Facebook Twitter

საქმე #ა-2916-შ-83-2019 24 ივნისი, 2019 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძემ

ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ. კ-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი შპს „ს. ს. ს.“ მიმართ, ლონდონის უმაღლესი სასამართლოს დედოფლის პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ და

გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:

ლონდონის უმაღლესი სასამართლოს დედოფლის პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ს. ს. ს.“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 340 019,78 ფუნტი სტერლინგისა და პროცესის ხარჯის _ 530 ფუნტი სტერლინგის გადახდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვ. კ-მა და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილია სახელმწიფო ნოტარიუსის მიერ აპოსტილით დამოწმებული მოსარჩელის ყოფილი ადვოკატის ჩვენება, რომლის შესწავლითაც ირკვევა, რომ სწორედ ჩვენების მიმცემმა შეიტანა სარჩელი ვ. კ-ის სახელით შპს „ს. ს. ს.“ წინააღმდეგ 1999 წელს. სარჩელსზე ხელმოწერა ეკუთვნის მას, მოსარჩელის სახელით ჩაიბარა მის სასარგებლოდ 1999 წლის ნოემბერში მიღებული გადაწყვეტილება. ადვოკატის განმარტებით, მის ჩევენებაზე დართული სასამართლოს გადაწყვეტილების ასლი შეესაბამება მის ხელთ არსებული დედანი დოკუმენტის ასლს, რომელსაც ძველი საქმის დაარქივებამდე და განადგურებამდე ფლობდა. მან ელ.ფოსტით მიიღო წერილი სამეფო სასამართლოდან, რომლითაც დასტურდება, რომ დედანი ხელმისაწვდომი არ არის გამოსაკვლევად შენახვის ვადის გასვლის გამო. სასამართლომ მას სატელეფონო შეტყობინებით დაუდასტურა გადაწყვეტილების არსებობა, მაგრამ განუმარტა, რომ იგი არ აღსრულებულა. საქმის მასალებს ერთვის ხსენებული გადაწყვეტილებისა და სარჩელის ასლები.

შუამდგომლობის ავტორი განმარტავს, რომ მოწინააღმდეგე მხარე პროცესის თაობაზე იყო ინფორმირებული, რადგანაც მის ინტერესებს გარკვეული პერიოდი იცავდა ადვოკტი, თუმცა, მოგვიანებით მოპასუხემ ვეღარ შეძლო ჰონორარის გადახდა და საკუთარი ინტერესების დაცვა. გარდა ამისა, შუამდგომლობის ავტორის მიმართ 18 წლის განავლობაში მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში და საბოლოოდ ის გამართლდა, რის გამოც ვერ შეძლო ამ დრომდე სამოქალაქო უფლებების დასაცავად საქართველოს უზენაესი სასამართლოსათვის მომართვა (ამ ფაქტის მტკიცების მიზნით წარმოდგენილია საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 1 ნოემბრის #245-აპ-18 განჩინების ასლი).

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.

საკასაციო პალატა შენიშნავს, რომ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხებს არეგულირებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 68-ე და 71-ე მუხლების თანაცმად, შუამდგომლობას თან უნდა დაერთოს:

ა) სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი;

ბ) ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ;

გ) ცნობა იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე.

წარმოდგენილ შუამდგომლობას არც ერთი ზემოხსენებული დოკუმენტი არ ერთვის, არამედ, მასში მხოლოდ სიტყვიერადაა განმარტებული საკანონმდებლო მოთხოვნებთან შუამდგომლობის შესაბამისობის ფაქტი. ამ მხრივ უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის, მოპასუხის დადგენილი წესით ინფორმირებისა და სხვა მსგავსი საპროცესო საკითხების თაობაზე, როგორც წესი, ცნობას გადაწყვეტილების მიმღები სასამართლო გასცემს და მას ვერ შეცვლის მოსარჩელის ყოფილი ადვოკატის მიერ ნოტარიუსის წინაშე ფიცის ქვეშ მიცემული ჩვენება, ისევე, როგორც ადვოკატის მიერ წარდგენილი გადაწყვეტილების ასლის ნამდვილობას არ ადასტურებს ნოტარიუსი, რომელმაც, როგორც დამოწმების ტექსტიდან ირკვევა, მხოლოდ ადვოკატის ხელმოწერა დაადასტურა აპოსტილით და არა დოკუმენტების ან მათი შინაარსის ნამდვილობა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, ვიაჩესლავ კოლოდიაჟნის უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ვ. კ-ის უარი ეთქვას შპს „ს. ს. ს.“ მიმართ ლონდონის უმაღლესი სასამართლოს დედოფლის პალატის 1999 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.

2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.

3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ.ალავიძე