Facebook Twitter

საქმე №ას-224-2019 24 მაისი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს "თ.ს.კ–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჯ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „თ.ს.კ–ასა“ (შემდეგში: მოპასუხე, შემსყიდველი, სატრანსპორტო კომპანია, აპელანტი ან კასატორი) და შპს „ჯ“-ს (შემდეგში: მოსარჩელე, მიმწოდებელი) შორის, 2017 წლის 11 აგვისტოს, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N0300/30/187 ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების საერთო ღირებულება 56 701 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ხელშეკრულების მე-7 მუხლის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საქონელი მიღებულად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე ჩაითვლებოდა (ტ.1, ს.ფ. 24 - 28).

2. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეს 53 892 ლარის ღირებულების საქონელი მიეწოდა, საიდანაც შემსყიდველს მოსარჩელისათვის 37 725.1 ლარი აქვს გადახდილი (ტ.1,ს.ფ. 52-63).

3. შემსყიდველმა, ნაკლის გამო, მიმწოდებელს 2 808 ლარის ღირებულების პროდუქცია დაუბრუნა. აღნიშნულის გამო, მიმწოდებელს დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც ამ უკანასკნელმა დროულად შეასრულა (ტ.1,ს.ფ. 37-41).

4. სარჩელის საფუძვლები

4.1. მიმწოდებელმა, 2018 წლის 7 ივნისს სარჩელი აღძრა შემსყიდველის წინააღმდეგ და მოითხოვა ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 16 167 ლარის გადახდა.

4.2. მოსარჩელემ წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასხულ გარემოებებზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ შემსყიდველი 2 808 ლარის პროდუქციის ნაკლზე უთითებდა, რომლის გამოც დარჩენილი დავალიანების გადახდაზე უარს აცხადებდა.

5. მოპასუხის პოზიცია

5.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, კომპრესორის 3 000 ტიპის ზეთის მიწოდების ნაწილში მიმწოდებელმა დაარღვია, ვინაიდან დასახელებული ზეთის ნაწილი არ შეესაბამებოდა მოთხოვნას.

5.2. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების 8.2 პუნქტის მიხედვით უარს აცხადებს თანხის ანაზღაურებაზე, მომსახურების სრულად გაწევამდე.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მიმწოდებლის სარჩელი დაკმაყოფილდა, ამ უკანასკნელის სასარგებლოდ შემსყიდველს 16 167 ლარის გადახდა დაეკისრა.

6.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 477-ე და 361-ე მუხლებით.

6.3. საქალაქო სასამართლოს განმარტებით, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობების, საქმეში არსებული მტკიცებულებების, მიმწოდებლის მიერ არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების სანაცვლოდ პირგასამტეხლოს გადახდის გათვალისწინებით, მოპასუხეს ეკისრებოდა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიწოდებული საქონლის საფასურის დარჩენილი ნაწილის გადახდა.

7. შემსყიდველის სააპელაციო საჩივარი

7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კომპანიამ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინებით კომპანიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

8.2. სააპელაციო სასამართლო დაეთანხმა და გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები (სსსკ-ის 390.-3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი), მიუთითა წინამდებარე განჩინების 1-3 პუნქტებში ასახულ გარემოებებზე და დამატებით განმარტა, რომ უდავოდ დადგენილი იყო მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შემსყიდველის მიერ სრულად არ იყო შესრულებული.

8.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, აპელანტი სადავოდ ხდიდა არა მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, არამედ - არაჯეროვან შესრულებას და უთითებდა ხელშეკრულების მე-8 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც საბოლოო ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემდეგ.

8.4. სააპელაციო სასამართლომ სსკ-ის 52-ე მუხლის „ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან“ მიხედვით განმარტა, რომ ნების განმარტება უნდა მოხდეს იმდაგვარად, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები, გარემოებები, ასევე, მხარეთა განმარტებები ერთ მთლიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიდეს და ობიექტური დამკვირვებლისთვის, განვითარებულ ფაქტებსა და გამოხატულ ნების განმარტებას შორის დადგენილი კანონზომიერება გაუგებარი არ იყოს.

8.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით უდავოდ დასტურდებოდა, ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის ღირებულება - 56 701 ლარი იყო, მოპასუხეს, მიწოდებული საქონლის ღირებულებიდან - 53 892 ლარიდან, მხოლოდ 37 725 ჰქონდა გადახდილი, ამასთან, მიწოდებული 2 808 ლარის საქონელს ნაკლი აღმოაჩნდა, რის გამოც, ასევე უდავოა, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გადაიხადა, შესაბამისად სატრანსპორტო კომპანიას მიღებული საქონლის ღირებულებისა და გადახდილი საფასურის სხვაობის ანაზღაურების ვალდებულება გააჩნდა.

8.6. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-12 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც დგინდებოდა, რომ როგორც მიმწოდებელს, ასევე შემსყიდველს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდების ვადის დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისად, 0,1% და 0,2 %-ის ოდენობით პირგასამტეხლო დაეკისრებოდათ. ასევე, საქონლის საერთო რაოდენობის 50%-ზე მეტი პროდუქტის დაწუნების შემთხვევაში, მიმწოდებელს შემსყიდველი ორგანიზაციისთვის, დამატებით, წუნდებული პროდუქტის ჯამური ღირებულების ორმაგი ოდენობის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა.

8.7. ზემოაღნიშნულის გარდა სააპელაციო სასამართლომ აპელანტის პრეტენზიები, მიწოდებული საქონლის ანაზღაურებაზე უარის თქმის თაობაზე, მისი ნაკლოვანებების მოტივით, არ გაიზიარა და დამატებით განმარტა, რომ, გარდა გონივრული განსჯისა, ხელშეკრულების პირობის სადავოობისას, ყურადღება, მხარეთა კონკლუდენტურ ქმედებებსაც ექცევა, აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის დასადგენად, თუ რას გულისხმობდნენ მხარეები ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით.

8.8. უდავო იყო, რომ სატრანსპორტო კომპანიამ მოსარჩელის მიერ მიწოდებული 2 808 ლარის საქონელი დაიწუნა და უკან დააბრუნა, რისთვისაც მიმწოდებელს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება დაეკისრა, რომელმაც დროულად გადაიხადა კიდეც. აღნიშნული ცხადყოფს, რომ ხელშეკრულების მე-8 პუნქტის სასამართლოსეულ განმარტებას მხარეთა კონკლუდენტური მოქმედებაც შეესაბამებოდა, კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ აპელანტი მხარე მოსარჩელის მიერ მიწოდებულ 16 167 ლარის პროდუქციას წუნდებულად მიიჩნევდა, წინა შემთხვევის მსგავსად, ისიც უკან უნდა დაებრუნებინა და მხარისთვის შესაბამისი ვადის დაწესებით, ჯეროვანი შესრულება უნდა მოეთხოვა. ამის საპირისპიროდ, აპელანტი მხარე 2018 წლის 27 დეკემბერს გამართულ სხდომაზე დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარის მითითებას, რომ მიწოდებული საქონლის მოსარჩელისთვის უკან დაბრუნება არ მომხდარა და იგი აპელანტმა კომპანიამ დაიტოვა.

8.9. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ რადგან მოპასუხე მხარეს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობებით მიწოდებული საქონლის ნაკლოვანება სადავოდ არ გაუხდია, საქონელი უკან არ დაბრუნებულა და სადავო ღირებულების საქონელზე მიღება ჩაბარების-აქტიც შედგა, შემსყიდველს სამოქალაქო კოდექსის 317-ე და 477-ე მუხლების საფუძველზე ღირებულების გადახდის ვალდებულება წარმოეშვა.

9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები

9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სატრანსპორტო კომპანიამ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, მიმწოდებლის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

9.2. კასატორის განმარტებით სასამართლომ არასათანადოდ შეაფასა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და იურიდიულად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო.

9.3. კასატორის მტკიცებით, ტენდერში მონაწილეობის დროისთვის, შესაბამის დოკუმენტაციაში ატვირთული იყო მხარეთა შორის მოქმედი ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, კერძოდ 8.2 პუნქტის მიხედვით, კომპანია უფლებას იტოვებდა, ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულებამდე უარი ეთქვა საქონლის საფასურის გადახდაზე. დადგენილია, რომ აღნიშნული პირობის გათვალისწინებით დაეთანხმა მხარე ხელშეკრულების შესრულებას, შესაბამისად, შემსყიდველს ვერ წარმოეშობოდა თანხის გადახდის ვალდებულება, სანამ სრულად არ იქნებოდა ვალდებულება შესრულებული მოსარჩელის მიერ.

10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 14 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სატრანსპორტო კომპანიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:

11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:

ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

15. საკასაციო სასამართლო კასატორის პრეტენზიის პასუხად, რომელიც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 8.2 პუნქტს ეყრდნობოდა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, დადგენილი იყო, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება მიმწოდებლის მიერ ეტაპობრივად ხორციელდებოდა, ხოლო შემსყიდველის მიერ ასევე ეტაპობრივად ხდებოდა ფულადი ანგარიშსწორება (ტ.1,ს.ფ. 37-63). მხოლოდ ერთ შემთხვევაში (იხ. წინამდებარე განჩინების მე-3 პუნქტი), მიწოდებული საქონლის ნაკლის გამო, მოხდა აღნიშნული საქონლის უკან დაბრუნება და ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა მოსარჩელის მიერ.

16. საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით განმარტავს, რომ კასატორის მიერ მითითებული ხელშეკრულების კონკრეტული პუნქტი, მხარეთა შორის ურთიერთობის და უკვე ფაქტობრივად განხორციელებული მიწოდება/ანგარიშსწორების გათვალისწინებით, გულისხმობს ყოველი მიწოდებისა და გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით მხარეთა ვალებულებების გამოკვლევას (მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების 7.1 პუნქტის მიხედვით მიმწოდებლის მიერ მიწოდებული საქონელი ჩაითვლება მიღებულად მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველზე). წინამდებარე შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე და განმარტავს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ხოლო ასეთი არაჯეროვანი შესრულება, მით უფრო უდავოდ ანაზღაურების პირობებში, ვერ გახდება შესრულებული ვალდებულების (მიწოდებული საქონლის) დარჩენილი საფასურის გადახდაზე უარის თქმის საფუძველი.

17. საკასაციო საჩივრის ავტორმა სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), ვერ შეძლო დასაბუთებული და სამართლებრივად წონადი არგუმენტებით დაეძლია გასაჩივრებული განჩინების მსჯელობა და დასკვნები, რაც კომპანიის საკასაციო განაცხადის უარყოფისა და სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვების საფუძველია.

18. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 808,35 ლარის 70% – 565,84 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს "თ.ს.კ–ის" საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს "თ.ს.კ–ის" (ს/კ ....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 808,35 ლარის (საგადასახადო დავალება N1550662141, გადახდის თარიღი 2019 წლის 20 თებერვალი), 70% – 565,84 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე