საქმე #ა-2609-შ-70-2019 10 ივნისი, 2019 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ბესარიონ ალავიძემ
ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ. ბ-ის შუამდგომლობის წარმოებაში მიღების საკითხი უკრაინის, ლუგანსკის ოლქის, მარკოვსკის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ და
გ ა მ ო ვ ა რ კ ვ ი ე:
უკრაინის, ლუგანსკის ოლქის, მარკოვსკის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ვ. ი. ძე ბ-ი, დაბადებული 19... წელს, არის ე. ვ. ძე გ-იანის მამა, დაბადებულის 19... წლის 14 აპრილს. მოქალაქეობრივი მდგომარეობის აქტების ჩამწერ ორგანოებს დაევალათ, შეიტანონ ცვლილებები 19... წლის 25 აპრილის #108 სააქტო ჩანაწერში, რომელიც გაკეთებულია საქართველოს ქ.ოზურგეთში და გრაფაში „მამა“ მიუთითონ ვ. ი. ძე ბ-ი, ხოლო ბავშვს მიენიჭოს გვარი „ბ-ი“.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ვლ.ბ-იმ და მოითხოვა ზემოხსენებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსასრულებლად მიქცევა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ:
ა) გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ბ) იგი არ აღსრულებულა უკრაინის ტერიტორიაზე;
გ) გადაწყვეტილების თანახმად, ე. ვ. ძე გ-ი არ იყო წინააღმდეგი ვლ.ბ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა.
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ მხარის შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შესაბამისად, არ არსებობს მისი განსახილველად მიღების წინაპირობები შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. თავის მხრივ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საპროცესო საკითხები განიხილება სწორედ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელში (შუამდგომლობაში) უნდა აღინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს. მოსარჩელე ვალდებულია, სარჩელს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოსარჩელეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია სარჩელთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს სარჩელში. მოსარჩელე უფლებამოსილია, მტკიცებულებათა წარდგენისათვის მოითხოვოს გონივრული ვადა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. ბ-ი დაბადებულია 19... წელს, შესაბამისად, დღეისათვის ის სრულწლოვანია, რაც გაურკვეველს ხდის ვლ.ბ-ის მიერ შუამდგომლობის აღძვრას, კერძოდ, რისი მიღწევა სურს მხარეს. საქმის მსალებით არ დგინდება რაიმე იმგვარი გარემოება, რომელიც ვლ.ბ-ის ე.ბ-ის კანონიერ წარმომადგენლად მიჩნევას განაპირობებდა, ხოლო, შუამდგომლობას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, არ ერთვის ვლ.ბელოკობილსკის უფლებამოსილების დამადასტურებელი მტკიცებულება. გარდა ამისა, შუამდგომლობაში არ არის მითითებული მოწინააღმდეგე მხარის _ ე. ბ-ის/გ-ის მისამართი და სხვა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკონტაქტო მონაცენები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოსამართლე სარჩელის ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში არ მიიღებს სარჩელს (შუამდგომლობას), თუ იგი შეტანილია ამ კოდექსის 178-ე მუხლში (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა და მე-3 ნაწილისა, თუ მოსარჩელეს მითითებული აქვს მტკიცებულებათა წარუდგენლობის საპატიო მიზეზი) მითითებული პირობების დარღვევით. ამავე კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-2 ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლე გამოიტანს დასაბუთებულ განჩინებას. განჩინებაში უნდა მიეთითოს აგრეთვე, თუ როგორ უნდა იქნეს აცილებული საქმის აღძვრის დამაბრკოლებელი გარემოებანი. სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის განჩინება ჩაბარდება მოსარჩელეს, რომელსაც იმავდროულად უბრუნდება მის მიერ შეტანილი დოკუმენტები.
ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა არ აკმაყოფილებს რა კანონის ფორმალურ მოთხოვნებს, ვ. ბ-ის უარი უნდა ეთქვას მის განსახილველად მიღებაზე. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 186-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, თუკი მხარე გამოასწორებს ზემოთ მითითებულ დარღვევებს, მას უფლება აქვს საერთო წესით კვლავ მომართოს სასამართლოს ამავე შუამდგომლობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5, 70.3 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცეოს კოდექსის 186-ე, 187-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ. ბ-ის უარი ეთქვას უკრაინის, ლუგანსკის ოლქის, მარკოვსკის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიატორიაზე ცნობისა და აღსასრულებლად მიქცევის შესახებ შუამდგომლობის განსახილველად მიღებაზე.
2. შუამდგომლობის ავტორს დაუბრუნდეს მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები.
3. განემარტოს მხარეს, რომ განჩინებაში მითითებული დარღვევის აღმოფხვრის შემთხვევაში ის არ კარგავს უფლებას, ამავე შუამდგომლობით კვლავ მომართოს სასამართლოს.
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ბ.ალავიძე