Facebook Twitter

საქმე №ას-822-2019 12 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. გ-ი, თ. ლ-ე, მ. ღ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა(ა)იპ ხ. ს. ა. დ-ებების – ს. ბ. გ.“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – აქტის ბათილად ცნობა, ქმედების განხორციელება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. ი. გომარელმა, თ. ლობჟანიძემ და მ. ღონღაძემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ ხ. ს. ა. დ-ებების – ს. ბ. გ.“ (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ და მოითხოვეს, ნაწილობრივ ბათილად იქნეს ცნობილი სტრუქტურულ ერთეულებში ვაკანტური თანამდებობის საკონკურსო კომისიის 2017 წლის 22 ნოემბრის №3 სხდომის ოქმის მე-3 და მე-4 ნაწილი, „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება №... ... საბავშვო ბაღში“ აღმზრდელი მასწავლებლისა და აღმზრდელის თანაშემწის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების ნაწილში, ასევე, გაუქმდეს გაერთიანების დირექტორის 2017 წლის 1 დეკემბრის №203, №204, №205 გადაწყვეტილებები მოსარჩელეთა მიმართ აღმზრდელ პედაგოგად შერჩევაზე უარის თქმის შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელეთა განმარტებით, საბავშვო ბაღების გაერთიანებასთან იმყოფებოდნენ წინასახელშეკრულებო შრომით ურთიერთობაში. მათ მონაწილეობა მიიღეს გამოცხადებული ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსში და გადალახეს ამ კონკურსის მეორე ეტაპიც, თუმცა საკონკურსო კომისიის მხრიდან მიკერძოებულად შეფასდა მათი ბიოგრაფიული მონაცემები, პროფესიული უნარ-ჩვევები დასაკავებელ თანამდებობებთან მიმართებით და მოსარჩელეები აღმოჩნდნენ ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილ სხვა პირებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში. მოსარჩელეები გახდნენ დისკრიმინაციის მსხვერპლნი.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ კონკურსი ჩატარდა სამართლიანად, გამჭვირვალედ და კანონის ყველა წესის დაცვით. არანაირი დისკრიმინაციას მოსარჩელეთა მიმართ არ განხორციელებულა. კონკურსის მონაწილეები ვაკანტურ თანამდებობებზე წარდგენილ იქნენ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე და არ არსებობს 2017 წლის 22 ნოემბრის №3 სხდომის ოქმის ნაწილის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. გარდა ამისა, მოსარჩელეების მოთხოვნაა ოქმის ნაწილის ბათილად ცნობა. მოსარჩელეებმა დაარღვიეს აქტის გასაჩივრების ერთთვიანი ვადა, შესაბამისად, სარჩელი არის ხანდაზმული.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2019 წლის 18 აპრილის 11 საათზე დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები – მოსარჩელეები. პროცესის დანიშვნის თაობაზე ეცნობა მათ წარმომადგენელს, რომელსაც სასამართლო უწყება ჩაბარდა 2019 წლის 12 აპრილს სატელეფონო შეტყობინების სახით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა დაცვით.

7. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტ მხარეს გონივრული ვადა მიეცა პროცესისათვის მოსამზადებლად, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა და არც თავისი გამოუცხადებლობის სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობის შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებია.

8. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 275-ე, 276-ე მუხლებით და მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელეების წარმომადგენელმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

10. კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ აპელანტების ინტერესებს იცავდა მხოლოდ ერთი ადვოკატი, რომელიც ვერ გამოცხადდა საქმის განხილვაზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. 2019 წლის 17 აპრილს წარმომადგენელმა წერილობითი განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და იშუამდგომლა პროცესის გადადების შესახებ, რადგან ვერ გამოცხადდებოდა ავადმყოფობის გამო. აღნიშნული განცხადება გაიგზავნა ფოსტის მეშვეობით (აღნიშნული ფაქტი დასტურდება შესაბამისი ინვოისით და თანხის გადახდის ქვითრით) და სასამართლოს ჩაბარდა 2019 წლის 18 აპრილს დილის საათებში. აღნიშნული განცხადება სააპელაციო პალატას დროულად არ გადასცემია, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო გადადებდა საქმის განხილვას.

11. სადავო სხდომის მიმდინარეობისას აპელანტების წარმომადგენელი იმყოფებოდა ექიმთან კონსულტაციაზე, რა დროსაც ჩაუტარდა გამოკვლევები. აღნიშნულ პერიოდში მას ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე, რომელიც დაინტერესდა მხარის გამოუცხადებლობის მიზეზით. აპელანტთა წარმომადგენელმა განუმარტა მდგომარეობა და სურვილი გამოთქვა, საჭიროების შემთხვევაში, მისი ავადმყოფობის მიუხედავად, გამოცხადებულიყო პროცესზე თუ სასამართლო მიზანშეწონილად ჩათვლიდა და გამოაცხადებდა მცირე დროით შესვენებას. მოსამართლის თანაშემწის განმარტებით, იგი შეათანხმებდა პოზიციას სასამართლოსთან და დაუკავშირდებოდა წარმომადგენელს. 11:39 საათზე გადატვირთული ხაზის პირობებში და 13-ჯერ მცდელობის შედეგად წარმომადგენელი დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს, რომლისგანაც შეიტყო რომ სასამართლოსთან კომუნიკაცია ვერ შედგა და სხდომაზე მიღებულ იქნა განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

12. აპელანტების წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობიდან ირკვევა, რომ პაციენტი 2 დღის განმავლობაში იმყოფებოდა რთულ მდგომარეობაში. დაუდგინდა რესპირატორული დაავადება 38.9 ტემპერატურით. აწუხებდა სასუნთქი გზების უკმარისობა, ხველა, რაც განაპირობა გრიპის ვირუსმა. პაციენტს მიეცა რეკომენდაცია, 2019 წლის 18 აპრილს მიემართა ექიმისათვის და, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ჩაეტარებინა ფილტვების გამოკვლევა ანთების გამორიცხვის მიზნით, ასევე, სხვა გამოკვლევები. დამატებითი შემოწმება საჭირო იყო 19 აპრილსაც.

13. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

14. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

15. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

16. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

17. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

18. მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არეგულირებს საქმის განხილვაზე მხარეთა გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებს, კერძოდ, 229-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოსარჩელე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, მოპასუხის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს შეუძლია გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-278-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგები.

19. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.

20. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით (სუსგ 12.01.2018წ. საქმე №ას-1483-1403-2017).

21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და კერძო საჩივრის ავტორს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ სადავო სხდომის შესახებ ეცნობა აპელანტის წარმომადგენელს კანონით დადგენილი წესით.

22. აღნიშნულის მიუხედავად, არც აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდნენ, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება.

23. წარმოდგენილი კერძო საჩივარი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ აპელანტის წარმომადგენელი საქმის განხილვაზე ვერ გამოცხადდა საპატიო მიზეზით – მისი ავადმყოფობის გამო.

24. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სადავოა, აპელანტი მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზით. შესაბამისად, წარმოდგენილი საკითხის სწორად შესაფასებლად უნდა გაირკვეს, რა სახის გარემოება შეიძლება ჩაითვალოს საპატიოდ.

25. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობის საპატიოდ მიჩნევის წანამძღვრებს და ასეთად მიიჩნევს ავადმყოფობას, ახლო ნათესავის გარდაცვალებას ან სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის საპროცესო მოქმედების შესრულებას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

26. მითითებული ნორმის დანაწესი ადგენს, რომ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა ჩათვალოს საპატიოდ, თუკი აღნიშნული მოქმედება მან ვერ შეასრულა ავადმყოფობის გამო. ამ შემთხვევაში ისევე, როგორც ზოგადად სამოქალაქო სამართალწარმოებისას, მხარეს ეკისრება სადავო გარემოების მტკიცების ტვირთი. მეტიც, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი პირდაპირ განსაზღვრავს, თუ რა მტკიცებულებით უნდა დადასტურდეს მხარის ავადმყოფობის ფაქტი და ასეთად მიიჩნევს სამედიცინო დოკუმენტს, რომელიც: ა) ხელმოწერილია სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ; ბ) პირდაპირ მიუთითებს მხარის შეუძლოდ ყოფნაზე კონკრეტული დროის მონაკვეთში (რომლის განმავლობაშიც უნდა შესრულებულიყო სადავო საპროცესო მოქმედება); გ) ასახავს პაციენტის ჯანმრთელობის იმგვარ გაუარესებას, რაც გამორიცხავს საპროცესო მოქმედების შესრულების შესაძლებლობას.

27. საკასაციო სასამართლო მნიშვნელოვნად მიიჩნევს, განიმარტოს კანონმდებლის დათქმა – „პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე“.

28. აღნიშნული დანაწესი გულისხმობს, რომ სამედიცინო ცნობაში გასაგებად უნდა იკითხებოდეს მხარის ჯანმრთელობის ისეთი მძიმე მდგომარეობის არსებობა, რომელიც რეალურად შეუშლის ხელს მხარეს გადაადგილებაში და სასამართლოსთან კომუნიკაციაში. აღნიშნული ეჭვს არ იწვევს, როდესაც დგინდება მხარისათვის სტაციონარული სამედიცინო მომსახურების გაწევის ფაქტი ან მკურნალი ექიმის რეკომენდაცია წოლითი რეჟიმის დაცვის თაობაზე, თუმცა გასათვალისწინებელია ისეთი შემთხვევაც, როდესაც სამედიცინო დოკუმენტი შეიცავს მხოლოდ პაციენტისათვის დასმულ დიაგნოზს. ეს დიაგნოზი კი, თავისთავად მეტყველებს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმეზე.

29. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებში წარმოდგენილი განცხადებით დასტურდება, რომ აპელანტების წარმომადგენელმა 2019 წლის 17 აპრილს მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა პროცესის გადადება, რადგან, ავადმყოფობის გამო, 2019 წლის 18 აპრილს დაგეგმილი ჰქონდა ვიზიტი ექიმთან (ტ. 3, ს.ფ 118).

30. აღნიშნული განცხადება სასამართლოს ჩაბარდა 2019 წლის 18 აპრილს, 17:50 საათზე (ტ. 3, ს.ფ 103) და სააპელაციო პალატას სხდომის მიმდინარეობისას არ გადასცემია, რადგან სხდომა დასრულდა 11:32 საათზე. შესაბამისად, განცხადებაში ასახულ შუამდგომლობაზე პალატას არ უმსჯელია. თავად კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ექიმთან ყოფნისას მას დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და დაინტერესდა მისი გამოუცხადებლობის მიზეზით, ამასთან, წარმომადგენლისაგან მიღებული ინფორმაცია მისი ავადმყოფობის თაობაზე სასამართლოს დროულად ვერ გადაეცა.

31. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტების წარმომადგენელმა შეასრულა კანონით მისთვის დაკისრებული მოვალეობა და თავისი გამოუცხადებლობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს აცნობა, თუმცა ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ მისგან დამოუკიდებელი მიზეზით სასამართლოს დროულად არ გადაეცა.

32. რაც შეეხება წარმომადგენლის გამოუცხადებლობის მიზეზის საპატიოდ მიჩნევას, კერძო საჩივარზე დაერთო სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ 2019 წლის 17-19 აპრილს აპელანტების წარმომადგენელი იყო ავად მწვავე რესპირატორული დაავადებით, აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა (ტ. 3 ს.ფ 121-126), ჩაიტარა სამედიცინო კვლევები, შესაბამისად, იგი ობიექტურად ვერ გამოცხადდებოდა პროცესზე და ვერ შეძლებდა მხარის ინტერესების დაცვას.

33. ამავდროულად, საქმის მასალებიდან დასტურდება, რომ აპელანტებს წარმოადგენდა მხოლოდ აღნიშნული რწმუნებული.

34. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ არ არსებობს საფუძველი, აპელანტების წარმომადგენლის გამოუცხადებლობა შეფასდეს სასამართლოს მიმართ უპატივისმცემლობად ან დავის მიმართ ინტერესის არქონად, რადგან ავადმყოფობის მიუხედავად, აპელანტების წარმომადგენელმა მოსამართლის თანაშემწესთან საუბრისას მზადყოფნა გამოთქვა, სასამართლოს მხრიდან მცირედი შესვენების გამოცხადების შემთხვევაში, სამედიცინო გამოკვლევების დასრულების შემდეგ გამოცხადებულიყო პროცესზე. პასუხის მისაღებად წარმომადგენელი 13-ჯერ შეეცადა დაკავშირებოდა მოსამართლის თანაშემწეს (ტ 3, ს.ფ. 127-128).

35. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. გ-ის, თ. ლ-ისა და მ. ღ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 18 აპრილის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე