Facebook Twitter

საქმე №ას-131-2019 11 ივნისი, 2019 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე,

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „გ.ი.გ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები - ამხანაგობა „რ–ი“ და მისი წევრები: გ.ს–ძე, ლ.ნ–ძე, ვ.დი, ნ.ჩ–ი, თ.გ–ი, მ.ნ–ძე, ზ.მ–ი, გ.გ–ძე, ზ.მ–ი, ნ.შ–ძე, ა.ბ-მ–ი, მ.ლ–ი, ი.ლ–ძე, გ.გ–ძე, თ.კ–ი, მ.გ–ა, ე.წ–ი, ზ.ზ–ი, ბ.ბ–ი, ზ.მ–ი, დ.გ–ი, ლ.ც–ა, თ.ქ–ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „გ.ი.გ–სა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, კომპანია ან მენარდე) და ამხანაგობა „რ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, ამხანაგობა ან შემკვეთი) შორის 2007 წლის 10 ივლისს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კომპანიას ქ. თბილისში, ....., მრავალფუნქციური სახლი უნდა აეშენებინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება 969 000 ლარით (დღგ-ს ჩათვლით) ან 1000 მ2 საცხოვრებელ ფართის კომპანიისათვის გადაცემით განისაზღვრა. ამავე ხელშეკრულებით დადგინდა, რომ სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შესაძლოა ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის ფარგლებში შეცვლილიყო. კომპანიას სამუშაოები 2007 წლის 10 ივლისიდან უნდა დაეწყო და 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დაემთავრებინა (იხ. ტ.2, ს.ფ. 202-206).

2. ნარდობის ხელშეკრულების 2.3 მუხლის მიხედვით, მხარეებს შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, სახელშეკრულებო ფასების საფუძველზე დამთავრებული სართულის შესაბამისად.

3. 2011 წლის 3 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მენარდემ 2007 წლის 10 ივლისიდან - 2009 წლის 1 მარტამდე აწარმოა. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ მთლიანობაში 1 559 000 ლარი შეადგინა (იხ. ტ.1, ს.ფ. 58-61).

4. 2012 წლის 12 იანვრის შეთანხმება-მემორანდუმის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მათ ერთმანეთის წინაშე რაიმე ფინანსური პრეტენზიები არ გააჩნდათ (იხ. ტომი 1, ს.ფ. 349).

5. 2015 წლის 3 თებერვალს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა ამხანაგობისა და მისი წევრების (ნელი წითლიძე, გ.ს–ძე, ლ.ნ–ძე, ვ.დი, ნ.ჩ–ი, თ.გ–ი, მ.ნ–ძე, ზ.მ–ი, გ.გ–ძე, ზ.მ–ი, ნ.შ–ძე, ა.ბ-მ–ლი, მ.ლ–ი, ი.ლ–ძე, გ.გ–ძე, თ.კ–ი, მ.გ–ა, ე.წ–ი, ზ.ზ–ი, ბ.ბ–ი, ზ.მ–ი, დ.გ–ი და თ.ქ–ა (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) წინააღმდეგ, შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულების - 1 559 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-4 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ მან ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 1 559 000 ლარად ღირებული სამუშაოები კეთილსინდისიერად და ჯეროვნად შეასრულა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მოპასუხეს, შესრულებული სამუშაოების ღირებულება მენარდისათვის მისი არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ აუნაზღაურებია.

6. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს, მათ წარადგინეს როგორც მოთხოვნის გამომრიცხველი, ისე მისი განხორციელების ხელისშემშლელი (ხანდაზმულობის) შესაგებელი და განმარტეს, რომ სასარჩელო მოთხოვნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლო იყო, ვინაიდან მენარდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეუსრულებია, შესაბამისად, ამხანაგობას კომპანიის წინაშე, რაიმე ვალდებულება არ წარმოშობია. მათი მოსაზრებით, აღნიშნული დასტურდება ასევე, 2012 წლის 12 იანვრის შეთანხმება-მემორანდუმით, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, მათ ერთმანეთის წინაშე რაიმე ფინანსური პრეტენზიები არ გააჩნდათ. გარდა ამისა, სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული იყო, ვინაიდან, მხარეთა 2012 წლის 12 იანვრის ზემოაღნიშნული შეთანხმებიდან (რომლითაც მხარეებმა განაცხადეს, რომ ერთმანეთის წინაშე რაიმე ვალდებულება არ გააჩნდათ), სარჩელის აღძვრამდე - 2015 წლის 3 თებერვლამდე, გასული იყო სამ წელზე მეტი.

7. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი უარყოფილ იქნა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629-ე, 327-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 144-ე მუხლები გამოიყენა.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება, სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 27 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9.1. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა, რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა ამხანაგობისა და მისი წევრების მიმართ ხანდაზმული იყო. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა, შესაბამისად, მასზე სახელშეკრულებო მოთხოვნებისთვის დადგენილი ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა უნდა გავრცელებულიყო.

9.2. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებზე და აღნიშნა, რომ 2011 წლის 3 ოქტომბერს მხარეებმა შეადგინეს მიღება-ჩაბარების აქტი, საიდანაც დგინდებოდა რომ ქ. თბილისში, .... ქუჩაზე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების მშენებლობას მოსარჩელე 2007 წლის 10 ივლისიდან - 2009 წლის 1 მარტამდე აწარმოებდა, შესაბამისად, შესრულებული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება მენარდეს 2009 წლის 2 მარტიდან წარმოეშვა.

ვინაიდან დადგენილი იყო, რომ მოსარჩელემ სარჩელი სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით - 2015 წლის 3 თებერვალს აღძრა, შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ დასაბუთებული იყო და არ არსებობდა მისი გაუქმების საფუძველი;

9.3. სააპელაციო პალატამ სსკ-ის 341-ე და 327-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ არ არსებობდა 2011 წლის 3 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტის ვალის აღიარების ხელშეკრულებად მიჩნევის საფუძველი, ვინაიდან, აქტში არ ყოფილა მითითებული 1 559 000 ლარის გადახდის ვალდებულების შესრულების თაობაზე, რის გამოც, მოსარჩელის არგუმენტი, რომ აღნიშნულით ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა, საფუძველს მოკლებული იყო.

10. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგ გარემოებებზე მითითებით :

10.1. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ დაასკვნეს, რომ, რადგანაც სამშენებლო სამუშაოები 2009 წლის 1 მარტს დასრულდა, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2009 წლის 2 მარტიდან უნდა დაწყებულიყო;

10.2. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა უგულებელყვეს ნარდობის ხელშეკრულების 3.3 პუნქტი, რომლის თანახმადაც, სამუშაო დასრულებულად მიიჩნეოდა, ორივე მხარის მიერ შესრულებული სამუშაოების არსებული წესით დამოწმების შემდეგ. საყურადღებოა, რომ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტი 2011 წლის 3 ოქტომბერს შედგა, შესაბამისად, სწორედ ამ უკანასკნელი თარიღიდან უნდა ათვლილიყო ხანდაზმულობის სამწლიანი ვადაც;

10.3. 2011 წლის 3 ოქტომბრის მიღება-ჩაბარების აქტით დადასტურებულია, რომ კომპანიამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები სრულად შეასრულა, მოპასუხემ კი, მენარდეს არც შესრულებული სამუშაოების ღირებულება აუნაზღაურა და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი ოდენობის ფართი გადასცა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

12. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

13. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

13.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

14. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესრულებული სამუშაოების ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლი. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა. სახელდობრ:

15. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნას სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

15.1. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მსჯელობას, რომ მოსარჩელის მოთხოვნები სახელშეკრულებო (ნარდობა) ვალდებულებიდან გამომდინარეობს, რაზეც სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა ვრცელდება.

15.2. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოა ხანდაზმულობის ვადის დენის ათვლის წერტილი.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისთვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის ზუსტად დადგენა. ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. სსკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ნორმის მითითება - „როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო“, არ შეიძლება, გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს. კანონის მითითებული დანაწესი ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - „უნდა შეეტყო“, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა (შდრ სუსგ №ას-1264-1204-2014, 2.10.2015წ).

მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2007 წლის 10 ივლისს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, კომპანიას ქ. თბილისში, ....., მრავალფუნქციური სახლი უნდა აეშენებინა, რის სანაცვლოდაც, შემკვეთს 969 000 ლარი ან 1000 მ2 საცხოვრებელი ფართი უნდა გადაეცა. მხარეებს შორის ანგარიშსწორება უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს მოცულობის მიხედვით, სახელშეკრულებო ფასების საფუძველზე, ყოველი სართულის მშენებლობის დასრულების შემდეგ.

ასევე, უდავოა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები მენარდემ 2007 წლის 10 ივლისიდან - 2009 წლის 1 მარტამდე შეასრულა.

აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე, შემკვეთის მხრიდან, მოსარჩელისათვის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურება პერიოდულად, ყოველთვიურად შესასრულებელ ვალდებულებას წარმოადგენდა.

სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება 2007 წლის 10 ივლისიდან, ყოველთვიურად რა მოცულობისა და ღირებულების სამუშაოები შეასრულა მოსარჩელემ, თუმცა უდავოა, რომ მას 2009 წლის 1 მარტიდან ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოები აღარ უწარმოებია.

ამდენად, ყველაზე გვიან, 2009 წლის თებერვალში შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა 2012 წლის 1 მარტს გავიდა. კასატორმა კი, სარჩელი სასამართლოში 2015 წლის 3 თებერვალს, ხანდაზმულობის ვადის დარღვევით აღძრა.

15.3. ვინაიდან დგინდება, რომ მოსარჩელემ სარჩელით სასამართლოს მიმართა სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევით, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების დასკვნები, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ დასაბუთებულია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების წინაპირობები.

16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

19. კასატორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „გ.ი.გ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე