გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-269-89-კს-03 28 ნოემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: საქმის წარმოების განახლება.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 27 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიამ და მოითხოვა ს.ს. “ს. ე.” და შპს “ა. Q.” შორის სატელეფონო და სააბონენტო ტარიფის გაზრდის თაობაზე 2003წ. 15 იანვარს დადებული ხელშეკრულების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ს.ს. “ე.” და შპს “ა. ქ.” შორის ურთიერთმომსახურების საკითხის შესწავლის შედეგად შედგენილი იქნა 2002წ. 25 ივნისის აქტი, რომლის მიხედვითაც შპს “ა. ქ.” ხაზის მომსახურების ტარიფი განსაზღვრული იქნა 3,30 ლარით. შპს “ა. ქ.” საჩივრის საფუძველზე შემუშავებული იქნა აქტის დანართი, რამაც გამოიწვია შპს “ა. ქ.” სახაზო წყვილებით მომსახურების 4-ჯერ გაძვირება და საკანალიზაციო ჭაში ჩადებული კაბელის მომსახურების გადასახადი გაიზარდა 2-ჯერ. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მონაწილეობით 2003წ. 15 იანვარს, შპს “ა. ქ.” და სს “ე.” შორის გაზრდილი მომსახურების ხარჯების გათვალისწინებით გაფორმებულმა ხელშეკრულებამ გამოიწვია შპს “ა. ქ.” სააბონენტო გადასახადის გაძვირება 2 ლარამდე.
მოსარჩელემ 2003წ. 1 აპრილს დამატებითი სარჩელით მიმართა სასამართლოს და დამატებით ითხოვა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002წ. 20 სექტემბრის ¹362/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 4 აპრილის განჩინებით დაზუსტებული სარჩელი წარმოებაში იქნა მიღებული.
მოპასუხეებმა, შპს “ა. ქ.”, სს “ს. ე.” და კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ წარდგენილ შესაგებლებში სარჩელი არ სცნეს და ითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 8 ივლისის განჩინებით საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის მოთხოვნა შპს “ა. ქ.” და ს.ს. “ს. ე.” მიმართ ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე და იგი განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.
სასამართლო კოლეგიამ სარჩელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002წ. 20 სექტემბრის ¹362/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე 2003წ. 1 აგვისტოს განჩინებით განუხილველად დატოვა იმ საფუძვლით, რომ 2002წ. 1 აგვისტოს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ მხარეები, ხოლო სსკ-ს 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტის მიხედვით კი სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრის Aშეტანის გზით გაასაჩივრა საქართველოს ლეიბორისტულმა (შრომის) პარტიის წარმომადგენელმა გ. მ-ამ და ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება იმ საფუძვლით, რომ მათთვის უცნობი იყო 2003წ. 1 აგვისტოს პროცესის დანიშვნის შესახებ და არ ჩაბარებიათ სასამართლო უწყება სსკ-ს 70-71-ე მუხლების შესაბამისად.
სასამართლო კოლეგიამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება, 2003წ. 4 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია იგი დაუსაბუთებლად და საქმის მასალებთან ერთად გადმოაგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ საქმეში არსებული სასამართლო უწყების ჩაბარების ხელწერილიდან დადგენილია მოსარჩელისთვის 2003წ. 1 აგვისტოს სხდომის შესახებ შეტყობინების თაობაზე და უწყება ჩაბარებული აქვს იურიდიული დეპარტამენტის იურისტს ქ. უ-ს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლიანობა, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა და თვლის, რომ საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 1 აგვისტოსა და 2003წ. 4 სექტემბრის განჩინებები და საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სარჩელზე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002წ. 20 სექტემბრის ¹362/16 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე განახლდეს საქმის წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო კოლეგიის მოსაზრებას, რომ მოსარჩელეს, საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიას 2003წ. 1 აგვისტოს სხდომის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავად სასამართლო კოლეგია 2003წ. 4 სექტემბრის განჩინებაში უთითებს, რომ უწყება ჩაიბარა მოპასუხის იურიდიული დეპარტამენტის იურისტმა ქ. უ-მა, მაშინ, როდესაც უწყება გამოწერილია საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სახელზე.. საქმეში წარმოდგენილი რწმუნებებით მოსარჩელის წარმომადგენლობა მინიჭებული აქვთ ფ. ი-ას და გ. მ-ას. სასამართლო სხდომის ოქმებიდან ირკვევა, რომ პროცესზე მოსარჩელეს წარმოადგენდა გ. მ-ა. საქმეში არ მოეპოვება სხვა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ქ. უ-ს, რომელიც 4 სექტემბრის განჩინებაში მოპასუხის იურიდიული დეპარტამენტის იურისტადაა მოხსენიებული, მოსარჩელის მხრიდან რაიმე წარმომადგენლობითი უფლება ჰქონდა მინიჭებული. ამდენად, გაუგებარია, თუ რას ემყარება სასამართლო კოლეგიის დასკვნა, რომლის თანახმადაც ქ. უ-ზე უწყების ჩაბარება მოსარჩელესათვის გადასაცემად მიჩნეულია მოსარჩელეზე უწყების სსკ-ს 70-78-ე მუხლების შესაბამისად ჩაბარებად. სამოქალქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეებს და მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებინათ სასამართლო სხდომის დრო და ადგილი, ხოლო 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად – მოქალაქეს უწყება უნდა ჩაჰბარდეს პირადად, უწყების მეორე ეგზემპლარზე მისი ხელმოწერით, ხოლო ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს სათანადო თანამდებობის პირს, რომელიც ასევე ხელს აწერს უწყების მეორე ეგზემპლარზე.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის კერძო საჩივარი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის წარმომადგენლის გ. მამფორიას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. აგვისტოსა და 20003წ. 4 სექტემბრის განჩინებები;
3. ¹3ა/217 საქმეზე საქართველოს ლეიბორისტული (შრომის) პარტიის სარჩელის გამო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2002წ. 20 სექტემბრის ¹362/16 გადაწყვეტების ბათილად ცნობის შესახებ განახლდეს საქმის წარმოება;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.