Facebook Twitter

საქმე №ას-784-2019 25 ივნისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – კ. ბ-ი, ბ. კ-ე

მოწინააღმდეგე მხარე – სს „კ. ბ.“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სს „კ. ბ.“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების – დ. მ-ის, ხ. მ-ის, კ. ბ-ისა და ბ. კ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილებით სს ,,კ. ბ.” სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს – დ. მ-ეს, ხ. მ-ეს, კ. ბ-სა და ბ. კ-ეს მოსარჩელე სს ,,კ. ბ.” სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების თანხის – 7776.74 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 5189.64 ლარი, დარიცხული პროცენტი -1702.75 ლარი, 389.16 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 386.37 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 75.90 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 32.93 ლარი არის საკომისიო. ასევე მოპასუხეებს – დ. მ-ეს, ხ. მ-ეს, კ. ბ-სა და ბექა კ-ეს მოსარჩელე სს ,,კ. ბ.” სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ დავალიანების თანხის – 1313.83 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა 785.99 ლარი, დარიცხული პროცენტი – 311 ლარი, 42.72 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევა, 124.01 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე, 40 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე, 10.11 ლარი არის საკომისიო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. მ-ემ, ხ. მ-ემ, კ. ბ-მა, ბ. კ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება ძირი თანხის დაკისრების ნაწილში.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით დ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ხ. მ-ის, კ. ბ-ისა და ბ. კ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 09 ივლისის გადაწყვეტილება ხ. მ-სათვის, კ. ბ-ისათვის და ბ. კ-ისათვის, სს „კ. ბ.“ სასარგებლოდ დაკისრებული 7778,74 ლარიდან, ჯარიმის თანხის – 462,27 ლარის დაკისრების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სს „კ. ბ.“ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. სხვა ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრეს კ. ბ-მა, ბ. კ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 31 მაისის განჩინებით კ. ბ-ისა და ბ. კ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა და კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 366 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

აღნიშნული განჩინება კანონით დადგენილი წესით გაეგზავნათ კასატორებს და ჩაბარდათ 2019 წლის 6 ივნისს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. ბ-ისა და ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინების ასლი კასატორებს მათ მიერ მითითებულ მისამართებზე გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინებიდან ირკვევა, რომ კასატორმა ბ. კ-ემ უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე, ხოლო კ. ბ-ი არ იმყოფებოდა მის მიერ მითითებულ მისამართზე და მისმა ოჯახის წევრმა გ. ბ-მა (მამამ) უარი განაცხადა გზავნილის ჩაბარებაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე ქმედუნარიან წევრს. ამავე კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადრესატმა ან ამ კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულმა სუბიექტმა, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისისა, უარი განაცხადა უწყების მიღებაზე, მისი მიმტანი პირი სათანადო აღნიშვნას აკეთებს უწყებაზე, რომელიც სასამართლოს უბრუნდება. ასეთ შემთხვევაში უწყება ადრესატისათვის ჩაბარებულად ითვლება და სასამართლოს შეუძლია განიხილოს საქმე.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2019 წლის 31 მაისის განჩინების ასლი კასატორებისათვის ჩაბარებულად ითვლება 2019 წლის 6 ივნისს (ს.ფ.338-341). ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2019 წლის 7 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 11 ივნისს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კ. ბ-ისა და ბ. კ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი