საქმე №ას-651-2019 12 ივლისი, 2019 წელი
№ას-651-2019 ედიშერაშვილი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები – გ. და შ. ე-ები (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ე-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. ზ. ე-ემ (შემდგომ – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში გ. (შემდგომ – კასატორი მოპასუხე) და შ. ე-ების (შემდგომ – მოპასუხე) მიმართ ზიანის 2460 ლარის ანაზღაურების შესახებ.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს კასატორი მოპასუხის ავტომანქანასთან შეჯახებისას დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილი. შემთხვევის ადგილზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, შედგა გასაუბრების ოქმები და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა. საბოლოოდ კასატორ მოპასუხეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე განესაზღვრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით, ავტომანქანები კი გადაყვანილ იქნა სპეცავტოსადგომზე. კასატორმა მოპასუხემ ნებაყოფლობით ზიანის არ აანაზღაურა.
მოპასუხის პოზიცია:
3. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მოპასუხემ მიიჩნია, რომ იგი არასათანადო მოპასუხეა, ხოლო კასატორი მოპასუხე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
4. გორის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 2310 ლარის გადახდა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
6. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს დელიქტურ ვალდებულებაზე, კერძოდ, ავტოსანტრანსპორტო შემთხვევის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტზე.
7. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ დელიქტიდან გამომდინარე, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს შეიძლება დაეკისროს ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს: 1) მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, 2) სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე პირველ რიგში ვალდებულია, დაამტკიცოს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, შემდეგ მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
8. სააპელაციო სასამართლომ, პირველ რიგში, განმარტა, რომ თანამედროვე საპროცესო სამართლებრივი დოქტრინა სარჩელს განსაზღვრავს, როგორც დაინტერესებული პირის მიმართვას სასამართლოსადმი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მოთხოვნით, უფლების შესახებ დავის გადაწყვეტის გზით (სსსკ-ის მე-2 და მე-3 მუხლები).
9. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დგინდება დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება –მოსარჩელის უფლების დარღვევის ფაქტი. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე უთითებს 2017 წლის 20 ოქტომბერს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების თაობაზე.
10. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე მოსარჩელის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს მოძრაობდა ავტომანქანით, დაახლოებით 23:15 საათზე საპირისპირო ზოლში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას მოძვრა საბურავი და შეეჯახა მის სატრანსპორტო საშუალებას, რის გამოც მოსარჩელემ ვეღარ შეძლო საჭის დამორჩილება და მარცხენა გვერდულაზე შეეჯახა ქვაღორღს.
11. საქმეში წარმოდგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემის მიხედვით ირკვევა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მოსარჩელე. მექანიკურად დაზიანდა ავტომანქანის წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი, წინა ორივე ფრთა, წინა ბამპერი, სავალი ნაწილები.
12. ინდივიდულაური აუდიტორის 2017 წლის 25 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნით ირკვევა, რომ აუდიტორის მიერ დაზიანებული ავტომანქანის რემონტსა და აღდგენაზე გასაწევი ხარჯების ღირებულება განისაზღვრა 2460 ლარით. დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ აუდიტორის მიერ შეფასდა 2017 წლის 20 ოქტომბრის მომხდარი ავტოსატრასპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა.
13. სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ უმნიშვნელოვანეს გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით არ დადასტურდა სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული სატრანსპორტო საშუალების მოსარჩელისათვის კუთვნილება და ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი სადავო ავტომობილს მხოლოდ შემთხვევის დადგომის დროს არ მართავდა. მეტიც, მოსარჩელე მხარემ სასამართლოს ვერ წარმოუდგინა ვერცერთი მტკიცებულება, რომელიც მისი მხრიდან მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომობილის შეკეთებისთვის ხარჯის გაწევის ფაქტს დაადასტურებდა.
14. ამდენად, საქმის მასალებით არ დასტურდება მოსარჩელის მიერ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული მოძრავი ნივთის ფლობის და განკარგავის ფაქტი, აღნიშნულის საპირისპიროდ საქმეში წარმოდგენილია საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა, სადაც სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრედ მითითებულია სხვა პირი და 2017 წლის 25 ოქტომბრის დასკვნა, სადაც ასევე აღინიშნა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დამდგარი ზიანის ოდენობის დადგენის მოთხოვნით აუდიტორს მიმართა არა მოსარჩელემ, არამედ სხვა პირმა.
15. ამრიგად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რადგან პირველი ინსტანციის სასამართლომ არ იმსჯელა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს სარჩელის აღძვრის უფლება ანუ სასამართლომ არ გაარკვია დავის ინიციატორი სათანადო მოსარჩელე იყო თუ არა, მით უმეტეს დავის არსიდან გამომდინარე, აღნიშნული საკითხის გამოკვლევა სასამართლოს პრეროგატივა იყო, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 84-ე მუხლის საფუძველზე უნდა ემსჯელა, იყო თუ არა სარჩელი აღძრული იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება ჰქონდა.
16. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსსკ-ის 84-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია არასათანადო მოსარჩელის შეცვლის სამართლებრივი წინაპირობები და განმარტა, რომ სათანადო მოსარჩელის დადგენა ხდება მოსარჩელის მატერიალური მოთხოვნის – სარჩელის საფუძვლის გამორკვევით და მხარე სათანადოა იმ შემთხვევაში, თუ იგი სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტია და, ამ სამართალურთიერთობიდან გამომდინარე, გააჩნია მოთხოვნის უფლება ან ეკისრება რაიმე ვალდებულება.
17. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ სათანადო მოსარჩელის საკითხის გარკვევისას პალატამ უნდა შეამოწმოს არსებობს თუ არა ის ნიშნები, რომლებსაც მხარე უნდა აკმაყოფილებდეს. ასეთი ნიშნებია მაგალითად ის, რომ მხარე არის სადავო სამართალურთიერთობის მონაწილე. ასევე, იგი დაინტერესებულია საქმის განხილვის იურიდიული შედეგით. ყურადღება უნდა მიექცეს იმასაც, რომ სასამართლოს მიერ მხარის არასათანადოდ მიჩნევის საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, საქმის განხილვა უნდა დაიწყოს თავიდან, რათა შეცვლილ მხარეს შეეძლოს, სრულად მოახდინოს მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებების რეალიზაცია. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვის ეტაპზე გამოირკვა მოსარჩელის არასათანადოობა, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რათა მხარისათვის უზრუნველყოფილ იქნას საქმის განხილვის ინსტანციურობის პრინციპი.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
18. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კასატორმა მოპასუხეებმა შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:
19. კასატორებმა მიიჩნიეს, რომ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილეს წარმოადგენდა მოსარჩელე, შესაბამისად, იგი სათანადო მოსარჩელეა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ რამდენჯერმე დაადასტურა, რომ იგი სათანადო მოსარჩელეა, შესაბამისად, საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნდების წინაპირობა არ არსებობს.
20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მაისის განჩინებით კასატორი მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი მოპასუხე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. 2019 წლის 28 მაისის განჩინებით კი წარმოებაში მიღებულ იქნა მოპასუხის საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
22. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორს მოცემულ საკასაციო საჩივარში დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტები, ამდენად, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად უნდა ჩაითვალოს შემდეგი გარემოებანი:
23. შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს უფროსის სახელზე მოსარჩელის მიერ შედგენილი ახსნა-განმარტებით ირკვევა, რომ 2017 წლის 20 ოქტომბერს მოძრაობდა ავტომანქანით, დაახლოებით 23:15 საათზე საპირისპირო ზოლში მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას მოძვრა საბურავი და შეეჯახა მის სატრანსპორტო საშუალებას, რის გამოც მოსარჩელემ ვეღარ შეძლო საჭის დამორჩილება და მარცხენა გვერდულაზე შეეჯახა ქვაღორღს.
24. საქმეში წარმოდგენილი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემის მიხედვით ირკვევა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მოსარჩელე. მექანიკურად დაზიანდა ავტომანქანის წინა მოპირკეთება, ძრავის სახურავი, წინა ორივე ფრთა, წინა ბამპერი, სავალი ნაწილები.
25. ინდივიდულაური აუდიტორის 2017 წლის 25 ოქტომბრის აუდიტორული დასკვნით ირკვევა, რომ აუდიტორის მიერ დაზიანებული ავტომანქანის რემონტსა და აღდგენაზე გასაწევი ხარჯების ღირებულება განისაზღვრა 2460 ლარით. დასკვნის კვლევითი ნაწილით ირკვევა, რომ აუდიტორის მიერ შეფასდა 2017 წლის 20 ოქტომბრის მომხდარი ავტოსატრასპორტო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზიანის ოდენობა.
26. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ სადავო ავტომანქანის მესაკუთრეა არა მოსარჩელე, არამედ სხვა პირი.
27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
28. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლოს მხრიდან სარჩელის წარმატებულობის საკითხის კვლევისას, უპირველესად, პასუხი უნდა გაეცეს მთავარ კითხვებს: ვინ, ვისგან, რას და რის საფუძველზე მოითხოვს. პირველი ორი კითხვა იძლევა პასუხს სათანადო მხარეზე, რომლის შემოწმებაც (ისევე, როგორც შემდგომი საკითხები: მოთხოვნა და მისი სამართლებრივი საფუძველი) სასამართლოს პრეროგატივაა და ორიენტირებულია მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებაზე. აღნიშნული საკითხები ჯერ კიდევ საქმის მომზადების ეტაპზე უნდა დაისვას/გადაწყდეს, რათა სამართალწარმოების შემდგომი ეტაპი (სასამართლოს მთავარი სხდომა) სათანადო მხარეთა შორის შედავებული იმ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების სწორად დადგენას მიეძღვნას, რომლებიც მტკიცების საგანში შედიან და მიღწეულ იქნას მართლმსაჯულების მიზანი – კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილებით აღიკვეთოს მხარეთა სადავოდ ქცეული უფლების დარღვევა (სუსგ 10.05.2017წ. საქმე №ას-1085-1042-2016).
სსსკ-ი იცნობს სათანადო მოსარჩელის ინსტიტუტს და 84-ე მუხლის პირველი ნაწილის ძალით ადგენს, რომ სასამართლო, რომელიც საქმის განხილვის დროს დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის მიერ, რომელსაც მოთხოვნის უფლება აქვს, შეუძლია მოსარჩელის თანხმობით საქმის შეუწყვეტლად შეცვალოს თავდაპირველი მოსარჩელე სათანადო მოსარჩელით.
30. სათანადო მხარის დადგენის საკითხზე სასამართლო მსჯელობს საქმის არსებითად განხილვის დაწყებამდე, რადგან შემდგომ სათანადო მხარეებს მიეცეთ საჭირო საპროცესო მოქმედებების განხორციელების შესაძლებლობა.
31. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სარჩელი ეხება ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანის აღდგენის ხარჯის ანაზღაურებას.
32. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მსჯელობას (იხ. წინამდებარე განჩინების პ. 13), რომ მოსარჩელე არ წარმოადგენდა აღნიშნული სარჩელის აღძვრაზე უფლებამოსილ პირს.
33. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის განჩინებით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერად გაუქმდა და საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად, რა დროსაც სასამართლოს დაევალა სათანადო მოსარჩელის საკითხის გამოკვლევა და დადგენა.
34. საკასაციო პალატა აღნიშავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: (1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; (2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება, და (3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ №ას-1118-1145-2011, 10 იანვარი, 2012 წელი; №ას-1234-1175-2014, 23 თებერვალი, 2015.).
35. სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს სსსკ-ის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს [გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები], სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორეს მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ №ას-1234-1175-2014, 2015 წლის 23 თებერვალი).
36. ზემოაღნიშნული განპირობებულია სამართლიანი სასამართლოს უფლებით, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი უფლებაა და თავის თავში მოიცავს ადამიანის უფლებას მისი საქმე გონივრულ ვადაში, სწრაფად და ეფექტიანად განიხილოს სასამართლომ (Profitis and Others v. Greece, §93; Tierce v. San Marino, §31; Surmeli v. Germany [GC], §129; Capuano v. Italy, §§30-31; Versini v. France, §29), რაც წარმოშობს სახელმწიფოს ვალდებულებას ისე მოაწყოს თავისი სამართლებრივი სისტემა, რომ სასამართლოებმა უზრუნველყონ თითოეული პირის უფლება გონივრულ ვადაში მიაღწიოს საბოლოო გადაწყვეტილებას დავაზე, რომელიც მისი სამოქალაქო უფლებებისა და მოვალებების განხორციელებას ეხება (Scordino v. Italy (no.1) [GC] §183, Surmeli v. Germany [GC], § 129). თუმცა, ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს რა, რომ მართლმსაჯულება იყოს სწრაფი და ეფექტიანი, ხაზს უსვამს, რომ ამით არ უნდა დაზარალდეს მართლმსაჯულების სწორად (სათანადოდ) განხორციელების პრინციპი (Von Maltzan and Others v. Germany (dec.) [GC], §132), რომელიც სამართლიანი სასამართლოს უფლების უფრო ზოგადი პრინციპია (იხ. სუსგ №ას-1234-1175-2014, 2015 წლის 23 თებერვალი).
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა (იხ. სუსგ №ას-1118-1145-2011, 2012 წლის 10 იანვარი). აღნიშნულს მოითხოვს, აგრეთვე, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც მას თავად რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება (იხ. სუსგ №ას- 543-506-2017, 31 ივლისი, 2017; №ას-657-618-2012, 2012 წლის 10 დეკემბერი; №ას-1308-1234-2012, 2013 წლის 4 თებერვალი).
38. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
39. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
40. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
41. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
42. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
43. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ შალვა ედიშერაშვილს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 5/23/2019 წელს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. და შ. ე-ების საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ შ. ე-ს (პირადი №240010...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 5/23/2019 წელს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარის 70% – 105 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე