Facebook Twitter

საქმე№ა-4977-შ-123-2018 5 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე,მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.ზ. კიზი ბ–ა (მ–ა) (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე.ფ. ოღლი ბ–ი (მოპასუხე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარას რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის N2(018)-370/2018 გადაწყვეტილება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარას რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის N2(018)-370/2018 გადაწყვეტილებით (შემდეგში: უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილება) ე.ზ. კიზი ბ–ას (მ–ას;შემდეგში: მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) სარჩელი ე.ფ. ოღლი ბ–ის (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მხარეებს შორის 2014 წლის 28 დეკემბერს რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი #3566) შეწყდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, 2018 წლის 5 მარტიდან შვილების: 2015 წლის 21 აპრილს დაბადებული ე.ე. ოღლი ბ–ისა და 2017 წლის 1 აპრილს დაბადებული ლ.ე. კიზი ბ–ას სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად 280 (ორას ოთხმოცი) მანათის, თითოეულისათვის 140 (ას ორმოცი) მანათის ალიმენტის, გადახდა დაეკისრა. ასევე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 15 (თხუთმეტი) მანათის გადახდა.

2. საკასაციო სასამართლოში მოსარჩელის მიერ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, 2018 წლის 31 ოქტომბერს აღძრული შუამდგომლობით ამ განჩინების პირველ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილების, ალიმენტისა და სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულებაა მოთხოვნილი.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი უცხო ქვეყნის გადაწყვეტილება 2018 წლის 27 აგვისტოდან კანონიერ ძალაშია შესული და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ, 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით, წარმოდგენილი შუამდგომლობა, თანდართული მასალებით, განსახილველად მიიღო. ამავე განჩინებით მოპასუხეს განემარტა, რომ განჩინების ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში აქვს აზრის გამოთქმის უფლება, ასევე მას შეუძლია მოითხოვოს საქმის ზეპირი განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქმე განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.

5. შუამდგომლობის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინება შუამდგომლობაზე თანდართულ დოკუმენტებთან ერთად გაეგზავნა მოპასუხეს. გზავნილი 2019 წლის 11 ივნისს ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარის ძმას მ.ბ–ს ძმისთვის (მოპასუხისათვის) გადასაცემად. აღნიშნული კი მოწინააღმდეგე მხარისათვის გზავნილის ჩაბარებად ითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74.1-ე მუხლის შესაბამისად.

6. მოწინააღმდეგ მხარეს საკასაციო სასამართლოსათვის მოსაზრებით არ მოუმართავს და არც საქმის ზეპირი მოსმენით განხილვა მოუთხოვია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, თანდართულ მასალებს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა აკმაყოფილებს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა (შემდეგში: საერთაშორისო ხელშეკრულება, ძალაშია 1997 წლის 18 თებერვლიდან) და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდეგში: სპეციალური კანონი) მოთხოვნებს, რის გამოც უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და აღსრულდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარას რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის N2(018)-370/2018 გადაწყვეტილება.

7. საქართველოს ტერიტორიაზე საცნობ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს კანონით დადგენილი წესით ეცნობა სასამართლო სხდომის დროისა და თარიღის შესახებ, რასაც არც მოპასუხე ხდის სადავოდ, რაც სავსებით საკმარისი საფუძველია საკასაციო სასამართლოს დასარწმუნებლად, რომ მოპასუხე უცხო ქვეყნის სასამართლოს მიერ ჯეროვნად და სათანადო წესით იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილის, დროის, მხარეებისა და დავის საგნის შესახებ.

8. საერთაშორისო ხელშეკრულების პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და სახელმწიფო ნოტარიატის ორგანოებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც საკუთარმა მოქალაქეებმა.

9. ამავე ხელშეკრულების მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა ცნობა და აღსრულება, კერძოდ, 42-47 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულებისა და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა და არ მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი გადაწყვეტილების ხელმეორედ არსებით განხილვას.

10. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ შუამდგომლობას ერთვის საერთაშორისო ხელშეკრულების 43-ე მუხლით დადგენილი ყველა ის ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც საჭიროა საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების წინაპირობების შემოწმების საკითხის გადასაწყვეტად.

11. სპეციალური კანონის 71-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქმის ზეპირი განხილვა არ მოხდება, თუ მხარეები ამას არ მოითხოვენ. მოპასუხეს შუამდგომლობის გადაცემისას განემარტა, რომ მას აქვს აზრის გამოთქმის უფლება, განემარტა ისიც, რომ საქმის ზეპირი განხილვა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ამას მოითხოვდა. როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხემ წერილობითი მოსაზრებები არ წარმოადგინა საქართველოს ტერიტორიაზე საცნობი და აღსასრულებელი გადაწყვეტილების შესახებ მოსარჩელის შუამდგომლობაზე.

12. საკასაციო სასამართლო იმ საკითხსაც შეეხება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მომართვით უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულება „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციითა მოთხოვნილი, განსახილველ შემთხვევაში კი საკასაციო სასამართლო, ამ განჩინებაში დასახელებული საერთაშორისო ხელშეკრულებით ხელმძღვანელობს („ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლი).

13. საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს საერთაშორისო ხელშეკრულებისა და სპეციალური კანონის ზემოხსენებული ნორმებით და აკმაყოფილებს მოსარჩელის შუამდგომლობას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულებისა 42-47 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.ზ. კიზი ბ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს და აღსრულდეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის, ასტარას რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 ივლისის N2(018)-370/2018 გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზე:

2.1. ე.ფ. ოღლი ბ–ს ე.ზ. კიზი ბ–ას სასარგებლოდ, 2018 წლის 5 მარტიდან შვილების: 2015 წლის 21 აპრილს დაბადებული ე.ე. ოღლი ბ–ისა და 2017 წლის 1 აპრილს დაბადებული ლ.ე. კიზი ბ–ას სრულწლოვანების მიღწევამდე, ყოველთვიურად 280 (ორას ოთხმოცი) მანათის, თითოეულისათვის 140 (ას ორმოცი) მანათის ალიმენტის, გადახდა დაეკისრა;

2.2. ე.ფ. ოღლი ბ–ს ე.ზ. კიზი ბ–ას სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის 15 (თხუთმეტი) მანათის გადახდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე