Facebook Twitter

საქმე №ას-68-64-2017 23 აპრილი, 2019 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) – გ.ს–ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - ა.გ–ძე, ა.ა–ძე

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ს–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი), 2008 წლის 8 მაისს, განცხადებით მიმართა ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას (შემდეგში: აღიარების კომისია) და მოითხოვა ქობულეთში, ...... მიმდებარედ მდებარე 147.2 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება) საკუთრების უფლების აღიარება. მოსარჩელემ აღიარების კომისიაში, სხვა დოკუმენტებთან ერთად, ა.გ–ძის (შემდეგში: გამყიდველი ან პირველი მოპასუხე) განცხადებაც წარადგინა, რომლითაც იგი ადასტურებდა იმ გარემოებას, რომ სადავო მიწის ნაკვეთს მოსარჩელე 1995 წლიდან თვითნებურად ფლობდა (იხ. ტ. 2, ს. ფ. 17).

2. აღიარების კომისიის 2010 წლის 4 ივნისის N8 საოქმო გადაწყვეტილებით მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო მიწის ნაკვეთის საკუთრების უფლების აღიარებაზე. კომისიის ზ/აღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ გაასაჩივრა სასამართლოში. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი აღიარების კომისიის 2010 წლის 4 ივნისის №8 საოქმო გადაწყვეტილება მოსარჩელისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის ნაწილში და აღიარების კომისიას დაევალა, კანონით დადგენილ ვადაში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით (იხ. ტ. 2, ს. ფ. 27-31, 95-107).

3. აღიარების კომისიის 2012 წლის 27 ივლისის N9 საოქმო გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთის მიმდებარედ თვითნებურად დაკავებულ 628.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება აღიარებული იქნა პირველ მოპასუხეზე. შესაბამისად, აღიარების კომისიის მიერ 2012 წლის 9 აგვისტოს გაცემული იქნა საკუთრების უფლების მოწმობა N16570 (იხ. ტ. 2, ს. ფ. 37-41).

4. პირველი მოპასუხისათვის საკუთრების უფლებით აღიარებულ დაზუსტებული მონაცემებით 629 კვ.მ ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთში შედის ის 147,2 კვმ მიწის ნაკვეთი, რომლის მის საკუთრებაში აღიარებასაც მოსარჩელე 2008 წელს მოითხოვდა (იხ. ტ. 2, ს. ფ. 42-44).

5. აღიარების კომისიის მიერ 2012 წლის 9 აგვისტოს გაცემული საკუთრების უფლების N16570 მოწმობის საფუძველზე 2012 წლის 21 აგვისტოს საჯარო რეესტრში პირველი მოპასუხე აღირიცხა ქობულეთში, ..... მდებარე 629 კვ.მ ფართის მესაკუთრედ (იხ. ტ. 2, ს. ფ. 47-48).

6. 2012 წლის 6 სექტემბერს კი პირველ მოპასუხესა და ა.ა–ძეს (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან მყიდველი) შორის გაფორმდა მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების) ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამყიდველმა მის საკუთრებაში რიცხული ქობულეთში, ...... მდებარე 629 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან 450 კვ.მ მიწის ნაკვეთი მეორე მოპასუხეს მიჰყიდა. აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველი საჯარო რეესტრში 2012 წლის 12 სექტემბრიდან აღირიცხა ზემოხსენებულ მისამართზე მდებარე 450 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ, რომლის საკადასტრო კოდია №..... (იხ. ტ. 2, ს. ფ. 60-61, 74-75).

7. სადავო მიწის ნაკვეთი, რომლის საკუთრებაში აღიარებასაც მოითხოვდა მოსარჩელე, 2008 წლის 8 მაისის განცხადებით საკუთრების უფლების აღიარების კომისიისაგან, ამჟამად სწორედ იმ 450 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთში შედის, რომლის მესაკუთრეც 2012 წლის 6 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მეორე მოპასუხეა.

8. სარჩელის საფუძვლები

8.1. მოსარჩელემ 2015 წლის 14 ივლისს სარჩელი აღძრა მოპასუხეთა წინააღმდეგ და მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი მყიდველსა და გამყიდველს შორის 2012 წლის 6 სექტემბერს გაფორმებული სადავო მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულება 147,2 კვ.მ ფართის გაყიდვის ნაწილში, თანახმად სარჩელზე თანდართული აზომვითი ნახაზის კონფიგურაციისა.

9. მოპასუხეების შესაგებელი

9.1. პირველმა მოპასუხემ წერილობითი შესაგებელი არ წარადგინა, თუმცა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო.

9.2. მეორე მოპასუხემ წერილობით წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა.

10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

10.1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

10.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 50-ე, 54-ე, 183-ე, 311-ე, 312-ე, 477-ე მუხლებითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) მე-3, მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

11. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

11.1. მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობა (სსსკ-ის 390-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი) და დამატებით მიუთითა, რომ საქმეში ტ. 1, ს.ფ. 14-16-ზე განთავსებულია სამკვიდრო მოწმობა, რომლითაც დასტურდება, რომ 2004 წლის 4 აგვისტოს აპელანტმა, როგორც ნ.ს–ძის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ მიიღო ნ.ს–ძის სამკვიდრო. სანოტარო აქტის თანახმად მემკვიდრეობა გაიხსნა შემდეგ ქონებაზე: ა) საცხოვრებელი ორ-ოთახიანი ბინა, მდებარე ქობულეთის რაიონში, ...... მთელი საცხოვრებელი სახლი არის ლიტერი ”ა” ქვის ორსართულიანი კაპიტალური სახლი, გაშენიანების ფართი შენობის ქვეშ 200.0 კვ.მ. საერთო სარგებლობის ფართია 315,4 კვ.მ. საცხოვრებელი ოთახების რაოდენობა 16. საცხოვრებელი ფართია 216, 4 კვ.მ. დამხმარე ფართი - 99.0 კვ.მ. მიწის სარეგისტრაციო №....., სარეგისტრაციო ზონა ქობულეთის რაიონი, კოდი .., სექტორი დაბა .... საკრებულო, კოდი 18, კვარტალი №02, ნაკვეთის №066, ფართობი 200 კვ.მ. ნაკვეთის ფუნქცია არასასოფლო, უფლება - საერთო საკუთრება. მეორე ქონება რაც ნ.ს–ძის სამკვიდრო მასაში შევიდა იყო ბ) სსრკ შემნახველი ბანკის №3522 ფილიალის - ქ. თბილისის, ლენინის რაიონის განყოფილებაში №07500290 ანგარიშზე რიცხული ანაბარი პროცენტებით.

12.3. აღნიშნულ მტკიცებულებაზე (სამკვიდრო მოწმობაზე) დაყრდნობით სააპელაციო სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებლად მიიჩნია აპელანტის, იმავდროულად მოსარჩელე მხარის, მიერ მითითებულ ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ აპელანტმა სადავო უძრავი ქონება, მიწის ნაკვეთი მიიღო მემკვიდრეობით მამიდისაგან (სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების ველი, ს.ფ. 5).

12.4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა პირველ მოპასუხესა და მეორე მოპასუხეს შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, იმ საფუძვლით, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება მოიცავდა მიწის ნაკვეთს, რომლის 147.2 კვ.მ. არასწორად იყო რეგისტრირებული გამყიდველის საკუთრებად, ეს ფართი მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენდა, ამასთან, ამ ფაქტის თაობაზე ცნობილი იყო მყიდველისთვისაც, ამდენად მყიდველი არ არის სადავო მიწის ნაკვეთის კეთილსინდისიერი შემძენი და მოპასუხეთა შორის თვალთმაქცური გარიგება შედგა.

12.5. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული მოსაზრება იმის თაობაზე, რომ პირველ მოპასუხეს (სადავო ნაკვეთის გამსხვისებელს) არ ჰქონდა მეორე მოპასუხესთან გარიგების დადების უფლება, რადგან იგი არ იყო გასხვისებული მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. საჯარო რეესტრის მონაცემებით დადასტურებულია, რომ 2012 წლის 21 აგვისტოს, გამყიდველი საჯარო რეესტრში სრულიად კანონშესაბამისად №16570 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე აღირიცხა სადავო უძრავი ქონების მესაკუთრედ და ამის შემდეგ გაასხვისა იგი, როგორც უფლებამოსილმა მესაკუთრემ.

12.6. აპელანტის მოსაზრებასთან დაკავშირებით იმის თაობაზე, რომ მყიდველი არაკეთილსინდისიერი შემძენია, რადგან მან იცოდა ნაკვეთის სადავოობის თაობაზე,სასამართლომ განმარტა, რომ დაუსაბუთებელი იყო შედავება, რადგან მხარის კეთილსინდისიერებაზე სასამართლო მსჯელობს მხოლოდ მას შემდეგ, თუ არსებობს გარიგების ბათილობის საფუძვლები, მაგრამ იმის გამო, რომ შემძენი კეთილსინდისიერია - გარიგება ვერ გაბათილდება. კონკრეტულ შემთხვევაში დადასტურებელია, რომ გამყიდველსა და მყიდველს შორის გარიგება სრულიად კანონშესაბამისად დაიდო და არ არსებობს მისი ბათილობის არანაირი საფუძველი.

13. მოსარჩელის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. მოსარჩელემ (აპელანტმა) სააპელაციო წესით გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოს განჩინება მისი გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

13.2. კასატორის განმარტებით სადავო უძრავი ქონების მყიდველი კეთილსინდისიერი შემძენი არ არის, რადგან მისთვის ცნობილი იყო ნასყიდობის საგნის სადავოობის შესახებ.

13.3. კასატორის განმარტებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია გარემოებები, რაზედაც მოსარჩელეს პრეტენზიაც კი არ გამოუთქვამს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და როგორც გასაჩივრებული განჩინება, ისე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი, როგორც დაუშვებელი, განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

14. აღიარებითი სარჩელის დასაშვებობის, ისევე, როგორც მისი დასაბუთებულობის, საკითხის შემოწმება სამართლის საკითხია და აქედან გამომდინარე, სასამართლომ პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს სარჩელის დასაშვებობა საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე. კანონის დანაწესიდან გამომდინარე, აღიარებითი მოთხოვნა დასაშვებია, თუ იკვეთება მოსარჩელის იურიდიული ინტერესი, რომ ასეთი აღიარება სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდეს, მაგალითად, მამად ცნობა, მამობის დადგენა, ქორწინების ბათილად ცნობა, ლიტერატურული ნაწარმოების ავტორად აღიარება და ა.შ. ამ სახის სარჩელების მიზანია არა სუბიექტური უფლების მიკუთვნება, არამედ - უფლების სადავოობის აღმოფხვრა. ამ დროს სულაც არ არის აუცილებელი, რომ პირის უფლება დარღვეული იყოს, მაგრამ ვარაუდი იმისა, რომ მომავალში შეიძლება დაირღვეს, წარმოადგენს პირის იურიდიულ ინტერესს. ამიტომაც, ამ ტიპის სარჩელებს „უფლების დამდგენ“ სარჩელებსაც უწოდებენ. მიკუთვნებითი სარჩელებისგან განსხვავებით, აღიარებითი სარჩელის დავის საგანია თვით მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომელიც სუბსიდიური ხასიათის მატარებელია და იურიდიული ინტერესის არსებობა გამორიცხულია, თუ შესაძლებელია მოპასუხის მიმართ მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საქმეზე # ას-664-635-2016, 02.03.2017 წ; შეადარეთ ასევე, სუსგ-ებს: #ას-937-887-2015, 10.11.2015წ.; # ას-17-14-2015, 01.07.2015წ.; # ას-1069-1008-2015, 16.12.2015წ.; # ას-773-730-2015, 08.09.2015წ.; # ას-181-174-2016, 06.05.2016წ.; # ას-323-308-2016, 03.06.2016წ.; #ას-407-390-2016, 10.06.2016წ; # ას-375-359-2016, 17.06.2016წ.).

15. აღსანიშნავია, რომ სარჩელის ინსტიტუტის საპროცესო კლასიფიკაცია შესაძლებელია სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ანალიზით და დოქტრინაში განვითარებული შეხედულებით. სარჩელთა ძირითად სახეებად გვევლინება მიკუთვნებითი, გარდაქმნითი და აღიარებითი სარჩელები. პირველი ორი ჯგუფის სარჩელების ძირითადი მახასიათებელი ნიშანი ისაა, რომ ამ ტიპის სარჩელებზე მიღებული გადაწყვეტილება რეალური, აღსრულებადი გადაწყვეტილებაა და ამიტომ მათ აღსრულებად სარჩელადაც მოიხსენიებენ. რაც შეეხება აღიარებით სარჩელს, ის ასევე დარღვეული, თუ სადავოდ ქცეული უფლების დაცვის საპროცესო საშუალებაა, თუმცა, აღიარებითი სარჩელის მიმართ საკანონმდებლო დათქმები განსხვავებულია.

16. იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი. სსსკ-ის 180-ე მუხლი ადგენს აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს, კერძოდ: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა.

17.საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა მოსარჩელის დარღვეული უფლების აღდგენის წინაპირობა ვერ გახდება, ვინაიდან, სარჩელით არ არის მოთხოვნილი რაიმეს მიკუთვნება ან შესრულება, ხოლო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, საკუთარი ინიციატივით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ მოუთხოვია (სსსკ-ის 248-ე მუხლი). სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, მიკუთვნებითი მოთხოვნის წარდგენა შესაძლებელი იყო. მაგალითისათვის, მოსარჩელეს შეეძლო გარიგების ბათილობის სამართლებრივი შედეგი - კონდიქციური მოთხოვნა (სსკ-ის 976-ე მუხლის 1 „ა“ ქ/პუნქტისა და ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილი) წაეყენებინა მოპასუხისათვის. თუმცა, სხვა საკითხია რამდენად წარმატებული იქნებოდა სარჩელი, რადგანაც ის დაკმაყოფილებადი იქნებოდა მითითებული ნორმებით გათვალისწინებული ფაქტობრივი წინაპირობების (სამართლებრივი წინაპირობების) კანონით დადგენილი თანმიმდევრობით განხორციელებისა (შესრულების) და მოთხოვნის გამომრიცხავი, შემწყვეტი ან მისი განხორციელების ხელისშემშლელი გარემოებების არარსებობის შემთხვევაში.

18. საკასაციო სასამართლო, განსახილველი საკითხის სიცხადის მიზნით მოიშველიებს „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის“ ევროპულ კონვენციას, რომლის მე-6 მუხლით აღიარებულია სამართლიანი სასამართლოს პრინციპი. კონვენციის აღნიშნული დათქმა, ევროსასამართლოს პრეცედენტული პრაქტიკის თანახმად, ექვემდებარება ფართო განმარტებას და თავის თავში არა მხოლოდ საქმის მიუკერძოებელ განხილვას, არამედ სამართლიან გადაწყვეტასაც მოიცავს, რაც თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების განხორციელება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს, არამედ, სამართალწარმოების მიზანი დარღვეული უფლების ეფექტიან და რეალურ დაცვაზეა ორიენტირებული, რაც ეროვნული სასამართლოს მიერ საკითხის ამომწურავ გადაწყვეტაზე მიანიშნებს და არა ფორმალური ხასიათის სამართალწარმოებაზე, რომელსაც დავის აღმოფხვრა არ მოჰყვება შედეგად.

19.საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის იმ პრეტენზიებზე, რომელთაც საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობა არ გააჩნიათ.

20. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი განუხილველად უნდა დარჩენილიყო საქმისწარმოების პირველივე ეტაპზე. შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების (რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება) გაუქმების სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნტით გათვალისწინებული აბსოლუტური საფუძველი, რამდენადაც მიღებული განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

21.ამასთან, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან, საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 399-ე, 372-ე მუხლებითა და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმადაც, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები. თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს (ამავე კოდექსის 272-ე და 275-ე მუხლები).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 187.2-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ს–ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 14 ნოემბრის განჩინება და ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 მაისის გადაწყვეტილება

3. გ.ს–ძის სარჩელი დარჩეს განუხილველად;

4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე