Facebook Twitter

საქმე №ას-1139-1059-2017 31 ივლისი, 2018 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. ქ-ი (გ.) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ა. მ-მა (შემდგომში „მოსარჩელე“ ან „მარწმუნებელი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ქ-ის (გოლდ) (შემდგომში „მოპასუხე“, „რწმუნებული“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) მიმართ და მოითხოვა „რენოს“ მარკის ავტომანქანის უცხოეთიდან საქართველოში ჩამოყვანისა და მისი განბაჟების ღირებულების, ასევე საადვოკატო მომსახურებისა და საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაღებული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრება.

2. სარჩელის თანახმად, 2010 წლიდან მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა საქმიან ურთიერთობაში. ისინი მოსარჩელის სახსრებითა და მის მიერ დაფუძნებული კომპანიის, „...“-ის მეშვეობით ევროპაში ყიდულობდნენ სხვადასხვა მარკის ავტომანქანებს და ყიდდნენ საქართველოში, ხოლო რეალიზაციიდან მიღებულ მოგებას ინაწილებდნენ თანაბრად.

3. 2012 წლის აპრილში მოსარჩელემ ზემოაღნიშნული კომპანიის მეშვეობით 14 000 ევროდ შეიძინა „რენოს“ მარკის ავტობუსი და გამოუგზავნა მოპასუხეს. ავტობუსის ტრანსპორტირებისთვის ტალავერიდან ტულონამდე კომპანიამ „....“-ს გადაუხადა 1500 ევრო, ტულონიდან თურქეთამდე და შემდგომ საქართველომდე - 2300 ევრო, ხოლო 2012 წლის 23 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა 4968 ევრო ავტომობილის განბაჟებისათვის. მოპასუხემ მოსარჩელეს აუნაზღაურა მხოლოდ 6892 ევრო, დანარჩენი თანხა (ტრანსპორტირებისა და განბაჟების თანხა) მას არ გადაუხდია, რაც სასამართლოში მის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის საფუძველი გახდა.

4. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მას მოსარჩელის მიმართ ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს, შესაბამისად, წარდგენილი სარჩელი უსაფუძლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4968 ევროს გადახდა.

6. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 5 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზე მოსარჩელეს ევალებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ავტომობილების მოძიება და მათი შეძენა/შეძენაში დახმარება. 2012 წლის 23 იანვარს მოსარჩელემ მოპასუხეს გადაურიცხა 4968 ევრო.

9. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის სააპელაციო პრეტენზია იმის თაობაზე, რომ მას მოპასუხისათვის გადახდილი აქვს „რენოს“ მარკის ავტობუსის ნასყიდობის თანხა - 14 000 ევრო.

10. სასამართლომ მიუთითა იმ უდავო ფაქტზე, რომ კომპანია „...“-ი (რომლის დამფუძნებელიც მოსარჩელეა) დამოუკიდებელი სამეწარმეო სუბიექტია. სწორედ მასთან დადო ავტობუსის ნასყიდობის ხელშეკრულება მოპასუხემ.

11. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით და აღნიშნა, რომ მოცემული ნორმის მიხედვით, მოთხოვნებზე უფლებამოსილი პირები არიან მყიდველი და გამყიდველი, რადგან ამგვარი გარიგება (ნასყიდობის ხელშეკრულება) სწორედ მხარეებს წარმოუშობს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებებსა და მოვალეობებს. კერძოდ, მყიდველს - თანხის გადახდის, ხოლო გამყიდველს - თანხის მიღებისა და ქონების გადაცემის ვალდებულებას. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან შესრულებას - თანხის გადახდას ითხოვდა არა ნასყიდობის ხელშეკრულებით უფლებამოსილი პირი - გამყიდველი კომპანია „...“-ი, არამედ სხვა პირი - კომპანიის დამფუძნებელი, ხოლო კომპანიას არ გამოუყენებია სარჩელის აღძვრის უფლება, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ამჟამინდელი მოსარჩელე არ იყო უფლებამოსილი მოეთხოვა სხვა სუბიექტებს შორის ხელშეკრულებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულება, რის გამოც მისი მოთხოვნა ამ ნაწილში უსაფუძვლო იყო.

12. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან სადავო არაა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 4968 ევროს გადარიცხვის ფაქტი, ხოლო თანხის დაბრუნებას მოპასუხე მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტებით ადასტურებს (თანხის გადარიცხვის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი), სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლების ურთიერთშეჯერების შედეგად, მოპასუხის მხოლოდ ზეპირი ახსნა-განმარტება ფულადი ვალდებულების მოსარჩელის მიმართ შესრულების ფაქტობრივ გარემოებას ვერ დაადასტურებდა - მას ეკისრებოდა კანონით განსაზღვრული სათანადო მტკიცებულების - სავალო საბუთის წარდგენის ტვირთი, რაც სათანადოდ ვერ გასწია. ამდენად, მისი სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო დაუსაბუთებლობის გამო.

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

14. კასატორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მოპასუხემ არ შეასრულა დავალების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება და მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხა არ გამოიყენა დანიშნულებისამებრ, ავტომანქანის განსაბაჟებლად. საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ვინაიდან სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხესა და კომპანია „...“-ს შორის დაიდო „რენოს“ მარკის ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება, მაშასადამე, სახეზეა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის შესრულების ფაქტიც - ავტომანქანის განბაჟება, რაც სადავო თანხის მოპასუხისათვის დაკისრებას გამორიცხავს და არანაირი სამართლებრივი ვალდებულება მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ აღარ გააჩნია. სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მხარეთა შორის არსებობდა ორმხრივი ურთიერთობა და თანხების მოძრაობა უნდა შეფასებულიყო ორივე მხარის ვალდებულებათა შესრულება-შეუსრულებლობის კონტექსტში და არა ამოგლეჯილად, ცალკეული ფაქტის გათვალისწინებით.

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 23 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

17. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

18. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

19. კასატორის ძირითადი საკასაციო პრეტენზია ეხება იმას, რომ სასამართლომ არასწორად არ მიიჩნია დადგენილად მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადარიცხული თანხით (4968 ევრო) დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების (ავტომანქანის განბაჟების) ფაქტი, რის გამოც არასწორად დააკისრა მას აღნიშნული თანხა.

20. სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შემოაწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ საქმე №ას-860-860-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი).

21. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და კასატორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არსებობდა დავალების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს ევალებოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ავტომობილების მოძიება და მათი შეძენა/შეძენაში დახმარება. აღნიშნულ ავტომობილებს მოპასუხე ყიდდა საქართველოში და მათი რეალიზაციიდან მიღებულ მოგებას მხარეები თანაბრად ინაწილებდნენ.

22. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, ავტომანქანის განბაჟების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 709-ე (დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე) და 715.1 (რწმუნებული მოვალეა დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით) მუხლები, ხოლო მოპასუხე მხარის (კასატორის) მტკიცების ტვირთს წარმოადგენს დავალების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების (უცხოეთიდან საქართველოში შემოყვანილი ავტომანქანის განბაჟების) ფაქტის დადასტურება.

23. კასატორი ზემოაღნიშნული ვალდებულების შესრულებას მის მიერ ავტომანქანის შესყიდვის ფაქტს უკავშირებს და განმარტავს, რომ ვინაიდან დადასტურებულია მასსა და კომპანია „...“-ს შორის „რენოს“ მარკის ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების ფაქტი, სახეზეა დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის შესრულებაც - ავტომანქანის განბაჟება, რაც სადავო თანხის მისთვის დაკისრებას გამორიცხავდა.

24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებულ პრეტენზიას და განმარტავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში, სადაც მხარეთა ნების ავტონომიას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.

25. მტკიცების ტვირთზე მითითებას აკეთებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს - ეს უკვე სასამართლის პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. ამრიგად, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი - მოპასუხემ. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი - ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ., ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).

27. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლით განსაზღვრული დავალების ხელშეკრულების ფარგლებში რწმუნებულს (კასატორს) მარწმუნებლისაგან (მოსარჩელისაგან) გადარიცხული თანხით (4 968 ევრო) უნდა განებაჟებინა უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი „რენოს“ მარკის ავტომობილი. მარწმუნებელი (მოსარჩელე) ამტკიცებს, რომ რწმუნებულმა ვალდებულება არ შეასრულა (გადარიცხული თანხით ავტომობილი არ განაბაჟა), შესაბამისად, იგი რწმუნებულისაგან მოითხოვს დავალების ფარგლებში გადაცემული თანხის უკან დაბრუნებას. ამ მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 715-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, რწმუნებული მოვალეა, დაუბრუნოს მარწმუნებელს ყველაფერი, რაც მან მიიღო მინდობილი მოქმედების შესასრულებლად და არ გამოიყენა ამისათვის, აგრეთვე, ისიც, რაც მან შეიძინა მინდობილი მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით.

28. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სადავო არაა მარწმუნებლის მიერ რწმუნებულისათვის თანხის გადარიცხვის ფაქტი, მოსარჩელის მტკიცება, რომ რწმუნებულმა (მოპასუხემ) აღნიშნული თანხა არ გამოიყენა დანიშნულებისამებრ (მას არ განუბაჟებია ავტომანქანა) მტკიცების ტვირთს აბრუნებს მოპასუხის მხარეს, რომელსაც ეკისრება მისთვის გადარიცხული თანხის დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობის შესაბამისად გამოყენების დადასტურების ვალდებულება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული გარემოება კასატორმა სათანადო მტკიცებულებების წარდგენით ვერ დაადასტურა, მან ვერ წარადგინა რაიმე სახის დოკუმენტი (მაგ. ავტომანქანის განბაჟების თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, აღნიშნული მიზნით თანხის შესაბამისი ორგანოს საბანკო ანგარიშზე განთავსების დამადასტურებელი დოკუმენტი და ა.შ.), რომელიც სადავო თანხის დანიშნულებისამებრ გამოყენების ფაქტზე მიუთითებდა. მხარის მხოლოდ ზეპირი სახის ახსნა-განმარტება კი, არ შეიძლება მიჩნეულ იქნას რელევანტურ მტკიცებულებად ზემოაღნიშნული გარემოების დასადგენად, რაც გამორიცხავს კასატორის პრეტენზიის გაზიარებისა და გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გაბათილების შესაძლებლობას.

29. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 709-ე, 715.1 მუხლები (დავალების სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება) და სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებთა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

30. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე №ას-431-414-2016, 8 ივლისი, 2016 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.

31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

32. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 728.50 ლარის 70% – 509.95 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. ქ-ის (გ.) საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორს ზ. ქ-ს (გოლდ) (პ/ნ: 0101300...) დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 16 ოქტომბერს №3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 728 (შვიდას ოცდარვა) ლარისა და 50 თეთრის 70% – 509 (ხუთას ცხრა) ლარი და 95 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე