11 ივნისი, 2019 წელი, საქმე № ას-617-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს „მ.მ.ჯ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ტ.კ–ი (მოსარჩელე დ.ჩ–ის უფლებამონაცვლე)
მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - ფ.ჭ–ა, კ.ნ–ძე, შ.ს–ა, ლ.ხ–ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - უფლებამონაცვლედ ცნობა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, დ.ჩ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან უფლების დამთმობი) სარჩელი, რომლითაც ის შპს „მ.მ.ჯ–ის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც პირველი მოპასუხე, კომპანია ან კერძო საჩივრის ავტორი), ზ.ღ–სა და ი.გ–ათვის (შემდეგში ტექსტში ერთობლივად მოხსენიებული, როგორც მოპასუხეები) თანხის დაკისრებას მოითხოვდა, უარყოფილ იქნა.
2. მოსარჩელემ 2018 წლის 15 ნოემბრის მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ შეთანხმებით, ტ.კ–ს (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელის უფლებამონაცვლე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე), 2015 წლის 14 ივლისის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეების მიმართ არსებული მოთხოვნა დაუთმო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელის უფლებამონაცვლემ, რომელმაც უფლების დათმობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე, განსახილველ საქმეში მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობაც იშუამდგომლა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინებით, აპელანტის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და ის ცნობილ იქნა მოსარჩელის უფლებამონაცვლედ. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 92-ე და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 199.2 მუხლით იხელმძღვანელა.
4.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვეოდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2018 წლის 15 ნოემბრის შეთანხმებით, მოსარჩელემ, მოპასუხეების მიმართ არსებული მოთხოვნა, დაუთმო აპელანტს, რომელმაც აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრით მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობა მოითხოვა. პალატამ სსსკ-ის 92-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა მოთხოვნის დათმობაა. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ მოსარჩელემ უფლებამონაცვლეს დაუთმო თავისი ქონებრივი უფლება, რაც მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობით დასაშვები იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტის შუამდგომლობა საფუძვლიანი იყო და ეს უკანასკნელი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ უნდა ცნობილიყო.
5. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა პირველმა მოპასუხემ (კომპანიამ) და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა იმ ნაწილში, რომლითაც აპელანტი მოსარჩელის უფლებამონაცვლედ იქნა ცნობილი. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით:
5.1. გასაჩივრებული განჩინება არ ეფუძნება საპროცესო და მატერიალური უფლებამონაცვლეობის კანონით გათვალისწინებულ ფაქტობრივ და სამართლებრივ წინაპირობებს;
5.2. სააპელაციო პალატამ უგულებელყო ის ფაქტი, რომ აპელანტი არის ის პირი, რომელიც საქმის პირველი ინსტანციით განხილვის დროს მოსარჩელის საპროცესო წარმომადგენელი იყო, შესაბამისად, მოთხოვნის დათმობით რეალურად მხარემ (მოსარჩელემ) თავი აარიდა სააპელაციო ინსტანციაში სახელმწიფო ბაჟის გადახდას, ვინაიდან აპელანტი როგორც ვეტერანი, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამდენად, ცხადია, რომ მოთხოვნის დათმობის შესახებ გარიგება, განსახილველ შემთხვევაში, მოჩვენებითი ხასიათისაა, იმ მიზნით, რომ მოსარჩელემ თავი აარიდოს სახელმწიფო ბაჟის გადახდას;
5.3. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სინგულარული უფლებამონაცვლეობისათვის აუცილებელია დასტურდებოდეს მოთხოვნის არსებობა და მისი ნამდვილობის სარწმუნოობა, რომლის გარეშეც, მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება არ შეიძლება ნამდვილად იქნეს მიჩნეული. საყურადღებოა, რომ განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა არათუ დადასტურებული, არამედ უარყოფილია პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რადგანაც პირველი მოპასუხის მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
7. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
8. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ მოსარჩელის უფლებამონაცვლედ აპელანტის ცნობის მართლზომიერება. საკასაციო სასამართლოს, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობდა უფლებამონაცვლეობის დადგენის ფაქტობრივ-სამართლებრივი წინაპირობები, დაუსაბუთებელია.
9. საპროცესო უფლებამონაცვლეობის საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 92-ე მუხლი, რომლის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა), სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო უფლებამონაცველობის საფუძველია უფლებამონაცვლეობა მატერიალურ სამართალში, როდესაც, მატერიალური სამართლის ნორმების მიხედვით, დასაშვებია სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებებისა და მოვალეობების სუბიექტების შეცვლა, როდესაც ახალი სუბიექტი მთლიანად ან ნაწილობრივ თავის თავზე იღებს თავისი წინამორბედის უფლებებს ან მოვალეობებს. შესაბამისად, თუ უფლებამონაცვლეობა მატერიალური სამართლის მიხედვით დასაშვებია, მაშინ დასაშვებია საპროცესო უფლებამონაცვლეობაც (შდრ. სუსგ №ას-1477-1397-2017, 30.01.2018).
10. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს, რომელიც მატერიალური სახით არ არსებობს, თუმცა მიმოქცევადი სიკეთეა, რომლის მფლობელსაც გააჩნია ამ მოთხოვნის თავის შეხედულებისამებრ განკარგვის შესაძლებლობა (სსკ-ის მე-7 მუხლი: კერძოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი შეიძლება იყოს ქონებრივი ან არაქონებრივი ღირებულების მატერიალური და არამატერიალური სიკეთე, რომელიც კანონით დადგენილი წესით ბრუნვიდან არ არის ამოღებული). სსკ-ის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში, თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი. დასახელებული ნორმა ადგენს მოთხოვნის დათმობის ნამდვილობის კრიტერიუმებსა და მის გამომრიცხველ გარემოებად მიიჩნევა შემდეგი: მოთხოვნის დათმობა ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს; გარიგება ეწინააღმდეგება კანონს; ცედენტისა (მოთხოვნის მფლობელის) და ცესიონერის (მოთხოვნის მიმღების) ნება ეწინააღმდეგება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელისა და მოვალის შეთანხმებას. ამ უკანასკნელ შემთხვევაში კი, შეთანხმება ნამდვილია, თუკი არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი (შდრ. სუსგ # ას-683-654-2016, 16.09.2016).
11. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მოსარჩელესა და უფლებამონაცვლეს შორის მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა, რომლის თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეების მიმართ არსებული ქონებრივი უფლება აპელანტს (უფლებამონაცვლეს) დაუთმო; ასევე, დადგენილია, რომ აპელანტმა ხსენებული შეთანხმების საფუძველზე, სააპელაციო საჩივრით იმავდროულად მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობა იშუამდგომლა.
11.1. რადგანაც უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ მოთხოვნის დათმობაა, საპროცესო უფლებამონაცვლეობა შეიძლება პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ხოლო მოთხოვნის დათმობა კი, შეიძლება მანამ, სანამ მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს და ვალდებულება არ არის შესრულებული მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვლინდებოდა აპელანტის მოსარჩელის უფლებამონაცვლედ ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
12. საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მოთხოვნის დათმობის შესახებ შეთანხმება მოჩვენებითი ხასიათისაა და ემსახურება აპელანტის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავის არიდებას, დაუსაბუთებელია, ვინაიდან მხოლოდ მოთხოვნის დათმობის შესახებ ხელშეკრულების მხარეების ურთიერთკავშირი საკმარის საფუძველს არ წარმოადგენს გარიგების მოჩვენებითობის დასადასტურებლად.
13. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებულ მსჯელობასა და დასკვნებს და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც წარმოდგენილ კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
14. კერძო საჩივრის ავტორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „მ.მ.ჯ–ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 21 დეკემბრის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე