Facebook Twitter

საქმე №ას-477-477-2018 12 აპრილი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ხ-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით იურიდიული მომსახურების ხარჯის განსაზღვრა

დავის საგანი – სხეულის დაზიანების შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ი. მ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი, პირველი კასატორი ან კრედიტორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ხ-ისა და ა. ა-ის (შემდგომში _ პირველი და მეორე მოპასუხე, აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეები, ლ.ხ-ი ასევე წოდებული, როგორც მეორე კასატორი ან მოვალე) მიმართ და მოითხოვა სხეულის დაზიანების შედეგად გამოწვეული მატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად მოპასუხეებისათვის 3 181.79 ლარისა და მორალური ზიანის საკომპენსაციოდ - 2 000 ლარის დაკისრება.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 10 ივლისს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მ–ოში მოსარჩელეს საცხოვრებელ სახლში მიუცვივდნენ მოპასუხეები. პირველმა მოპასუხემ მოსარჩელეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო მეორემ _ მის ქალიშვილს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 დეკემბრის განაჩენით მოპასუხეები ცნობილ იქნენ დამნაშავეებად და თითოეულს მიესაჯა 1 000-1 000-ლარიანი ჯარიმა. მომხდარმა ინციდენტმა ძლიერ იმოქმედა მოსარჩელეზე, ნერვიულობის ნიადაგზე დაეწყო გულის შეტევები. 2015 წლის 4 აგვისტოს გახდა ცუდად და მოხვდა საგარეჯოს მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში, სადაც დაუდგინეს მწვავე ინფარქტი და ვინაიდან მდგომარეობა იყო სერიოზული, სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს შპს „კ-ში“, სადაც 5 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით იმყოფებოდა. დაზარალებულს ჩაუტარდა გამოკვლევა და შესაბამისი მკურნალობა, გაუკეთდა გულის სტენდირება, მიეცა დანიშნულება და გაეწერა ბინაზე. მკურნალობის ხარჯმა შეადგინა 3 181 ლარზე მეტი. მოპასუხეთა მხრიდან განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად მოსარჩელეს ასევე მიადგა მორალური ზიანი: სრულიად ჯანსაღ ადამიანს გაურთულდა ჯანმრთელობა, დაკარგა შრომისუნარიანობა და შეუმცირდა შრომითი შემოსავლები, მიიღო ფიზიკური და სულიერი ტრავმა.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მის წინააღმდეგ მარტივი შედავება წარადგინეს, შესაგებლის თანახმად, 2015 წლის 26 ოქტომბერს მოსარჩელე სისხლის სამართლის საქმეზე ცნობილ იქნა დაზარალებულად, მასვე განემარტა საკუთარი უფლება-მოვალეობები და იმავე დღეს დაიკითხა დაზარალებულის სტატუსით. მის ავადმყოფობასთან მოპასუხეთა ქმედებებს კავშირი არ ჰქონდათ. სარჩელი დელიქტიდან გამომდინარე მოთხოვნას ემყარება, ხოლო მას არ ერთვის სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების დამადასტურებელი მტკიცებულებები. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეზე მიღებულ საპროცესო დოკუმენტს, ბუნებრივია, იგი არ წარმოადგენს წინასწარ განსაზღვრული იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებას, რადგანაც, ეს უკანასკნელი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმის მასალებთან ერთად.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულმა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც პირველ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის _ 1 000 ლარის, ასევე, იურიდიული მომსახურეის ხარჯის _ 600 ლარის ანაზღაურება, დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით იურიდიული მომსახურების ხარჯის განსაზღვრა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, კასატორის პრეტენზიები და მიიჩნევს, რომ პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

1. პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. პალატა უპირველესად აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 25 იანვრის განჩინებით მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივ ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, ხოლო პროცესის ხარჯების განსაზღვრის ნაწილში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად _ დასაშვებად, შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების ფარგლებში, შეფასების საგანს წარმოადგენს პროცესის გარეშე ხარჯის, კერძოდ, იურიდიული მომსახურებისათვის მოგებული მხარის მიერ გაღებული თანხის მოპასუხისათვის დაკისრების მართლზომიერება.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა რა სარჩელი, ლ.ხ-ს ი.მ-ის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით დააკისრა 1 000 ლარის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით, სასამართლომ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა იურიდიული დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების თაობაზე და მისი ოდენობა 600 ლარით განსაზღვრა იმგვარად, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის გამოყენების მიუხედავად, დაეყრდნო მხოლოდ საქმეში წარმოდგენილ ხელშეკრულებასა და მის შესაბამისად გადარიცხულ თანხას. სააპელაციო სასამართლოს ხსენებულ დასკვნებს, ასევე, სასამართლოს მხრიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის გამოყენებას არ ეთანხმება კასატორი და მიიჩნევს, რომ საპროცესო წესებით დადგენილი იურიდიული დახმარების ცენზიდან გამომდინარე, მას მოგებული მხარის სასარგებლოდ, შეუსაბამოდ დიდი თანხის გადახდა დაეკისრა.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება, ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება, გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

1.4. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის შედავებას პროცესუალური ნორმების დარღვევის თაობაზე და აღნიშნავს, რომ მართალია, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლი, რომელიც დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის წესს ადგენს და რომლის წინაპირობები, მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არაა, თუმცა, ეს გარემოება არ წარმოადგენს კასატორის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს, არამედ, ქვემდგომმა სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის დებულება. ამ საკითხთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განმარტავს შემდეგს:

1.4.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოგებული მხარის სასარგებლოდ, წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი ასეთია _ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. უშუალოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება მოწესრიგებულია საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებით და დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით - 2 000 ლარამდე ოდენობით.

1.4.2. პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი იურიდიული მომსახურების ხელშეკრულებისა და მინდობილობის თანახმად (იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმათავისუფალია და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე _ ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო), მოსარჩელის ინეტერესებს „ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საქმეზე“ იცავდა ადვოკატი ე.გ-ა. იურიდიული მომსახურების საფასური განსაზღვრულია 600 ლარით. სხვა დამატებითი შეთანხმება კლიენტსა და ადვოკატს შორის საქმეში არ მოიპოვება, ამასთანავე, არც ეს ხელშეკრულება შეიცავს დათქმას მისი მოქმედების რომელიმე ინსტანციის სასამართლოთი შემოფარგვლის თაობაზე. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება და მის საფუძველზე გადახდილი თანხა მოიცავდა სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვას და დასტურდება ადვოკატის მომსახურებისათვის მოგებული მხარის მიერ გაღებული ხარჯის მოთხოვნის წინაპირობის არსებობა.

1.5. რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, პალატა მისი განსაზღვრის მიზნით ყურადღებას შემდეგ საკითხებზე გაამახვილებს:

1.5.1. განსახილველი დავის საგანი მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურებაა. ამ კატეგორიის დავის საგნის ღირებულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, განისაზღვრება მოთხოვნილი თანხის ოდენობით, ხოლო ადვოკატის ხარჯის განსაზღვრისას, ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სარჩელის მოგებული ნაწილის 4%-ით, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, 40 ლარია (1 000X4%=40).

1.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, აუქმებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას იურიდიული მომსახურების ხარჯების ლ.ხ-ისათვის დაკისრების ნაწილში და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, თავად იღებს გადაწყვეტილებას. ზემოთ განვითარებული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს, მოსარჩელის სასარგებლოდ, იურიდიული მომსახურების ხარჯის სახით უნდა დაეკისროს 40 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ლ. ხ-ის საკასაციო საჩივარი იურიდიული მომსახურების ხარჯების განსაზღვრის ნაწილში დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტის შეცვლით მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება:

2.1. ლ. ხ-ს (პ/#1-...) ი. მ-ის (პ/#1-...) სასარგებლოდ დაეკისროს 40 ლარის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

პ. ქათამაძე