საქმე №ას-1822-2018 24 მაისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – მ.ი. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ.შ–ძე(მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. მ.ი–სა (შემდეგში: მოსარჩელე, მოვალე, აპელანტი ან კასატორი) და დ.შ–ძეს (შემდეგში: მოპასუხე, კრედიტორი) შორის 2014 წლის 13 ივნისს დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმად კრედიტორმა სესხის სახით მიიღო 6000 აშშ დოლარი, სამი თვის ვადით. ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 3.5%-ის დარიცხვით. აღნიშნულ ხელშეკრულებაში, 2014 წლის 9 ოქტომბერს განხორციელდა ცვლილება - სესხის ძირითადი თანხა შემცირდა 600 აშშ დოლარით, და საბოლოოდ ძირითად თანხად განისაზღვრა 5 400 აშშ დოლარი (ტ.1,ს.ფ. 24-35).
2. მოვალემ დაარღვია, სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება კრედიტორისთვის სესხის დაბრუნების თაობაზე.
3. ნოტარიუსმა მ.ლ–მა, 2016 წლის 28 ივლისს გასცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით ვალდებულებათა მოცულობა განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 5 400 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პირგასამტეხლო 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 9 ოქტომბრიდან აღსრულებამდე. სააღსრულებლოდ მიეცა კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
4. სარჩელის საფუძვლები
4.1. მოვალემ, 2016 წლის 16 აგვისტოს სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოითხოვა 2016 წლის 28 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ძირითადი თანხის ნაწილში ცვლილების შეტანა და მისი ოდენობის განსაზღვრა 3 900 აშშ დოლარით, ხოლო დაკისრებული პირგასამტეხლოს - 1 582.2 აშშ დოლარის შემცირება 158 აშშ დოლარამდე.
4.2. მოსარჩელის განმარტებით, 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ კრედიტორს მთლიანად გადაუხადა პროცენტი და ძირითადი თანხის ნაწილი - 1 500 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული თანხის ნაწილი ბანკის მეშვეობით გადაურიცხა, ხოლო ნაწილი კრედიტორს პირადად გადაეცა ხელზე.
5. მოპასუხის პოზიცია
5.1. მოპასუხემ წერილობით წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ პროცენტის სახით 1 500 აშშ დოლარი არ მიუღია. მოსარჩელე 2015 წლის მაისის თვის შემდეგ არ დაკავშირებია, ამ უკანასკნელთან დაკავშირება მხოლოდ გ.ბ–ის მეშვეობით იყო შესაძლებელი.
5.2. სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ თანახმა იყო, სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა განახევრებულიყო. ამასთან, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი შეადგენდა 2 268 აშშ დოლარს, რომლის დაკისრებასაც მოპასუხე აგრეთვე არ მოითხოვდა.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით მოვალის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ:
6.1.1. სარჩელი სააღსრულებო ფურცელში სესხის ძირითადი თანხის ნაწილში ცვლილებების შეტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
6.1.2. 2016 წლის 28 ივლისს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდა და განისაზღვრა 0.05%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 9 ოქტომბრიდან აღსრულებამდე.
6.2. საქალაქო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 316-ე-317-ე, 327-ე, 361-ე, 623-ე, 625-ე მუხლებით.
7. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი
7.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (მოვალემ), ამ გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
8.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით მოვალის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი;
8.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, შემდეგში: სსსკ 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
8.3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მხარეთა შორის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების დადებისა და ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოსარჩელის მხრიდან დარღვევის ფაქტი. სასამართლოს განმარტებით, სააპელაციო საჩივრის ფარგლებში აპელანტის პრეტენზიას წარმოადგენდა ის არგუმენტი, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის დადგენისას, სასამართლომ არ გაითვალისწინა მისი ახსნა-განმარტება და წარდგენილი მტკიცებულებები.
8.4. სააპელაციო სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო სამართალში დამკვიდრებულ შეჯიბრებითობისა და მტკიცების ტვირთის სტანდარტზე გაამახვილა ყურადღება, ამასთან, სსკ-ის 429-ე „კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი“ მუხლზე მითითებით განმარტა, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია გასცეს მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს. ნორმაში მითითებული დოკუმენტის ფლობა აუცილებლობას წარმოადგენს მოვალისათვის, რადგან მან მხოლოდ ამ დოკუმენტით შეიძლება დაადასტუროს ვალდებულების შესრულება, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. მას არანაირი საჭიროება არ აქვს, ფლობდეს ამ დოკუმენტს არც სამართლებრივი და არც ფაქტობრივი თვალსაზრისით. კანონი მოვალეს აღჭურვავს მთელი რიგი უფლებებით, რათა შეძლოს ვალდებულების შესრულების და კრედიტორის მიერ ამ შესრულების მიღების ფაქტის დადასტურება. ამ უფლების გამოუყენებლობა კი, წარმოადგენს მის რისკს და შეუძლებელს ხდის ვალდებულების/მისი ნაწილის შესრულების გარემოების დადასტურებას.
8.5. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელის მიზანი, დაემტკიცებინა სესხის ძირითადი თანხის ნაწილის გადახდა მოპასუხისათვის, მიღწევადი იყო, მხოლოდ სსკ-ის 429-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტით, რაც საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში აპელანტის მტკიცება უსაფუძვლო იყო და არ ემყარებოდა სამართლებრივად ვარგის მტკიცებულებებს.
8.6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მტკიცება საქალაქო სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს არამართლზომიერად შემცირების თაობაზე და სსკ-ის 420-ე მუხლზე „სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო“ მიუთითა.
8.7. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს კანონით აქვს მინიჭებული და ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
8.8. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობაზე, სწორედ პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში და განმარტა, რომ მოსარჩელემ გამოხატა ნება და დაეთანხმა პირგასამტეხლოს განსაზღვრას იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შეამცირა იგი კრედიტორმა, როგორც ამ უკანასკნელისათვის დარღვეული უფლების აღდგენის თვალსაზრისით მისაღები თანხა. აღსანიშნავი იყო ისიც, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული მოსარჩელის ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში მნიშვნელოვნად ჩამოუვარდებოდა სესხის ძირითად ნაწილს, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება აღნიშნულ ნაწილშიც დასაბუთებული იყო.
9. საკასაციო საჩივრის საფუძვლები
9.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 29 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოვალემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
9.2. კასატორის განმარტებით, მიუხედავად წერილობითი მტკიცებულების არარსებობისა, მან ნამდვილად გადასცა კრედიტორს თანხა რამდენჯერმე, რის გამოც სესხის ძირითადი თანხა - 5 400 დოლარი, უნდა შემცირდეს 3 900 დოლარით.
9.3. კასატორმა, გასაჩივრებული განჩინების მოტივებზე მითითებით, პირგასამტეხლოს შემცირების საკითხზე გაამახვილა ყურადღება და განმარტა, რომ სასამართლოს უარი 633 აშშ დოლარის შემცირებაზე დაუსაბუთებელია, მით უფრო, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში.
10. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
10.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოვალის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია, შემდეგი არგუმენტაციით:
11. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
12. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
13. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
14. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო:
ა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
15. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
16. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს წინამდებარე საქმეზე დადგენილ გარემოებებსა და სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, ამასთან დამატებით განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნაა სესხის ძირითადი თანხიდან ნაწილის გადახდის გამო, კრედიტორის წინაშე დაკისრებული ვალდებულების შემცირება, შესაბამისად, სარჩელის წარმატებისათვის განხორციელებული უნდა იყოს სსკ-ის 427-ე მუხლით „ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით“, 429-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნორმის დეფინიცია იხ. წინამდებარე განჩინების 8.4 ქვეპუნქტში) და 623-ე მუხლით „სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი“ გათვალისწინებული წანამძღვრები. იმის გამო, რომ მოვალეს სასამართლოსათვის არავითარი მტკიცებულება არ წარუდგენია კრედიტორიოს წინაშე არსებული ვალდებულების ნაწილობროვ შესრულების თაობაზე, რაც სსსკ-ის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“ მისი მტკიცების საგანს განეკუთვნებოდა, მარტოოდენ მხარის (მოვალის)ახსნა-განმარტებას ვერ გაიზიარებდა სასამართლო, რის გამოც მართებულად არ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა.
17. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხის მიერ, პირგასამტეხლოს შემცირების ნაწილში სარჩელის ცნობის საფუძველზე, სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს განახევრების შესახებ და განმარტავს, რომ კანონი სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გარდა, დამატებით თავადაც შეამციროს პირგასამტეხლო, თუმცა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სესხის ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილის ოდენობისა და უკვე შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლოს შეფასებით მართებულად მოხდა მხოლოდ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის საფუძველზე და ფარგლებში პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
19. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ი–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე