№ ას-469-437-2017 30 აპრილი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ც. ს-ე, კ. ა-ე (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. ს-ე (მოსარჩელე)
მესამე პირი - ი. ს-ე
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქ. ქუთაისში, ... ქ. №25-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი 284.0 კვ.მ, საკადასტრო კოდი №03.03...) და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი - შენობა №1 მ. ს-ისა (შემდგომში „მოსარჩელე“) და მისი შვილის, ი. ს-ის (შემდგომში „მესამე პირი“) საკუთრებაა, საიდანაც ფართი №1 - 136.15 კვ.მ ეკუთვნის მოსარჩელეს, ხოლო ფართი №2 - 110.42 კვ.მ - მესამე პირს.
2. ქ. ქუთაისში, ... ქ. №23-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი 676 კვ.მ) და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლის ერთი გამოყოფილი ნაწილი წარმოადგენს ც. ს-ისა და კ. ა-ის საკუთრებას (შემდგომში „მოპასუხეები“, „კასატორები“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორები“).
3. მხარეები არიან მეზობლები, მათ შორის გავლებულია სასაზღვრო მიჯნა - ღობე ერთი ნაკვეთიდან მეორეში გასასვლელი ჭიშკრით, რომელიც ჩაკეტილია ჯაჭვით.
4. ინდ. მეწარმე გელა მეტრეველის მიერ 2015 წლის 23 ივლისს მოსარჩელისათვის გაგზავნილ მიმართვაში (რომელსაც ერთვის სადავო მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი) მითითებულია, რომ მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი (284 კვ.მ ფართი) განსხვავდება ფაქტობრივი მდგომარეობისაგან, როგორც ფართობით, ისე ნაკვეთის საზღვრებით, კერძოდ: მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ფართობი 9.55 კვ.მ-ით მეტია ფაქტობრივ საზღვრებში არსებულ მიწის ნაკვეთზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთის სხვაობა - 9.55 კვ.მ ფაქტობრივად მოქცეულია ამ მიწის ნაკვეთის დასავლეთით არსებულ მიწის ნაკვეთის ფარგლებში (საკ. კოდით 03.03...).
5. შპს „ა. - ე.-...“-ის მიერ 2015 წლის 24 ივლისს გაცემული №48 დასკვნის შესაბამისად, თანამესაკუთრეები - მოსარჩელე და მესამე პირი ფაქტობრივად არ ფლობენ მათ საკუთრებაში არსებულ 284 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს, დანაკლისი შეადგენს 9.55 კვ.მ-ს და იგი მოპასუხეების სარგებლობაშია. მეზობელ მიწის ნაკვეთებს შორის არსებული სამეზობლო მიჯნა (ღობე) და ჯაჭვით ჩაკეტილი რკინის კარები არ არის მოწყობილი საკადასტრო გეგმის შესაბამისად. ახალი მიჯნის მოსაწყობად საჭიროა რკინის კარის აღება და დასავლეთის მხარეს გზის გამოთავისუფლება მესამე პირის სარდაფში და ეზოს მხრიდან მოსარჩელის კარებში შესასვლელად.
6. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2016 წლის 18 თებერვლის #000878416 დასკვნის თანახმად, ქ. ქუთაისში, ... ქ. №25-ში მდებარე მიწის ნაკვეთის (ს.კ 03.03....) ფაქტობრივი საზღვრები (შემორაგვა) და ფართობი არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს. რეგისტრირებული ფართი (284 კვ.მ) მეტია ფაქტობრივ საზღვრებში არსებულ ამავე მიწის ნაკვეთის ფართობზე (266,73კვ.მ) 17.27 კვ.მ-ით.
7. მოსარჩელემ მოპასუხეთა მიმართ აღძრა სარჩელი და მოითხოვა თანასაკუთრებაში არსებული 284 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 17.27 კვ.მ-ზე ხელშეშლის აღკვეთა, ფაქტობრივი მფლობელობიდან მოპასუხეთა მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება, ასევე მოპასუხეებისათვის მოსარჩელეთა მხრიდან გამავალი, ჯაჭვით ჩაკეტილი კარის გაღებისა და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ელექტრონული საზღვრისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 18 თებერვლის #000878416 დასკვნის შესაბამისად, მყარი სასაზღვრო მიჯნის (სამეზობლო ღობის) მოწყობაში მონაწილეობის დავალება.
8. სარჩელის თანახმად, მოპასუხეებმა უკანონოდ მიითვისეს მოსარჩელის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ნაწილი და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ათავისუფლებენ მას, რაც მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.
9. მოპასუხეებმა წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ სადავო ტერიტორია მათი საკუთრებაა და იგი არასოდეს ეკუთვნოდა მოსარჩელეს. მოპასუხეებმა მიუთითეს სარჩელის ხანდაზმულობაზეც.
10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს აეკრძალათ მოსარჩელისა და მესამე პირის თანასაკუთრებაში რიცხული ქ. ქუთაისში, ... ქ. №25-ში მდებარე 284 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე - 17.27 კვ.მ მიწის ნაკვეთზე (მისასვლელ გზაზე) საკუთრების ხელშეშლა, დაევალათ აღნიშნული მიწის ნაკვეთის გამოთავისუფლება, ასევე მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის (სამეზობლო ღობის) მოწყობაში საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ელექტრონული საზღვრისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 18 თებერვლის #000878416 დასკვნის შესაბამისად; სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეთა მხრიდან გამავალი, ჯაჭვით ჩაკეტილი ჭიშკრის გაღების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 9 თებერვლის განაჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და გაიზიარა საქალაქო სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფართობი - 284 კვ.მ არ შეესაბამება მათ მიერ ფაქტობრივად დაკავებული მიწის ნაკვეთის ფართობს (266.73 კვ.მ-ს). რეგისტრირებული ფართობი მეტია 17.27 კვ.მ-ით. ამასთან, მოპასუხეთა სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები (შემორაგვა) არ შეესაბამება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს და სადავო 17.27 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოქცეულია მათ მფლობელობაში. ამ ნაკვეთთან მისვლა მოსარჩელეს და მესამე პირს არ შეუძლიათ, რადგან გავლებულია სასაზღვრო მიჯნა და მასში მოწყობილი ჭიშკარი ჩაკეტილია ჯაჭვით.
14. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 181-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ სადავო ნაკვეთის მესაკუთრეებს ხელი ეშლებოდათ თავიანთი საკუთრებით სარგებლობაში, რის გამოც მართებულად დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა, შესაბამისად, არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი.
15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16. კასატორების განცხადებით, სასამართლომ გვერდი აუარა და არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მოპასუხეები საუკუნეზე მეტია სადავო მიწის ნაკვეთს ფაქტობრივად ფლობენ და ამ ნაკვეთზე მდებარეობს მათი საცხოვრებელი სახლი. ამიტომ სასამართლოს უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით, რომლის მიხედვით, ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები. საკასაციო საჩივრის ავტორთა განცხადებით, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთზე განთავსებულია მათი სახლი, არ არსებობდა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 18 მაისის განჩინებით მოპასუხეთა საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
20. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
21. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნის (უკანონო ხელშეშლის აღკვეთა და მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვა) სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172.2 (თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია, ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია, მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით) მუხლი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე საკუთრების ხელყოფის ან სხვაგვარი ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს, რომელიც, მესაკუთრის დაცვის მიზნით, მიმართულია უფლების დამრღვევი პირის წინააღმდეგ. სასამართლო ამ ტიპის სარჩელის განხილვისას ადგენს არა რაიმე ახალ უფლებას (აწესებს, ცვლის, წყვეტს და სხვა), არამედ მოდავე სუბიექტთა უფლებრივი მდგომარეობის შეუცვლელად ახდენს სამოქალაქო უფლების სწორი რეალიზაციის წესის განსაზღვრას. აღნიშნული ტიპის სარჩელი დაკმაყოფილდება ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ნივთის მესაკუთრე, რომლის საკუთრების ხელყოფა ან საკუთრების გამოყენებაში სხვაგვარი ხელშეშლა ხორციელდება სხვა პირის უკანონო მოქმედებით (იხ. სუსგ საქმე №ას-1041-998-2016, 12 თებერვალი, 2016 წელი; საქმე №ას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი).
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად დაადგინა ამ ნორმით განსაზღვრული ყველა წანამძღვრის არსებობის ფაქტი, რის გამოც მართებულად დატოვა უცვლელად საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ხელშეშლის აღკვეთისა და მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვის თაობაზე.
23. სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან მოპასუხეები საუკუნეზე მეტია ფაქტობრივად ფლობენ სადავო ტერიტორიას, მათზე უნდა გავრცელებულიყო სამოქალაქო კოდექსის 1513-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნა, რაც გამორიცხავდა წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილებას.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ კასატორების მიერ მითითებული ნორმა ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მოპოვების წესსა და პირობებს ეხება (სსკ 1513-ე მუხლი - საკუთრება საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზე: „ფიზიკურ პირთა კანონიერ სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც ინდივიდუალური სახლებია განლაგებული, სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებიდან ითვლება ამ პირთა საკუთრებად და მათზე ვრცელდება სამოქალაქო კოდექსით უძრავი ნივთებისათვის გათვალისწინებული წესები“), რაც განსახილველი დავის ფარგლებში არ შეიძლება შეფასდეს, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვების საფუძველი. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ ქ. ქუთაისში, ... ქ. №25-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი 284.0 კვ.მ, საკადასტრო კოდი №03.03....) და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი მოსარჩელისა და მისი შვილის საკუთრებაშია, ხოლო ამავე ქუჩაზე №23-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (დაზუსტებული ფართობი 676 კვ.მ) და მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლი თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით მოპასუხეებს. მხარეთა საკუთრების უფლება რეგისტრირებულია საჯარო რეესტრის მონაცემებში.
25. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. მითითებული ნორმის შესაბამისად, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ნამდვილობას განსაზღვრავს მისი რეესტრში რეგისტრაცია და, შესაბამისად, რეესტრში რეგისტრირებული უფლების სოციალური არსი მხოლოდ ფაქტობრივ მფლობელობაზე დაყრდნობით არ შეიძლება შეიცვალოს (იხ. სუსგ №ას-59-58-2014, 29 ივნისი, 2015 წელი).
26. იმ პირობებში, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთის საზღვრები არ შეესაბამება ამავე მიწის ნაკვეთის საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს, სადავო 17.27 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოქცეულია მოპასუხეთა მფლობელობაში და მოპასუხეები ვერ ადასტურებენ ამ ნაკვეთზე მათი საკუთრების უფლების არსებობის ფაქტს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მართებულად არ იქნა გაზიარებული მათი მოთხოვნა სარჩელის უარყოფის თაობაზე, კასატორები ვერც საკასაციო საჩივარში მიუთითებენ რაიმე მტკიცებულებაზე, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
28. ამრიგად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მართებულად შეფასდა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მიენიჭა მათ. ამასთან, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (ნეგატორული სარჩელის საფუძვლიანობის საკითხზე არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა - იხ. სუსგ საქმე №ას-1041-998-2016, 12 თებერვალი, 2016 წელი; საქმე №ას-843-809-2016, 26 ოქტომბერი, 2016 წელი), რის გამოც საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ც. ს-ისა და კ. ა-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორებს ც. ს-ესა (პ/ნ: 6000...) და კ. ა-ეს (პ/ნ: 6000110..) დაუბრუნდეთ კ. ა-ის მიერ 2017 წლის 5 მაისს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე