საქმე №ას-1137-2018 13 მაისი, 2019 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ე. ფ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ. გ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ. თბილისში, წ. ქ. №50-ში მდებარე უძრავი ქონება (327 კვ.მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი №1) საკადასტრო კოდით: №72.13.... (შემდგომში − „სადავო უძრავი ქონება“), რეგისტრირებულია გ. გ-ის (შემდგომში − „მოსარჩელე“) საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 2016 წლის 24 აგვისტო.
2. სადავო უძრავ ქონებას ფლობს ე. ფ-ი (შემდგომში − „მოპასუხე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“). მოპასუხე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელია.
3. 2016 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხის მიმართ, მოითხოვა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისთვის გადაცემა.
4. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. დადგინდა სადავო უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა და თავისუფლებულ მდგომარეობაში მოსარჩელისათვის გადაცემა.
6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 30 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-2 პუნქტებში მითითებული ფაქტები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლების პირველი ნაწილებით და მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელე მიუთითებდა მოპასუხის მხრიდან სადავო უძრავი ქონებით უკანონო სარგებლობაზე და ხელშეშლაზე, მოპასუხის ტვირთს წარმოადგენდა ისეთი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც გააქარწყლებდა სარჩელში მითითებულ გარემოებებს. მოპასუხემ ასეთი მტკიცებულებები სასამართლოს ვერ წარუდგინა, რის გამოც სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ იგი მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთს უკანონოდ ფლობდა. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია იმგვარ გარემოებებზე, რომლებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. მხოლოდ ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს არ განუსაზღვრა ნასყიდობის საგნის გამოსყიდვის ვადა, არ შეიძლებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი ყოფილიყო, ვინაიდან, ქონების გასხვისება მესაკუთრის ნებას წარმოადგენს.
9. სააპელაციო პალატის მითითებით, მხარეთა შორის არ არსებობდა რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა, რითაც მოსარჩელე (მესაკუთრე) შეიძლება შეზღუდულიყო მოპასუხესთან მიმართებით. ამასთან, არ არსებობდა არც კანონისმიერი საფუძველი უფლებრივი შებოჭვისათვის. შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილი იყო სრულყოფილად განეხორციელებინა მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები, რაც უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი იყო.
10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
11. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
11.1. სააპელაციო სასამართლო ფორმალურად უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან მიმართებაში. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებასთან დაკავშირებით;
11.2. მოსარჩელემ მცდელობა არ დააკლო რომ შეეწყვიტა მოპასუხის ოჯახისთვის ელექტროენერგიის მიწოდება და გაეუქმებინა მათი რეგისტრაცია. იგი შეეცადა ცრუ დასმენით მოპასუხის დისკრედიტირებას. მოსარჩელე არ აპირებს მოპასუხის მიერ დადებული იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებას საქართველოს ბანკის წინაშე, რაც მისი მოვალეობაა სახლის შეძენის შემდეგ. ამის გამო მოპასუხის ოჯახი, ბოლო ორი წელია, მძიმე სოციალურ პირობებში იმყოფება. გარდა იმისა, რომ დაკარგეს ერთადერთი სახლი თბილისში, მათთვის დაიხურა ყველა ბანკის კარი. გასულ წელს მათ შვილს − ეკა ფოცხვერაშვილს, რომელიც არის დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, თანხის გადაუხდელობის გამო შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი და მიმდინარე წელსაც ამ საფრთხის ქვეშ იმყოფება. თავად მოპასუხე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაავადდა ქრონიკული ოსტეომილეტით, რის გამოც იძულებული გახდა დაეტოვებინა სამსახური და გასულიყო ნამსახურეობრივი სტაჟის პენსიაში. იგი არის ომის მონაწილე, ვეტერანი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურები აქვს 29 წელი;
11.3. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ სადავო უძრავი ქონება აუქციონისთვის 70 000 ლარად შეაფასა, მოსარჩელემ კი იგი მხოლოდ 3 500 ლარად შეიძინა;
11.4. მოსარჩელეს არაერთი სახლი აქვს საკუთრებაში და იგი მხოლოდ პრინციპების გამო ცდილობს მოპასუხის გამოსახლებას.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 19 სექტემბრის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
13. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
17. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.
18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წინაპირობა.
19. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
20. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
21. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მესაკუთრეს, რაც დასტურდება საქმეში წარდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან (იხ. ტ.1. ს.ფ. 13-14), რომლის მიმართაც, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. ასევე დადგენილია, რომ კასატორი წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მფლობელს.
22. საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
23. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსთვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სადავო ნივთზე მისი მფლობელობის მართლზომიერებას დაადასტურებდა.
24. საკასაციო საჩივრის ავტორის მითითებები წინამდებარე განჩინების 11.2 პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე ვერ ადასტურებს მისი ოჯახის მიერ სადავო ნივთის მართლზომიერად ფლობის ფაქტს. შესაბამისად, ვერ მიიჩნევა იმგვარ საკასაციო შედავებად, რაც სააპელაციო სასამართლოს განჩინებით დამდგარ შედეგს ეჭქვეშ დააყენებდა.
25. რაც შეეხება კასატორის მითითებას მოსარჩელის მიერ უფლების ბოროტად გამოყენების თაობაზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკუთრების უფლებით ბოროტად სარგებლობად განიხილება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის უპირატესი ინტერესი. მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე წარმოადგენს ნივთის უკანონო მფლობელს, მოსარჩელის მოთხოვნა, გამოითხოვოს მოპასუხის მფლობელობიდან ნივთი და თავისუფლად ისარგებლოს საკუთარი ქონებით, ვერ იქნება მიჩნეული უფლების ბოროტად გამოყენებად.
26. კასატორის მითითებასთან დაკავშირებით, მოსარჩელის მიერ 70 000 ლარად შეფასებული ქონების მხოლოდ 3 500 ლარად შეძენის თაობაზე, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ განსახილველი დავის საგანს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა წარმოადგენს, სადაც უძრავ ნივთზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დადასტურებულია, ხოლო თუ კასატორი სადავო უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის კანონიერებას არ ეთანხმება, მას შეეძლო აღნიშნული სადავოდ გაეხადა სარჩელით ან შეგებებული სარჩელით, რაც მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა ემსჯელა ამ საკითხთან დაკავშირებით.
27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.
30. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ. გ-ის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი.
31. რაც შეეხება საკასაციო სასამართლოში კასატორის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.
32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის წერილი; მოპასუხის განცხადებების ასლები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 16 ივნისის წერილი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 26 იანვრის წერილი; მოსარჩელის 2017 წლის 25 იანვრის განცხადება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 დეკემბრის №519563 წერილი; ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; საკადასტრო გეგმები), მთლიანობაში „44“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 67-75; 110-144).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე. ფ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორს ე. ფ-ს (პ/ნ: 0100201...) დაუბრუნდეს ნ. გ-ის (პ/ნ: 540010...) მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს №0 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის 70% – 105 (ას ხუთი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. კასატორს ე. ფ-ს დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 4 მაისის გადაწყვეტილება; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2018 წლის 5 თებერვლის წერილი; ე. ფ-ის განცხადებების ასლები; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 16 ივნისის წერილი; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2017 წლის 26 იანვრის წერილი; გ. გ-ის 2017 წლის 25 იანვრის განცხადება; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 10 ოქტომბრის გადაწყვეტილება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 დეკემბრის №519563 წერილი; ამონაწერები საჯარო რეესტრიდან; საკადასტრო გეგმები), მთლიანობაში „44“ ფურცლად (ტომი 2, ს.ფ. 67-75; 110-144);
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე