11 ივნისი, 2019 წელი,
საქმე №ას-349-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე,
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „პ–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 იანვრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, შემკვეთი ან მერია) და შპს „პ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, კომპანია, მენარდე ან შემსრულებელი) შორის 2014 წლის 29 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №06/34 ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ხელშეკრულება), რომლის მიხედვითაც, მოპასუხეს ქ. რუსთავში, სახანძრო დაცვის სამსახურის შენობის სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ხელშეკრულების ღირებულება 44 398.40 ლარით, სამუშაოს შესრულების ვადა კი, 55 დღით განისაზღვრა (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 629.1 მუხლი).
2. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულების 0.5%-ით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. იმ შემთხვევაში, თუ დაკისრებული პირგასამტეხლოს ჯამური თანხა გადააჭარბებდა ხელშეკრულების შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 5%-ს, შემსყიდველი უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა მიმწოდებლისათვის ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ანაზღაურება (სსკ-ის 417-ე-418-ე მუხლები).
3. მერიამ ხელშეკრულების შესრულების მიზნით, კომპანიას 2014 წლის 14 მაისს - 11500, 2014 წლის 10 ივნისს - 12,588.72, ხოლო 2014 წლის 3 ივლისს - 7,700.91 ლარი აუნაზღაურა.
4. კომპანიამ ვალდებულება დაარღვია. მან სარემონტო სამუშაოები მხოლოდ 16988 და 10392,59 ლარის ფარგლებში შეასრულა, რის გამოც, მოსარჩელემ 2014 წლის 29 დეკემბერს ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა.
5. მერიამ ვალდებულების დარღვევისა და არაჯეროვანი შესრულებისათვის მენარდეს ჯარიმის სახით - 15 654.72 ლარი (ყოველ ვადაგადაცილვებულ დღეზე 0,5 %, ხელშეკრულების შეწყვეტის დღემდე) მოსთხოვა, თუმცა, მოპასუხემ აღნიშნული თანხა არ გადაიხადა.
6. 2016 წლის 25 აპრილს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, პირგასამტეხლოს - 15 654.72 ლარისა და შესასრულებელი სამუშაოებისათვის წინასწარ გადახდილი თანხის - 4408.21 ლარის დაკისრების მოთხოვნით. მოსარჩელე წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში აღწერილ გარემოებებზე მითითებით ამტკიცებდა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ და ვადის დარღვევით შეასრულა, შესაბამისად, მენარდე ვალდებული იყო, შემკვეთის მიერ დარიცხული პირგასამტეხლო გადაეხადა. გარდა ამისა, კომპანიის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების შესრულების №2 ფორმების მიხედვით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა 27 381.42 ლარის ფარგლებში, ხოლო ფაქტობრივი გადახდებით შემკვეთს მიმწოდებლისთვის გადარიცხული აქვს 31 789.63 ლარი. რადგანაც, მენარდემ სამუშაოთა შესრულება შეწყვიტა, მას მითითებულ თანხებს შორის სხვაობა - 4408.21 ლარის ანაზღაურებაც უნდა დაჰკისრებოდა.
7. მოპასუხემ მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ კომპანიის მიერ შესრულებული სამუშაოს მოცულობამ თანხობრივად 31 820,60 ლარი შეადგინა, ხოლო მას ფაქტობრივი გადახდებით მერიამ 31 789.63 ლარი ჩაურიცხა, შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა 4408.21 ლარის დაკისრების თაობაზე, უსაფუძვლო იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. გარდა ამისა, კომპანიის მხრიდან სამუშაოთა შესრულების ვადის გადაცილება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ სამუშაოთა შესრულების თავდაპირველი პროექტი არასწორი იყო და ახალი პროექტის მომზადებამ ვადის გაჭიანურება გამოიწვია. ამდენად, დარიცხული პირგასამტეხლო - 0,5 % შეუსაბამოდ მაღალი იყო და ის გონივრულ ოდენობამდე უნდა შემცირებულიყო.
8. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ, პირგასამტეხლოს - 3,130.94 ლარისა და შესასრულებელი სამუშაოებისათვის წინასწარ გადახდილი თანხის - 4408.21 ლარის გადახდა დაეკისრა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად, სსკ-ის 316-ე, 317-ე, 319-ე, 361-ე, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე და 629-ე მუხლები გამოიყენა.
9. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 18 იანვრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა, შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობა, ასევე, გაითვალისწინა პირგასამტეხლოს ფუნქცია, მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო და ის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მართებულად შემცირდა გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე.
11. აღნიშნული განჩინება მოსარჩელემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით. კასატორის მტკიცებით, მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობდა პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უგულებელყვეს ის ფაქტი, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა (0.5%), მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად იყო განსაზღვრული.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
14.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
15. კასატორის პრეტენზია მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა უსაფუძვლოდ შეამცირეს მოპასუხისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა.
15.1. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნა სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) და 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) მუხლებიდან გამომდინარეობს. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და, ძირითადად, სამართლებრივად სწორად შეაფასა. სახელდობრ:
15.2. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, კომპანიას ქ. რუსთავში სახანძრო დაცვის სამსახურის შენობის სარემონტო სამუშაოები უნდა შეესრულებინა; ასევე, დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-9 პუნქტით მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,5 %; უდავოა, რომ მენარდემ სამუშაოები ვადის დარღვევით შეასრულა, რისთვისაც, შემკვეთმა (მერიამ) მას ჯარიმის სახით მთლიანობაში - 15 654.72 ლარი დააკისრა. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0,5 %, შეუსაბამოდ მაღალი იყო და ჯარიმა 0,1 %-მდე შეამცირეს.
15.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. "ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. სუსგ-ები: №ას-1373-2018, 17.01.2019; № ას 848-814-2016, 28.12.2016; №ას-816-767-2015, 19.11.2015; №ას-953-918-2016, 22.11.2016).
15.4. ამასთან, სასამართლოს სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება; დადგენილი სასამართლო პრაქტიკის მიხედვით: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა“ (შდრ. საქმე №ას-176-157-2014);
15.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს რა, საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს გონივრულად მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს, ნაცვლად 15 654.72 ლარისა, 3,130.94 ლარით განსაზღვრა.
16. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ-ები: 2019 წლის 27 მაისის №ას-232-2019 განჩინება; 2019 წლის 17 იანვრის №ას-1373-2018 განჩინება; 2014 წლის 10 აპრილის №ას-23-23-2014 განჩინება; 2014 წლის 16 მაისის №ას-1200-1145-2013 განჩინება; 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; 2012 წლის 28 დეკემბრის №ას-1560-1463-2012 განჩინება).
17. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
19. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე