საქმე №ას-1178-1098-2017 26 მარტი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ა-ის“ (შპს „ი-ს“ უფლებამონაცვლე) უფლებამონაცვლე შპს „E.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, ასევე, 2017 წლის 19 მაისის საოქმო განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. შპს „ი-მ“ (უფლებამონაცვლე შპს „ა-ი“, ხოლო, შემდგომ _ შპს „E.“. იხ. საქმის მასალები. შემდგომში ტექსტში წოდებული, როგორც მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამყიდველი, კრედიტორი ან კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (შემდგომში _ მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მოვალე, მყიდველი ან უნივერსიტეტი) მიმართ, 6 108,70 ლარისა და თანხის გადაუხდელობით გამოწვეული ზიანის _ მიუღებელი შემოსავლის სახით 316,30 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 7 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა საქონლის შესყიდვის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა მიეწოდებინა პაპაიას ნესვის ხის რძეწვენა. ნასყიდობის საგანი შემძენს გადაეცა 2014 წლის 9 ივნისს და ხელშეკრულების თანახმად, იგი ექვემდებარებოდა ექსპერტიზას. ნასყიდობის საგანი მოპასუხემ ექსპერტიზაზე 2014 წლის 12 ივნისს გააგზავნა. ექსპერტიზის 2014 წლის 17 ივნისის პასუხის თანახმად, მიწოდებული საქონელი არ შეესაბამებოდა სტანდარტს. ამ გარემოებიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მყიდველი საქონელს გაფილტრავდა საკუთარი ძალებით, რაზეც, 2014 წლის 7 ივლისს მხარეთა შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება. გაფილტრული საქონელი ხელმეორედ გაიგზავნა ექსპერტიზაზე 2014 წლის 15 ივლისს, თუმცა 2014 წლის 23 ივლისის საექსპერტო კვლევით კვლავ დადგინდა მისი შეუსაბამობა სტანდარტთან. 2014 წლის 29 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გამყიდველი აწარმოებდა წერილობით მოლაპარაკებას უნივერსიტეტის ფინანსურ დირექტორთან საქონლის მიწოდების დამატებითი ვადის განსაზღვრის თაობაზე და აცნობა ის ორი სავარაუდო კომპანია, რომლისგანაც აპირებდა ნივთის შეძენას, აღნიშნულის პასუხად, 2014 წლის 19 აგვისტოს შემძენმა აცნობა მოსარჩელეს, რომ თანახმა იყო, საქონელი მიეღო გონივრულ ვადაში. ნასყიდობის საგანი შემძენს 2014 წლის 9 სექტემბერს გადაეცა, ხოლო 10 სექტემბერს ექსპერტიზამ დაადასტურა მისი ვარგისიანობა. საბოლოო ანგარიშსწორებისას მყიდველმა მოსარჩელეს გადაუხადა 17 319,80 ლარი, მაშინ, როდესაც ხელშეკრულების ღირებულება 23 499 ლარს შეადგენდა. გადასახდელი თანხიდან მოპასუხემ დააკავა: პირგასამტეხლო _ 0,1% 96 დღის განმავლობაში (2014 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით _ 2 256 ლარი); დამატებითი შეთანხმებით შესასრულებელი ვალდებულებისათვის განკუთვნილი ფილტრების ღირებულება _ 868 ლარი; ადამიანური რესურსების ხარჯი _ 655,20 ლარი. სარჩელის თანახმად, მიწოდების ვადის დარღვევამ შეადგინა 3 დღე, კერძოდ, 2014 წლის 6 ივნისის ნაცვლად, შემძენს საგანი გადაეცა 9 ივნისს, შესაბამისად, პირგასამტეხლო გამყიდველს უნდა დაკისრებოდა 3 და არა 96 დღისათვის. შესყიდვის ვადის დარღვევა მოიაზრებს იმასაც, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრულ პერიოდში საერთოდ არ მიეწოდება საქონელი შემძენს, ამასთანავე, საქონლის ხარისხი ვერ დადგინდებოდა მანამ, ვიდრე ექსპერტიზა არ შეამოწმებდა მას. შემძენმა არასწორად გააიგივა მიწოდების ვადის დარღვევა უხარისხო შესრულებასთან. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მას კანონით გარანტირებული აქვს უფლებების დაცვა ნაკლის გამოსწორებისა და სხვა ინსტიტუტების გამოყენების გზით. ექსპერტიზის მიერ უხარისხო შესრულების დადგენის შემდგომ ნაცვლად პრეტენზიის წარდგენისა, მოპასუხემ გააფორმა დამატებითი შეთანხმება და ნებაყოფლობით გადაწია ნივთზე საკუთრების წარმოშობის ვადა, მას არც მეორე ექსპერტიზის შემდგომ, 2014 წლის 24 ივლისს განუცხადებია პრეტენზია. გამყიდველმა კეთილსინდისიერად შესთავაზა მყიდველს დამატებითი შესრულების ვადა, რომლის განსაზღვრაც თავად შემძენმა დააგვიანა. 2014 წლის 9 სექტემბერს მიწოდებული საქონლის ხარისხი 2014 წლის 10 ოქტომბერს დადასტურდა, მიუხედავად ამისა, მოპასუხემ 96 დღეზე იანგარიშა პირგასამტეხლო. სასამართლო პრაქტიკის თანახმად კი, ექსპერტიზისათვის განკუთვნილი ვადა ჯარიმის დარიცხვის ვადაში არ შედის. 2014 წლის 7 ივლისის დამატებითი შეთანხმება ითვალისწინებდა საქონლის ფილტრების ღირებულების, როგორც ზიანის ანაზღაურებას, მიუხედავად ამისა, მყიდველმა მოსარჩელეს დაუქვითა, როგორც ფილტრების ღირებულება, ასევე დააკისრა პირგასამტეხლო, საქონლის გაფილტვრაზე გაწეული ადამიანური რესურსების ხარჯი და სამხარაულის ექსპერტიზის საფასური, ამდენად, ფილტრების ღირებულების გარდა სხვა ხარჯის ანაზღაურება (პერსონალის შრომა, მეორე ქესპერტიზის ხარჯი) არ წარმოადგენს მოსარჩელის ვალდებულებას. გარდა ხსენებულისა, მოსარჩელე სს „თ-ის“ ცნობაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ შემძენის მიერ დაქვითული თანხის ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში, ის საპროცენტო სარგებლის სახით მიიღებდა 316,30 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ წარდგენილი პროდუქციის შეფუთვა დაზიანებული იყო, რის გამოც დაირღვა პროდუქციის შეფუთვის სტერილურობა, მოპასუხემ მის მიღებაზე ამ მიზეზით უარი განაცხადა, თუმცა, მოსარჩელემაც უარი განაცხადა ნივთის დაბრუნებაზე. მხარეთა შორის გაფორმდა აქტი, სადაც საუბარია შეფუთვის დაზიანებაზე და ხელმოწერილია ორივე მათგანის მიერ. მართალია, შემძენი შეეცადა ფილტრაციის გზით მიეყვანა საქონელი სტერილურობამდე, თუმცა, მას არ უკისრია შედეგზე პასუხისმგებლობა. მოპასუხემ უარყო ასევე სარჩელში მითითებული ფაქტი დამატებითი ვადის მოთხოვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოთხოვნილი თანხა _ 6 179,20 ლარი წარმოადგენს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს, ექსპერტიზის ბიუროსათვის ანაზღაურებულ საზღაურსა და ფილტრაციის დანახარჯებს, რაც სამართლიანად დაეკისრა გამყიდველს.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 24,45 ლარის გადახდა, ხოლო, 6 400,55 ლარის მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უარყოფილ იქნა.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი, ასევე, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის შესახებ ამავე სასამართლოს 31.05.2016წ. საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მყიდველს აპელანტის სასარგებლოდ დაკისრა 655,2 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, მოითხოვა მისი ნაწილობრივ, ასევე, მტკიცებულების საქმისათვის დართვის შესახებ 19.05.2017წ. საოქმო განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო განაცხადის მოცულობა და საკასაციო განხილვის ფარგლები (კასატორის პრეტენზიები):
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე (საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია, თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა), საკასაციო საჩივრის ფარგლებში სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მყიდველისათვის ნასყიდობის საზღაურის, ასევე, ამ თანხის აუნაზღაურებლობით გამოწვეული ზიანის _ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების წინაპირობების არსებობა, თავის მხრივ, უდავოა, რომ თანხა, რომლის ანაზღაურებასაც გამყიდველი მოპასუხისაგან მოითხოვს, მყიდველმა ვალდებულების დარღვევის (არაჯეროვანი შესრულების) ანგარიშში დაუქვითა. საკასაციო საჩივრის შესწავლით ირკვევა, რომ კასატორი პრეტენზიას აცხადებს ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების, ისე _ საპროცესო წესების დარღვევის თაობაზე, კერძოდ, საკასაციო საჩივრის თანახმად, ქვემდგომმა სასამართლოებმა არასწორად განმარტეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები, რადგანაც სარჩელის წინააღმდეგ შესაგებელი არ იყო უფლებამოსილი პირის მიერ შეტანილი, ხელმომწერს არ ჰქონდა უფლება, მოპასუხის სახელით შედავებოდა მოსარჩელეს, ხოლო უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი _ მინდობილობა წარდგენილ იქნა შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდგომ; სააპლაციო სასამართლომ, აპელანტის წინააღმდეგობის მიუხედავად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის დარღვევით, 2017 წლის 19 მაისის სხდომაზე საქმეს დაურთო ახალი მტკიცებულება _ უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი ნასყიდობის ხელშეკრულება; სასამართლომ არასწორად მიუსადაგა მხარეთა შეთანხმებას ნასყიდობის მომწესრიგებელი ნორმები. ნასყიდობის თავდაპირველი ხელშეკრულების თანახმად, საქონელი მყიდველს უნდა მიწოდებოდა 30 დღის ვადაში, რომლის ვარგისიანობაც უნდა დაედასტურებინა ექსპერტიზას და შემდგომ გაფორმებულიყო მიღება-ჩაბარების აქტი ან პრეტენზია წარედგინა მყიდველს მოსარჩელისათვის. 2014 წლის 7 ივლისის შეთანხმებით, ნაცვლად პრეტენზიის წარდგენისა, უნივერსიტეტმა იკისრა ნასყიდობის საგნის ფილტრაციის ვალდებულება და მან პრეტენზია მხოლოდ 2014 წლის 19 აგვისტოს განაცხადა, როდესაც გამყიდველს ნაკლის გამოსწორების გონივრული ვადა დაუწესა, შესაბამისად, ამოქმედდა ნასყიდობის ხელშეკრულების 6.5. პუნქტი, რაც გამორიცხავს გამყიდველისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას ნაკლის გამოსწორების ვადაში. თავად 2014 წლის 7 ივლისის შეთანხმება ითვალისწინებს მხოლოდ ფილტრების ღირებულების მოსარჩელის მიერ ანაზღაურებას. სააპელაციო სასამართლომ, მართალია, მოპასუხეს დააკისრა დაქვითული ხარჯიდან თანამშრომელთა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების ვალდებულება, თუმცა მეორე ექსპერტიზის ხარჯის _ 2 400 ლარისა და ფილტრების ხარჯის _ 868 ლარის (რომლის შიდა გადაზიდვის ზედნადები ვერ წარადგინა მოპასუხემ და ეს გარემოება ადასტურებს იმას, რომ ფილტრები გაფილტვრის მისამართზე არ იყო) ნაწილში გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული; არც ერთი ინსტანციის სასამართლოს, მიუხედავად გამყიდველის კეთილსინდისიერი ქმედებისა, არ შეუმცირებია პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც ვალდებულების დარღვევის ადეკვატური არ არის.
1.2. საკასაციო სასამართლოს შეფასებები და სამართლებრივი დასკვნები:
1.2.1. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას, ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან დაუსწრებელი გადაწყვეტილების მარეგულირებელი წესების არასწორი განმარტების თაობაზე და მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საპროცესო დარღვევას შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა. აღნიშნული გარემოება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია. ამ მხრივ საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილების საქმის შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ა) საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელეს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების ასლები 2015 წლის 23 ივნისს გადაეცა მოპასუხისათვის ჩაბარების მიზნით (სსსკ-ის 184-ე (I) (III) მუხლი);
ბ) სასამართლო მოხელის მიერ მომზადებულ გზავნილში შესაგებლის წარდგენისათვის მოპასუხეს განესაზღვრა 10-დღიანი საპროცესო ვადა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201.7 მუხლის თანახმად, ეცნობა ამ ვადის დაუცველობის შედეგების შესახებ (სსსკ-ის XXVI თავის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები);
გ) მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარდგენილი საფოსტო შეტყობინების თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, კორესპონდენცია ჩაბარდა უნივერსიტეტის კანცელარიას 2015 წლის 29 ივნისს;
დ) სასამართლოში 2015 წლის 9 ივლისს რეგისტრირებულია მოპასუხის პასუხი _ შესაგებელი, რომლითაც მხარე არ ეთანხმება სარჩელს. პასუხს ხელს აწერს ზ. ა-ე, თუმცა არ არის წარმოდგენილი ამ უკანასკნელის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2015 წლის 20 ივლისს სასამართლოში წარდგენილ განცხადებას ერთვის მოპასუხე უნივერსიტეტის რექტორის მიერ ზ. ა-ეზე 2015 წლის 16 ივლისს გაცემული მინდობილობა.
1.2.2. საკასაციო სასამართლო მოხმობილი გარემოებების პროცესუალურ ნორმებთან სუბსუმირების მიზნით ყურადღებას გაამახვილებს რამდენიმე პროცესუალურ საკითხზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს საერთო სასამართლოები სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ საქმის განხილვის საპროცესო წესები მოცემულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსში და სასამართლო ნებისმიერი პროცესუალურ-სამართლებრივი საკითხის შეფასებისას, თუ სხვა სპეციალური კანონით განსხვავებული რეგულაცია არ არის დადგენილი, ხელმძღვანელობს სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისი ნორმებით. ამავე კოდექსის XII თავი ადგენს სასამართლოში წარმომადგენლობის ინსტიტუტს და 93-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრავს, რომ იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს შეუძლიათ სასამართლოში საქმე აწარმოონ იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე არასამეწარმეო იურიდიული პირია, საქმეში არ მოიპოვება მისი დებულება ან წესდება, რომელიც საკასაციო სასამართლოს მისცემდა შესაძლებლობას, განესაზღვრა ზ.ა-ის უფლება მოპასუხის წარმომადგენლობაზე, უფრო მეტიც, ამგვარის არსებობის პირობებში, ის ვალდებული იყო, მინიმუმ შესაგებელზე დაერთო დოკუმენტი, რადგანაც ეს მოთხოვნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილით იმპერატიულადაა დადგენილი (პასუხს უნდა დაერთოს წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ პასუხი სასამართლოში შეაქვს წარმომადგენელს). პალატა ხაზგასმით აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ კანონი უფლებამოსილების დადასტურების სპეციალურ სახეს ადგენს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. მინდობილობას ორგანიზაციის სახელით გასცემს შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან სხვა უფლებამოსილი პირი.
1.2.3. საკასაციო პალატა კვლავ მიუბრუნდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1.1 მუხლის დებულებას და განმარტავს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საპროცესო წესები განსხვავებულია მატერიალური წესებისაგან, მართალია, საპროცესო კანონმდებლობა აკრძალვის თაობაზე პირდაპირ დათქმას არ შეიცავს, თუმცა წარმომადგენლობის მარეგულირებელი არც ერთი ნორმა არ ადგენს, მაგალითად მოწონებას (სკ-ის 101-ე , 103-ე და შემდგომი მუხლები). სასამართლოს ეს მოსაზრება ემყარება წარმომადგენლობის ინსტიტუტის საპროცესო მოწესრიგების სისტემურ ანალიზს: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 99-ე და მე-100 მუხლები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტა მას შემდეგაა ნამდვილი, რაც ნება სასამართლოს მიუვა დადგენილი ფორმით, ამასთან, უფლებამოსილების შეწყვეტამდე წარმომადგენლის მიერ განხორციელებული საპროცესო მოქმედებები ინარჩუნებენ ძალას. აღნიშნულის მსგავსად უნდა გადაწყდეს საკითხი, როდესაც სასამართლოს ეცნობება პირისათვის წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭება, რამდენადაც მარწმუნებელსა და რწმუნებულს შორის გაფორმებული დავალების ხელშეკრულებას (სკ-ის 709-ე მუხლი) საპროცესო ძალმოსილება სასამართლოში უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემდგომ ენიჭება.
1.2.4. ხსენებული განმარტებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დადგენილ ვადაში მოპასუხეს შესაგებელი არ წარუდგენია სასამართლოში, რადგანაც შესაგებელზე ხელმომწერ პირს საპროცესო წარმომადგენლობა მოპასუხემ 2015 წლის 16 ივლისს მიანიჭა და საპროცესო ძალა ამ დოკუმენტმა ამავე წლის 20 ივლისიდან მიიღო. ეს გარემოება კი, იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ სარჩელის საფუძვლიანობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლით დადგენილი წესით შემოწმდეს.
1.2.5. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლის თანახმად, შესაგებლის შეუტანლობის მოტივით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით უნდა იყოს ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე, კერძოდ, მას დადგენილი წესით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული სარჩელი და თანდართული მასალები და ამომწურავად უნდა ჰქონდეს განმარტებული 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ფარგლებში დანიშნული საპროცესო ვადის არასაპატიოდ დარღვევის ნეგატიური შედეგების თაობაზე; მოპასუხემ ბრალეულად უნდა დაარღვიოს შესაგებლის შეტანისათვის განსაზღვრული ვადა. ამ ფაქტობრივი წინაპირობების არსებობა განაპირობებს სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევის აუცილებლობას. ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა კი, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სარჩელი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის რეგულირების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდგომ, სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას შეესაბამება თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
1.2.6. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ ვადაში მოპასუხის მიერ შესაგებლის შეუტანლობის გამო, კანონის ძალით დადაგენილად მიიჩნევა სარჩელში მითითებული შემდგი იურიდიული მნიშველობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები (იხ. აღწერილობითი ნაწილი პ.პ. 1.2.):
ა) 2014 წლის 7 მაისს მხარეთა შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს ნასყიდობის საგანი სამი დღის დაგვიანებით _ 2014 წლის 9 ივნისს მიაწოდა. ხელშეკრულების თანახმად, საქონლის ვარგისიანობა უნდა დაედასტურებინა ექსპერტს და ამ მიზნით მყიდველმა ნივთი 2014 წლის 12 ივნისს გადაუგზავნა ექსპერტს;
ბ) ნივთის ნივთობრივი ნაკლი ექსპერტიზამ დაადგინა 2014 წლის 17 ივნისს, თუმცა, მყიდველს პრეტენზია არ განუცხადებია, არამედ, 2014 წლის 7 ივლისის დამატებითი შეთანხმებით იკისრა საქონლის ფილტრაციის ვალდებულება საკუთარი ძალით. მხარეთა შეთანხმებით, გამყიდველს უნდა აენაზღაურებინა მხოლოდ ფილტრების ღირებულება. სხვა ხარჯების ანაზღაურებაზე (ადამიანური რესურსი, ექსპერტიზის ხარჯი და სხვა) რაიმე შეთანხმება არ მიღწეულა. გაფილტრული საქონელი განმეორებით ექსპერტიზაზე გაიგზავნა 2014 წლის 15 ივლისს და პროდუქტის უხარისხობა ექსპერტმა მხოლოდ 2014 წლის 23 ივლისს დაადგინა;
გ) 2014 წლის 19 აგვისტოს მყიდველმა მოსარჩელეს განუსაზღვრა გონივრული ვადა უნაკლო ნივთის მისაწოდებლად. აღნიშნული ვალდებულება გამყიდველმა 2014 წლის 9 სექტემბერს შეასრულა, ხოლო 10 სექტემბერს ექსპერტიზამ დაადგინა საქონლის ვარგისიანობა _ მისი შესაბამისობა მოთხოვნილ სტანდარტთან;
დ) ნასყიდობის ხელშეკრულება უზრუნველყოფილ იქნა პირგასამტეხლოთი, კერძოდ, გამყიდველს ხელშეკრულების ღირებულების 0,1% დაეკისრებოდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, თუ ის არ შეასრულებდა საქონლის მიწოდების ვალდებულებას, ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ანაზღაურება მხარეებს არ გაუთვალისწინებიათ;
ე) ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 23 499 ლარს, საიდანაც მყიდველმა გამყიდველს მხოლოდ 17 319,80 ლარი აუნაზღაურა, ამასთან, დაუქვითა შემდეგი თანხა: პირგასამტეხლო (96 დღე), ხელშეკრულების ღირებულების 0,1% _ 2 256 ლარი; ფილტრების ხარჯი _ 868 ლარი; ადამიანური რესურსების ხარჯი _ 655,20 ლარი; გაფილტრული საქონლის ხელმეორე ექსპერტიზის ხარჯი _ 2 400 ლარი;
ვ) დაქვითული თანხის საბანკო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა სარგებელს _ 316,30 ლარს.
1.2.7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებს სამოქალაქო კოდექსის 477.2-ე, 411-ე და 417-ე მუხლები წარმოადგენს. ამ ნორმების ფარგლებში კი, უნდა განიმარტოს, რომ ნასყიდობა ორმხრივი, სინალაგმატური ვალდებულებაა, რომლის ფარგლებშიც მყიდველს ეკისრება ნივთის მიღებისა და მისი ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილად მიჩნეული გარემოებებიდან გამომდინარე, ირკვევა, რომ ნაკლიანი შესრულების მიღებისას მყიდველს არ უსარგებლია სამოქალაქო კოდექსის 491-ე-493-ე მუხლებით (ხელშეკრულების მოშლის უფლება, ფასის შემცირების მოთხოვნა, უარის უფლება საქნლის მიღებაზე), მას არც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წაუყენებია გამყიდველისათვის (სკ-ის 494-ე მუხლი), არამედ მხარეებმა გამოავლინეს ნება, გამოესწორებინათ ნაკლი და ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში დაადგინეს, რომ ნაკლის გამოსწორებაში გამყიდველის ვალდებულება, სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების ფარგლებში, პროდუქტის ფილტრაციისას, ფილტრების ღირებულებით შემოიფარგლებოდა, შესაბამისად, ფილტრების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი იურიდიულად არ არის გამართლებული და მას უარყოფს პალატა, რაც შეეხება გაფილტრული საქონლის განმეორებითი საექსპერტო კვლევისათვის გადახდილ 2 400 ლარს, ვინაიდან ამ თანხის ანაზღაურება ნაკლის გამოსწორების თაობაზე შეთანხმებით არ უკისრია მოსარჩელეს, ამასთანავე, პროდუქტი კვლავ აღმოჩნდა ნაკლის მქონე (სკ-ის 487-ე მუხლი) და ეს თანხა ვერც ფასის შემცირების და ვერც ზიანის ანგარიშში იქნება გაქვითული (შესაგებლის არარსებობის პირობებში ზიანზე ვერ იმსჯელებს სასამართლო), პალატა მიიჩნევს, რომ ეს თანხა უსაფუძვლოდ დაუქვითა კასატორს მყიდველმა ნასყიდობის ღირებულებიდან.
1.2.8. პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, აღნიშნული ინსტიტუტი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სახელშეკრულებო საშუალებას წარმოადგენს და პირგასამტეხლოს დაკისრებისას სწორად და ზედმიწევნით უნდა შემოწმდეს მხარეთა სახელშეკრულებო პირობა. მოცემულ შემთხვევაში, დადასტურებულია, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენდა ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე და ის უზრუნველყოფდა მხოლოდ საქონლის მიწოდების ვადის დარღვევას. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან ვალდებულების შესრულების ვადა 3 დღით გადააცილა, შესაბამისად, 3 დღის პირგასამტეხლო _ 70,50 ლარი მას ეკისრება მყიდველის სასარგებლოდ, რაც შეეხება არაჯეროვან შესრულებას, როგორც სარჩელშია გადმოცემული, იგი არ ყოფილა პირგასამტეხლოთი უზრუნველყოფილი. თავად სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის დისპოზიციიდან კი, გამომდინარეობს, რომ პირგასამტეხლო შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ვალდებულების შეუსრულებლობის, ისე _ არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, თუმცა, ამ ინსტიტუტის სახელშეკრულებო ბუნებიდან გამომდინარე, ნორმის აღწერილობითი ნაწილი დასპოზიციურია და უზრუნველყოფილი მოთხოვნის სახეობის არჩევას მხარეთა ნებას უკავშირებს. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პოზიციას, რომ ვალდებულების შესრულების მომენტის განსაზღვრისას, როდესაც შესრულების ხარისხი მესამე პირმა (მაგ: საექსპერტო დაწესებულებამ) უნდა დაადასტუროს, არ შეიძლება მხარეს ბრალად შეერაცხოს ის დრო, რომელიც შესრულებიდან (ნივთის უფლებამოსილი პირისათვის გადაცემიდან) შესაბამისი დასკვნის წარდგენამდე გავიდა. ამასთანავე, ვინაიდან არაჯეროვანი შესრულება არ ყოფილა უზრუნველყოფილი პირგასამტეხლოთი, არც ამ ნაწილში არსებობს ნასყიდობის საზღაურის დაქვითვის წინაპირობა.
1.2.9. რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს სარჩელში მითითებული ფაქტები, კერძოდ, შესაგებლის წარუდგენლობის გამო, დადგენილად მიიჩნევა მხოლოდ ის გარემოება, თუ რა ოდენობით მოგებას მიიღებდა მოსარჩელე თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებისას. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიზნებისათვის კი, სავალდებულოა, მოსარჩელე მიუთითებდეს, რომ თანხის დეპოზიტზე განთავსება მის ჩვეულებრივ საქმიანობას წარმოადგენს და ამავე კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ამგვარი ქმედების ნეგატიური შედეგები სავარაუდო უნდა ყოფილიყო მეორე მხარისათვის. ამ ფაქტების მითითების გარეშე მიუღებელი შემოსავლის მხოლოდ თანხის დაყოვნების მოტივით მოვალისათვის დაკისრება დაარღვევს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის პრინციპს.
1.2.10. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს კიდევ ერთ საკითხზე: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის თანახმად, პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ან მისი ნაწილი კანონიერ ძალაში შედის, თუ მათი ზემდგომი წესით გასაჩივრება დასაშვებია და საპროცესო ვადებში არ იქნება შედავებული უფლებამოსილი მხარის მიერ. ამ შემთხვევაში, ნიშანდობლივია, რომ პირველი ინტანციის სასამართლომ დაქვითული თანხიდან 24,45 ლარი დააკისრა მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ და გადაწყვეტილება ამ ნაწილში არ გასაჩივრებულა, ისევე, როგორც არ გასაჩივრებულა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც მყიდველს აპელანტის სასარგებლოდ დაეკისრა საქონლის ფილტრაციისას ადამიანურ რესურსებზე გაწეული ხარჯი. ამდენად, ისინი კანონიერ ძალაშია შესული და მათ საფუძვლიანობას არ იკვლევს საკასაციო პალატა, არამედ, ითვალისწინებს მხოლოდ დაკმაყოფილებული მოთხოვნის მოცულობაში.
1.2.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში (საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს აგრეთვე სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას, იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა) საკასაციო სასამართლომ ასევე შეაფასა სააპელაციო სასამართლოს ის საოქმო განჩინება, რომლითაც აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა მტკიცებულების საქმისათვის დართვის თაობაზე დაკმაყოფილდა, თუმცა წინამდებარე გადაწყვეტილების იურიდიული შედეგისა და მისი სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ ამ განჩინების გაუქმების მიმართ კასატორს აღარ გააჩნია იურიდიული ინტერესი და არ აკმაყოფილებს ამ მოთხოვნას.
1.3. ახალი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ-სამართლებრივი დასაბუთება:
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო წესების მნიშვნელოვანი დარღვევით, რის შედეგადაც არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პალატა ნაწილობრივ აუქმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და რადგანაც არ იკვეთება საქმის ქვემდგომი სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები), თავად იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე: საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაგებლის შეუტანლობის გამო, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 477.2 და 417-ე მუხლების თანახმად, კასატორის მოთხოვნა ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში გამართლებულია (ნივთის მიწოდების 3-დღიანი ვადაგადაცილების გათვალისწინებით), რაც შეეხება ფილტრების ღირებულებისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნას, ამ ნაწილში არსებობს ქვემდგომი სასამართლოების გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების წინაპირობა (სსსკ-ის 410-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი).
2. პროცესის ხარჯები:
განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის 86,1% დაკმაყოფილებულია, შესაბამისად, მოპასუხეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯიდან 642,3 ლარის გადახდა, რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ მოთხოვნებს, სახელმწიფო ბაჟი სამივე ინსტანციის სასამართლოში გადახდილია მოსარჩელის მიერ, შესაბამისად, არ არსებობს ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 55-ე, 404-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „E-ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:
2.1. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს (ს/კ #211328703) შპს „E-ის“ (ს/კ #4-.) სასარგებლოდ დაეკისროს 4 561,05 ლარის ანაზღაურება.
2.2. სსიპ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს (ს/კ #211328703) შპს „E-ის“ (ს/კ #4-...) სასარგებლოდ პროცესის ხარჯების ანგარიშში დაეკისროს 642,3 ლარის გადახდა.
2.3. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
3. კასატორის მოთხოვნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 19 მაისის განჩინების გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
პ. ქათამაძე