11 ივნისი, 2019 წელი, საქმე № ას-687-2019 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ძ.ჩ–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - რ.ჩ–ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - ვალდებულების შეწყვეტილად აღიარება, საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცია
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის უარყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის კანონიერ ძალაში შესული განჩინებით (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც კანონიერ ძალაში შესული განჩინება) ძ.ჩ–ასა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე ან კერძო საჩივრის ავტორი) და ბ.ა–ას (შემდეგში ტექსტში ასევე მოხსენიებული, როგორც მოპასუხის კანონიერი წარმომადგენელი) შორის მორიგება, შემდეგი პირობებით დამტკიცდა:
1.1. 2014 წლის 16 იანვარს, მოსარჩელესა და რ.ჩ–ას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი ან მოსარჩელის შვილიშვილი) კანონიერ წარმომადგენელს (ბ.ა–ა) შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება უძრავ ქონებაზე, მდებარე: ზუგდიდის რაიონი სოფელი კორცხელი, ს/კ-ით: .... და ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც უძრავი ქონება ან უძრავი ნივთი), გაუქმდა და აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მოსარჩელის საკუთრებად დარეგისტრირდა;
1.2. მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება, რომ უძრავი ქონების მოსარჩელის საკუთრებაში დარეგისტრირების შემდეგ, აღნიშნული უძრავი ნივთები, მასზე განთავსებული მოძრავი ნივთებით (საკარმიდამო ნაკვეთები, დამხმარე უძრავ-მოძრავი ქონება) ეანდერძებინა თავისი შვილიშვილისთვის, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოსარჩელე მესაკუთრედ აღრიცხვის დღესვე სანოტარო და კანონით დადგენილი წესით უანდერძებდა ქონებას მოპასუხეს;
1.3. საანდერძო განკარგულების შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში, უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცემოდა მოპასუხეს. ამასთან, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება არ მოეხდინა დასახელებული უძრავი ნივთების გასხვისება, ჩუქება, გაყიდვა, გაცვლა და არ დაეტვირთა იპოთეკით;
1.4. მოსარჩელე უფლებამოსილი იყო, გაეუქმებინა ანდერძი, თუ მოპასუხე ბებიის (მოსარჩელის) მიმართ გამოიჩენდა უმადურობას, ჩაიდენდა განზრახ დანაშაულს ან სხვა ამორალურ საქციელს მოანდერძის მიერ ანდერძში გამოთქმულ უკანასკნელი ნება-სურვილის საწინააღმდეგოდ (თუ აღმოჩნდებოდა უღირსი მემკვიდრე), ასევე, მოანდერძის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას, თუ აღმოჩნდებოდა, რომ ის საკუთარ თავს დამოუკიდებლად ვერ ირჩენდა და ანდერძით მემკვიდრე არ გამოიჩენდა მზრუნველობასა და თანადგომას, რაც უნდა დადასტურებულიყო კანონით გათვალისწინებული წესით. აღნიშნულ შემთხვევაში, უძრავი ქონება დარჩებოდა მოსარჩელის საკუთრებაში.
2. აღნიშნული კანონიერ ძალაში შესული განჩინების 1.2. და 1.3. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებებით, უძრავი ნივთების მესაკუთრედ, საჯარო რეესტრში აღირიცხა მოსარჩელე, რომელმაც 2016 წლის 24 მარტს, სანოტარო წესით შედგენილი ანდერძით, საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთები თავის შვილიშვილს უანდერძა.
3. 2018 წლის 15 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა შვილიშვილის წინააღმდეგ და მოითხოვა მხარეთა მორიგების გამო, საქმისწარმოების შეწყვეტის შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინების 1.2. და 1.3. პუნქტებით (იხ. წინამდებარე განჩინების 1.1 და 1.2. პუნქტები) გათვალისწინებული მოსარჩელის ვალდებულების შეწყვეტა და საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების აღნიშნული ვალდებულების გარეშე აღრიცხვა. მოსარჩელის მტკიცებით, სარჩელის აღძვრა განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მისმა შვილიშვილმა გამოიჩინა უმადურობა, ყურადღებას არ აქცევდა და სათანადოდ არ უვლიდა.
4. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა. კანონიერ ძალაში შესული განჩინების 1.2. და 1.3. პუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულება შეწყდა და საჯარო რეესტრში მოსარჩელის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღნიშნული ვალდებულების გარეშე ასახვა დადგინდა.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების, ახალი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი, ვალდებულების შეწყვეტილად აღიარებისა და საჯარო რეესტრში ცვლილებების რეგისტრაცის თაობაზე, დარჩა განუხილველად. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 273.2-ე და 263-ე მუხლებით იხელმძღვანელა.
6.1. სააპელაციო სასამართლოს დასკვნით, ვინაიდან, კანონიერ ძალაში შესული განჩინებით გადაწყვეტილი იყო მოდავე მხარეთა მიერ (მოსარჩელე - ძ.ჩ–ა, მოპასუხე - ბ.ა–ა) გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ამ განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შესრულება-შეუსრულებლობასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტის მიზნით, დავის სასარჩელო წარმოების წესით განხილვა სსსკ-ის 186.1-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტისა და 273.2 მუხლის შესაბამისად, დაუშვებელი იყო;
6.2. სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 263-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, კანონიერ ძალაში შესული, განჩინებით დამტკიცებული ვალდებულებების შესრულებასთან და მის აღსრულებასთან დაკავშირებით, უნდა განხილულიყო სწორედ სსსკ-ის 263-ე მუხლით გათვალისწინებული წესების დაცვით, ამასთან, მორიგების დამტკიცების თაობაზე, განჩინების მხარეთა, მათ შორის მოპასუხე - ბ.ა–ას სავალდებულო მონაწილეობით, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გაუთვალისწინებია;
6.3. გამომდინარე იქედან, რომ მოცემულ საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლომ სსსკ-ის 186.1 „ბ“ მუხლით არ იხელმძღვანელა და წინამდებარე სარჩელი დასაშვებად ცნო, მაშინ, როდესაც, მოსარჩელის მოთხოვნა ფაქტობრივად ეხებოდა კანონიერ ძალაში შესული, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 8 თებერვლის განჩინების აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხს, ასევე არც საქმის არსებითად განხილვისას არ გამოიყენა სსკ-ის 187.2 მუხლი და არ მიიღო გადაწყვეტილება სარჩელის განუხილველად დატოვების თაობაზე. გარდა ამისა, სასამართლომ სადავო საკითხი განიხილა მორიგებაში მონაწილე მხარის - ბ.ა–ას სავალდებულო მონაწილეობის გარეშე, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოება, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
7. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება მოითხოვა, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
7.1. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ მოსარჩელეს კანონიერ ძალაში შესული განჩინების (რომლითაც მხარეთა შორის მორიგება დამტკიცდა) 1.4 პუნქტით სრული უფლება ჰქონდა კანონით გათვალისწინებული წესით მოეთხოვა ანდერძის გაუქმება იმ შემთხვევაში, თუ შვილიშვილი მის მიმართ უმადურობას გამოიჩენდა.
7.2. სააპელაციო სასამართლოს დასკვნები ურთიერთსაწინააღმდეგოა, ვინაიდან ერთ შემთხვევაში, მან დაუშვებლად მიიჩნია კანონიერ ძალაში შესული განჩინების გასაჩივრება, ხოლო მეორე შემთხვევაში, რევიზია მოახდინა ამ განჩინების, კერძოდ, ფაქტობრივად ხსენებული განჩინების 1.4. პუნქტი სრულად უგულებელყო და ძალადაკარგულად გამოაცხადა. აღნიშნულ პუნქტში ასახული პირობა, უფლებას ანიჭებდა მოსარჩელეს კანონით გათვალისწინებული წესით მოეთხოვა ანდერძის გაუქმება;
7.3. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ისე საერთაშორისო ნორმებით ფიზიკურ პირს შეუძლია თავისუფლად განკარგოს მის მფლობელობასა და საკუთრებაში არსებული ქონება, კერძოდ, გაასხვისოს, გააჩუქოს ან კიდევ ანდერძით დაუტოვოს ერთ ან რამდენიმე პირს, როგორც მემკვიდრეთა წრიდან ისე გარეშე პირებსაც.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 15 მაისის განჩინებით, კერძო საჩივარი, სსსკ-ის 414-ე-416-ე მუხლების საფუძველზე, მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რადგანაც მოსარჩელის მოთხოვნას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი.
9. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
10. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ სარჩელის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.
10.1. საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სრული უფლება ჰქონდა კანონით გათვალისწინებული წესით მოეთხოვა ანდერძის გაუქმება და შესაბამისად, სარჩელის განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობდა.
10.2. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კერძო საჩივრის ავტორის სასარჩელო მოთხოვნაზე, სახელდობრ, მოპასუხის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელით მოსარჩელე მოითხოვდა კანონიერ ძალაში შესული განჩინებით დამტკიცებული მორიგების 1.2 პუნქტით დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თავისი ვალდებულების შეწყვეტილად აღიარებასა და საჯარო რეესტრში ამ ცვლილების რეგისტრაციას (იხ. სარჩელი ს.ფ 1-16).
10.3. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელე სარჩელით ფაქტობრივად ითხოვდა კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განჩინებით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის სასარჩელო წარმოების გზით თავიდან განსაზღვრას, რაც დაუშვებელია.
10.4 საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე ან სასამართლოს მიხედულებაზე ვერ იქნება დამოკიდებული (შდრ. სუსგ №ას-520-479-2016, 05.09.2016წ; №ას-687-2019, 11.01.2019წ).
10.5. კერძო საჩივრის ავტორის საყურადღებოდ საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული განჩინების 1.4 პუნქტის აღსრულების მოთხოვნა არა სასარჩელო წარმოების გზით, არამედ სააღსრულებო ბიუროსადმი მიმართვით შეიძლება განხორციელდეს, რაც გულისხმობს შესაბამისი განჩინების საფუძველზე ამოწერილ სააღსრულებო ფურცელზე აღმასრულებლის მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყებასა და კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების მიზნით კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებას.
11. სსსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე, სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს, თუ სარჩელი არ ექვემდებარება სასამართლო უწყებას, ან/და თუ არსებობს სასამართლოს განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ.
11.1. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა, შეწყვეტილად იქნეს აღიარებული მხარეთა კანონიერ ძალაში შესული განჩინებით (მორიგების დამტკიცების შესახებ) მასზე დაკისრებული ვალდებულებები, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, წარმოადგენს სააღსრულებო ბიუროსადმი უწყვებრივად დაქვემდებარებულ საკითხს, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ სარჩელი მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
12. კერძო საჩივრის ავტორს სახელმწიფო ბაჟი გადახდილი აქვს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ძ.ჩ–ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 მარტის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე