Facebook Twitter

საქმე №ას-829-2019 11 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ბესარიონ ალავიძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ხ. ს-ი (მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ. ა-ი (მოპასუხე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ალიმენტის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. ხ. ს-ს (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) და ვ. ა-ს (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილები: 2009 წლის 13 ივლისს დაბადებული ანა ალოიანი და 2009 წლის 13 ივლისს დაბადებული ი. ა-ი (შემდეგში: არასრულწოვანი შვილები).

2. ფაქტობრივი თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილებთან ერთად ცხოვრობს მისამართზე, მდებარე: ქ.თბილისი, ..., მე-... მ/რ, კორპუსი N..., ბინა N63.

3. 2018 წლის 19 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში მოპასუხის წინააღმდეგ არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ყოველთვიურად ალიმენტის სახით 1000-1000 ლარის ოდენობით დაკისრების მოთხოვნით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 19 მარტიდან, ბავშვების სრულწლოვანებამდე.

4. მოსარჩელის განმარტებით, მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია. არასრულწლოვნები ცხოვრობენ დედასთან, მას მატერიალურად უზრუნველყოფს მხოლოდ დედა, ხოლო მამა არ იღებს მონაწილეობას შვილების რჩენაში, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ აქვს ყოველთვიური შემოსავალი. მოპასუხე, როგორც მშობელი, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს შვილების რჩენა-აღზრდაში.

5. მოპასუხე ვალიკო ალოიანი დაეთანხმა ალიმენტის სახით 70-70 ლარის გადახდას, განაცხადა, რომ მოსარჩელე თავისი სურვილით გადავიდა თავის მშობლების ბინაში. ხშირად ნახულობს შვილებს, თუმცა, მოსარჩელე ხელს უშლის მათ ნახვაში და მოვლაში. იგი არის უმუშევარი, არ გააჩნია არანაირი საშემოსავლო წყარო. არის მშობლების კმაყოფაზე. არ გააჩნია არანაირი შპს და რაიმე ბიზნესი.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 500-500 ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანის დღიდან - 2018 წლის 19 მარტიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

7. გადაწყვეტილებაზე მოპასუხე ვ. ა-მა შეიტანა სააპელაციო საჩივარი, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით.

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები, მოპასუხეს დაეკისრა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300-300 ლარის გადახდა, სარჩელის შემოტანის დღიდან - 2018 წლის 19 მარტიდან მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

9. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია ამ განჩინების პპ:1-2-ში მითითებული და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

10. იმავდროულად, დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეს, გარდა არასრულწლოვანი შვილებისა, კმაყოფაზე სხვა პირი არ ჰყავს, ხოლო თავად კი, წარმოადგენს შრომისუნარიან პირს.

11. სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტის მტკიცება მასზედ, რომ საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 02 აპრილის ცნობაში მოპასუხის 2017 წლის დეკლარაციის ერთობლივი შემოსავლის ჯამურ თანხად მითითებული 318497 ლარი წარმოადგენდა ერთჯერად შემოსავალს, რაც მის მიერ მიღებულ იქნა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად. პალატამ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის წერილისა (ს.ფ. 21) და ხსენებული ცნობის (ს.ფ. 68) შინაარსის გათვალისწინებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2017 წლის 13 ოქტომბრამდე მოპასუხეს ნამდვილად ეკუთვნოდა უძრავი ქონება, მდებარე თბილისში, ... ..., მე-8 კმ., რომლის გაყიდვის შედეგადაც მიიღო შემოსავლის სახით 318497 ლარი და სწორედ ამის გამო, არის დაუბეგრავი ცნობაში მითითებული თანხა.

12. ამდენად, სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა მასზედ, რომ მოპასუხის წლიური შემოსავალი შეადგენს 318497 ლარს.

13. ამასთან, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეზე დართულ სხვა მტკიცებულებებზე, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 02 აპრილის ცნობაზე, რომელსაც ერთვოდა მოპასუხის მიერ ხელფასის სახით მიღებული თანხის შესახებ ინფორმაცია (ს.ფ. 69), საიდანაც დგინდება, რომ 2017 წლის ოქტომბრიდან - 2018 წლის იანვრის ჩათვლით აპელანტს, როგორც შპს ,,T&G“-ში დასაქმებულ პირს, ხელფასის სახით მიღებული აქვს 437.5 ლარი, საიდანაც დაბეგვრას ექვემდებარებოდა 87.5 ლარი, ხოლო 2018 წლის თებერვალში მიღებული აქვს 875 ლარი, საიდანაც დაუკავდა 175 ლარი. გარდა ამისა, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში არსებული კიდევ ერთი ცნობაზე შემოსავლების სამსახურიდან, დათარიღებული 2018 წლის 06 ივლისით (ს.ფ. 188), რომლის შინაარსიდანაც დგინდება, რომ მოპასუხის მიერ, რომელიც დარეგისტრირებული იყო ინდივიდუალური მეწარმის სამართლებრივი ფორმით, 2018 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით პერიოდზე მიღებული შემოსავალი შეადგენს 3500 ლარს, საიდანაც დაუკავდა 700 ლარი.

14. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხე წარმოადგენს შრომისუნარიან პირს და გააჩნია ყოველთვიური შემოსავალი, როგორც ინდ. მეწარმის საქმიანობიდან, აგრეთვე, ხელფასის სახით.

15. დავის სამართლებრივი მოწესრიგების მიზნით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ის) 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლითაც დადგენილია მშობლების ვალდებულება შვილების აღზრდის, ზრუნვის, ფიზიკური, სულიერი თუ გონებრივი განვითარების ასპექტში. აგრეთვე, 1212-ე მუხლით, რომელიც ადგენს არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობას. ასევე, 1197-ე მუხლით, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობებს; აგრეთვე, 1202-ე მუხლის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

16. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.

17. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ დასახელებული ნორმებით დადგენილია მშობელთა ვალდებულება, არჩინონ თავიანთი შვილები. ამ ვალდებულების არსებობა არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელი არ მუშაობს და მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს ბავშვის განვითარებისათვის საჭირო პირობების შექმნას. ამასთან, პალატამ განმარტა, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში.

18. მოცემულ შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას, პალატამ ერთი მხრივ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ არასრულწლოვანი ბავშვები ცხოვრობს დედასთან, რომელიც უმუშევარია. ამასთან, არასრულწლოვნები არიან სკოლის მოსწავლეები და დადიან ტანვარჯიშზე. მოსარჩელეს შვილების გაზრდაში ეხმარებიან მშობლები, ხოლო, მეორე მხრივ, ყურადღება მიაპყრო იმაზე, რომ აპელანტი არის დასაქმებული და გააჩნია ყოველთვიური შემოსავალი, ასევე - მის კმაყოფაზე სხვა პირები არ იმყოფებიან. ამასთან, პალატამ ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ აპელანტი არ ითხოვს საალიმენტო ვალდებულებებისგან გათავისუფლებას და იგი მზადაა გადაუხადოს არასრულწლოვან შვილებს ყოველთვიურად ჯამში 500 ლარი (იხ. 2018 წლის 02 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:14:49 წთ.).

19. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი გადახდისუნარიანია, ხოლო არასრულწლოვნების ასაკიდან გამომდინარე, მათი საჭიროებებისა და მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციასა“ და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი მუხლების თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის ოდენობა თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე უნდა განისაზღვროს 300 ლარით, სარჩელის აღძვრიდან, (2018 წლის 19 მარტიდან) - ბავშვების სრულწლოვანებამდე, ან სხვა გარემოების შეცვლამდე.

20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და მოპასუხისათვის ალიმენტის სახით, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 500-500 ლარის გადახდის დაკისრება.

21. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულებას და ვარაუდის საფუძველზე განსაზღვრა, რომ მოპასუხემ 318 497 ლარი მიიღო ქონების რეალიზაციით, როდესაც საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის ცნობები, იმის შესახებ, რომ მოპასუხე არის ინდივიდუალური მეწარმე და ყოველთვიური შემოსავალი აქვს 700 ლარი, გარდა აღნიშნულისა, ის მუშაობს შპს „...“-ში და აქვს ყოველთვიური შემოსავალი 8875 ლარი. ყოველწლიურად, მოპასუხეს, როგორც ინდმეწარმეს, აქვს მოგება 300 000 ლარამდე, რაც დაუბეგრავია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 10 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

23. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

24. განსახილველ შემთხვევაში, ალიმენტის დაკისრების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 1212-ე (შობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე, შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ), 1197-ე (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ), 1198.2 (მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება) და 1202-ე (მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ) მუხლები.

25. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის მცირეწლოვანი შვილების სასარგებლოდ დაკისრებული ალიმენტის ოდენობას და მიიჩნევს, რომ მოპასუხეს ნაცვლად 300-300 ლარისა, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, ყოველთვიურად უნდა დაჰკისრებოდა 500-500 ლარი.

26. საკასაციო პალატა, განმარტავს, რომ მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აღნიშნული ვალდებულება ეკისრება როგორც დედას, ისე - მამას, მიუხედავად იმისა, ისინი ერთმანეთთან ქორწინებაში იმყოფებიან თუ მათ შორის ქორწინება უკვე შეწყვეტილია. მშობლები ვალდებული არიან, არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე. ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილების ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ის გარემოება, თუ როგორია ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. სსკ-ის 1214-ე მუხლი ითვალისწინებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ძირითად პირობებს, კერძოდ, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, აგრეთვე, მშობლებისა და შვილების რეალურ მატერიალურ მდგომარეობას. შვილების რჩენის ვალდებულება უპირობო ხასიათისაა, ის არაა დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილური მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. ამასთან, სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და ალიმენტი რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას. თუმცა, ნიშანდობლივია გადაწყვეტილების აღსრულების რეალურობაც, კერძოდ, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისასა მხედველობაშია მისაღები არა მხოლოდ ბავშვის საჭიროებები, არამედ ის გარემოება, შესწევს თუ არა უნარი ანუ, გადახდისუნარინია თუ არა მშობელი (ალიმენტვალდებული) დადგენილი ოდენობით ალიმენტის გადახდაზე. ერთ-ერთ საქმეში, საკასაციო პალატამ განმარტა: „1.3.8. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის კონტექსტში საკასაციო პალატა მიუბრუნდება არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების კვლევის საკითხს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის ფარგლებში სასამართლომ, ერთი მხრივ, უნდა დაადგინოს ბავშვთა ის მატერიალური აუცილებლობანი, რომლებიც მათი რჩენა-აღზრდის საკითხს მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფენ, ხოლო, მეორე მხრივ, გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი, კერძოდ, ალიმენტვალდებულმა პირმა რეალურად უნდა შეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა. ამ შემთხვევაში სასამართლო ითვალისწინებს ბავშვების ასაკს, მათ ყოველთვიურ მატერიალურ საჭიროებას (დადგენილი გაანგარშების გათვალისწინებით თითოეული არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდის თანხა საშუალოდ 695-700 ლარს აღწევს, თანახმად სამოტივაციო ნაწილის 1.2.8. პუნქტისა), ქვეყანაში დადგენილ საარსებო მინიმუმს, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე და 1212-ე მუხლებით განსაზღვრულ მშობელთა თანაბრობის პრინციპს (შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები), მოდავე მხარეთა რეალურ მატერიალურ მდგომარეობას (ორივე მშობელი დასაქმებულია და აქვთ სტაბილური, თითქმის მსგავსი შემოსავალი, ორივე მათგანს გააჩნია გარკვეული ვალდებულება საბანკო სექტორის მიმართ იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.6.;1.2.7.პ.პ.), მათ უფლებას საარსებო მინიმუმსა თუ ოჯახის სხვა წევრთა მიმართ არსებულ მორალურ ვალდებულებებზე, ასევე იმას, რომ კასატორი ელოდება შვილს მეორე ქორწინებიდან (იხ. სამოტივაციო ნაწილის 1.2.5. პუნქტი) და მიიჩნევს, რომ საერთო შვილების აღზრდაში ნ. ს-ის მატერიალური მონაწილეობა, მისი ყოველთვიური შემოსავლის გათვალისწინებით უნდა განისაზღვროს თითოეული ბავშვის მიმართ 350 ლარით, რამდენადაც ამავე ოდენობით მატერიალური სახსრების მოსარჩელის მიერ გაწევის შემთხვევაში, დადგინდება გონივრული ბალანსი არასრუწლოვანთა ინტერესებსა (რაც მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფს ბავშვების საჭიროებებს) და მშობელთა სოციალურ თუ სხვა პასუხისმგებლობას შორის საზოგადოებაში“ (იხ.,სუსგ №ას-619-619-2018, 12 სექტემბერი, 2018 წელი, პ-1.3.8).

27. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების იმ ნაწილს, რომლითაც დადგენილია, რომ 318497 ლარი წარმოადგენს ერთჯერად უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს და არა ყოველწლიურ შემოსავალს, თუმცა, ამ ნაწილში, კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია კასატორის პოზიციის საპირისპირო გარემოება, კერძოდ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 იანვრის წერილისა (ს.ფ. 21) და სამსახურებრივი ბარათის (ს.ფ. 68) შინაარსის გათვალისწინებით დადგენილადაა მიჩნეული რომ 2017 წლის 13 ოქტომბრამდე მოპასუხეს ნამდვილად ეკუთვნოდა უძრავი ქონება, რომლის გაყიდვის შედეგადაც მიიღო შემოსავლის სახით 318497 ლარი და ამის გამო არის დაუბეგრავი ცნობაში მითითებული თანხა.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს სასამართლო სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე (სსსკ-ის მე-4 მუხლი), კანონის იმპერატიული ნება სწორედ ამ პრინციპის დაცვით მართლმსაჯულების განხორციელებისკენაა მიმართული. საპროცესო კანონმდებლობის ანალიზი ქმნის დასკვნის საფუძველს, რომ სასამართლოს მთავარი სხდომისათვის საქმის განსახილველად მომზადება მხარეთა წერილობითი პოზიციების სრულყოფასა და დავის ძირითადი სურათის განსაზღვრას ემსახურება, სწორედ ამითაა გამართლებული ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილისა (პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც სარწმუნოდ უარჰყო კასატორის (მოსარჩელის) მითითება მოპასუხის წლიური შემოსავლის ოდენობასთან მიმართებით.

29. კასატორი საკასაციო საჩივარში უთითებს მოპასუხის მიერ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, კასატორისადმი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ, გამომდინარე იქედან, რომ აღნიშნული დავის საგანია ალიმენტის დაკისრება, კასატორის მითითებულ განმარტებაზე ვერ იმსჯელებს.

30. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მშობელთა ქონებრივი მდგომარეობისა და ბავშვების საჭიროებებიდან გამომდინარე, ალიმენტის თანხად სწორად განისაზღვრა ყოველთვიურად 300-300 ლარი.

31. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემული საქმის განხილვისას საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

32. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც. მსგავს სამართლებრივ საკითხზე დადგენილია უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც, საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

34. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ხ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე