Facebook Twitter

¹ბს-2-54-კს-03 9 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),

მ. ვაჩაძე,

გ. ქაჯაია

დავის საგანი: სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 იანვრის განჩინებით, გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაშვების გამო, ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

ხსენებული გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტრომ კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მიუთითა, რომ მან გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადა გაშვებული არ ჰქონდა, რადგან მან საჩივარი ფოსტაში ვადაში წარადგინა, ხოლო თუ მისი სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 6 დეკემბერს შევიდა, აღნიშნული ვადის გაშვებად არ უნდა ყოფილიყო მიჩნეული.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 მაისის განჩინებით ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ რადგან აპელანტს გასაჩივრებული განჩინება 1 ნოემბერს ჩაბარდა, მას გასაჩივრების უფლება 1 დეკემბრამდე ჰქონდა, ფოსტის შტამპით კი დგინდებოდა, რომ საჩივარი ფოსტას 4 დეკემბერს ჩაბარდა, რაც უდავოდ ვადის გაშვებაზე მიუთითებდა. კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად საქართველოს უზენაეს სასამართლოს გადმოეგზავნა.

უზენაეს სასამართლოში საქმის განხილვისას ფინანსთა სამინისტრომ საკასაციო პალატას წარმოუდგინა ფოსტის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მას საჩივარი ფოსტის 62-ე განყოფილებაში 2002წ. 2 დეკემბერს აქვს შეტანილი.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩინა, რომ ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 იანვრის განჩინება, სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დასაშვებად და საქმე ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. აღნიშნული ვადის (გაგრძელება) აღდგენა არ დაიშვება და იგი იწყება ორივე მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. საქმის მასალებით დგინდება, რომ კერძო საჩივრის ავტორს _ ფინანსთა სამინისტროს გასაჩივრებული გადაწყვეტილება 2002წ. 1 ნოემბერს ჩაბარდა ხელზე და მან სააპელაციო საჩივარი ფოსტაში იმავეწ. 2 დეკემბერს წარადგინა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გასაჩივრების ერთთვიანი ვადის გაგრძელება ან აღდგენა არ დაიშვება. აქვე ნიშანდობლივია, რომ სსკ-ს 59-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება უნდა შესრულდეს კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის თანახმად, საპროცესო ვადა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან მოვლენის დადგომის შემდგომი დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ხოლო 61-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის ბოლო დღე დასვენების ან უქმე დღეებს ემთხვევა, საპროცესო ვადა გასულად ჩაითვლება მომდევნო პირველ სამუშაო დღეს, ანუ მოცემულ შემთხვევაში 2 დეკემბერს.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ რადგან ფინანსთა სამინისტროს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 23 იანვრის განჩინება ჩაბარდა 1 ნოემბერს, საპროცესო ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო მომდევნო დღეს _ ანუ 2 ნოემბერს და ვადა გასულად 1 დეკემბერს ჩაითვლებოდა. მაგრამ როგორც ცნობილია, 2002წ. 1 დეკემბერი კვირა დღეს ემთხვეოდა, ამრიგად სსკ-ს 61-ე მუხლის თანახმად ვადა შემდეგ დღეს 2 დეკემბერს უნდა ამოწურულიყო. Aაქვე ნიშანდობლივია, რომ, მართალია, სააპელაციო საჩივარი სასამართლოში 6 დეკემბერს იქნა შეტანილი, მაგრამ იგი ფოსტაში იმავეწ. 2 დეკემბერს იქნა შეტანილი, ანუ 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, კერძოდ, თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.

ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეტანილ იქნა კანონით გათვალისწინებული ვადის დაცვით და მისი განუხლილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, რის გამოც კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და სააპელაციო საჩივარი ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს.

საკასაციო სასამართლო აქვე სააპელაციო პალატის ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ანალოგიურ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას მიღებული აქვს გადაწყვეტილება და წარმოგიდგენთ მის ასლს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი და სსკ-ს 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 23 იანვრის განჩინება და სააპელაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.