№ ას-1048-968-2017 31 ოქტომბერი, 2017 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
მზია თოდუა (თავმჯდომარე),
პაატა ქათამაძე (მომხსენებელი),
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) - ლ.შ.
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ნ.ყ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ლ.შ. (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) და ნ.ყ. (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, შემძენი) 1994 წლის 04 მარტიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. თანაცხოვრების პერიოდში მათ შეეძინათ სამი შვილი: ლ.შ., ლ.შ. და ა.შ.
2. 2009 წლის 1 ივლისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მოპასუხეს შორის ,,სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ” საქართველოს კანონისა და ,,სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების” საფუძველზე დაიდო „ნასყიდობის ხელშეკრულება“ (შემდეგში ქონების გადაცემის ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც, ქ. თბილისში, .... მეორე სართულზე მდებარე უძრავი ქონება, 34.68 კვ.მ ბინა №24, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით №.... (შემდეგში სადავო ქონება), საკუთრების უფლებით გადაეცა მოპასუხეს.
3. ქონების საპრივატიზაციო ღირებულება სიმბოლური თანხით - 1 (ერთი) ლარით განისაზღვრა.
4. შემძენს ხელშეკრულებით განესაზღვრა ვალდებულება, შვილები უზრუნველეყო საცხოვრებელი ფართით გადაცემულ ბინაში.
5. საჯარო რეესტრში სადავო ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მოპასუხის სახელზე.
6. 2015 წლის 7 სექტემბერს მოსარჩელემ სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ აღძრა სარჩელი, რომლითაც ქორწინების შეწყვეტა, სადავო ქონების თანამესაკუთრედ ცნობა და ბინის რეალიზაციით მიღებული თანხის ნახევრის მიკუთვნება მოითხოვა.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სასამართლოში შეგებებული სარჩელის წარდგენით თავიანთი არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებლად საკუთარი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მოითხოვა.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 18 თებერვლის განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება, რომლის მიხედვითაც მეუღლეებს შორის შეწყდა ქორწინება, ხოლო არასრულწლოვანი შვილის - ლ.შ–ას საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მოსარჩელის ადგილსამყოფელი მის სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა სადავო ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1160-ე, 1161-ე, 1164-ე, 173-ე და 524-ე მუხლები.
11. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული გარემოებები.
11.1. სასამართლომ სადავო ქონების, როგორც მეუღლეთა ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების სამართლებრივი სტატუსის შეფასებისას, განსახილველ საკითხს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 1161-ე მუხლი მიუსადაგა და მიუთითა, რომ ქორწინების პერიოდში, ერთ-ერთმა მეუღლემ სტატუსიდან (დევნილი) გამომდინარე მიიღო ქონება საკუთრებაში. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა გარიგების ფაქტობრივად უსასყიდლო ხასიათზე და ქონების გადაცემის სამართლებრივ საფუძვლად ჩუქების ხელშეკრულება მიიჩნია. შესაბამისად, სსკ-ის 1161-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, სადავო ქონება მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად შეფასდა.
12. მოსარჩელემ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა და შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
12.1 სსკ-ის 1161-ე მუხლმა მეუღლეთა ინდივიდუალური საკუთრების ამომწურავი ჩამონათვალი განსაზღვრა. აპელანტის მოსაზრებით წინამდებარე ნორმა იმპერატიული შინაარსის იყო და არ ითვალისწინებდა მეუღლის სტატუსიდან (დევნილი) გამომდინარე, სადავო უძრავი ნივთის მოპასუხის ინდივიდუალურ ქონებად შეფასების შესაძლებლობას.
12.2. აპელანტის მტკიცებით, სადავო ქონება მოპასუხეს გადაეცა არა ინდივიდუალურად, არამედ მთლიანად ოჯახს. მსჯელობისას, აპელანტმა ქონების გადაცემის ხელშეკრულების მე-2 მუხლი მოიხმო, რომელიც მყიდველს ავალდებულებდა, შვილები უზრუნველეყო საცხოვრებლით საკუთრებაში გადაცემულ ბინაში.
13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 16 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13.1. პალატის განმარტებით, ქონების გადაცემის ხელშეკრულების არსებითი პირობების შინაარსმა განსაზღვრა ხელშეკრულების მიზანი - იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ 2009-2012 წლებში სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 28 მაისის N403 განკარგულების (ძალადაკარგულია 2012 წლის 16 ივნისის N1162 განკარგულებით) და იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიიდან გამომდინარე განსახორციელებელ ღონისძიებათა პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2009 წლის N4 განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფოს უზრუნველეყო სოციალური ფუნქციის შესრულება დევნილის საცხოვრებელი პირობების შექმნის გზით.
13.2. პალატამ მიუთითა, რომ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის თანახმად, დევნილთან ქორწინების გამო მოსარჩელე მისი ოჯახის წევრად განიხილებოდა, მიუხედავად ზემოაღნიშნული სტატუსისა, ქონების გადაცემის ხელშეკრულება აპელანტთან დაკავშირებით დათქმას არ შეიცავდა, თუმცა აღინიშნა, რომ ქონებას მოპასუხესა და შვილებთან ერთად ისიც დაეუფლა. პალატის მოსაზრებით, სახელმწიფომ სადავო ქონებას მკაცრად ინდივიდუალური სტატუსი მიანიჭა და გადასცა არა დევნილ ოჯახს, არამედ უშუალოდ დევნილ მოპასუხეს, იმ პირობით, რომ შვილებს საცხოვრებლით უზრუნველყოფდა.
13. პალატის განმარტებით, საცხოვრებლად გამოსაყენებელი ფართის გასხვისება სიმბოლურ ფასად - 1 (ერთ) ლარად, ხელშეკრულების უსასყიდლო ბუნებაზე მიუთითებდა, რაც გარიგებას ჩუქების სამართლებრივი ურთიერთობის ჩარჩოში აქცევდა. შესაბამისად, სსკ-ის 1161-ე მუხლის „ბ“ პუნქტის ვიწრო განმარტების მეთოდზე დაყრდნობით, სადავო ქონება პალატამ მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებად მიიჩნია, რომელზედაც მეუღლეთა საერთო ქონების განაწილების წესების გავრცელებისათვის, არ არსებობდა შესაბამისი ლეგიტიმური პირობა.
14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, რომელმაც მისი გაუქმება და, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
14.1. კასატორის მოსაზრებით, უძრავი ქონება შეძენილია ქორწინების პერიოდში, ამასთან, აღნიშნული მატერიალური სიკეთე მოპასუხეს არ მიუღია მემკვიდრეობით ან ჩუქების ხელშეკრულებით, შესაბამისად, სადავო ქონება არ წარმოადგენდა მოპასუხის ინდივიდუალურ საკუთრებას და სასამართლოს გადაწყვეტილება იყო კანონსაწინააღმდეგო.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 22 სექტემბრის განჩინებით, მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
18. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობასა და დასკვნებს ერთი მხრივ, ხელშეკრულების შინაარსის შეფასებისა, ხოლო, მეორე მხრივ, სადავო ქონების რაობის განსაზღვრის თაობაზე და მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა მართებულად არ დაკმაყოფილდა, სახელდობრ:
19.1. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ნივთის თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 1158-ე (მეუღლეთა მიერ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენლი) მუხლიდან გამომდინარეობს.
19.2. სსკ-ის 1161-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თითოეული მეუღლის საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით. დასახელებული ნორმა სსკ-ის 1158-ე მუხლისგან საგამონაკლისო წესს ადგენს და მეუღლეთა თანასაკუთრებად არ განიხილავს ქორწინების პერიოდში ჩუქებით მიღებულ ქონებრივ სიკეთეს. კონკრეტულ შემთხვევაში, მართალია, სახელმწიფოსა და შემძენს შორის ნასყიდობის ხელშეკრულება ფორმალური თვალსაზრისით დაიდო, თუმცა ხელშეკრულებისა და მისგან გამომდინარე უფლებრივი მდგომარეობის შეფასებისას სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია არა გარიგების გარეგნული გამოხატულება, არამედ მისი შინაარსი, რამდენად შეესაბამება სამოქალაქო კანონმდებლობით ამა თუ იმ ხელშეკრულების რაობის განსაზღვრისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს.
19.4. სსკ-ის 52-ე მუხლი ადგენს განსჯის შედეგად ნების დადგენის პრინციპს და გამორიცხავს ნების სიტყვასიტყვითი გაგების პრინციპის გამოყენებას. გონივრული განსჯის შედეგად ნების დადგენა მოითხოვს იმის გარკვევას, თუ რა იგულისხმეს გარიგების მონაწილეებმა გამოხატულ ნებაში, ეს კი იძლევა შესაძლებლობას, რომ უპირატესობა მიენიჭოს მათ ნებას და არა გარიგებაში სიტყვიერად გამოხატულს (falsa demonstratio non nocet - მცდარი სახელწოდება არ ახდენს გავლენას მხარეთა შეთანხმების შინაარსზე), ამასთან, ნების გამოვლენის ინტერპრეტაციისათვის აუცილებელია იმის გათვალისწინებაც, თუ რა საბოლოო შედეგს ისახავდა სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მიზნად (იხ. ლადო ჭანტურია, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი I, გვ. 305).
19.5. ნასყიდობის ხელშეკრულებას სამოქალაქო კანონმდებლობა ორმხრივ, კონსენსუალურ გარიგებად განიხილავს, რომლის ორივე მხარე კისრულობს ურთიერთშესაბამის ვალდებულებას - საგნის გადაცემას უპირისპირდება მიღებული სიკეთის საბაზრო ღირებულების შესატყვისი თანხის გადახდის ვალდებულება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო ქონების სიმბოლურ ფასად 1 (ერთ) ლარად გასხვისებამ სახელშეკრულებო ურთიერთობას გამოაცალა სამართლებრივი საფუძველი, იგი არსობრივად განვიხილოთ ნასყიდობის ხელშეკრულებად. გარიგების შინაარსიდან არ დგინდება ხელშეკრულების ნასყიდობად კვალიფიკაციისთვის ფუნდამენტური საკითხი, გამყიდველი მხარის მატერიალური ინტერესის დაკმაყოფილების ნება, ქონების შესაძენად გადასახდელი თანხის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ განსახილველი ხელშეკრულება სასყიდლიანი გარიგებად ვერ განიხილება.
19.6. ქონების უსასყიდლოდ შეძენა ჩუქების ხელშეკრულებით რეგულირდება. სსკ-ის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულება ცალმხრივი, მიღებასავალდებულო ნების გამოვლენაა, რომლის ნამდვილობისთვის საკმარისია დასაჩუქრებულის მზაობა, მიიღოს შეძენილი ქონება. ჩუქების ხელშეკრულებას მბოჭავი ძალა მხოლოდ მჩუქებლის მიმართ აქვს, მჩუქებლის ვალდებულებას, გადასცეს ნივთი დასაჩუქრებულს, უპირისპირდება დასაჩუქრებულის უფლება, მიიღოს ან უარი თქვას საჩუქარზე. განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი ხელშეკრულება გონივრული განსჯის ფარგლებში, სწორედ ამგვარ უსასყიდლო გარიგების სახედ - ჩუქების ხელშეკრულებად უნდა განვიხილოთ, ჩუქებით მიღებული ქონება კი, სსკ-ის 1161-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებაა და მასზე არ ვრცელდება განქორწინების შემდგომ საერთო საკუთრების მეუღლეთა შორის გაყოფის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები.
20. საკასაციო სასამართლოს მიერ დასაშვებობის შემოწმებისას გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი გარემობაა ისიც, რომ კასატორს საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომლითაც მყარი სამართლებრივი არგუმენტაციით შეედავებოდა სააპელაციო სასამართლოს სამართლებრივ დასკვნებს და საკასაციო სასამართლოს დაარწმუნებდა დავის არსებითად განხილვის მართებულობაში.
21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. Nას-605-579-2016, 17 თებერვალი, 2017 წელი).
22. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 7.2-ე, 257.1-ე, 264.3-ე, 391-ე მუხლებით, 401-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.შ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორი გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის „მ1“ ქვეპუნქტის საფუძველზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ე. გასიტაშვილი