Facebook Twitter

საქმე №ას-686-2019 16 ივლისი, 2019 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

განმცხადებელი – შპს „A.“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „მ. წ.“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოპასუხე შპს „მ. წ.“ (შემდგომ – მოპასუხე) მეწარმე სუბიექტად რეგისტრირებულია 20... წლის 10 მარტიდან.

2. მოპასუხე კომპანიის 25-25% წილის მფლობელი პარტნიორია ა. ჯ-ია და დ. ბ-ე, ხოლო 50%-ის ი. წ-ია. საწარმოს დირექტორია-ლ. ნ-ია.

3. მოპასუხე კომპანიის საქმიანობის საგანს წარმოადგენს მინერალური (გაზიანი და უგაზო) წყლის ჩამოსხმა და რეალიზაცია.

4. შპს „A.“ (შემდგომ – განმცხადებელი, მოსარჩელე) 2008 წლის 8 ივლისს ჩამოყალიბდა შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიად და რეგისტრირებულია ინგლისისა და უელსის კომპანიების რეგისტრაციის ბიუროში.

5. მოსარჩელე კომპანიის დირექტორი და კომპანიის აქციონერია დ. ბ-ე.

6. 2010 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 30 ივნისამდე მოსარჩელე მოპასუხეს პერიოდულად ურიცხავდა სხვადასხვა ოდენობის თანხას, რამაც სულ 610 972 აშშ დოლარი შეადგინა.

7. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ 610 972 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების მოთხოვნით [საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ – სსკ-ის) 394-ე და 623-ე მუხლები].

8. სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეთა შორის დაიდო ზეპირი სესხის ხელშეკრულება, რომლითაც სესხის დაბრუნების ვადა მხარეთა მიერ განსაზღვრული არ ყოფილა. ამ ხელშეკრულების საფუძველზე 2010 წლის 7 ოქტომბრიდან 2013 წლის 30 იანვრამდე პერიოდში მოსარჩელემ მოპასუხეს სესხის სახით პერიოდულად გადაურიცხა სულ – 610972 აშშ დოლარი, რაც დასტურდება თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ამონაწერებით, სადაც ასევე, მითითებულია გადარიცხული თანხის დანიშნულება. მოსარჩელის წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხის მიერ თანხის დაბრუნების ვალდებულება შეუსრულებელია.

9. მოპასუხემ, როგორც სარჩელზე, ასევე დაზუსტებულ სარჩელზე წარადგინა მარტივი წერილობითი შესაგებელი, სადაც დააფიქსირა: „არ ვეთანხმები“, „არანაირი თანხა არ მიგვიღია სესხის სახით, ვინაიდან მხარეებს შორის არ არსებობს და არასოდეს არ არსებულა სასესხო ურთიერთობა“, „აღნიშნული თანხა დამფუძნებლის მიერ ნამდვილად იქნა შემოტანილი“. საქმის არსებითი განხილვისას სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა მოსარჩელისაგან მის საბანკო ანგარიშებზე სხვადასხვა დროს 610 972 აშშ დოლარის გადარიცხვის ფაქტი, თუმცა იმავდროულად აღნიშნა, რომ ეს თანხა არ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას, თანხა არც სესხის სახით არ ჩარიცხულა.

10. სენაკის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 610 972 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ.

11. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 27 თებერვლის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება მოპასუხემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

13. 2019 წლის 15 ივლისს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ – სსსკ) 198-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეს აეკრძალოს ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემდეგი ლიცენზიების გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა: ლიცენზია №1002... – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლ... მიმდებარედ, „ლ...“ მინერალური წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე, ლიცენზია მოქმედია 2036 წლის 6 აპრილამდე; ლიცენზია №1002859 – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მიმდებარედ, მტკნარი წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე, ლიცენზია მოქმედია 2035 წლის 16 მარტამდე; ლიცენზია №1004... – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მიმდებარედ, მტკნარი წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე. ლიცენზია მოქმედია 2035 წლის 16 მარტამდე; ლიცენზია №100... – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მიმდებარედ, „ლ.“ მინერალური წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე, ლიცენზია მოქმედია 2034 წლის 6 აპრილამდე.

14. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპისთვის სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფილია მოპასუხის კუთვნილი მხოლოდ ერთი უძრავი ნივთით – 7 499 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით.

15. მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 610 972 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს. სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული უძრავი ქონების ღირებულება არ არის საკმარისი გადაწყვეტილების სრულად აღსრულების უზრუნველსაყოფად. მეტიც, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის №5 დადგენილებით დამტკიცებული მოქმედი მარტვილის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო და მარტვილის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დანართის მე-3 პუნქტის მიხედვით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი შეადგენს 2,688 ლარს, რაც სულ 7 499 კვ.მ-ზე შეადგენს 20 157.312 ლარს. საბაზრო ღირებულების არსებითი ცვლილება ამ პერიოდის განმავლობაში არ მომხდარა, ისევე როგორც საგრძნობლად არ გაზრდილა მიწის ნორმატიული ღირებულება. ნებისმიერ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა დაახლოებით მილიონნახევარ ლარს შეადგენს. ამდენად, ცალსახაა, რომ უზრუნველყოფის საგანი არათუ ადეკვატური, არამედ 20-ჯერ ნაკლები ღირებულების მაინცაა სასარჩელო მოთხოვნაზე, რაც რეალურად ქმნის იმის საშიშროებას, რომ, მოსარჩელის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილება შეიძლება დარჩეს აღუსრულებელი. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მოპასუხე კომპანიის სახელზე სხვა უძრავი ქონება არ ირიცხება.

16. განმცხადებელმა აღნიშნა, რომ მოპასუხის კომპანიის ერთადერთ უძრავ ქონებას ადევს ორი ყადაღა, იგი ირიცხება მოვალეთა რეესტრში. ამდენად, მოცემულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის შემთხვევაში, არსებობს ობიექტური საფრთხე იმისა, რომ მოსარჩელის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად რეალურად სათანადო თანხა აღარ იარსებებს.

17. განმცხადებელმა მიუთითა, რომ მოთხოვნა ეხება მხოლოდ და მხოლოდ მოპასუხის მფლობელობაში არსებული ლიცენზიების გასხვისებისა და სანივთო უფლებით დატვირთვის აკრძალვას და არა მის დაყადაღებას, რაც არ გამოიწვევს მოპასუხე კომპანიის ბიზნესსაქმიანობის პარალიზებას ან რაიმე სახით მისი საქმიანობისთვის ხელშეშლას, მას კვლავ რჩება შესაძლებლობა, აღნიშნული ლიცენზიების საფუძველზე მოიპოვოს მტკნარი და მინერალური წყლები (სხვა, საკითხია რამდენად იყენებს იგი ამ შესაძლებლობას).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

18. საკასაციო სასამართლო განცხადების საფუძვლების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს და, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, შპს „მ. წ.“ უნდა აეკრძალოს მის მფლობელობაში არსებული №1002857, №1002859, №1004764, №1004771 ლიცენზიების გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა შემდეგ გარემოებათა გამო:

19. სსსკ-ის 399-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად კი, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

20. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებისათვის დადგენილი საქმის განხილვის წესებით, თუ აღნიშნული წესები საკასაციო პალატისათვის განსაზღვრულ სპეციალურ ნორმებს არ ეწინააღმდეგება.

21. სსსკ-ის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე. ამავე კოდექსის 271-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად.

22. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

23. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, გადაწყვეტილების უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

24. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

25. სარჩელისა თუ გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებას კანონმდებელი ასევე უკავშირებს სარჩელის სამართლებრივ პერსპექტიულობას და აფასებს, თუ რამდენად მოსალოდნელია სარჩელის დაკმაყოფილება, თუმცა აღნიშნული დავის სამართლებრივ ბედზე გავლენას ვერ მოახდენს.

26. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებასა და სამართლებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ფუნდამენტური წინაპირობაა. მართლმსაჯულების ეფექტურობა დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, სამართლიან და დროულ სამართალწარმოებაში პოვებს გამოხატულებას. (იხ. შ.შმიტი, ჰ.რიჰტერი, მოსამართლის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესი სამოქალაქო სამართალში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), 2013, 3.). როგორი სწრაფიც არ უნდა იყოს მართლმსაჯულება, როგორი სამართლიანი და კანონიერიც არ უნდა იყოს სასამართლო გადაწყვეტილება, მართლმსაჯულების მიზნები და ამოცანები განუხორციელებელი რჩება, თუ არ მოხდება გადაწყვეტილების აღსრულება.

27. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არაერთ გადაწყვეტილებაში ხაზს უსვამს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების მნიშვნელობას და განმარტავს, რომ „სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება“ (იხ. „აპოსტოლი საქართველოს წინააღმდეგ“, განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

28. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულებისათვის მოსალოდნელი დაბრკოლების თავიდან აცილება, მოპასუხისათვის თავისი ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვის თუ კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის სხვა საშუალებების გამოყენების გზით“ (იხ. თ.ლილუაშვილი, სამოქალაქო საპროცესო სამართალი (მეორე გამოცემა), თბ., 2005, 299.).

29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება თავის თავში გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან იმგვარი რეგულაციის შექმნის ვალდებულებას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლოს გადაწყვეტილების ეფექტურ აღსრულებას. საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით „საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსადმი მიმართვის უფლება... უნდა იყოს არა ილუზორული, არამედ ქმნიდეს პირის უფლებებში ჯეროვნად აღდგენის რეალურ შესაძლებლობას და წარმოადგენდეს უფლების დაცვის ეფექტურ საშუალებას.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 24 დეკემბრის N3/2/577 გადაწყვეტილება, II-30).

30. სსსკ-ის 2-ე მუხლის თანახმად, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან მოსარჩელის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხი დგება, როცა საჭიროა კანონის ეფექტურობის უზრუნველყოფა.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების, თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას, სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ, აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე, ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება. „მიუხედავად სამართლიანი სასამართლოს უფლების უდიდესი მნიშვნელობისა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას და შეიძლება შეიზღუდოს გარკვეული პირობებით, რაც გამართლებული იქნება დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური საჯარო ინტერესით“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №1/2/466.). „უფლების მზღუდავი საკანონმდებლო რეგულირება უნდა წარმოადგენდეს ღირებული საჯარო (ლეგიტიმური) მიზნის მიღწევის გამოსადეგ და აუცილებელ საშუალებას. ამავე დროს, უფლების შეზღუდვის ინტენსივობა მისაღწევი საჯარო მიზნის პროპორციული, მისი თანაზომიერი უნდა იყოს. დაუშვებელია, ლეგიტიმური მიზნის მიღწევა განხორციელდეს ადამიანის უფლების მომეტებული შეზღუდვის ხარჯზე.“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე: №3/1/512.).

32. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ, რამდენად შეუწყობს ხელს უზრუნველყოფის ღონისძიება მომავალი, მოსარჩელისათვის სავარაუდო გადაწყვეტილების დაცვას შესაძლო დაბრკოლებებისაგან აღსრულების ეტაპზე (შდრ. Beck’sche Kurz-Kommentare Band1, Zivilprozessordnung mit Gerichtsverfassungsgesetz und anderen Nebengesetzen. Begründet von Dr. Adolf Baumbach, Professor Dr. Wolfgang Lauterbach, Dr. Jan Albers, Dr. Dr. Peter Hartmann. Verlag C.H. Beck ,München 2003, 2375.).

33. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში. (შდრ. სუსგ 2014 წლის 6 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №ას-1135-1082-2013.) მაგრამ ამ უფლების რეალიზაციამდე შესრულებული უნდა იყოს საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. წარმოდგენილი სარჩელის შინაარსი მაღალი ალბათობით უნდა იძლეოდეს იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნას გააჩნია პერსპექტივა და მასში მითითებული ფაქტობრივი წინაპირობების განხორციელების [შესრულების] შემთხვევაში, სწორედ ის სამართლებრივი შედეგი დადგება, რისი ინტერესიც გააჩნია მოსარჩელეს, ანუ მოთხოვნა იურიდიულად უნდა ამართლებდეს სარჩელს (იხ. დამატებით ჰ.ბოელინგი, ლ. ჭანტურია; სამოქალაქო საქმეებზე სასამართლო გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2004, 37.).

34. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ კანონი ყოველთვის არ იძლევა იმის საშუალებას, მოსამართლემ შეძლოს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომლითაც დაცული იქნება ორივე მხარის, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის ინტერესები [თანაზომიერების პრინციპი], მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ იკვეთებოდეს. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით საკუთრების შეზღუდვის გამართლება უნდა მოხდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით - სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის საჯარო მიზნისა და საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული კერძო ინტერესების ურთიერთშეჯერების საფუძველზე (შდრ. სუსგ 2015 წლის 25 ნოემბრის განჩინება საქმეზე №ას-1165-1095-2015.).

35. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, თუმცა მხარეთა თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, დაცული უნდა იქნეს მოპასუხის ინტერესებიც. „სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი მოსარჩელის უფლებასა (უზრუნველყოს სასამართლო წესით სამომავლოდ დადასტურებული უფლების რეალიზაცია) და მოპასუხის ინტერესს (უზრუნველყოფის ღონისძიებამ გაუმართლებლად არ ხელყოს მისი, როგორ მოპასუხის უფლებები) შორის. უფლების დროებით შეზღუდვის დროს მნიშვნელოვანია გონივრული ბალანსის დაცვა დაცულ სიკეთესა და შეზღუდულ უფლებას შორის“ (შდრ. სუსგ 2015 წლის 6 თებერვლის განჩინება საქმეზე №ას-114-107-2015.).

36. სსსკ-ის 198-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები შეიძლება იყოს მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა.

37. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელმა მოითხოვა, გადაწყევტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოპასუხეს აეკრძალოს მის მფლობელობაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების კონკრეტული ლიცენზიების გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა.

38. საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მსჯელობას, რომ მოცემულ საქმეზე გადაწყევტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება გამართლებულია, რადგან სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა შეადგენს 610 972 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.

39. სასარჩელო მოთხოვნა უზრუნველყოფილია მოპასუხის კუთვნილი (20 157.312 ლარის საბაზრო ღირებულების მქონე) 7 499 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით. ამდენად, სამომავლოდ სასამართლოს მიერ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებას ექმნება საფრთხე. მით უფრო, რომ მოპასუხის კომპანიის ერთადერთ უძრავ ქონებას ადევს ორი ყადაღა, იგი ირიცხება მოვალეთა რეესტრში.

40. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის (მოწინააღმდეგე მხარე) განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს (კასატორი) აეკრძალოს მის მფლობელობაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემდეგი ლიცენზიების გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა: ლიცენზია №1002857 – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მიმდებარედ, „ლ.“ მინერალური წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე, ლიცენზია მოქმედია 2036 წლის 6 აპრილამდე; ლიცენზია №1002859 – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მიმდებარედ, მტკნარი წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე, ლიცენზია მოქმედია 2035 წლის 16 მარტამდე; ლიცენზია №1004764 – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მიმდებარედ, მტკნარი წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე. ლიცენზია მოქმედია 2035 წლის 16 მარტამდე; ლიცენზია №1004771 – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მიმდებარედ, „ლ.“ მინერალური წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე, ლიცენზია მოქმედია 2034 წლის 6 აპრილამდე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 271-ე, 191-ე, 198-ე, 199-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „A.-ს“ განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. შპს „მ. წ.“ აეკრძალოს მის მფლობელობაში არსებული სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების შემდეგი ლიცენზიების გასხვისება და სანივთო უფლებით დატვირთვა: ლიცენზია №1002857 – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მიმდებარედ, „ლ.“ მინერალური წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე, ლიცენზია მოქმედია 2036 წლის 6 აპრილამდე; ლიცენზია №1002859 – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მიმდებარედ, მტკნარი წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე, ლიცენზია მოქმედია 2035 წლის 16 მარტამდე; ლიცენზია №1004764 – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მიმდებარედ, მტკნარი წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე. ლიცენზია მოქმედია 2035 წლის 16 მარტამდე; ლიცენზია №1004771 – მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ... მიმდებარედ, „ლ.“ მინერალური წყლის (ჩამოსასხმელი) მოპოვებაზე, ლიცენზია მოქმედია 2034 წლის 6 აპრილამდე.

3. განემარტოს განმცხადებელს, რომ თუ სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგა იმის გამო, რომ მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც მოხდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე