Facebook Twitter

საქმე №ას-669-2019 11 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ვ. ე.“ (მოპასუხე, აპელანტი)

მოწინააღმდეგე მხარე - ს. ვ-ის კანონიერი წარმომადგენელი გ. ვ-ი (მოსარჩელე,მოწინააღმდეგე მხარე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. ს., ი. და ზ. ვ-ების კანონიერმა წარმომადგენლებმა - თ. ნ-მა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და გ. ვ-მა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრეს შპს ,,ვ. ე.’’ (შემდეგში: მოპასუხე ან კასატორი ან კომპანია) მიმართ და მოითხოვეს მოპასუხისათვის მათ სასარგებლოდ: ა) 2015 წლის 29 მაისის N61/07/15, N62/07/15 და N63/07/15 ტურისტული და სასწავლო მომსახურების ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილი თანხის 3800 ლარის დაბრუნება. კერძოდ, ს. ვ-ის სასარგებლოდ N61/07/15 ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი 1300 ლარის, ი. ვ-ის სასარგებლოდ N62/07/15 ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი-1250 ლარისა და ზ. ვ-ის სასარგებლოდ N63/07/15 ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი - 1250 ლარის დაბრუნება (სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე მხარემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 2090 ლარამდე); ბ) ს. ვ-ის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურება, კერძოდ, ტრანსპორტირების ხარჯი - 300 ლარის ოდენობით, ტრავმატოლოგთან ვიზიტის ხარჯი - 25 ლარის ოდენობით, რენტგენის გადაღებისათვის გადახდილი - 60 ლარი და მომვლელისათვის 21 დღის განმავლობაში გადახდილი თანხა 500 ლარის ოდენობით, ჯამში - 885 ლარი; გ) ს., ი. და ზ. ვ-ების სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება თითოეულისათვის 3800 ლარის ოდენობით.

2. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეთა შორის გაფორმდა ხელშეკრულბა, რომლითაც მოპასუხემ ვალდებულება აიღო არასრულწოვნების საზაფხულო სკოლის პროგრამით უზრუნველყოფაში, რაშიც მოსარჩელემ გადაიხდა მომსახურების საფასური, თუმცა მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, 2015 წლის 5 ივლისს ბავშვები გაემგზავრნენ დასასვენებლად ბაკურიანში. 2015 წლის 13 ივლისს, ი. ვ-ი ღამის თორმეტი საათისთვის ბანაკის თანამშრომელთა მიერ ჩამოყვანილ იქნა სახლში, რა დროსაც, აღმოჩნდა რომ ბავშვს აღენიშნებოდა თვალის ჩალურჯება და ჰემატომა. ი. ვ-ის მშობლებმა სამედიცინო მომსახურების გაწევის მიზნით მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ბავშვს ჩაუტარდა სამედიცინო გამოკვლევა და მიეცა მედიკამენტოზური მკურნალობისათვის დანიშნულება. 2015 წლის 15 ივლისს ს. ვ-ი მობილურით დაუკავშირდა დედას, თ. ნ-ს და აუხსნა რომ ორი დღის განმავლობაში ტკიოდა ხელი, იყო ცუდად და არავინ აქცევდა ყურადღებას. ადგილზე ჩასულებს საბა ვარსიმაშვილი დახვდათ ხელგადახვეული. როგორც გაირკვა, ს. ვ-ს ორი დღის განმავლობაში არ ჩატარებია სამედიცინო გამოკვლევა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვების დედა დაუკავშირდა მოპასუხე მხარეს, ს. ვ-ი გასინჯულ იქნა ექიმის მიერ და ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ხელზე დადებულ იქნა თხელი ფენის თაბაშირი. 2015 წლის 16 ივლისს, ს. ვ-ის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გასინჯვის შედეგად აღმოჩნდა, რომ მას მოტეხილი ჰქონდა ხელი.

3. მოპასუხემ განმარტა, რომ კომპანიის ვალდებულებას წარმოადგენდა ბავშვებზე მზრუნველობა პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში, ხოლო დამკვეთი ვალდებული იყო მოპასუხისათვის მიეწოდებინა ინფორმაცია ბავშვის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური პრობლემების შესახებ. ჯგუფის ხელმძღვანელის მიერ შემსრულებლისათვის მიწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომ ი. ვ-ი ქმნიდა კონფლიქტურ სიტუაციებს ჯგუფში. ფაქტის შესახებ ეცნობათ ბავშვის მშობლებს. მშობლებთან სატელეფონო კონტაქტის მიუხედავად, ი. კვლავ განაგრძობდა კონფლიქტური სიტუაციების შექმნას, რის თაობაზეც 2015 წლის 13 ივლისს განმეორებით შედგა ბავშვის მშობლებთან კომუნიკაციის და შეთანხმდნენ, რომ ილია დაბრუნდებოდა თბილისში. ვინაიდან მშობლები ვერ ახერხებდნენ ბაკურიანში ჩასვლას, მათი თხოვნით, მოპასუხემ თავად უზრუნველეყო ბავშვის ტრანსპორტირება, რაც განხორციელდა 13 ივლისს. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი სამედიცინო ცნობით კი დასტურდება, რომ პაციენტის ვიზიტი ექიმთან განხორციელებულია 2015 წლის 17 ივლისს. რაც შეეხება ს. ვ-ს, მოპასუხე მხარის განმარტებით, მან 2015 წლის 15 ივლისს, გვიან საღამოს გაამხილა ხელის ტკივილის თაობაზე, რის შემდეგაც დაუყონებლივ იქნა მოწვეული ექიმი-ტრამვატოლოგი. არასრულწლოვანს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა. აღნიშნულზე, იმავე დღეს განხორციელდა მშობლებთან სატელეფონო კომუნიკაცია რამდენჯერმე. მშობლებს ასევე მიეწოდათ ინფორმაცია, რომ 16 ივლისს არასრულწლოვანისთვის უნდა გადაეღოთ რენდგენი, რაზეც ბავშვის დედამ უპასუხა, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა ბაკურიანში ჩასვლა და აღნიშნული პროცედურა მის გარეშე არ განეხორციელებინათ. ბაკურიანში ჩამოსვლისთანავე, 2016 წლის 16 ივლისს თეა ნიგურიანმა განცხადებით, მიმართა მოპასუხეს, ოჯახური პირობების გამო, შვილების ბანაკიდან გათავისუფლებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ასევე ითხოვა თანხის 1710 ლარის მის ანგარიშზე ჩარიცხვა. მოპასუხის მიერ დაანგარიშებული იქნა მოსარჩელის შვილების სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამოუყენებელი დღეების შესაბამისად, 2016 წლის 16 ივლისს გადაურიცხა მოსარჩელე გიორგი ვარსიმაშვილს, რითაც მხარეთა შორის შეწყდა კონკრეტული ხელშეკრულებები. შესაბამისად, მოპასუხისათვის გაურკვეველია რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე შეწყვეტილი ხელშეკრულებებიდან გასვლას, მაშინ როდესაც მოსარჩელე მხარეს არანაირი ზიანი არ მიდგომია მოპასუხის მხრიდან.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა 2015 წლის 29 მაისისN61/07/15, 62/07/15 დაN63/07/15 ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებების საფუძველზე გადახდილი თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ი. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ზ. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით, ს. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს ს. ვ-ის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის ოდენობით. მოპასუხეს პირველი მოსარჩელის სასარგებლოდ მატერიალური ზიანის ანაზღაურების სახით დაეკისრა 185 ლარის ანაზღაურება.

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და სარჩელის უარყოფა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 7 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. 29.05.2015 წელს, მეორე მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ N61/07/15 ჩAMP ხელშეკრულება. მეორე მოსარჩელემ სრულად გაიდახადა N61/07/15 ხელშეკრულებით გათვალისწინებილი მომსახურების საფასური ჯამში 1 300 ლარი.

9. 05.07.2015 წელს, ს. ვ-ი გაემგზავრა საზაფხულო ბანაკში, ... ... (მხარეთა ახსნა-განმარტება).

10. 13.07.2015 წელს, ს. ვ-მა საზაფხულო ბანაკში მიიღო მარცხენა ხელის ტრავმა (ხელი მოიტეხა).

11. 16.07.2015 წელს, პირველმა მოსარჩელემ განცხადებით მიმართა კომპანიას და ოჯახური პირობების გამო, შვილის ბანაკიდან გაყვანა, 2015 წლის 29 მაისს დადებული ტურისტული და სასწავლო მომსახურების შესახებ N61/07/15 ხელშეკრულებების შეწყვეტა და 1710 ლარის (ი., ს. და ზ. ვ-ების სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამოუყენებელი დღეების შესაბამისად) მის ანგარიშზე ჩარიცხვა მოითხოვა (ტომი 1; ს.ფ. 62).

12. 16.07.2016 წელს, მოპასუხემ ბანკის მეშვეობით მეორე მოსარჩელეს გადაურიცხა თანხა - 1710 ლარის (სასწავლო პროგრამის ფარგლებში გამოუყენებელი დღეების შესაბამისად) ოდენობით (ტომი 1; ს.ფ. 64).

13. 16.07.2015 წელს, ქ. თბილისში, სს „ტ. ჰ.“ მიმართვისას, ს. ვ-ის ავადმყოფობის მიმდინარეობა იყო მწვავე. მოკლე ანამნეზის თანახმად: პაციენტი უჩიოდა ტკივილს და აღენიშნებოდა შესიება მარცხენა სხივ-მაჯის სახსრების არეში. პალპაციით მტკივნეული. მოძრაობა შეზღუდული. ჩატარებული გამოკვლევის შედეგად, მოსარჩელეს დაუდგინადა მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა ქვემო-3ში, დამაკმაყოფილებელი დგომით. ჩატარებული დიაგნოსტიკური გამოკვლევები და კონსულტაციები: ტრავმატოლოგის კონსულტაცია, ღ-გრაფია; ჩატარებული მკურნალობა: თაბაშირის იმობილიზაცია. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: ესაჭიროება ორთოპედიული რეჟიმი - თაბაშირის იმობილიზაცია სამი კვირის განმავლობაში (ტომი 1; ს.ფ. 34-35).

14. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი ემყარებოდა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევას, კერძოდ, კომპანიის მიერ N61/07/15 ხელშეკრულების 2.1.5 პუნქტით ნაკისრი ვალდებულების (ბავშვზე მზრუნველობა პროგრამის მიმდინარეობის პერიოდში) არაჯეროვნად შესრულების ფაქტს, რამაც გამოიწვია როგორც მატერიალური, ასევე, მორალური ზიანი, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, პირველ რიგში, გასარკვევი იყო მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა.

15. სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სკ-ის) 394‐ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

16. სკ-ის 408‐ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში.

17. სკ-ის 412‐ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (სუსგ. 11.06.2012, Nას‐630‐593‐2012).

18. სკ-ის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი განამტკიცებს ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს დარღვევისას (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის) და ანიჭებს კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ხოლო მისი გამოყენების წინაპირობებია - მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი. ვალდებულების დარღვევამდე (სუსგ №ას-167- 163-2016, 01.07.2016).

19. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ წარმოშობილი იყო სკ-ის 394.1 და 408.1 მუხლებით გათვალისწინებული ზიანის დაკისრების წინაპირობები. კერძოდ, მოსარჩელე მხარემ დაადასტურა როგორც ზიანი, ასევე, მისი ოდენობა. ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა ბრალის გამომრიცხავი გარემოებები. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სარჩელის ფაქტობრივ საფუძველზე, რომ მშობლის ჩასვლამდე, საბა ვარსიმაშვილს მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობით 2 დღის მანძილზე მოუწია საზაფხულო სკოლაში, კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა და შესაბამისი დანიშნულების გარეშე ყოფნა, მოსარჩელე ადასტურებს შემდეგი მტკიცებულებებით: 1) 2015 წლის 16 ივლისის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა 100), სადაც, „ტ. ჰ.“ მკურნალი ექიმის მიერ მითითებულია, რომ ავადმყოფობის მიმდინარეობა პაციენტის სტაციონარში მიმართვისას, 16.07.15 წლის 15:00 საათზე იყო მწვავე, „პაციენტი უჩივის ტკივილს და აღენიშნება შესიება მარცხენა სხივ-მაჯის სახსრის არეში, პალპაციით მტკივნეულია, მოძრაობა შეზღუდული“. ტრავმატოლოგის კონსულტაციისა და რენტგენოგრაფიის საფუძველზე, პაციენტს დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა სხივის ძვლის მოტეხილობა ქვემო-3ში, დამაკმაყოფილებელი დგომით შ52.5. ჩატარებული მკურნალობა: თაბაშირის იმობილიზაცია. სამკურნალო და შრომითი რეკომენდაციები: ესაჭიროება ორთოპედიული რეჟიმი - თაბაშირის იმობილიზაცია 3 კვირის განმავლობაში. ბ) საბა ვარსიმაშვილის დედის განმარტება, რომ მას მობილურზე დაუკავშირდა შვილი, რომელმაც აუხსნა, რომ სტკიოდა ხელი და არავინ ყურადღებას არ აქცევდა... რომ ბაკურიანში ჩასულ მშობლებს საბა დაჟინებით სთხოვდა შინ წაყვანას. გ) სასამართლო პროცესზე თავად საბა ვარსიმაშვილის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება, რომ „ექიმი იყო ქ. თბილისში და ჩამოვიდა მომდევნო დღის მეორე დღეს“, რომ ძალიან სტკიოდა ხელი და ჰქონდა სიცხე (იხ. 20.03.18წ. სასამართლო სხდომის ოქმი).

20. ზემოაღნიშნული არგუმენტების საწინააღმდეგოდ, აპელანტმა (მოპასუხემ) ვერ წარმოადგინა კონკრეტული მტკიცებულებები, რაც დაადასტურებდა კომპანიის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტს და შემოიფარგლა მხოლოდ ზეპირსიტყვიერი ახსნა-განმარტებით, რომ ბავშვს დროულად გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება. მოპასუხემ ვერ დააკონკრეტა, თუ როდის და რომელი სამედიცინო დაწესებულების ექმის მიერ განხორციელდა არასრულწლოვანისათვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა და რატომ თავად არ ისარგებლა ბავშვის დაზღვევის პოლისით. მოპასუხეს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ასევე არ გაუქარწყლებია არასრულწლოვნის დედის საფუძვლიანი პრეტენზია, რომ საზაფხულო სკოლის ადმინისტრაციამ დროულად არ აცნობა მისი შვილის მიერ მიღებული ტრავმის თაობაზე, რაც ასევე მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა. უფრო მეტიც, მოპასუხის მიერ გაწეული სამედიციო დახმარების არაკვალიფიციურობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ამის თაობაზე არ არსებობდა არანაირი ჩანაწერი და დანიშნულება იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ბავშვს ადგილზე დაედო თაბაშირი, რომელიც თბილისში ჩატარებული გამოკვლევის შედეგად ახსნეს და ხელახლა დაადეს. ამასთან, იმ ვითარებაში, როდესაც საბა ვარსიმაშვილის განმარტებით დგინდება, რომ მას ბანაკში „წამალს აძლევდნენ’’ (იხ.20.03.18წ. სასამართლო სხდომის ოქმი, 17:19:22), გაურკვეველია რა წამალი იყო, ვის მიერ და რა მიზნით დაენიშნა არასრულწლოვანს იგი.

21. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. ვ-ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი შეადგენს 185 ლარს, საიდანაც 85 (25+65) ლარი არის დოკუმენტურად დადასტურებული პაციენტის ტრავმატოლოგთან ვიზიტისა და რენტგენის გადაღების ხარჯი, ხოლო 100 ლარი - მგზავრობისათვის გაწეული ხარჯის, სასამართლოს მიერ განსაზღვრული გონივრული ოდენობა.

22. სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებს შორის უმნიშვნელოვანესია ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა ხელშეკრულების პირობების დარღვევის გზით.

23. პალატამ განმარტა, რომ მართლსაწინააღმდეგო ქმედება არამართლზომიერი ქმედებაა (მოქმედება/უმოქმედობა) და გამოხატავს ქმედების წინააღმდეგობას არა მხოლოდ პოზიტიური სამართლის (კანონის) ნორმებთან, არამედ წინააღმდეგობას კულტურისა და ზნეობის ნორმებთან. შესაბამისად, როდესაც ქმედება ხელყოფს ადამიანის ისეთ ფუნდამენტალურ უფლებებს (როგორიცაა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების და სხვ.), რომლებიც სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს, მართლწინააღმდეგობა იმთავითვე სახეზეა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ დაარღვია 61/07/15 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი, როგორც სამართლებრივი გარანტის ვალდებულება, არასრულწლოვანზე სათანადო მზრუნველობის განხორციელებისა, რამაც გამოიწვია არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელყოფა.

24. ამდენად, მოსარჩელე კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი როგორც ზიანის არსებობის ფაქტის, ასევე, მისი ოდენობის დადასტურება. შესაბამისად, მოთხოვნა მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე, რომლის ოდენობაც განისაზღვრა 185 ლარით, საიდანაც 25 ლარი წარმოადგენს ს. ვ-ის ტრავმატოლოგთან ვიზიტის ხარჯს, 60 ლარი - რენტგენის გადაღებაზე გაღებულ ხარჯს, ხოლო 100 ლარი _ მგზავრობისათვის გაწეულ ხარჯს.

25. პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას იმ გარემოებაზე ამყარებს, რომ მოპასუხის უპასუხისმგებლო და უხეში გაუფრთხილებლობით არასრულწლოვან ს. ვ-ს დაუზიანდა ჯანმრთელობა, რასაც მოჰყვა სამედიცინო მკურნალობის გაგრძელება. აგრეთვე, მოპასუხის უყურადღებობით ს. ვ-ი 2015 წლის 14-15 ივლისს განიცდიდა ხელის მოტეხილობით გამოწვეული გაუსაძლისი ტკივილისაგან სულიერ ტანჯვას.

26. მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის მარეგულირებელ სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს განმარტებას, რომ სკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი თავისთავად ანიჭებს უფლებას დაზარალებულს, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი (მორალური) ზიანისათვის, რაც განპირობებულია იმით, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლება ადამიანის აბსოლუტურ უფლებებს და სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებულ საგანს წარმოადგენს. ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტი უკვე თავისთავად გულისხმობს იმას, რომ დაზარალებულმა განიცადა ტკივილი და სულიერი ტანჯვა, როგორც თვით დაზიანების მიღებისას, ასევე – მკურნალობის პროცესში. ეს სულიერი ტანჯვა შესაძლოა გახანგრძლივდეს იმ შემთხვევაში, თუ, მკურნალობის მიუხედავადაც, დაზარალებული პირი ვერ გამოჯანმრთელდა სრულად ან/და აღენიშნება გადატანილი დაზიანებების კვალი. სხეულის და/ან ჯანმრთელობის ხელყოფით გამოწვეული მორალური ზიანი უშუალოდ სამართალდარღვევიდან შეიძლება არც გამომდინარეობდეს, არამედ მისი თანმდევი შედეგი იყოს (როგორიცაა აქტიური ცხოვრების შეუძლებლობა, ცხოვრების წესისა და რიტმის შეცვლა, ნერვული დაძაბულობა, რაც პირს არასრულფასოვნების კომპლექსსა თუ სხვა ნეგატიურ განცდებს უყალიბებს), თუმცა, ასეთ დროს, სავალდებულოა, დასტურდებოდეს, რომ დაზარალებულის მორალური განცდები და სულიერი ტანჯვა სხეულისა თუ ჯანმრთელობის ხელყოფის უშუალო შედეგია.

27. განსახილველი შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობა უკავშირდება არასრულწლოვანი ბავშვის ტურისტული და სასწავლო მომსახურების უზრუნველყოფას. შესაბამისად, მომსახურების სპეციფიკის გათვალისწინებით, ხელშეკრულების ფარგლებში მშობელთა მიერ შემსრულებლისათვის გადაცემული, საზაფხულო სკოლაში მყოფ ბავშვებზე ზრუნვის სტანდარტების დაცვა მოპასუხე კომპანიის მხრიდან განსაკუთრებულ გულისხმიერებას საჭიროებს, რაც დადგენილია, რომ არასათანადოდ განხორციელდა საბა ვარსიმაშვილის მიმართ. კონკრეტულ შემთხვევაში, ცალსახად გამოიკვეთა საზაფხულო სკოლის თანამშრომელთა მხრიდან გულგრილი და არაგულისხმიერი დამოკიდებულება ს. ვ-ის მიერ სკოლაში მიღებულ ტრავმაზე დროული და სათანადო რეაგირების თვალსაზრისით. დადგენილად მიჩნეული ფაქტების ერთობლიობა _ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების დარღვევის ფაქტი, ზიანის დადგომა, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის, განაპირობებდა სკ-ის სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლით გათვალისწინებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების თაობაზე საბა ვარსიმაშვილის სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობას.

28. რაც შეეხება უშუალოდ ფულადი კომპენსაციის ოდენობას, რომელიც სკ-ის 413-ე მუხლის თანახმად, უნდა განხორციელდეს „გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით“, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ საბა ვარსიმაშვილისათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა 3000 ლარის გადახდა.

29. პალატამ განმარტა, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების უმთავრეს მიზანს არ წარმოადგენს ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რადგან, მიყენებულ ზიანს ფულადი ეკვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. კომპენსაციის მიზანია დაზარალებულის მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების შემსუბუქება და მიმართულია უარყოფითი ემოციების გასაქარწყლებლად. უფრო კონკრეტულად კი მორალურ ზიანს გააჩნია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. აღნიშნული სამი - სატისფაქციური, რეპრესიული და პრევენციული ფუნქციების კომბინაცია წარმოადგენს მორალური ზიანის ანაზღაურების ერთიან მიზანს, რაც უნდა აისახოს მორალური ზიანის ფულად ანაზღაურებაში. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა საბა ვარსიმაშვილის ასაკი, ის გარემოება, რომ იმყოფებოდა საზაფხულო ბანაკში მოპასუხის მზრუნველობის ქვეშ, მოზარდის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილი და დისკომფორტი, რაც ასოცირდება უარყოფით განცდებთან, ამგვარი მდგომარეობით გამოწვეული ნეგატიურ პროცესები და სამართლაინობისა და გონივრულობის კრიტერიუმი, მორალური ზიანის ფუნქციისა და მისი პრევენციული ბუნების გათვალისწინებით, მართებულად დაასკვნა, რომ ს. ვ-ისათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა 3000 ლარის გადახდა.

30. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვა.

31. კასატორის განმარტებით, როგორც საქალაქო სასამართლომ, ისე სააპელაციო სასამართლომ მართალია გამოიყენა ის კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, თუმცა, არასწორად განმარტა იგი, კერძოდ, არასწორად განმარტა სკ-ის 394-ე მუხლი 1-ლი ნაწილი. ასევე, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სსსკ-ის 131-ე მუხლი. კასატორის განცხადებით, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლომ, ასევე სააპელაციო სასამართლომ დაარღვია შეჯიბრობითობის პრინციპი და გასცდა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ საფუძველს და მოპასუხეს დააკისრა იმის მტკიცების ტვირთი, რაც უკვე მოსარჩელე მხარეს დადასტურებული ჰქონდა, კერძოდ ის, რომ იმავე დღეს ს. ვ-ს გაეწია ექიმის მომსახურება ე.ი. მოსარჩელემ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა და მოპასუხის ბრალს ან უხეშ გაუფრთხილებლობას, შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ ექიმის, ექსპერტის დასკვნის გარეშე იმსჯელა და შეაფსა ხანდაზმულობა, თითქოს ს. ვ-ს მარცხენა ძვლის მოტეხილობით 2 დღის მანძილზე მოუწია საზაფხულო სკოლაში კვალიფიციური სამედიცინო დახმარებისა და შესაბამისი დანიშნულების გარეშე ყოფნა. სააპელაციო სასამართლომ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე დაასკვნა, რომ ბავშვს დაზიანება ჰქონდა მიღებული გიფსის დადებამდე ორი დღით ადრე, მაშინ, როდესაც ს. ვ-მა განაცხადა, რომ ხელი როგორც კი იტკინა, იმავე დღესვე მოვიდა ექიმი და ხელი დაუფიქსირა, რაზედაც ესაუბრა დედამისს. კასატორი ციტირებს სადავო განჩინების 25-ე პუნქტს და განმარტავს, რომ სასამართლომ არასწორად დაასაბუთა თუ რაში გამოიხატა მოპასუხის მხრიდან მზრუნველობის გარეშე დატოვება. ასევე, არ ასაბუთებს განჩინებაში, რა მტკიცებულებებით არის დადასტურებული აღნიშნული მოსაზრება. კასატორის ციტირებს სადავო განჩინების 22-ე პუნქტს და განმარტავს, რომ ეს პუნქტი წინააღმდეგობაში მოდის მოსარჩელის განმარტებასთან აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების დასასაბუთებლად არგუმენტად მოიყვანა მოსარჩელის მშობლის განმარტება, თითქოს მოპასუხის უპასუხისმგებლო და უხეში გაუფრთხილებლობით არასრულწლოვან ს. ვ-ს დაუზიანდა ჯანმრთელობა, რასაც მოჰყვა სამედიცინო მკურნალობის გაგრძელება. ს. ვ-მა თამაშის დროს იტკინა ხელი და მას იმავე დღესვე გაეწია ექიმის მიერ პირველადი სამედიცინო დახმარება, რასაც მოსარჩელე მხარე თავად ადასტურებს. კასატორის განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით არ დადგენილა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა, ზიანის ფაქტი, მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და ზიანს შორის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ სკ-ის 413-ე მუხლი არასწორად იქნა განმარტებული.

სამოტივაციო ნაწილი:

32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

33. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის ფაქტობრივი (სსკ-ის 394-ე, 408-ე და 412-ე მუხლები) და მორალური ზიანის (სკ-ის 413-ე მუხლი) ანაზღაურების მართლზომიერბა წარმოადგენს.

34. აღსანიშნავია, რომ გასაჩივრებული განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 3000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურება 185 ლარის ოდენობით.

35. კასატორი სადავოდ ხდის დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი 2 დღის განმავლობაში განიცდიდა ტაჯვას და ტკივილს და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანს ხელის დაზიანების დღესვე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება. მას შემდეგ, რაც ბავშვმა განაცხადა, რომ ხელი სტკიოდა ექიმმა ხელი დაუფიქსირა (იხ., საკასაციო საჩივარი ტ.2. ს.ფ. 105), ხოლო მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა სარწმუნო მტკიცებულება მასზედ, რომ არასრულწლოვანი 2 დღის განმავლობაში უყურადღებოდ, ხელმოტეხილი იმყოფებოდა (იხ., საკასაციო საჩივარი ტ.2. ს.ფ. 104). ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ წარმოშობილი არ არის სკ-ის 413-ე მუხლით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის აუცილებელი წინაპირობები (იხ., საკასაციო საჩივარი - ტ.2. ს.ფ. 106).

36. საკასაციოპალატას მიაჩნია, რომ კასატორმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული (დასაშვები) საკასაციო პრეტენზია ვერც პროცესუალური (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილი) და ვერც მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით (სსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

37. ზემოაღნიშნული მოსაზრების სრულყოფის მიზნით პალატა მიუთითებს დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, ,,ფიზიკური და ზნეობრივი ტანჯვის ხასიათი უნდა შეფასდეს ზიანის მიყენების ფაქტობრივი გარემოებების, ასევე დაზარალებულის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით (მაგ. ასაკი, ფიზიკური მდგომარეობა), აგრეთვე სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, რომლებიც ადასტურებს, თუ რა სიმძიმის ტანჯვა გადაიტანა დაზარალებულმა. მორალური ზიანი სახეზეა, როდესაც სახეზეა ადამიანის ფსიქიკის სფეროში ნეგატიური ცვლილების არსებობა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში. ზიანის ანაზღაურებისას გადამწყვეტ როლს ასრულებს ზიანი სიმძიმე. მსუბუქი სულიერი განცდები, მსგავსად მსუბუქი ფიზიკური ტკივილისა, მხედველობაში არ მიიღება, ხოლო როდესაც ადგილი აქვს ისეთ ზიანს, რომლის დროსაც, როგორც წესი, მოსალოდნელია მძიმე ფსიქიკური განცდები, სულიერი ტანჯვა, და ა. შ. მოქმედებს ე.წ. მორალური ზიანის პრეზუმფცია და ზიანის მიმყენებლის მიერ საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ აღნიშნულმა პირმა მძიმე სულიერი ტკივილი განიცადა. სსკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული ჯანმრთელობის დაზიანებით გამოწვეული მორალური ზიანის მახასიათებელი თვისება არის ადამიანის ფსიქიკური და სულიერი ბუნების სფეროში ნეგატიური ზემოქმედების მოხდენა, რაც გამოიხატება ფიზიკურ და ზნეობრივ ტანჯვაში (იხ., სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი, 2018 წელი, პ-62, 64, 65).

38. რაც შეეხება ზიანის ოდენობას (აღსანიშნავია, რომ მოპასუხეს დაკისრებული აქვს მორალური ზიანის სახით 3000 ლარის გადახდა) კანონმდებელი არ ადგენს იმ კრიტერიუმს, რომლითაც უნდა დადგინდეს მორალური ზიანის ანაზღაურების ფარგლები, არამედ ეს საკითხი სასამართლოს შეფასებითი მსჯელობის საგანია და ყოველი კონკრეტულ შემთხვევაში, თავად შემთხვევის ინდივიდუალობის და თავისებურების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. ერთ-ერთ საქმეში საკასაციო პალატამ განმარტა მორალური ზიანის ანაზრაურების სკ-ის 413-ე მუხლით განსაზღვრული ფუნქცია, კერძოდ, აღნიშნა, რომ „მორალური ზიანის ანაზღაურებას (სკ-ის 413-ე მუხლი) აკისრია სამი ფუნქცია: პირველი – დააკმაყოფილოს დაზარალებული; მეორე – ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე; მესამე – თავიდან აიცილოს პიროვნული უფლებების ხელყოფა სხვა პირების მიერ. არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება მიზნად არ ისახავს მიყენებული ზიანის სრულ რესტიტუციას, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია და შეუძლებელია მისი სრული კომპენსაცია. მორალური ზიანის ანაზღაურების ოდენობა უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. ანაზღაურების ოდენობის განსაზღვრა ხდება ზიანის მიმყენებლის ქონებრივი მდგომარეობის, დაზარალებულის ბრალის ხარისხის და სხვა კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით. ფულადი კომპენსაციის ოდენობა არ უნდა იყოს უზომოდ გაზრდილი და არ უნდა მოწყდეს რეალობას, მისი მიზანი არ უნდა იყოს მოპასუხის დასჯა. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ხელყოფის ხასიათი, მისი გავლენა პირის არამატერიალურ სიკეთეზე. მორალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს პირის დარღვეული უფლებების ხასიათს, ამ დარღვევის ნეგატიურ როლს პიროვნებაზე, ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხზე და ა.შ. იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელეს, მისი ასაკის გათვალისწინებით, მუდმივად მოუწევს სმენადობის აპარატის დახმარებით ცხოვრება და მოღვაწეობა, სასამართლოს აძლევს იმ პრეზუმფციის დაშვების შესაძლებლობას, რომ პირველი მოპასუხის მიერ მიყენებული ზიანის შედეგად, მოსარჩელის ჯანმრთელობას მიადგა გამოუსწორებელი, მუდმივად ასატანი ზიანი, რასაც შედეგად მისი ბუნებრივად მოსალოდნელი სულიერი ტანჯვა და ძლიერი ემოციური სტრესი მოჰყვა (იხ., სუსგ №ას-660-660-2018, 20 ივლისი, 2018 წელი, პ-66, 67).მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო რა საბა ვარსიმაშვილის ასაკი, ის გარემოება, რომ იმყოფებოდა საზაფხულო ბანაკში მოპასუხის მზრუნველობის ქვეშ, მოზარდის მიერ განცდილი ფიზიკური ტკივილი და დისკომფორტი, რაც ასოცირდება უარყოფით განცდებთან, ამგვარი მდგომარეობით გამოწვეული ნეგატიურ პროცესები და სამართლაინობისა და გონივრულობის კრიტერიუმი, მორალური ზიანის ფუნქციისა და მისი პრევენციული ბუნების გათვალისწინებით, მართებულად დაასკვნა, რომ საბა ვარსიმაშვილისათვის მიყენებული მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, მოპასუხეს უნდა დაჰკისრებოდა 3000 ლარის გადახდა, რაც საკასაციო პალატასაც ზიანის ანაზღრაურების ადეკვატურ ოდენობად მიაჩნია.

39. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ანდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

41. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

42. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ვ. ე.“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ შპს „ვ. ე.“ (ს/კ: 205284...) უკან დაუბრუნდეს ე. ჯ-ას მიერ 2019 წლის 24 აპრილს საგადასახადო დავალება N0 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (300 ლარი) 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე