საქმე №ზ-218-ა-7-2019 2 ივლისი, 2019 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი – ე.წ.
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჯ.“
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.წ–მა (შემდეგში მოსარჩელემ ან განმცხადებელმა) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ჯ–ის" (შემდეგში პირველი მოასუხის), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში მეორე მოპასუხის) და შპს „ს.გ.წ.კ–ის" (შემდეგში მესამე მოპასუხის) წინააღმდეგ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის, საჯარო რეესტრის ამონაწერის ბათილად ცნობისა და ქმედების განხორციელების დავალების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით #3/1628-16 ადმინისტრაციულ საქმეს ცალკე წარმოებად გამოეყო სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ 17.06.2009წ. #1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში; სარჩელი პირველი მოპასუხის მიმართ 17.06.2009 წ. #1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა საჩხერის რაიონულ სასამართლოს.
3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობა სარჩელის გამოხმობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი მხარეებს შორის 2009 წლის 17 ივნისს გაფორმებული #1-1316 ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
4. ზემოაღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ამავე სასამართლოს 2016 წლის 19 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
6. დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება მისი ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი საჩხერის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე სასამართლოს 2017 წლის 12 იანვრის განჩინებაზე დარჩა განუხილველად.
8. სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 4 მაისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის, 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს დაუდგინდა ხარვეზი კერძო საჩივარზე და დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
10. სართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 24 ივლისის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 4 მაისის განჩინებაზე, დარჩა განუხილველად.
11. საკასაციო სასამართლოს 2017 წლის 30 ივნისის განჩინების ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით მომართა მოსარჩელემ.
12. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით ე.წ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე განუხილველად იქნა დატოვებული.
13. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით 2017 წლის 17 ოქტომბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა მოსარჩელემ. აღნიშნული განცხადება განსახილველად დაეწერა მოსამართლე ბესარიონ ალავიძეს.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით მოსამართლე ბესარიონ ალავიძე აცილებულ იქნა საქმის განხილვისგან.
15. 2017 წლის 6 ნოემბერს საქმე განსახილველად დაეწერა მოსამართლე პაატა ქათამაძეს.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 ნოემბრის განჩინებით განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი განცხადებაზე, კერძოდ, დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“, „ე“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა დაცვით შედგენილი განცხადების წარმოდგენა, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება და ასევე მითითებას იმის შესახებ, თუ რა ზომით და რა ფარგლებში მოითხოვს განმცხადებელი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და სხვა გადაწყვეტილებით მის შეცვლას. კასატორს ასევე დაევალა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. ამავე განჩინებით მას განემარტა, რომ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, განცხადება განუხილველად დარჩებოდა.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 12 იანვრის განჩინებით ე.წ–ის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად.
18. 2019 წლის 27 ივნისს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა ე.წ–მა და და მოითხოვა 2017 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
19. საკასაციო სასამართლო განცხადების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
20. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.
21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ 2017 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საკასაციო პალატამ ერთხელ უკვე იმსჯელა მოსარჩელის განცხადებაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე და განცხადება დარჩა განუხილველი. მოსარჩელემ ამჯერადაც იგივე განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლის ხელმეორედ განხილვა დაუშვებელია. ამ აკრძალვას ადგენს სსსკ-ის 186.1 მუხლის „ბ“ ქვეპურნქტი, რომლის მიხედვით, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს არ შეუძლიათ ხელახლა შეიტანონ სასამართლოში იგივე სარჩელი/განცხადება.
22. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ამ ნორმაში ჩამოთვლილი წინაპირობების არსებობისას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი მოითხოვს არა სასამართლოს შემაჯამებელი აქტის გაუქმებას, არამედ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების გაუქმებასა და საქმის წარმოების განახლებას, რასაც სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ ივალისწინებს. შესაბამისად, ამ საფუძვლითაც დაუშვებელია მოსარჩელის განცხადება.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ე.წ–ის განცხადება დაუშვებელია და არ არსებობის მისი განსახილველად მიღების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 425-ე, 429-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.წ–ის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე