Facebook Twitter

საქმე №ას-570-529-2017 24 იანვარი, 2018 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე,

ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ს.ა–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ა–ა, რ.გ–ი (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა და თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ს.ა–ი (შემდეგში: კრედიტორი, მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ი.ა–ის შვილია (შემდეგში: მოსარჩელის მამა) (იხ. დაბადების მოწმობა, ს. ფ. 15). მოსარჩელის მამა 2009 წლის 18 დეკემბერს გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ს. ფ. 18).

2. მოსარჩელე ო.გ–ის (შემდეგში: მოსარჩელის მეუღლე) არარეგისტრირებული მეუღლეა, რომელთანაც თანაცხოვრების პერიოდში, 2014 წლის 2 სექტემბერს, შეეძინა შვილი - ლ.გ–ი (იხ. დაბადების მოწმობა, ს. ფ. 19). მოსარჩელის მეუღლე 2014 წლის 8 ნოემბერს გარდაიცვალა (იხ. გარდაცვალების მოწმობა, ს. ფ. 20).

3. რ.გ–ი (შემდეგში: მოვალე, პირველი მოპასუხე ან მჩუქებელი) მოსარჩელის მეუღლისა და დ.ა–ას (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან დასაჩუქრებული) მამაა.

4. გარდაცვალებამდე მოსარჩელის მამა არასრულწლოვან შვილთან ერთად ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონებაში (ს/კ: №.....) ცხოვრობდა.

5. 2013 წლის 27 მაისს მ.ბ–მა შეიძინა ქ. თბილისში, ..... მდებარე უძრავი ქონება (ს/კ: №.....) (შემდეგში: უძრავი ქონება), ხოლო ნასყიდობის საფასური 13 000 აშშ დოლარი პირველ მოპასუხეს გადასცა. თანხის გადაცემას ესწრებოდნენ მოწმეები: მოსარჩელის მეუღლე, პ.მ., მ.კ. უძრავი ქონება საკუთრების უფლებით მ.ბ–ის სახელზეა რეგისტრირებული (იხ. ამონაწერი, ს. ფ. 35).

6. მოსარჩელისა და მისი მეუღლის თანაცხოვრების პერიოდში მეორე მოპასუხე, შვილებთან ერთად, ქ. თბილისში, ..... მდებარე №36 ბინაში (შემდეგში: სადავო უძრავი ქონება), საცხოვრებლად გადავიდა და დღემდე იქ ცხოვრობს.

7. პირველმა მოპასუხემ 2014 წლის 27 ნოემბერს, სადავო უძრავი ქონება, მეორე მოპასუხეს აჩუქა (იხ. ს.ფ 23).

8. სარჩელის საფუძვლები

8.1. მოსარჩელემ 2015 წლის 16 ნოემბერს სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, პირველი მოპასუხის სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარება და 13 000 აშშ დოლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.

8.2. მოსარჩელის განმარტებით, მამამისმა დაუკანონებელი უძრავი ქონება შეიძინა, სადაც შვილთან ერთად ცხოვრობდა. მოსარჩელის მამა ისე გარდაიცვალა, რომ უძრავი ქონების დაკანონება ვერ მოასწრო.

8.3. მოსარჩელემ თავისი სასარჩელო მოთხოვნა ამ განჩინების 1-7 პუნქტებში დასახელებულ გარემოებებს დააფუძნა და აღნიშნა, რომ პირველმა მოპასუხემ როგორც კი შეიტყო, რომ მოსარჩელის მამას სახლი და მიწის ნაკვეთი დარჩა, სახლის ჩუმად გაყიდვა განიზრახა. იგი მალულად დაუკავშირდა ვინმე მ.ბ–ს და სახლისა და მიწის ნაკვეთის საფასური 13 000 აშშ დოლარი გამოართვა, რის შესახებაც მოსარჩელემ არაფერი იცოდა.

8.4. მოსარჩელემ აღნიშნული თანხა მოითხოვა, თუმცა იგი სახლიდან გამოაგდეს, რის გამოც, იძულებული გახდა, შეკედლებოდა ბიძას, რომელიც თვითონაც გაჭირვებულია. მოსარჩელე შვილთან ერთად საცხოვრებლად თავშესაფარში გადავიდა, სადაც დღემდე იმყოფება. ამის შემდეგ იგი მამამთილის ბინიდანაც ამოწერეს.

9. მოპასუხის შესაგებელი

9.1. მოპასუხეებმა წერილობით წარდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებებით სარჩელი არ ცნეს და აღნიშნეს, რომ მოსარჩელის მამას შესყიდული ჰქონდა უძრავი ნივთი, სადაც მოსარჩელესთან ერთად ცხოვრობდა. 2008 წელს მოსარჩელის მამას უარი უთხრეს მიწის დაკანონებაზე, თუმცა, უძრავ ქონებაში შვილთან ერთად ცხოვრებას განაგრძობდა. 2009 წლის დეკემბერში ის გარდაიცვალა.

9.2. პირველი მოპასუხის განმარტებით, 2012 წლის ბოლოსა და 2013 წლის დასაწყისში მოსარჩელემ მეუღლესთან ერთად უძრავი ქონების გაყიდვა გადაწყვიტა. მათ ვინმე მ.ბ–ი მოიძიეს. აღნიშნულს ისიც ადასტურებს, რომ მოსარჩელის მეუღლის სიცოცხლეში მოხდა ბინის ლეგალიზაცია. მოსარჩელის მიერ წარდგენილი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 2013 წლის 3 აპრილითაა დათარიღებული, ანუ მისი მეუღლის გარდაცვალებამდე. გასაყიდ ბინას მოსარჩელე მეუღლესთან ერთად ამზადებდა და მცირე კოსმეტიკური რემონტიც ჩაუტარეს. უძრავი ნივთი, მოსარჩელის სურვილით, 2013 წლის მაისში გაიყიდა, მყიდველი მ.ბ–ი იყო, რომელმაც თანხა პირველ მოპასუხეს გადასცა, თუმცა პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის მეუღლეს თანხა იქვე გადასცა, რომელმაც თანხა გადათვალა და ჯიბეში ჩაიდო.

9.3. პირველი მოპასუხის განმარტებით, მან მართლაც დაატოვებინა სადავო უძრავი ქონება მოსარჩელეს, რადგან ის ამორალურად ცხოვრობდა და გვარს არცხვენდა.

9.4. რაც შეეხება, 2014 წლის 27 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობას, მოპასუხეები მიიჩნევენ, რომ მოსარჩელის მიერ არ იქნა წარდგენილი მტკიცებულებანი, რომლებიც ხელშეკრულების მოჩვენებით და თვალთმაქცურ ხასიათს დაამტკიცებდა, რაც ხელშეკრულების ბათილობის საფუძველი გახდებოდა.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 13 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა დაეკისრა, ხოლო 2014 წლის 27 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის და პირველი მოპასუხის სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღდგენის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

10.2. საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 102-ე, 105-ე, 140-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ) 373-ე, 386-ე, 429-ე, 709-ე, 715-ე მუხლებით იხელმძღვანელა.

11. მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი

11.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, აღნიშნული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები

12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

12.2. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები და მათი სამართლებრივი შეფასება და მიუთითა მათზე (სსსკ-ის 390.3-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).

12.3. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ 2014 წლის 27 ნოემბრის ჩუქების ხელშეკრულების მოჩვენებითობა ვერ დასტურდება იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ ჩუქების ხელშეკრულება მოსარჩელის მეუღლისა და მჩუქებლის შვილის გარდაცვალებიდან მოკლე პერიოდში გაფორმდა. ხსენებული გარიგების მოჩვენებითი ხასიათის დადასტურების მიზნებისთვის დაუსაბუთებელია ასევე იმ ფაქტზე მითითება, რომ პირველმა მოპასუხემ პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება გააჩუქა. აღნიშნულთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზე გაამახვილა, რომ მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის სადავო გარიგების დადებამდე მოსარჩელის მიერ ქონების მესაკუთრისადმი თანხის დაბრუნების თაობაზე მოთხოვნა წარდგენილი არ ყოფილა. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება იმ გარემოებაზეც გაამახვილა, რომ პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის 2014 წლის 27 ნოემბერს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების იურიდიული შედეგი სახეზეა. კერძოდ, ჩუქების ხელშეკრულება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში და მეორე მოპასუხე სადავო უძრავი ქონების როგორც რეგისტრირებული, ასევე ფაქტობრივი მესაკუთრეა. ე.ი. გარიგებას, რომელიც მჩუქებელსა და მეორე მოპასუხეს შორის დაიდო სამართლებრივი შედეგი მოჰყვა.

12.4. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მოპასუხეების ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების ფაქტი, უფრო მეტიც, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ გარიგების დადებამდე მოსარჩელის მხრიდან ქონების მესაკუთრის მიმართ თანხის გადაცემის შესახებ მოთხოვნა წაყენებული არ ყოფილა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მხარეებს შორის არსებობდა ჩუქების ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, მჩუქებელსა და დასაჩუქრებულს შორის გარიგების დადება მესამე პირის მოტყუების და პასუხისმგებლობისგან თავის არიდების მიზნით არ გაფორმებულა (სსკ-ის 56-ე მუხლი).

13. აპელანტის საკასაციო საჩივრის საფუძვლები

13.1. აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება მისი გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.

13.2. კასატორის მტკიცებით, მხარეებმა გარიგება მოსაჩვენებლად დადეს და ამის დასტურია პირველი მოპასუხის მიერ, შვილის (მოსარჩელის მეუღლე) გარდაცვალებიდან ცხრამეტი დღის შემდეგ, გარიგების დადება და, გარიგების დადებიდან, ორი თვის შემდეგ მოსარჩელის იძულება, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად საცხოვრებელი სახლის დატოვების შესახებ. ამდენად, მჩუქებელს წინასწარ ჰქონდა განზრახული კასატორის სახლიდან გაშვება და იმის მოლოდინით, რომ მოსარჩელე მას სახლის გაყიდვიდან მიღებულ თანხას მოსთხოვდა, მან დაუყოვნებლივ განკარგა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რითაც პირველმა მოპასუხემ შექმნა ისეთი პირობა, რაც აპელანტისთვის თანხის მიღებას გააძნელებდა.

13.3. კასატორის განმარტებით პირველმა მოპასუხემ მოსარჩელის შვილს წაართვა შესაძლებლობა, გარდაცვლილი მამის ქონებიდან კუთვნილი წილი მიეღო და ღია ცის ქვეშ არ დარჩენილიყო. კასატორმა აღნიშნა, რომ ყოველივე ზემოაღნიშნული პირველი მოპასუხის არაკეთილსინდისიერებაზე მიუთითებს, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანი და იგი სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

14. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 ივნისის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

14.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე და მიღებულ იქნა არსებითად განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

15. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელეს დასაბუთებული საკასაციო შედავება აქვს წარმოდგენილი.

16. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია 2014 წლის 27 ნოემბერს პირველ და მეორე მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და პირველი მოპასუხის სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარებაა.

17. განსახილველი დავის საგანია ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მისი მოჩვენებითი ხასიათის გამო, იმ მიზნით, რომ მოვალეს კრედიტორის წინაშე დაკისრებული ვალდებულების შესრულება თავიდან აერიდებინა (სსკ-ის 56.1-ე მუხლი).

18. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სსსკ-ის მე-4 მუხლზე, რომლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე, რა დროსაც მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ის ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ხოლო მე-3 ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

19. საკასაციო სასამართლო სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ მსჯელობისას, უწინარესად, წარმოდგენილი აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის ნამდვილობას განმარტავს და დადგენილად მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის იურიდიული ინტერესი გამოკვეთილია (სსსკ-ის 180-ე მუხლი). იურიდიული ინტერესის არსებობა განპირობებულია არა ზოგადად მხარის სუბიექტური ინტერესით, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი დანაწესით, რომლის შედეგის რეალიზაცია შესაძლებელია აღიარებითი სარჩელის აღძვრით. მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით განსაზღვრული უფლების დაცვას უნდა ემსახურებოდეს აღიარებითი სარჩელი.

20. კრედიტორი მის მიერ წარდგენილ სარჩელში მიუთითებს, რომ მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების გაბათილებით, პირველი მოპასუხე დაიბრუნებს საკუთრების უფლებას უძრავ ქონებაზე, რაც აღმასრულებელს საშუალებას მისცემს ამ გადაწყვეტილების მე-11 პუნქტში დასახელებული გადაწყვეტილება აღასრულოს.

21. საკასაციო სასამართლო კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნის, უძრავი ქონების თავდაპირველი მესაკუთრისათვის დაბრუნების თაობაზე, სამართლებრივ საფუძვლად სსკ-ის 992-ე /პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი/, 998-ე /1. თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები. 2. ზიანისათვის პასუხს აგებს არა მარტო ის, ვინც იგი უშუალოდ მიაყენა, არამედ ისიც, ვინც ის დაიყოლია ან მისი ხელშემწყობი იყო, ასევე ისიც, ვინც შეგნებულად ისარგებლა სხვისთვის მიყენებული ზიანით/, 408.1-ე /1. იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება/ მუხლებს განიხილავს და აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის # ას-664-635-2016 გადაწყვეტილებას მოიხმობს, სადაც განმარტებულია, რომ დელიქტურ სამართალში მოთხოვნის ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველი სსკ-ის 992-ე მუხლია, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივი შედეგი (ზიანის ანაზღაურების ვალდებულება) ქმედების აბსტრაქტული შემადგენლობიდან (სხვა პირის მიმართ განხორციელებული ქმედება) გამომდინარეობს.

22. განსახილველ შემთხვევაში, სსკ-ის 992-ე მუხლში მითითებული ზიანი გამოკვეთილია და ის გამოწვეულია მოსარჩელის საკუთრების, რომელიც მოცემულ შემთხვევაში კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე მოვალისათვის დაკისრებული ვალდებულების შესრულების, მოთხოვნის უფლების ხელყოფით გამოიხატება (13 000 აშშ დოლარის პირველი მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული). კრედიტორის აღნიშნული მოთხოვნის უფლება ხელყოფილია მოპასუხეთა მოჩვენებითი და შეთანხმებული ქმედებით, რაც სსკ-ის 56-ე და 998-ე მუხლებით უნდა შეფასდეს, შესაბამისად, სსკ-ის 992-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ოთხივე წინაპირობა (მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ბრალეულობა, ზიანი და მიზეზ-შედეგობრიობა) განხორციელებულად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც გამოიხატა ოჯახის წევრთა შეთანხმებული ქმედებით მოჩვენებითი გარიგების გაფორმებაში, რათა შეუძლებელი გამხდარიყო მოვალის (რომელიც ერთ-ერთი მოპასუხეა) მიერ კრედიტორის (მოსარჩელის) წინაშე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულების აღსრულება - თანხის გადახდა. სწორედ აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის კანონით დაცული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფას, შესაბამისად, მოსარჩელის აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის დასაბუთებულობა იმაში გამოიხატება, რომ პირველი მოპასუხის საკუთრებად, რომელიც კრედიტორის მოვალეა, ჩუქების მოჩვენებითი გარიგების საფუძველზე გასხვისებული უძრავი ქონების დაბრუნებით, კრედიტორი შეძლებს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილებას კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების საფუძველზე, რითაც სამართლებრივად გაიუმჯობესებს მდგომარეობას. ამ ვითარებაში ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნა იმ წინაპირობად უნდა შეფასდეს, რომელსაც ეფუძნება მოსარჩელის მოთხოვნა - პირველი მოპასუხისათვის საკუთრების უფლების დაბრუნება უძრავ ქონებაზე, რომელზედაც უნდა მოხდეს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მიქცევა და მოსარჩელის იურიდიული ინტერესის დაკმაყოფილება.

23. საკასაციო სასამართლო სარჩელს იურიდიულად გამართულად, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკასთან შეუსაბამისად მიიჩნევს და განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს მოსაჩვენებლად იქცევა ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტი. ამდენად, მოჩვენებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა, ე.ი. გარიგების მონაწილე მხარეები უნდა აცნობიერებდნენ, რომ მათ შორის დადებულ გარიგებას სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება და იგი დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად. ამასთან, იგი, როგორც წესი, კანონსაწინააღმდეგო მიზნების მისაღწევად ან დასაფარად გამოიყენება. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში შეიძლება დაისვას მესამე პირთა ინტერესების დაცვის საკითხი.

24. მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში გამოვლენილია გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედება, რა დროსაც მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას.

25. მოჩვენებითი გარიგება, როგორც წესი, ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი, მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მისი უფლება შეილახა.

26. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეთა საერთო მიზნით მოქმედების პრეზუმფციას ის გარემოება ამყარებს, რომ სადავო ხელშეკრულების მხარეები, მამა და შვილი ერთი ოჯახის წევრები არიან და ივარაუდება, რომ მათ ერთმანეთის განზრახვის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. ისინი ერთად ცხოვრობენ და უძრავი ქონების გაჩუქების შემდეგაც ერთად ცხოვრობენ.

27. სსკ-ის 56.1-ე მუხლის მიხედვით გარიგების ბათილობის საფუძველი ხელშეკრულების მონაწილე მხარეების ის ფარული (და არა აშკარა) ნებაა, რაც ფორმალურად ხელშეკრულების გაფორმების სურვილს გამოხატავს, რეალურად კი არ ემსახურება იმ მიზანს, რაც გარიგების დადებას უნდა მოჰყვეს შედეგად. სწორედ ამიტომ იწოდება ამგვარი გარიგებები მოჩვენებითად. პირველი მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ერთადერთ უძრავ ქონებაზე გარიგების დადება მისი შვილის (მოსარჩელის მეუღლის) გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში, ამასთან, მოსარჩელის მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოსარჩელესა და პირველ მოპასუხეს შორის ურთიერთობის დაძაბვა, იმგვარადაც კი, რომ პირველმა მოპასუხემ მოსარჩელე შვილთან ერთად სახლიდან გააგდო, ამ ყველაფრის ფონზე პირველი მოპასუხისათვის მოსალოდნელი გახდა, რომ მოსარჩელეს შეეტყო მამამისის ბინის გაყიდვის თაობაზე და პირველი მოპასუხისათვის ვალის დაბრუნება მოეთხოვა. ამასთან, მეორე მოპასუხე სადავო უძრავ ქონებაში მოსარჩელისა და მისი მეუღლის დაოჯახებიდან მალევე გადავიდა და დღემდე იქ ცხოვრობს, სადავო უძრავ ქონებაში პირველი მოპასუხეც აგრძელებს ცხოვრებას. ეს გარემოებები აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ პირველი მოპასუხე სწორედ იმ განზრახვით მოქმედებდა, რომ მოსარჩელის წინაშე ვალდებულების შესრულებისაგან თავი აერიდებინა. მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის იურიდიული ინტერესი მის სასარგებლოდ მოვალისათვის დაკისრებული ვალდებულების კანონით დადგენილი წესით აღსრულებას უკავშირდება, რაც საჯაროსამართლებრივი დანაწესის- კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეუძლებლობის საფრთხით არის განპირობებული, ვინაიდან მოპასუხეების შეთანხმებული და მოჩვენებითი ქმედებების გამო, რაც ოჯახის წევრთა შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებაში გამოიხატა, შეუძლებელი გახდება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, აღნიშნული კი მოპასუხეთა მხრიდან სამოქალაქო ბრუნვის არაკეთილსინდისიერად [სსკ-ის მე-8.3 მუხლი: სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი] წარმართვად და უფლების ბოროტად გამოყენებად [სსკ-ის 115-ე მუხლი: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას] უნდა შეფასდეს (შდრ. #ას-1266-1195-2012, 14.11.2013 წ., #ას-1212-1138-2015, 06.06.2016 წ., #ას-509-476-2017, 30.06.2017 წ., #ას-976-908-2017, 22.01.2018 წ.).

28. ზემოხსენებული მოტივაციით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, მოსარჩელის მოთხოვნა, პირველი მოპასუხის სადავო უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ აღიარების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს (სსსკ-ის 410-ე მუხლი).

29. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც. მოხმობილი ნორმის საფუძველზე პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ საკასაციო საჩივრისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება უნდა დაეკისროს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სააპელაციო საჩივრისათვის გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაც პირველ მოპასუხეს დაეკისრება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე და 53-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ს.ა–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება, ს.ა–ის სასარჩელო მოთხოვნაზე - ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და უძრავი ქონების მესაკუთრედ რ.გ–ის აღრიცხვის თაობაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;

3. ს.ა–ის სარჩელი, უძრავი ქონების მესაკუთრედ რ.გ–ის აღრიცხვის ნაწილში, დაკმაყოფილდეს;

4. ქ. თბილისში, .... (ს/კ .....; ნაკვეთის წინა ნომერი 20), #36 ბინაში მდებარე 36.00 კვ.მ. ფართის მესაკუთრედ საჯარო რეესტრში რ.გ–ი (პ/ნ .....) აღირიცხოს;

5. დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 14 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად;

6. რ.გ–ს ს.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 (სამასი) ლარის ანაზღაურება;

7. რ.გ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო საჩივრისათვის გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის - 150 (ასორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;

8. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ზ. ძლიერიშვილი