საქმე №ას-818-2019 28 ივნისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ნ. წ-ი, გ. წ-ი, თ. წ-ი, მ. კ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ს. ბ.“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება და იპოთეკის საგნის რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
სს „ს. ბ.“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – ნ. წ-ის, გ. წ-ისა და თ. წ-ის მიმართ თანხის დაკისრებისა და იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „ს. ბ.“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს: ნ. წ-ს და გ. წ-ს მოსარჩელე სს „ს. ბ.“ სასარგებლოდ დაეკისრათ დავალიანების გადახდა ძირითადი თანხის - 45 704.57 აშშ დოლარის, პროცენტის - 2 756.73 აშშ დოლარის, საკომისიოს –127.41 აშშ დოლარის; დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების: ძირითადი თანხის - 109.49 აშშ დოლარის, პროცენტის - 3.46 აშშ დოლარის, ჯარიმის – 3.98 აშშ დოლარის; პირგასამტეხლოს 213 აშშ დოლარის ოდენობით. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცა თ. წ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: თბილისი, ... მე-... მ/რ, კორპუსი №17, ბინა №87, (ს/კ 01.11.13.005....), ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება, აღსრულება უნდა გაგრძელდეს მოპასუხეების: ნ. წ-ის და გ. წ-ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების მიმართ.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ნ. წ-მა, გ. წ-მა, თ. წ-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 21 მარტის განჩინებით ნ. წ-ის, გ. წ-ისა და თ. წ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ნ.ზ წ-მა, გ. წ-მა თ. წ-მა, მ. კ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით ნ. წ-ის, გ. წ-ისა და თ. წ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 149 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, კასატორ გ. წ-ს ჩაბარდა 2019 წლის 11 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. წ-ის, გ. წ-ის, თ. წ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კასატორ გ. წ-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 10 ივნისის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2019 წლის 11 ივნისს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ტ.2, ს.ფ.136). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 3-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 12 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 17 ივნისს, ვინაიდან 16 ივნისი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებას ასევე ასაჩივრებს თამუნა წერეთლის დედა – მ. კ-ე და შუამდგომლობს საქმეში მისი უფლებამონაცვლედ ჩაბმის თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებები მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში.
განსახილველ შემთხვევაში მ. კ- ე მოცემულ დავაში არ წეარმოადგენს მხარეს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მისი საკასაციო საჩივარი დაუშვებელია.
რაც შეეხება მერი კაპანაძის შუამდგომლობას საქმეში თამარ წერეთლის უფლებამონაცვლედ მისი ჩაბმის თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა, კერძოდ, არ ირკვევა დავის საგანზე მ.კ-ის დამოუკიდებელი უფლების არსებობა. უფლებამონაცვლედ დაშვების საფუძვლად მხარის მიერ მითითებულ გარემოებასთან (თ.წ-ის ჯანმრთელობის მდგომაროება) დაკავშირებით კი, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მ.კ-ის წერილობითი განმარტება ვერ შეცვლის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 კარით დადგენილ პირის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ სასამართლოს აქტით დადასტურებად ფაქტს, შესაბამისად, არც ამავე კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად არ არსებობს მისი თ.წ-ის კანონიერ წარმომადგენლად მისი მიჩნევის წინაპირობები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. წ-ის, გ. წ-ის, თ. წ-ისა და მ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. მ. კ-ის შუამდგომლობა საქმეში თ. წ-ის უფლებამონაცვლედ მისი ჩაბმის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი