საქმე #ა-2447-შ-66-2019 28 მაისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ა. ზ-ას შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი გ. ჯ-ის მიმართ, ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით ა. ზ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა, გ. ჯ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ არასრულწლოვანი შვილის, 2016 წლის 5 სექტემბერს დაბადებული ს. ჯ-ის რჩენის მიზნით დაეკისრა ალიმენტი ყოველთვიური შემოსავლის 25%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ ერთ სულ მოსახლეზე საარსებო მინიმუმის 50%-ისა. ალიმენტის გადახდის ვალდებულება მოპასუხეს წარმოეშვა 2018 წლის 18 ივლისიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა. ზ-ამ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწვლით ირკვევა, რომ:
ა) მოპასუხე საქართველოს მოქალაქეა;
ბ) საქმე განხილულ იქნა გ.ჯ-ის დაუსწრებლად;
გ) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა;
დ) ბელარუსის რესპუბლიკის კომპეტენტურმა სასამართლომ პროცესის თაობაზე მოპასუხის ინფორმირების მიზნით შუამდგომლობით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 სექტემბრის საოქმო განჩინებით დგინდება, რომ შუამდგომლობის ავტორს დავალება დოკუმენტების გადაცემის თაობაზე დაუბრუნდა შეუსრულებელი იმ მიზეზით, რომ ადრესატი ვერ იქნა მოძიებული სასამართლოსათვის ცნობილ მისამართზე.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ ბელარუსის რესპუბლიკის კომპეტენტური სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების მარეგულირებელ მატერიალური სამართლის ნორმებს განსაზღვრავს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი მხარდაჭერისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ კონვენციის (ე.წ მინსკის კონვენცია) ნორმები, რომლებიც სპეციალურ წინაპირობებს ადგენენ უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით სისრულეში მოყვანისათვის. კონვენციის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი იმპერატიულად ადგენს, რომ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების შესახებ შუამდგომლობას მათ შორის უნდა დაერთოს დოკუმენტი, რომლიდანაც გამომდინარეობს, რომ მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილი იყო გადაწყვეტილება და რომელსაც მონაწილეობა არ მიუღია პროცესში, სათანადო წესით და დროულად გამოძახებულ იქნა სასამართლოში. თავის მხრივ, კონვენციის მიზნებისათვის მისი მე-2 ნაწილი განსაზღვრავს ხელშემკვრელ მხარეთა ვალდებულებას, სხვა ქვეყნის მოქალაქეს შეტყობინება ჩააბარონ არა ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით, არამედ, ამავე კონვენციით განსაზღვრული წესების შესაბამისად (მაგ: მე-6 და მე-10 მუხლებით გათვალისწინებული დოკუმენტების გადაცემა სამოქალაქო საქმეებზე).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის (რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია გადაწყვეტილება) ინფორმირების ფაქტის დადასტურებას, ამავე კონვენციის მიზნებისათვის არა ფორმალური, არამედ, არსებითი მნიშვნელობა გააჩნია, ვინაიდან მისი 55-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით ეს გარემოება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს (52-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობისა და მისი იძულებითი აღსრულების ნებართვის გაცემაზე შეიძლება უარის თქმა იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მონაწილეობდა პროცესში იმის გამო, რომ მას ან მის რწმუნებულს დროულად ან ჯეროვნად არ გადაეცა სასამართლოში გამოცხადება).
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, შუამდგომლობას არ ერთვის უშუალოდ მოპასუხე გ. ჯ-ის ინფორმირების დამადასტურებელი დოკუმენტი და არც შუამდგომლობაშია აღნიშნული ამ მტკიცებულების საპატიო მიზეზით წარუდგენლობის თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, ანასტასია ზელენკას უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევას, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ზ-ას უარი ეთქვას გ. ჯ-ის მიმართ ბელარუსის რესპუბლიკის ქ.მინსკის ცენტრალური რაიონის სასამართლოს 2019 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე