Facebook Twitter

№ას-631-2019 4 ივლისი, 2019 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მზია თოდუა

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ.ს–ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.მ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევა, სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა და მემკვიდრედ ცნობა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი, რომლითაც მ.მ–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) მოითხოვდა მ.ს–ასთვის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე ან კასატორი) 2016 წლის 3 მარტს გარდაცვლილი ბ.მ–ის სამკვიდრო ქონებაზე კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევას, ნოტარიუს შ.გ–ის მიერ 2016 წლის 2 დეკემბერს მოპასუხის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომრით - #161377117) ბათილად ცნობასა და ბ.მ–ის დანაშთ ქონებაზე, მდებარე ქ. თბილისში, ....., ს/კ-ით #...., მემკვიდრედ და მესაკუთრედ მოსარჩელის ცნობას, დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, რომლითაც ყადაღა დაედო მ.ს–ას (პ/ნ.....) სახელზე რიცხულ უძრავ ქონებას, მდებარე ქ. თბილისი, ....., ს/კ-ით #...... დარჩა უცვლელად, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით (შემდეგში - გასაჩივრებული განჩინება) მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება.

4. გასაჩივრებული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 2 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში დაზუსტებული საკასაციო საჩივრისა და 1000 (ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნის საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 8 მაისს ჩაჰბარდა.

6. 2019 წლის 13 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა, რომელმაც იშუამდგომლა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის 10 დღით გაგრძელებაზე, იმ საფუძვლით, რომ მისი მარწმუნებელი არ იმყოფებოდა საქართველოში და მასთან დაკავშირება ვერ შეძლო.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მაისის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და კასატორს განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში ხარვეზის სრულად აღმოფხვრა დაევალა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 24 მაისს ჩაჰბარდა.

8. 2019 წლის 27 მაისს კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოიტანა განცხადება, რომლითაც ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის კვლავ 10 დღით გაგრძელება მოითხოვა.

9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინებით კასატორის წარმომადგენლის შუამდგომლობა ხარვეზის შესავსები საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მას განჩინების ასლის ჩაბარებიდან 2 დღის ვადაში ხარვეზის სრულად აღმოფხვრა დაევალა. აღნიშნული განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 6 ივნისს ჩაჰბარდა.

10. 2019 წლის 24 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა კასატორის წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მან განმარტა, რომ ამ დრომდე კასატორს ვერ უკავშირდებოდნენ, მხოლოდ ახლა მოახერხეს აღნიშნული და რომ კასატორს აუცილებლად სურს განჩინების გასაჩივრება და ხარვეზის აღმოფხვრის ნების დართვა ითხოვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

12. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 3 ივნისის განჩინება კასატორის წარმომადგენელს 2019 წლის 6 ივნისს ჩაჰბარდა.

13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 2 - დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 7 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 10 ივნისს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი 2019 წლის 10 ივნისის ჩათვლით შეევსო. საქმის მასალებით ირკვევა, რომ 2019 წლის 24 ივნისს, ანუ საპროცესო ვადის დარღვევით, კასატორის წარმომადგენელმა საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა, რომლითაც ხარვეზის აღმოსაფხვრელად ნების დართვა ითხოვა.

14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

15. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. ვინაიდან კასატორმა დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ.ს–ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე: მზია თოდუა