Facebook Twitter

საქმე №ას-705-2019 12 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ. ჩ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. გ-ი, ლ. ა-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ქ. ჩ-ამ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. გ-ისა (შემდგომ – მოპასუხე) და ლ. ა-ის (შემდგომ – მეორე მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა იმგვარად, რომ მოპასუხის სასარგებლოდ 2016 წლის 11 ოქტომბერს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში გათვალისწინებულ იქნეს მოვალის მიერ კრედიტორისათვის უშუალოდ გადახდილი თანხა 6300 აშშ დოლარი და ქირის სახით გადახდილი 4800 აშშ დოლარი, შესაბამისად, აღსასრულებელი სესხის ძირითადი თანხა შემცირდეს და განისაზღვროს 11 900 აშშ დოლარით, პირგასამტეხლო შემცირდეს (რომელიც სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის შეადგენს 1659,6 აშშ დოლარს) და განისაზღვროს მხოლოდ 300 აშშ დოლარის ფარგლებში. მეორე მოპასუხის მიმართ აღსასრულებელი სესხის ძირითადი თანხა შემცირდეს 800 აშშ დოლარით და მისი ოდენობა განისაზღვროს 19 200 აშშ დოლარით, ხოლო პირგასამტეხლო (რომელიც სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის შეადგენს 12 240 აშშ დოლარს) შემცირდეს და მისი ოდენობა განისაზღვროს 1000 აშშ დოლარით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის განმარტებით, სადავო სააღსრულებო ფურცლით ვალდებულების მოცულობა არასწორად განისაზღვრა. მართალია, მოვალემ მიიღო სესხის სახით თანხა, მაგრამ მოპასუხის მიმართ სარგებელი რეალურად იყო ბინის ქირა, რომელსაც მოსარჩელე იხდიდა სხვა პირის მეშვეობით ერთ-ერთი უძრავი ქონების მესაკუთრის მინდობილი პირის სასარგებლოდ. ყოველთვიური ქირა შეადგენდა 400 აშშ დოლარს.

3. ასევე არასწორად განისაზღვრა თანხის ოდენობა მეორე მოპასუხის მიმართაც ვინაიდან მას შუამავლის მეშვეობით გადაეცა სარგებელი და სესხის ძირითადი თანხის ნაწილი – 800 აშშ დოლარი, მაგრამ სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის 800 აშშ დოლარი აღსასრულებელ თანხას არ გამოკლებია.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ სააღსრულებო ფურცელი უნდა გაცემულიყო 2400 აშშ დოლარის გამოკლებით, ვინაიდან ამ დროისთვის მოვალისაგან აღნიშნული თანხა მიღებული ჰქონდა.

5. მეორე მოპასუხემ კი სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ცვლილება შევიდა 2016 წლის 11 ოქტომბერს ნოტარიუსის მიერ კრედიტორის – მოპასუხის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმდაგვარად, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული სესხის ძირითადი თანხა – 23000 აშშ დოლარი შემცირდა 2400 აშშ დოლარით და სააღსრულებო ფურცლის გაცემის მომენტისათვის სესხის ძირითადი თანხის დავალიანება განისაზღვრა 20 600 აშშ დოლარით, სესხის ძირითადი თანხის დამატებით 8700 აშშ დოლარითა და პირგასამტეხლოს – 300 აშშ დოლარამდე შემცირებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი, ასევე, შევიდა ცვლილება 2017 წლის 22 მარტს ნოტარიუსის მიერ კრედიტორის სასარგებლოდ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში იმგვარად, რომ სააღსრულებო ფურცელში მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებლ დღეზე 0,12%-ის ნაცვლად, განისაზღვრა 0,06%-ით, არ დაკმაყოფილდა სარჩელი თანხის დამატებით შემცირებაზე და ასევე სესხის ძირითადი თანხის 800 აშშ დოლარით შემიცირების შესახებ, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 20 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) მე-4 მუხლის, 102-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის მიხედვით, ფულადი ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთი სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით მოსარჩელეს ეკისრება.

9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ) 429-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

10. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ კრედიტორი ყოველთვის ვალდებულია, მისცეს მოვალეს მის მიერ ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ ამას მოვალე მოითხოვს, თუმცა კანონმდებელი ასეთივე მომთხოვნი არ არის მოვალის მიმართ. მას შეუძლია, არ მოითხოვოს ხსენებული საბუთი კრედიტორისაგან. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია ვალდებულებიდან გამომდინარე მხარეთა მდგომარეობით. დოკუმენტის (ვალის გადახდის თაობაზე საბუთის) ფლობა აუცილებელია მოვალისათვის, რადგან მას მხოლოდ ასეთი დოკუმენტით შეუძლია იმის დადასტურება, რომ ვალი გადაიხადა, რასაც ვერ ვიტყვით კრედიტორზე. ამდენად, იმ შემთხვევაში, როდესაც მოვალე კრედიტორისაგან არ ითხოვს საბუთს ვალდებულების შესრულების შესახებ, უნდა ითქვას, რომ ამით ის იჩენს გარკვეულ წინდაუხედაობას ან ზედმეტ ნდობას კრედიტორის მიმართ. საბოლოოდ, ეს ფაქტორი მთლიანად უკავშირდება მის რისკს და განაპირობებს მისი მხრიდან ვალდებულების არსებობა-არარსებობის ფაქტს. იმავე შინაარსს აყალიბებს კანონმდებელი სსკ-ის 431-ე მუხლშიც, რომლის თანახმად, მოვალეს შესრულების მიღების შესახებ დოკუმენტთან ერთად შეუძლია, კრედიტორისაგან მოითხოვოს სავალო საბუთის დაბრუნება ან გაუქმება, შეუძლებლობის შემთხვევაში კი-ვალდებულების შეწყვეტის შესახებ ნოტარიულად დამოწმებული ცნობა.(შდრ. სუსგ 11.11.2015, №ას-570-541-2015). ამდენად, კანონის თანახმად, შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა დამოკიდებულია მოვალის სურვილზე. არსებობს სხვადასხვა ფაქტორი, რამაც შესაძლოა, განაპირობოს მოვალის მიერ ამ საბუთის მიუღებლობა, მაგალითად, მისი წინდაუხედაობა, პარტნიორის მიმართ გადამეტებული ნდობის არსებობა და ა.შ. საბოლოო ჯამში, ეს ფაქტორები უკავშირდება მხარის რისკს და მთლიანად განაპირობებს მისი პასუხისმგებლობის არსებობა-არარსებობის ფაქტს. (ას-241-241-2018)

11. სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ წარმოდგენილი წერილობითი მასალებიდან სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მხოლოდ 2400 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დასტურდება, კრედიტორის ხელწერილები წარმოდგენილია სააღსრულებო წარმოების ეტაპზე გადახდილ თანხებზე, რომელსაც აღმასრულებელიც ითვალისწინებს აღსრულების დროს. ამასთან, სადავო ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროცენტის გადახდას და საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ დამატებით 4800 აშშ დოლარი გადაიხადა ქირის სახით, რაც შეთანხმებული იყო მოპასუხესთან სადავო სესხის ფარგლებში ვალდებულების შესრულებად ჩათვლისთვის. მეორე მოპასუხესთან მიმართებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე (2017 წლის 22 მარტამდე) 800 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი, მეტიც აღნიშნული არ დასტურდება თავად მის მიერ წარმოდგენილი აღსრულების პროცესში წარმოებული მასალებით, კერძოდ, მოვალისა და კრედიტორის შეთანხმების საფუძველზე აღმასრულების მიერ გამოცემული ვალის განაწილვადების ბრძანებით.

12. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ გადახდილი თანხები სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი გაიცემა არსებულ დავალიანებაზე, ხოლო შემდგომში გადახდილი თანხები წარედგინება აღმასრულებელს, რომელიც სააბოლოოდ განსაზღვრავს აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას (იხ. სუსგ № ას-241-241-2018).

13. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს სასესხო დავალიანების გადახდის დამადასტურებელი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ამდენად, ნასესხები ფულადი თანხის გამსესეხებლისათვის დაბრუნების ვალდებულების შესრულების თაობაზე მტკიცებულებების არარსებობის პირობებში ზემოხსენებული პირებისთვის მხოლოდ თანხის სხვადასხვა პირის მეშვეობით გადაცემაზე მითითება არ ქმნის სააღსრულებო ფურცლებით განსაზღვრული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაში ცვლილების შეტანის სამართლებრივ საფუძველს.

14. რაც შეეხება აპელანტის მოსაზრებას პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით, რაზედაც აპელანტი განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შესაბამისობა სასამართლომ არა მარტო სესხის ოდენობით, არამედ მის მიერ გადახდილი თანხის შეფარდებითაც უნდა განსაზღვროს, მეორე მოპასუხესთან მიმართებით სასამართლომ პირგასამტეხლო განსაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.06%-ით, იმავდროულად დაადგინა, რომ პირგასამტეხლო განახევრდეს, შესაბამისად, გაუგებარია თუ რა პერიოდზე დაეკისრა მოსარჩელეს პირგასამტეხლოს გადახდა.

15. სააპელაციო პალატამ აღნიშნული მსჯელობა არ გაიზიარა და მიუთითა სსკ-ის 417-ე და 418-ე მუხლებზე.

16. პირგასამტეხლოს სამართლებრივი ბუნება, მისი ფუნქცია და გამოყენების ფარგლები უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია ასახული. „ის წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია, ვალდებულების დარღვევის ფაქტი...", “პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა“ (შდრ. საქმე №.ას 848-814-16, №ას-816-767-15, №ას-953-918). ას-708-678-2016.

17. კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი მიღებულ სარგებელს/შესრულებასა და დაკისრებულ პირგასამტეხლოს შორის. პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

18. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება (სუსგ. საქმე №ას-897-837-2017). პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014; 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). საკასაციო პალატა ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში მიუთითებს რომ, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება (იხ.სუსგ №ას-833-799-2016; 2016 წლის 2 ნოემბერი). აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

19. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხესთან მიმართებით სადავო სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული აღსასრულებელი პირგასამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით. შესაბამისად, სასამართლომ სწორედ მიიჩნია, რომ არ დასტურდება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს არსებობა, რადგან სააღსრულებო ფურცელი გაიცა 2016 წლის 22 ივლისს, რაც 2016 წლის 12 ოქტომბერს წარდგენილ იქნა სააღსრულებო ბიუროში და საერთო ჯამში სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისთვის პირგასამტეხლომ შეადგინა 1959,6 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა არ შეიძლება მიჩნეულ იქნას სესხის ძირითადი თანხისა და ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალ თანხად. ამდენად, მისი შემცირების სამართლებრივი საფუძველიც არ არსებობს. მეორე მოპასუხესთან მიმართებით სასამართლოს მიერ პირგასამტეხლო შემცირდა ძირითადი ვალდებულების დარღვევის მოცულობასა და ვადაგადაცილებით გამოწვეულ შესაძლო ზიანთან მიმართებით. კერძოდ, პირგასამტეხლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროისათვის 2017 წლის 22 მარტის მდგომარეობით შეადგენდა 12 240 აშშ დოლარს, შესაბამისად, ვადის გადაცილების პერიოდის გათვალისწინებით შეუსაბამოდ მაღალი გახდა, რის გამოც განახევრდა და, ვადაგადაცილებულ პერიოდზე 0,12%-ის ნაცვლად, ყოველდღიურად დაეკისრა 0,06 პროცენტი. შესაბამისად, მისი კვლავ შემცირების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და უსაფუძვლოა აპელანტის პრეტენზია პირგასამტეხლოს პერიოდზე მითითებასთან დაკავშირებით.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

20. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

21. კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ვერ დაასაბუთა, რატომ არ უნდა ჩაითვალოს გადახდილი თანხა სესხის ძირად და რატომ არ იყო პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალი. პალატამ სწორად გამოიყენა კანონი, თუმცა არასწორად განმარტა იგი.

22. კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ გადახდილი თანხა დავალიანებას არ უნდა გამოაკლდეს, არამედ უნდა წარედგინოს აღმასრულებელს.

23. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 6 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

24. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. მოცემულ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის მოპასუხეების მიმართ არსებულ დავალიანებაზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ იგი არასაკმარისად შეამცირა. ამავდროულად, კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდეგ მოვალის მიერ შესრულებული ვალდებულების ოდენობა სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებულ თანხას არ უნდა გამოაკლდეს, არამედ გათვალისწინებულ იქნეს უკვე აღსრულების პროცესში.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

29. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

30. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

32. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

33. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

34. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

35. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

36. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, შ.1197).

37. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

38. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

39. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

40. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

41. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მასასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ – გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

42. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

43. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

44. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

45. ამდენად, კანონმდებელმა დააწესა მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე იმ შემთხვევაში, როდესაც პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულ და სამართლიან ფარგლებს სცდება.

46. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა უკვე მოახდინა მისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების უფლების რეალიზება და სააპელაციო პალატის მსჯელობის საწინააღმდეგოდ დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.

47. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი, რომ სააპელაციო პალატამ ვერ დაასაბუთა, რატომ არ უნდა ჩაითვალოს გადახდილი თანხა სესხის ძირად, ხოლო შესრულებული ვალდებულების ოდენობა გამოაკლდეს სააღსრულებო ფურცელში ასახულ თანხას.

48. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

49. დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.

50. განსახილველ საქმეზე მოსარჩელეს უნდა წარედგინა მტკიცებულება, რომ მოპასუხეთა მიმართა ფულადი დავალიანების ნაწილი დაფარა. ამასთან, სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილურ პრაქტიკაზე სსკ-ის 429-ე მუხლთან მიმართებით და განმარტა, რომ ვალდებულების შესრულება უნდა დადასტურდეს კრედიტორის მიერ გაცემული წერილობითი დოკუმენტით, კერძოდ, მოცემული ნორმით განსაზღვრული იურიდიული შემადგენლობის შედეგად წარმოშობილი ურთიერთობის დასადასტურებლად ამავე ნორმით გათვალისწინებულია შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც უდავოდ გულისხმობს წერილობითი სახის მტკიცებულებას და იგი გაიცემა მოვალეზე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულების სადავოობის პირობებში კანონით უზრუნველყოფილია მოვალის შესაძლებლობა, ამტკიცოს ვალდებულების შესრულება. ამავდროულად, აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ ვალდებულების შესრულების მტკიცების ტვირთის მატარებელი მხოლოდ მოვალე შეიძლება იყოს (სუსგ 15.09.2014წ., საქმე №ას-517-490-2014).

51. წინამდებარე საქმეში მოსარჩელემ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მხოლოდ 2400 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი დადასტურება შეძლო. კრედიტორის დანარჩენი ხელწერილები წარმოდგენილია სააღსრულებო წარმოების ეტაპზე გადახდილ თანხაზე, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ სადავო ხელშეკრულება ითვალისწინებდა პროცენტის გადახდას და საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ დამატებით 4800 აშშ დოლარი გადაიხადა ქირის სახით, რაც შეთანხმებული იყო მოპასუხესთან და შეიძლება, რომ სადავო სესხის ფარგლებში ვალდებულების შესრულებად ჩათვლისთვის. მეორე მოპასუხესთან მიმართებით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე (2017 წლის 22 მარტამდე) 800 აშშ დოლარის გადახდის ფაქტი. ასევე, აღნიშნული არ დასტურდება თავად მის მიერ წარმოდგენილი აღსრულების პროცესში წარმოებული მასალებით, კერძოდ, მოვალისა და კრედიტორის შეთანხმების საფუძველზე აღმასრულების მიერ გამოცემული ვალის განაწილვადების ბრძანებით.

52. გასაჩივრებული განჩინებით მართებულად იქნა მითითებული საასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა სააღსრულებო ფურცლის გაცემის შემდგომ გადახდილ თანხასთან დაკავშირებითაც, კერძოდ, რომ ამგვარი გადახდა სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის საფუძველი ვერ გახდება, ვინაიდან სააღსრულებო ფურცელი გაიცემა არსებულ დავალიანებაზე, ხოლო შემდგომში გადახდილი თანხები წარედგინება აღმასრულებელს, რომელიც სააბოლოოდ განსაზღვრავს აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას (იხ. სუსგ 25.09.2018წ. საქმე №ას-241-241-2018).

53. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

54. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.

55. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

56. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

57. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

58. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გიორგი სიბაშვილის მიერ 2019 წლის 29 მაისის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 1160 ლარის 70% – 812 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ქ. ჩ-ას (პირადი №0100500...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გ. ს-ის მიერ 2019 წლის 29 მაისის №0 საგადახდო დავალებით გადახდილი 1160 ლარის 70% – 812 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური