საქმე №ას-586-545-2017 30 ივლისი, 2018 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ. ს-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ნ. გ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2013 წლის 17 ივლისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ე. ბ-ი.
2. ავტომობილს, რომელშიც იმყოფებოდა ე. ბ-ი, მართავდა ნ. გ-ი. იგი მოძრაობდა ქ. თბილისში, ... ,,გ’’ ზონაში, ,,...’’ პარკის მხრიდან წავკისის მიმართულებით, რა დროსაც ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, გავიდა საპირისპირო სავალ ნაწილზე და შეეჯახა ავტომობილს, რომელსაც მართავდა ა. ნ-ე. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება მიიღო ა. ნ-ის მგზავრმა, ხოლო, მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა ნ. გ-ის მგზავრი ე. ბ-ი.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 9 აპრილის განაჩენით დამტკიცდა პროკურორ ანჟელა გეთიასა და ბრალდებულ ნ. გ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ნ. გ-ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი და მე-5 ნაწილებით და, საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად.
4. სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად ცნობილი იქნა გარდაცვლილის დედა - თ. ს-ი.
5. 2014 წლის 8 აპრილის საპროცესო შეთანხმების დადების ოქმით ბრალდებულს (ნ. გ-ს) განემარტა, რომ საპროცესო შეთანხმება არ ათავისუფლებდა მას სამოქალქო ან სხვა სახის პასუხისმგებლობისაგან, გარდა კანონით გათვალისწინებული განსაკუთრებული შემთხვევისა.
6. ნ. გ-ის ოჯახმა შეიძინა ორადგილიანი სასაფლაო სოფ. ... კერძო სასაფლაოზე, რისთვისაც გადახდილია 5 800 ლარი.
7. თ. ს-იმ (შემდგომში „მოსარჩელე“, „კასატორი“ ან „საკასაციო საჩივრის ავტორი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. გ-ის (შემდგომში „მოპასუხე“) მიმართ და მოითხოვა შვილის საფლავის მოწყობისთვის მის მიერ გაღებული ხარჯის, 10 000 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დასკირება.
8. მოსარჩელის განცხადებით, ავტოავარია, რომლის დროსაც გარდაიცვალა მისი შვილი, გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული ქმედებით. საპროცესო შეთანხმების გაფორმებისას მოპასუხე დაპირდა მოსარჩელეს, რომ სრულად გაიღებდა სასაფლაოს მოწყობის ხარჯებს, რაც მან არ შეასრულა. საფლავის კეთილმოწყობა მთლიანად იტვირთა მოსარჩელემ და მისი ღირებულება 10 000 აშშ დოლარია.
9. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გარდაცვლილის ოჯახი კატეგორიულად ეწინააღმეგებოდა მოპასუხის მიერ საფლავის მოწყობაში რაიმე სახით მონაწილეობას, თუმცა მოპასუხის ოჯახმა მაინც შეიძინა ორადგილიანი სასაფლაო, სადაც დაკრძალულია მოსარჩელის შვილი.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 4 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3 640 ლარის ანაზღაურება.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ორივე მხარემ. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. მოპასუხემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 21 მარტის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთან, მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2002 წლის 4 მარტის გადაწყვეტილებაზე (რომლითაც მსგავსი ტიპის დავაზე დადგენილია პრაქტიკა) და აღნიშნა, რომ, მართალია, წინამდებარე გადაწყვეტილებით დაკრძალვასთან დაკავშირებული თითოეული პროცედურის მაქსიმალური ღირებულება განისაზღვრა კონკრეტული თანხით - მიცვალებულის ბალზამირების, სასახლის (კუბოს), მიცვალებულის მაკიაჟის, ბალდახინის (კატაფალკის), გარდაცვლილის სამგლოვიარო სურათის დამზადების, განბანვის, საფლავისათვის მიწის ღირებულების, საფლავის გათხრის, სასაფლაოს ბეტონის ცოკოლით მოწყობის, საპანაშვიდე მუსიკის, სუდარის, დაკრძალვის ცერემონიის მონაწილეთათვის სატრანსპორტო და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების საერთო ოდენობა არაუმეტეს 1000 ლარით, დასაფლავების ქელეხის ხარჯები – 1000 ლარით, ხოლო ორმოცისათვის გაწეული ხარჯები – 500 ლარით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან გასულია 14 წელზე მეტი და, შესაბამისად, დროის ამ პერიოდში, დაკრძალვასთან დაკავშირებული კონკრეტული პროცედურის საბაზრო ღირებულება გაიზარდა. აქედან გამომდინარე, საქმის განხილვის ეტაპზე არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ საფლავის ხარჯის ანაზღაურების გონივრულ ოდენობად მიიჩნია შპს „ჰ.“ მიერ 2015 წლის 24 ნოემბერს გაცემული №999 ცნობის საფუძველზე დადგენილი თანხა, რომლის თანახმად, ერთადგილიანი სტანდარტული სასაფლაოს მოპირკეთება კურსების ქვით შეადგენს 1820 ლარს, შესაბამისად, ორადგილიანის - 3640 ლარს.
14. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ გაღებულ ხარჯს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი წარმოადგენს არა საფლავის მოსაპირკეთებლად გაღებულ აუცილებელს ხარჯს, არამედ დედის მიერ შვილის ხსოვნის პატივსაცემად გაღებულ ხარჯს და მისი ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება მოპასუხისათვის შეუძლებელია.
15. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 999-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ამ ნორმებით გათვალისწინებული კომპონენტები. ამასთან, იმ დადგენილი გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ ერთადგილიანი სტანდარტული სასაფლაოს მოპირკეთების ღირებულება კურსების ქვით შეადგენს 1 820 ლარს, ხოლო სასაფლაო არის ორადგილიანი; ამასთან, სასაფლაო შეიძინა მოპასუხის ოჯახმა, რაშიც გადაიხადა 5 800 ლარი, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ მოპასუხისათვის დასაკისრებელი თანხის ოდენობა მართებულად განსაზღვრა 3 640 ლარით.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსთვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
17. კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ ფუფუნების საგნად მიიჩნია მოსარჩელის მიერ შვილის საფლავის მოსაპირკეთებლად გაწეული ხარჯი, 10 000 აშშ დოლარი, რაც უსაფუძვლოა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველს ქმნის.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2017 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
22. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, კასატორს არ წარმოუდგენია იმგვარი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, რაც გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და სამართლებრივი შეფასებების გაბათილებისა და საკასაციო საჩივრის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ 2002 წლის 4 მარტის №3კ/441-01 განჩინებაში განმარტა, რომ პირს, სსკ-ის 973-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენის გარეშეც აქვს უფლება, მოითხოვოს დაკრძალვის, საფლავის მოწყობის, ქელეხისა და სხვა სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯების ანაზღაურება. აღნიშნული ხარჯის გონივრულ ოდენობად კი სასამართლომ მიიჩნია საერთო ჯამში 2500 ლარი (სარიტუალო მომსახურების აუცილებელი ხარჯი არაუმეტეს 1000 ლარისა, დაკრძალვის ქელეხის ხარჯი - 1000 ლარი, ხოლო ორმოცისთვის გასაწევი ხარჯი - 500 ლარი).
25. სხვა დავაში საკასაციო სასამართლომ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, რომ საქართველოში არსებული ტრადიციის თანახმად, გარდაცვლილის დაკრძალვა გარკვეულ რიტუალს მოიცავს, რომელიც, თავის მხრივ, ხარჯებთან არის დაკავშირებული. მართალია, უმეტეს შემთხვევაში, რთულია ყოველი კონკრეტული ღონისძიებისა და მისი შესაბამისი იმ ხარჯის ზუსტად განსაზღვრა, რაც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის და სხვადასხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა განისაზღვროს ის სავალდებულო მინიმალური სარიტუალო პროცედურები და მათი ანაზღაურების მინიმუმი, რომლებიც საქართველოში არსებული წეს-ჩვეულებების გათვალისწინებითაა აუცილებელი (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-791-748-2015, 12 ოქტომბერი, 2015 წელი).
26. მოცემულ დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოპასუხის მიერ ავტომობილის უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა, რასაც მოჰყვა მისი მგზავრის, მოსარჩელის შვილის გარდაცვალება. სადავო არ არის ასევე, რომ მოპასუხის ოჯახმა სოფ. დიღმის კერძო სასაფლაოზე შეიძინა ორადგილიანი საფლავი, სადაც დაკრძალულია გარდაცვლილი, ხოლო მიწის ნაკვეთში გადახდილია 5800 ლარი. ამასთან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს საფლავის მოწყობის ხარჯი 3640 ლარი, რაზეც მოპასუხეს საკასაციო პრეტენზია არ წარუდგენია.
27. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე არსებული უზენაესი სასამართლოს განმარტებების ურთიერთშეჯერების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებულ განჩინებაში ასახულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც მოპასუხის მიერ გაღებულია საფლავის ხარჯი 5800 ლარის ოდენობით, ამასთან, საქმეში წარდგენილი შპს „ჰ.“ ცნობით ირკვევა, რომ ერთადგილიანი სტანდარტული სასაფლაოს მოპირკეთება კურსების ქვით შეადგენს 1820 ლარს, მოპასუხისათვის დაკისრებული თანხა - 3640 ლარი (მოსარჩელის მიერ სასაფლაოს მოწყობისათვის გაწეული ხარჯის ნაწილი) გონივრული ოდენობისაა და არ არსებობს მისი გაზრდის საფუძველი.
28. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
29. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-1115-1062-2014, 4 მაისი, 2015 წელი), არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციათან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. თ. ს-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: პ. ქათამაძე
ბ. ალავიძე