობით გაუქმებულია. აღნიშნულ სამსახურში არსებობს მხოლოდ ორი საშტატო თანამდებობა, უფროსი ოპერატორი და ოპერატორი, რომელთა სამუშაოს აღწერილობა არ შეესაბამება ნ. ნ-ის მიერ მთავარი სპეციალისტის სამუშაოს ფუნქციებს. აქედან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილების აღსრულება და ნ. ნ-ის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე აღდგენა შეუძლებელია, ასევე, შეუძლებელია მისი, წნორის ფილიალში სხვა რომელიმე პოზიციაზე აღდგენა, რადგანაც ფილიალში არ ფიქსირდება მისი ტოლფასი სამუშაო (სამუშაო აღწერილობის თანახმად, უფროსი ოპერატორისა და ოპერატორის ფუნქციები განსხვავებულია მთავარი სპეციალისტის ფუნქციებისგან, სხვა შტატი აღნიშნულ ფილიალში არ იძებნება). სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს წნორის ფილიალსა თუ კახეთის რეგიონულ ოფისში (ეს უკანასკნელი სასამართლოს მიერ მიჩნეულ იქნა წნორის ფილიალის უფლებამონაცვლედ) მითითებული თანამდებობების ფუნქციების იდენტურობა რომც დადგინდეს, ნ. ნ-ის მიერ განხორციელებულ სამუშაო ფუნქციებთან, ნ. ნ-ის სამუშაოზე აღდგენა შეუძლებელია, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ არც წნორის ფილიალში და არც კახეთის რეგიონულ ოფისში ვაკანტური ადგილი არაა. აღნიშნული დასტურდება სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოდგენილი არაერთი წერილით. ტოლფას თანამდებობასთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ იქნა ახალი მტკიცებულებები, რომლიდანაც გამოირკვა შემდეგი:

ა) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წნორის ფილიალს აქვს ორი საშტატო ერთეული _ უფროსი ოპერატორი და ოპერატორი (სამსახურებრივი ბარათი);

ა.ა.) უფროსი ოპერატორის ფუნქციებს წარმოადგენს:

- სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის _ ფილიალის ხელმძღვანელობა;

- სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, სარეგისტრაციო განაცხადების მიღება-გადაცემა;

- მიღებული დოკუმენტაციის სკანირება; გარიგების მონაწილეთა მიერ, მათივე თანდასწრებით გარიგებაზე ხელმოწერის ფაქტის დადასტურება;

- სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, მეწარმე და არამეწარმე პირების თაობაზე განცხადების მიღება-გაცემა;

- მიღებული დოკუმენტაციის სკანირება;

- კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

- ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება (2017 წლის 13 აპრილის ბრაძნებით დამტკიცებული ტერიტორიული სამსახურების ტიპიური დებულება);

ა.ბ.) ოპერატორის ფუნქციებს წარმოადგენს:

- სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, სარეგისტრაციო განაცხადების მიღება-გაცემა; მიღებული დოკუმენტაციის სკანირება;

- გარიგების მონაწილეთა მიერ, მათივე თანდასწრებით გარიგებაზე ხელმოწერის ფაქტის დადასტურება;

- სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, მეწარმე და არამეწარმე პირების თაობაზე განცხადების მიღება-გაცემა;

- მიღებული დოკუმენტაციის სკანირება;

- სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, ტექ.აღრიცხვის არქივის მიმართულებით განაცხადების მიღება-გაცემა;

- ხელმძღვანელთა ცალკეული დავალებების შესრულება (2017 წლის 13 აპრილის ბრაძნებით დამტკიცებული ტერიტორიული სამსახურების ტიპიური დებულება);

ბ) 2014 წლის 1 თებერვლის ბრძანების შესაბამისად, ნ. ნ-ის ფუნქციებს წარმოადგენდა:

- სამსახურის უფროსის არყოფნის დროს მისი ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, კოორდინაციის გაწევა და სამსახურის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელების უზრუნველყოფა;

- სამსახურის ფარგლებში ზედამხედველობის უზრუნველყოფა და თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;

- სამსახურის უფროსისთვის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობების შესახებ ანგარიშის წარდგენა;

- სააგენტოს თავმჯდომარის, კურატორი თავმჯდომარის მოადგილის, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსის, ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციისა და რეგიონული რეგისტრაციის მართვის სამსახურის, შესაბამისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის უფროსისა და მოადგილის ცალკეულ დავალებათა შესრულება (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივნისის მომართვაზე თანდართული დოკუმენტი - მთავარი სპეციალისტის - ნ. ნ-ის სამუშაო აღწერილობა);

გ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სიღნაღის სარეგისტრაციო სამსახურის უფლებამონაცვლედ მიჩნეულ იქნა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის - კახეთის რეგიონული ოფისი (სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განჩინება);

დ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საშტატო ნუსხის შესაბამისად, კახეთის რეგიონულ ოფისში რეგისტრატორის თანამდებობა ვაკანტური არ არის (2017 წლის 20 ივნისის სამსახურებრივი ბარათი);

ე) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სისტემაში კადრების შერჩევის მიზნით გამოცხადებული იყო კონკურსი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურის შტატგარეშე მოსამსახურეთა 100 პოზიციაზე. აღნიშნულ ვაკანსიაზე სამსახურის ადგილმდებარეობაა თბილისი (2017 წლის 13 ივლისის სამსახურებრივი ბარათი);

ვ) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ნ. ნ-ს გაეგზავნა შეთავაზება, დაინიშნოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონალურ ოფისში შრომითი ხელშეკრულებით (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 2 ოქტომბრის წერილი);

ზ) 2017 წლის ბიუჯეტის თანახმად, რეგისტრატორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს 1 449 ლარს (სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოქმედი საშტატო ნუსხა და სახელფასო ფონდი).

3. საკასაციო პალატა არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ არსებობს ტოლფასი თანამდებობა. ამ პრეტენზიას მხარე ამყარებს საკონკურსო მოთხოვნებზე და განმარტავს, რომ რეორგანიზებულ სამსახურში არ დადგენილა განსხვავებული საკვალიფიკაციო კრიტერიუმები. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ტოლფასი თანამდებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება დასაქმებულს, (იხ. სუსგ №ას-902-864-2014, 30 მარტი, 2015 წელი), ამ მხრივ, კერძო საჩივრის ავტორი სასამართლოს არ სთავაზობს დასაბუთებულ პოზიციას, მხოლოდ ის გარემოება, რომ საქართველოს კონსტიტუციის 82-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება სავალდებულოა, ვერ გახდება გადაწყვეტილების აღსრულების წინაპირობა. საკასაციო პალატა, რასაკვირველია, წინამდებარე კერძო საჩივრის ფარგლებში არ არის უფლებამოსილი სსიპ-ის რეორგანიზაციის საკითხის კანონიერება შეამოწმოს, თუმცა, უდავოა რომ დამსაქმებელმა, რომლის მიერ გამოვლენილი ნების კანონიერებაზე მიმდინარეობდა დავა, მით უფრო, როდესაც კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგინდა დამსაქმებლის მართლწინააღმდეგობრივი ქმედება და დასაქმებულის სამუშაოდან უკანონოდ გათავისუფლება, უნდა აიღოს საკუთარ არაკანონზომიერ ქცევაზე პასუხისმგებლობა და უზრუნველყოს უფლებადარღვეული პირის ინტერესების დაცვა კვლავ შელახვისაგან. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის წინაპირობებს უნდა ემყარებოდეს და ვაკანტური თანამდებობის არარსებობით არ შეიძლება ერთი პირის უფლების დაცვის ხარჯზე სხვა კეთილსინდისიერი, კონკურსის წესით დასაქმებული პირის უფლებები შეილახოს. ამ მხრივ გასაჩივრებული განჩინება დასაბუთებულია, ხოლო კასატორის კრიტიკა _ საფუძველს მოკლებული. პალატა ასევე ვერ გაიზიარებს მხარის არგუმენტს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის გამო, მისი აღსრულების მიზნით, დასაქმებული შესაძლებელია, სააგენტოს ნებისმიერ, მათ შორის თბილისის სარეგისტრაციო სამსახურში იქნას აღდგენილი იმავე, სხვა ან უფრო დაბალ თანამდებობაზე, რადგანაც უნდა აღინიშნოს, რომ კერძო საჩივრის ფარგლებში სასამართლო მსჯელობს განცხადების საფუძვლიანობაზე, რომელიც თავდაპირველად იქნა წარდგენილი სააპელაციო სასამართლოში და საქმის განხილვის სხვადასხვა ეტაპზე განცხადების მოთხოვნისა და საფუძვლების ცვლილება არ შეესაბამება საპროცესო მოთხოვნებს, უფრო მეტიც, სასამართლო არ იზიარებს დასაქმებულის არგუმენტს, რომ მისი ხანგრძლივი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით დამსაქმებელმა უნდა მოახერხოს შესაბამისი პოზიციის „გამოძებნა-მისადაგება“. საკასაციო პალატა კვლავ მიუბრუნდება დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომლის შესაბამისადაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, სწორედ დასაქმებულია ვალდებული, დაამტკიცოს გაუქმებულ და ახლადჩამოყალიბებულ საშტატო ნუსხაში თანამდებობათა ტოლფასოვნება, არსებითი მსგავსება. ამ მხრივ, კერძო საჩივარი შემოიფარგლება საქმის მასალებისა და გასაჩივრებული განჩინების კრიტიკით და არ შეიცავს სადავო საკითხის ირგვლივ საკმარის დასაბუთებას;

4. პალატა იზიარებს ნ.ნ-ის არგუმენტს, რომ საერთო ჯამში მიღებული განჩინება მაინც არ წარმოადგენს მისი, როგორც კრედიტორის უფლებების დაცვის საშუალებას და მათ შორის გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის დაკისრების ნაწილში ვერ უზრუნველყოფს მოპოვებული უფლების საკმარის რეალიზაციას. საკასაციო პალატა კვლავ მოიშველიებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. დასახელებული ნორმა, როგორც ერთხელ უკვე განიმარტა, საკასაციო პალატის 2016 წლის 26 დეკემბრის განჩინებაში, წარმოადგენს სასამართლო ხელმისაწვდომობის უფლების ეფექტიანი რეალიზაციის საშუალებას (იხ. ევროკონვენციის 6.1. მუხლი) და ემსახურება უფლებადარღვეული პირის ინტერესების დაცვას, რამეთუ დავის წარმატებით დასრულება, მისი საბოლოო შედეგის მიღწევის გარეშე ილუზორულს ხდის სამართლიანი სასამართლოს კონცეფციას.

5. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო პალატამ აღსრულების წესის დადგენის თვალსაზრისით, სავსებით მართებულად იხელმძღვანელა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით, თუმცა, გაურკვეველია აღსრულების წესთან მიმართებით მხოლოდ იმავე ან ტოლფას სამუშაოზე აღდგენა რატომ მიიჩნია საკმარისად და ამომწურავად არ შეაფასა ნორმით განსაზღვრული ყველა წინაპირობა. ამ ნაწილში განჩინება საერთოდ დაუსაბუთებელია და არ შეიცავს რაიმე ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას, რაც საკასაციო სასამართლოს მისცემდა სამართლებრივი შეფასების შესაძლებლობას, გარდა ამისა, პალატის მსჯელობა ხსენებულ ნაწილში მატერიალური სამართლის ნორმის არასწორ განმარტებას ემყარება:

5.1. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შრომით დავებში დამსაქმებლის ნების კანონშეუსაბამობის დადგენისას მის მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი წარმოადგენს. მითითებული ნორმის თანახმად კი, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია, პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. ერთ-ერთ საქმეზე (იხ. სუსგ №ას-931-881-2015, 29 იანვარი, 2016 წელი) საკასაციო პალატამ განმარტა შემდეგი: „დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად) ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში [სშკ-ის 38.8] მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა, კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომ სასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმის დანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. სშკ დამსაქმებელს ავალდებულებს „პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით“. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ. სუსგ № ას-951-901-2015, 29.01.2016წ.).

6. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სააპელაციო პალატამ ნ. ნ-ის განცხადების ფარგლებში შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრული წინაპირობები შეამოწმა მხოლოდ ნაწილობრივ და არ დაუდგენია საკითხის გადაჭრისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თავად მიიღოს შემაჯამებელი აქტი გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის განსაზღვრაზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუბნქტით დადგენილი საფუძვლით (საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა) პალატა აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ნ-ის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე