Facebook Twitter

№ ას-280-265-2017 30 აპრილი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი/მ „გ. ა.“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს დარიცხვის უკანონოდ ცნობა, თანხის გადახდისაგან გათავისუფლება, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2014 წლის 11 სექტემბერს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა (შემდგომში „შემსყიდველი“, „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) და გ. ა-ეს (შემდგომში „მიმწოდებელი“, „მოსარჩელე“) შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ, რომლის საფუძველზე მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ... აეშენებინა საჯარო სკოლის შენობა;

2. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 955 000 ლარს;

3. მიმწოდებელს მშენებლობა უნდა ეწარმოებინა ორ ეტაპად - მშენებლობის პირველი ეტაპი უნდა დაესრულებინა 2014 წლის 1 დეკემბრამდე, ხოლო მეორე ეტაპი - 2015 წლის 1 სექტემბრამდე;

4. ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

5. 2014 წლის 1 დეკემბრამდე მიმწოდებელს უნდა შეესრულებინა 390 000 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო მეორე ეტაპზე, ე.ი. 2014 წლის 1 დეკემბრიდან 2015 წლის 1 სექტემბრამდე - 655 886 ლარის ღირებულების სამუშაო.

6. პირველი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების 2014 წლის 1 დეკემბრამდე დაუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ერიცხებოდა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაუსრულებელი სამუშოების ღირებულების 0,05%-ის ოდენობით.

7. 2015 წლის 1 სექტემბრამდე სამუშოების დაუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ერიცხებოდა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაუსრულებელი სამუშოების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით;

8. ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის გამო შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა ჯარიმა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10%.

9. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო სადაზღვევო კომპანია „ა. ჯ.“ მიერ 2014 წლის 9 სექტემბერს გაცემული №FRI/14-054... საბანკო გარანტიით.

10. მიმწოდებელმა პირველი ეტაპის სამუშაოები ნაცვლად 2014 წლის 1 დეკემბრისა, დაასრულა 2014 წლის 14 ივლისს, ხოლო მეორე ეტაპის სამუშაოები ვერ დაასრულა, რის გამოც 2015 წლის 21 დეკემბერს შემსყიდველმა მოშალა მასთან ხელშეკრულება. ხელშეკრულების მოშლის მომენტისათვის არ იყო მოწყობილი სპორტული დარბაზის სახურავი და შენობა მთლიანად იყო მოსაპირკეთებელი.

11. 2015 წლის 1 სექტემბრისათვის მიმწოდებელს შეუსრულებელი ჰქონდა 398 973,43 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო ხელშეკრულების მოშლის მომენტისათვის - 302 863,28 ლარის ღირებულების სამუშაო.

12. პირველ ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ვადაგადაცილებისათვის მიმწოდებელს დაერიცხა პირგასამტეხლო, შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,05 % - 33 572,08 ლარი, დანარჩენი სამუშაოების მიწოდების ვადის (2015 წლის 1 სექტემბერი) გადაცილების გამო დაეკისრა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,5 % - 180 102,89 ლარი, ხოლო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შეუსრულებლობის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10% - 95 500 ლარი.

13. მიმწოდებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში შემსყიდველის მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ 2014 წლის 11 სექტემბრის ხელშეკრულების უკანონოდ ცნობა, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო თანხის- 47 750 ლარის გადახდისაგან გათავისუფლება.

14. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო, ასევე წარადგინა შეგებებული სარჩელი და მოითხოვა ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მიმწოდებლისათვის პირგასამტეხლოს სახით 309 175 ლარის გადახდის დაკისრება.

15. შეგებებულ სარჩელზე შესაგებელი წარადგინა მოსარჩელემ, რომლითაც შეგებებული სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების ვადის გადაცილება გამოწვეული იყო ობიექტური მიზეზებით. სამშენებლო ობიექტი მდებარეობს მაღალმთიან რეგიონში, სადაც ზამთარში თოვლის საფარი 1,5 მეტრს აღწევდა და 7 თვის განმავლობაში ფაქტობრივად შეჩერებული იყო მშენებლობა. ამასთან, მშენებლობამდე მისასვლელი გზები იყო მოუწესრიგებელი, რაც აძნელებდა სამშენებლო მასალების დანიშნულების ადგილამდე მიტანას. მოსარჩელემ ასევე აღნიშნა, რომ შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა იყო შეუსაბამოდ მაღალი.

16. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2014 წლის 11 სექტემბერს გაფორმებული №296 ხელშეკრულების მოპასუხის მხრიდან ცალმხრივად შეწყვეტა მიჩნეულ იქნა არასწორად და მოსარჩელე გათავისუფლდა უკანონოდ დარიცხული ხელშეკრულების შესრულების გარანტიის თანხის, 47 750 ლარის გადახდისაგან; მოპასუხეს უარი ეთქვა ხელშეკრულებით შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0,5 %-ის ოდენობით პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 180 102,89 ლარის, ასევე ხელშეკრულების შეწყვეტის გამო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 10 %-ის, 95 500 ლარის დაკისრებაზე. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სამუშაოების შესრულების პირველი ეტაპის ვადის დარღვევისათვის პირგასამტეხლოს, 33 572.08 ლარის გადახდა.

17. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

18. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა; დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.

19. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-12 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ მოპასუხემ მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულება მართებულად მოშალა. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით და დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულების მოშლამდე (ხელშეკრულება მოიშალა მისი ვადის ამოწურვამდე 10 დღით ადრე) მოსარჩელეს შეუსრულებელი ჰქონდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს თითქმის მესამედი - 302 862,28 ლარის ღირებულების სამუშაო. შესაბამისად, დამატებითი ვადის დაწესებას შედეგი არ მოჰყვებოდა.

20. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 881-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ ვინაიდან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შესრულებას უზრუნველყოფდა საბანკო გარანტია, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები მოსარჩელემ არ შეასრულა, მოპასუხემ გარანტისაგან - სს „ა. ჯ.“ მართებულად მოითხოვა აღნიშნული გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

21. სასამართლომ ასევე გაიზიარა რაიონული სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ კლიმატური პირობები და საკომუნიკაციო პრობლემები არ შეიძლებოდა მოსარჩელის მხრიდან ვალდებულების შესრულების შემაფერხებელ გარემოებად მიჩნეულიყო, ვინაიდან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მაღალმთიან რეგიონებში ზამთარი მკაცრია. მოსარჩელემ ამ შემაფერხებელი გარემოების გათვალისწინებით იკისრა ვალდებულება, რის გამოც აღნიშნული დაუძლეველ ძალად ვერ მიიჩნეოდა და ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას ვერ გაამართლებდა.

22. დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს პოზიცია, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექის 420-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ მოსარჩელეს მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოთა შესრულების ვადის დარღვევისათვის დააკისრა პირგასამტეხლო, თუმა მისი ოდენობა - 33 572,08 ლარი ვალდებულების შესრულებას სავსებით უზრუნველყოფდა, ამიტომ არ არსებობდა მისი ოდენობის გაზრდის საფუძველი.

23. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და შეგებებული სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 10 აპრილის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო.

25. მოპასუხის საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ საფუძვლებს:

25.1. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ფაქტი, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ მთლიანად გაათავისუფლა იგი მეორე ეტაპზე შესასრულებელი სამუშაოების ვადაგადაცილებისა და ხელშეკრულების შეწყვეტის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისაგან;

25.2. საყურადღებოა, რომ არც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას და არც შემდგომ, მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა და სასამართლოს მიერ მისი შემცირება არ მოუთხოვია;

25.3. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკით გონივრულად მიიჩნევა პირგასამტეხლო არანაკლებ 0,06 %-ის ოდენობით.

26. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 მარტის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

27. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

29. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

30. საკასაციო პალატა დაუსაბუთებლად მიიჩნევს კასატორის პრეტენზიას პირგასამტეხლოს უსაფუძვლოდ შემცირებასთან დაკავშირებით და თვლის, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვთ გამოკვლეული.

31. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გამოყენებაც ხდება ვალდებულების დარღვევისას.

32. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთის მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება; პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციადქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

33. ამასთან, პირგასამტეხლოს გონივრულობის შემოწმებისას გასათვალისწინებელია ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ და სხვ. ყველა იურიდიული მნიშვნელობის მქონე გარემოება უნდა შეფასდეს ხელშეკრულების დადებიდან პირგასამტეხლოს მოთხოვნით შედავების პერიოდამდე, რაც დაეხმარება სასამართლოს საკითხის სამართლიან, გონივრულ და კანონიერ გადაწყვეტაში.

34. მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა სსკ-ის 420-ე მუხლი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად.

35. კანონის მითითებული დანაწესი განპირობებულია იმითაც, რომ ხელშეკრულების დადებისას შესაძლებელია, უფრო ძლიერმა ხელშემკვრელმა მხარემ ისარგებლოს მეორე მხარის სურვილით, გააფორმოს ხელშეკრულება და უკარნახოს შეთანხმების არახელსაყრელი პირობები, განსაზღვროს გონივრულზე უფრო მაღალი პირგასამტეხლო. ასეთ შემთხვევაში, კანონმდებელმა დააწესა დაცვის მექანიზმი, რომელიც სასამართლოს აღჭურვავს უფლებამოსილებით, დააკორექტიროს პირგასამტეხლოს ოდენობა და დაიყვანოს იგი სამართლიან და გონივრულ მოცულობამდე (იხ. სუსგ საქმე №ას-577-552-2016, 9 სექტემბერი, 2016 წელი).

36. საგულისხმოა პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, კერძოდ: მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და რაც მთავარია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და ა.შ (იხ. სუსგ საქმე Nას-708-678-2016, 27 იანვარი, 2017 წელი; საქმე №ას-1199-1127-2015, 13 აპრილი, 2016 წელი; საქმე №ას-222-209-2015, 06 მაისი, 2015 წელი).

37. ამასთან, უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მხარეთა სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში (სსკ-ის 319-ე მუხლი) დათქმული პირობის მიუხედავად, ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან პირგასამტეხლოს გამოთვლა ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ხელშეკრულების საერთო თანხის გათვალისწინებით პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ №ას-164-160-2016, 28 ივლისი, 2016 წელი).

38. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 955 000 ლარს, საიდანაც ხელშეკრულების მოშლის დროისათვის მოსარჩელემ შეასრულა 649 332,50 ლარის ღირებულების სამუშაო, შესასრულებელი დარჩა 302 863,28 ლარის ღირებულების სამუშაო, ხოლო მოპასუხემ მოითხოვა მისთვის ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო პირგასამტეხლოს, 309 175 ლარის დაკისრება.

39. საკასაციო სასამართლო მხედველობაში იღებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 309 175 ლარი მართებულად მიიჩნიეს არაგონივრულად. საგულისხმოა, რომ აღნიშნული თანხა სცდება მოსარჩელის მიერ შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულებას (და შეადგენს შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 102,084%-ს), რაც არსებითად ეწინააღმდეგება ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო მხარისათვის პირგასამტეხლოს დაკისრების არსს და, ზოგადად, მის ფუნქციას.

40. კასატორი ვერ ასაბუთებს საკასაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ დადგენილი სასამართლო პრაქტიკით გონივრულად მიიჩნევა პირგასამტეხლოს არანაკლებ 0,06%-ის ოდენობა.

41. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ უზენაესი სასამართლს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, პირგასამტეხლოს განსაზღვრის კრიტერიუმები ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება ინდივიდუალურად, საქმის ფაქტობრივი გარემოებების (ხელშეკრულების შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის) გათვალისწინებით, რის საფუძველზეც, სასამართლოს შეუძლია დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

42. სასამართლო კასატორის ვერც იმ პრეტენზიას გაიზიარებს, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობა. საკასაციო პალატა მიუთითებს საქმეში არსებულ სარჩელსა და მოპასუხის შეგებებულ სარჩელზე წარდგენილ შესაგებელზე, რომლებშიც სწორედ დაკისრებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე აპელირებს მხარე და ითხოვს მისგან გათავისუფლებას (იხ. ტ. 1. ს.ფ. 2-14; 147-158). ამდენად, არ არსებობს ზემოაღნიშნული მოტივით წარდგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველიც.

43. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი კვალიფიკაცია მისცა მათ, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ მოსარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა ადეკვატურია, როგორც დარღვევის ვადისა, ისე - უზრუნველყოფს პირგასამტეხლოს ფუნქციის შენარჩუნებას და არ იწვევს კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ამდენად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით. გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

44. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე